თეა ბეჟიტაშვილი
19.09.2015

 "საცობების ერთ-ერთი მიზეზი ავტომობილების რაოდენობის მატებაა, მაგრამ ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მას ფეხი უნდა აუწყოს და ღონისძიებები არ გაატაროს, - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

მისი თქმით, საცობების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი მძღოლების დაუდევრობაა, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ.

დავით მესხიშვილი: ამას ემატება ისიც, რომ ბოლო პერიოდში საპატრულო პოლიცია ამ დარღვევების ადმინისტრირებას პრაქტიკულად არ ახორციელებს, მათ თვალწინ მომხდარ დარღვევებზეც არ რეაგირებს. თბილისის მერია ორ მთავარ ღონისძიებას უნდა ახორციელებდეს, ერთ-ერთია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სამწუხაროდ დღეს დედაქალაქში არ ხორციელდება.

"რეზონანსი": კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს?

დ.მ: სააკაძის მოედანი არის ის კვანძი, რომელიც გასახსნელია. აქ საჭიროა ორდონიანი მოძრაობის მოწყობა. რაც შეეხება გმირთა მოედანს, აქაც საჭიროა სარეკონსტრუქციო სამუშაოები იმიტომ, რომ როდესაც გმირთა მოედანზე ესტაკადები გაკეთდა, დედაქალაქში 250 ათასიდან 300 ათასამდე ავტომობილი დადიოდა, დღეს თბილისში ავტომობილების რაოდენობა 400 ათასს გასცდა.

კიდევ ერთი მთავარი პროექტი შემოვლითი რკინიგზის გადატანა და იქ ჩქაროსნული მაგისტრალის გაკეთებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები, რომლებიც დღეს ტრანზიტული მოძრაობით არის დატვირთული, გათავისუფლდება. კერძოდ, თუ თქვენ ცხოვრობთ გლდანში და მიდიხართ კახეთში, უნდა გაიაროთ სანაპირო, ახალი მაგისტრალის მოწყობის შემთხვევაში, მთელი ეს ნაკადი, რომელიც მიდის მაგალითად კახეთში ან პირიქით, ვარკეთილიდან დასავლეთ საქართველოში, გადაინაცვლებს ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ეს ჩვენს ქალაქს ამოასუნთქებს.

"რ": ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, კიდევ რითი შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

დ.მ: რასაც მერია უნდა აკეთებდეს და არ აკეთებს, არის მეთოდი, რომლითაც საცობებს მთელ ევროპაში ებრძვიან - ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. თუ ეს უკანასკნელი იქნება კომფორტული და მგზავრიც წახალისებული, რომ ამ ტრანსპორტით იმგზავროს, ავტომობილების რაოდენობა იკლებს. მაგალითად, ბელგიაში ყველა იურიდიულმა პირმა ანუ სამსახურმა, ამავე დროს მუნიციპალიტეტმაც, წაახალისა თავისი თანამშრომლები და დღეს მათი თანამშრომლები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობენ.

კიდევ ერთი ჩვენი პროექტი არის "ჭკვიანი ქალაქი", რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება და დედაქალაქის პრობლემებს მოაგვარებს, ამ პროექტით მერიასაც მივმართეთ, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. მერიამ დუბლინიდან მოიწვია სპეციალისტები, რომელთაც საცობების განმუხტვაზე უნდა ემუშავათ. მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ევროპის დედაქალაქებში, ათასობით ქალაქებს შორის დუბლინი საცობების ინდექსით მესამე ადგილზეა.

"რ": კიდევ ერთი პრობლემა ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილი რაოდენობაა, თუ შესაძლებელია ამ პრობლემის მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც მოგვარება?

დ.მ: მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მონაწილე მძღოლია, როცა სახელმწიფო მას ხელს უწყობს, რომ იყოს ავრიების მონაწილე, აქ უკვე დამნაშავე სახელმწიფოა. ამაში ის იგულისხმება, რომ საპატრულო პოლიცია ამ დარღვევებს ხედავს და რეაგირება არ აქვს.

2014 წელთან შედარებით 2015 წელს სიკვდილიანობამ 27%-ით მოიმატა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მომატებული სიკვდილიანობა მიკროავტობუსებში, სადაც სრულიად უდანაშაულო მგზავრები იხოცებიან.

პირველი საკანონმდებლო პრობლემაა, მეორე - არ ხდება მათი აღსრულება და მესამე, ჩემი აზრით, საკმაოდ დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა, რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე და უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე