წინასაარჩევნო აქტიურობის პირველი ნაბიჯები "ქართული ოცნების" მარცხით და "ნაციონალების" ზეიმით დაიწყო. "ნაციონალებმა" ამ ხელისუფლების დამთავრებას უკვე წამმომი ჩაურთეს, "ოცნების" მხარდამჭერებში კი დაბნეულობა და შეშფოთება მატულობს.
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებამ ამ ორ დაპირისპირებულ ბანაკში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ანალიტიკოსებმა კი უკვე დაიწყებს იმაზე მსჯელობა, რომ "ქართული ოცნების" ისედაც შერყეული რეიტინგისათვის უგულავას თავისუფლება დიდი დარტყმაა, "ოცნება" სუსტის, "ნაციონალები" კი ძლიერის იმიჯს იმყარებენ და რომ 2016 წლისათვის, შესაძლოა, მმართველმა კოალიციამ ცალსახა უმრავლესობით მოსვლა ვერ შეძლოს.
პოლიტოლიგისა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" სამართლიანობის სახელით გადადგმული მისივე ნაბიჯის ნორმალურად დასრულება ვერ მოახეხა და დღეს უგულავა უკანონო პატიმრად შეირაცხა, ეს უპირველესად "ოცნების" სისუსტესა და მარცხზე მიანიშნებს და, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" ამას ზეიმობს.
მისივე თქმით, ამით "ნაციონალებს" მხარდამჭერები დიდად არა, მაგრამ ცოტათი მაინც მოემატებათ, "ოცნებას" კი აუცილებლად დააკლდება. უნდა ველოდოთ, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს ტენდენცია ექნება, სხვა პარტია მოძებნოს, ისეთი, რომელიც "ოცნებაზე" უფრო მეტად ძლიერის შთაბეჭდილებას ტოვებს და მომავალ პარლამენტში კოალიციური მთავრობა მივიღოთ.
რამაზ საყვარელიძე: "რაც დღეს ხდება, "ნაციონალებს" ძალიან უხარიათ, მაგრამ ამ ნაბიჯებმა შესაძლოა, შედეგი არა მათ, არამედ მესამე ძალას მოუტანოს. "ან "ნაციონალები" ან "ოცნება" - ასე ალტერნატივა არ დგას. სხვა პარტიებიც არსებობენ და ახლა ხალხი დაიწყებს სხვებში ისეთის ძებნას, რომელზეც ფსონის დადება უპრიანია.
"ყველა ქვეყანაში ე.წ. შუაშისტები, ისეთები რომლებიც ნიავის დაბერვას უყურებენ და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას, უფრო მეტნი არიან, ვიდრე რომელიმე პარტიის უპირობო მომხრეები. ამ ე.წ. შუაშისტების ერთ-ერთი დიდი ჯგუფისათვის მიუღებელია ბურჯანაძე-ინაშვილის თუ ივანიშვილისეული პოლიტიკური ძალა, რადგან ლაპარაკია იმაზე, რომ მათ უკან რუსეთი დგას. თუმცა, არის კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც რუსული ორიენტაცია აქვს."
"საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" თანათავმჯდომარის ხათუნა ლაგაზიძის თქმით, უგულავას გამოშვებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ის "ნაციონალური რევანშისაგან" კვლავ დაუცველია. საზოგადოებაში რომ დაუცველობის განცდა გაჩნდება, ეს ამ ხელისუფლებისთვის გარდამტეხი დარტყმაა და ლაგაზიძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება თვითგანადგურების რეჟიმში გადავიდა.
მისი შეფასებით, მარტო ბოლო ორი კვირის მანძილზე მომხდარი პროცესები რომ ჩამოვთვალოთ - ზოგიერთ არხზე პოლიტიკური თოკ-შოუების დახურვა, რამაც საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ მიმდინარე პროცესებში პირდაპირ თუ ირიბად ხელისუფლების ხელი ურევია და ეს კი ხელისუფლების მთავარ მონაპოვარს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას აყენებს უმძიმეს დარტყმას; ასევე ლარის კატასტროფული გაუფასურება, სადაც შესაძლოა გარე ფაქტორებზე ვისაუბროთ, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი ხელისუფლებაა; პლუს დენის გაძვირებული ტარიფი, ყურძნის დაბალი ფასი და უგულავას ციხიდან გამოსვლა - ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების ერთგვარი განაჩენია და ჩნდება შეკითხვა - რა იქნება შემდეგ?
ხათუნა ლაგაზიძე: "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ხელისუფლების, როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპით მოღვაწე ხელისუფლების იმიჯზე უდიდესი დარტყმაა, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება აღიარებს იმას, რომ კანონისგან გადახვევით 9-თვიანი ვადის ზემოთ საქართველოში ადამიანები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ეს ყველაფერი ამ ხელისუფლებისთვის გამანადგურებელია.
"ხელისუფლებამ მედიასთან მიმართებაში კითხვები გააჩინა, ეკონომიკური და ფინანსური კუთხით რა მდგომარეობაცაა, ვხედავთ და მესამე - უგულავას გამოშვებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ის "ნაციონალური რევანშისაგან" კვლავ დაუცველია.
"ეს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა და ხალხს სამართლიანობის აღდგენის იმედი უკვე არათუ საერთოდ ეწურება, არამედ უგულავას გათავისუფლებით დიდი ნაწილი შეურაცხყოფილიცაა. თუმცა, გაცილებით მტკივნეული იქნება ის პროცესები, რომელიც მალე ელიტაში დაიწყება.
"შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში ხელისუფლება შიგნიდან გამოირღვა, როდესაც ჩინოვნიკები პარტყაპურტყით "ნაციონალების" მხარეს გადადიოდნენ და დღესაც ამის რეალური საშიშროება ჩნდება", - აცხადებს ლაგაზიძე.
მისი თქმით, "ოცნება" უმრავლესობით პარლამენტში ვერ მოვა, რადგან მარტო სამართლიანობის ვერაღდგენის გამო იმედგაცრუება არ არის, არამედ ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან გამოძრომის გზა არ ჩანს.
პოლიტოლოგი ხელისუფლებას ურჩევს, სოციალური ქსელებისათვის გადაეხედა, სადაც ძალიან საშიშ ტენდენციას ნახავს - ნახავს, რომ ეს ხელისუფლება "ნაციონალური რევანშისაგან" დამცველად არავის ესახება. მეორე, ის, რომ "ოცნების" მხარდამჭერთა რიცხვი მაქსიმალურად შემცირებულია და გადამრბენების რაოდენობა იზრდება.
ხათუნა ლაგაზიძე: "ეს გამარჯვებები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლობას და შანსებს პარლამენტში მნიშვნელოვნად გაზრდის. მართალია ისინი უმრავლესობით ვერ მოვლენ, მაგრამ გუშინდელის შემდეგ რომ შანსები გაეზარდათ, ეს რასაკვირველია ასეა.
"ნაციონალებმა" ამ ხელისუფლების დამთავრებას უკვე წამმზომი ჩაურთეს. არჩევნების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერის, გამარჯვებულის იმიჯს. ეს ყველაფერი "ნაციონალების" მობილიზების ხარისხს ზრდის, ამ დროს "ოცნების" ისედაც შემცირებულ მხარდამჭერებში შეშფოთება მატულობს, დასავლეთს კი იმ კრიტიკის ხელჩასაჭიდ საფუძველს აძლევს, რომელსაც ჩვენ ბოლო ორი წელია ვისმენთ. ეს არის სწორედ ძალიან ცუდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლებას ყველა მიმართულებით წელში ურტყმას.
"ხელისუფლება პრობლემებს თავად ქმნის და შემდეგ გამოსავალს ვერ ნახულობს, ამ დროს კი საზოგადოებას მისი ალტერნატივა არ ჰყავს. აბსოლუტური ვაკუუმია და ეს ძალიან საშიშია. საზოგადოებას პოლიტიკაში ძალა არ ეგულება, რომელიც სოციალური აფეთქების ან პროცესების არამშვიდობიანი გზით განვითარების შემთხვევაში ხელისუფლების ხელში აღებას და შენარჩუნებას შეძლებს. არც ერთ ძალას არ აქვს იმხელა მხარდაჭერის რესურსი, რომ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლოს. "ნაციონალების" მოსვლის შემთხვევაში ხალხის ერთი ნაწილს შიში იძულებულს გახდის, რომ თავგანწირულ მოქმედებებზე წავიდეს".
რამაზ საყვარელიძის თქმით, საერთოდ პოლიტიკურ პიარში ცნობილია, რომ ამომრჩეველი პოლიტიკოსს არა იმდენად მოსაზრებების მიხედვით, არამედ ძალის მიხედვით ირჩევს. შესაბამისად, პოლიტიკაში პატიოსანი სუსტი ნაკლებად პოლულარული იქნება, ვიდრე ბოროტი ძლიერი. რეალურად ვინ როგორ არის ძლიერი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რა წარმოდგენაა მის სიძლიერესა თუ სისუსტეზე.
"ამიტომ საკუთარი სიძლიერის იმიჯის ასე ადვილად გაწირვა, როგორც ეს ამ ხნის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეს კი პირველივე დღიდან დაიწყო, როდესაც სამართლიანობის აღდგენა აღმოჩნდა პრობლემა, როდესაც პროკურორების კონტროლი აღმოჩნდა პრობლემა, ახლა ლარის კურსია პრობლემა.
"შთაბეჭდლებაა, რომ ყველგან პრობლემაა, ამ შთაბეჭდილების გამქარწყლებელი პიარი კი არ კეთდება. ის კი არა, რამდენიმეჯერ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმაც თქვეს, პიარი ჩვენი სუსტი ადგილიაო. თუკი პიარი სუსტი ადგილია, მაშინ პოლიტიკაში რა გინდა?! როგორ შეიძლება სუსტი პიარი გქონდეს და სასწრაფოდ მის გაძლიერებას არ ეცადო?! საკუთარი უძლურების გასამართლებლად მომიზეზება ერთ-ერთი არასწორი გზაა პოლიტიკაში," - ამბობს საყვარელიძე, თუმცა, იქვე იმასაც განმარტავს, რომ დღეს გაძლიერებულ, "ოცნებაზე" ბევრჯერ გამარჯვებულ "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერს თუ არა ხალხი მხარს, ესეც იმაზეა დამოკიდებული, მათი მმართველობის პერიოდი რამდენად და როგორ ახსოვს ხალხს.
"ვეფხვი თუ სხვა აგრესიული ცხოველი, როცა უყურებ, მოგწონს, მაგრამ მასთან ერთად ოთახში ყოფნა არ გინდა. ანუ, ძლიერი პოლიტიკოსი მინდა, თუკი გარანტია მექნება, რომ ის დამიცავს, მაგრამ თუკი იგივე პოლიტიკოსი ჩემთვის სახიფათო გახდება, თავს მოვარიდებ და ისევ სუსტი მირჩევნია.
"მთავარი ისაა, ხალხს "ნაციონალების" მმართველობის პერიოდი რამდენად და მმართველობის რა მხარე ახსოვს - ზოგს განათებული ქუჩები ეხსომება, ზოგს - ციხე. ამიტომაც, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებას რამდენად და როგორ გაახსენებს "ნაციონალების" მოღვაწეობის ცუდ მხარეს.
"თუმცა, მმართველ ძალას "ნაციონალების" დისკრედიტაციის შემთხვევაშიც აქვს საფრთხილო. ამ ხერხმა შესაძლოა ხმები "ნაციონალებიდან" განდევნოს, მაგრამ არც "ოცნებას" შემატოს. არა მარტო ის უნდა აჩვენო, რომ კონკურენტი არ ვარგა, კონკურენტი ბევრია, არამედ უნდა აჩვენო, რომ მოქალაქისთვის შენი პოლიტიკური ძალაა სასურველი.
"დღეს კარგად საქმე არც "ოცნებას" აქვს და არც "ნაციონალებს". თუმცა საბოლოოდ მაინც "ქართულ ოცნებას" უფრო კარგად აქვს საქმე, იმიტომ, რომ რაც უნდა იმედგაცრუებული იყოს ხალხი, ყველა ქვეყანაში არსებობს "სახელისუფლებო კვოტა", როდესაც ხელისუფლება ხმების რაღაც რაოდენობას მარტო იმიტომ იღებს, რომ ხელისუფლებაა.
"მაგალითად, აზერბაიჯანული თუ სომხური თემის პოლიტიკა ყველა ქვეყანაში ასეთია - ვინც ხელისუფლებაშია, იმას ვაძლევთ ხმას. ამას ემატება ჩინოვნიკური ვერტიკალის გარანტირებული ხმებიც. მართალია, "ოცნებას" სერიოზული ბაზა აქვს ოპტიმისტურად იყოს განწყობილი, თუმცა საეჭვოა, რომ იმ ხარისხის უმრავლესობის მოგროვება შეძლოს, რაც 2012 წლეს მოახერხა," - დასძენს საყვარელიძე.
"მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" თავმჯდომარე გია ნოდიას თქმით, გიგი უგულავას ციხიდან გამოშვება ამ ხელისფლების დამარცხება და ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობისთვის" რაღაც მორალური გამარჯვება იქნება. მაგრამ ამას ძალთა გადანაწილებაში პრინციპული ცვლილებები არ მოჰყვება.
"ქართული ოცნების" რეპუტაცია ისედაც ქვევით მიდის, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთგვარი დარტყმაა, რის გამოც მათი რეპუტაცია კიდევ უფრო დაეცემა. მაგრამ უახლოეს ხანებში ამას რაღაც პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს," - აღნიშნავს ნოდია.
მისივე თქმით, "ოცნების" ძირითადი ოპონენტები მაინც "ნაციონალები" არიან და საზოგადოებაც ასე ხედავს. ამიტომაც "ოცნების" დასუსტება პირველ რიგში "ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ ასევე არის მესამე ძალაც, რომელმაც შეიძლება იხეიროს.
"იგივე ალასანია, რომელმაც შეიძლება იხეიროს რაღაც, თუმცა ის "ნაციონალების" ჩანაცვლებას ვერ შეძლებს. ის ამომრჩეველი კი, რომელიც თვლის, რომ "ოცნება" სუსტია და საკმარისად ვერ სჯის "ნაციონალებს", ისედაც ინაშვილისა და ბურჯანაძის მხარდამჭერია და შეიძლება მათ ცოტა კიდევ მიემატოს," - ამბობს ნოდია და დასძენს: "როგორც ჩანს "ოცნება" უკვე ანგარიშობს იმ შესაძლებლობას, რომ შესაძლოა უმრავლესობით პარლამენტში ვერ მოვიდეს და სავარაუდოდ კოალიციისათვის სხვა პოლიტიკურ ძალას გააძლიერებს.
"შესაძლოა ინაშვილი იყოს კოალიციის სავარაუდო კანდიდატი. ასევე ჯერჯერობით არსებობს ეჭვი და ვარაუდები, რომ შესაძლოა რაღაც სხვა პოლიტიკური ძალა გაჩნდეს. თუ ასეა, ეს ამ შემოდგომაზე უნდა მოხდეს, შემდეგ რთული იქნება. შეიძლება არც არავინ გაჩნდეს.
"არჩევნებამდე ერთი წელი რჩება და ერთ წელიწადში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. 2011 წლის სექტემბერში ივანიშვილი არ არსებობდა და ყველა თვლიდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ გამოჩნდა ივანიშვილი და ყველაფერი შეიცვალა. ასე რომ, ერთი წელი საქართველოსთვის დიდი დროა და გამორიცხული არაფერია.
"ნაციონალების" უმრავლესობით მოსვლა ძალიან რთულია, მაგრამ გამორიცხული არ არის იმდენად დიდი წარმომადგენლობა ჰქოდეთ, რომ სერიოზული პრობლემები შეუქმნან "ქართულ ოცნებას". მომავალი არჩევნების შემდეგ შესაძლოა "ოცნებას" ცალსახა უმრავლესობის და კაბინეტის შექმნა გაუჭირდეთ.
"ნაციონალებისთვის" იდეალური შემთხვევა იქნება, რომ ალასანიასთან შექმნან კოალიცია. თუმცა, ამ ყველაფერზე მსჯელობა საქართველოსთვის ძალიან ადრეა," - ამბობს ნოდია.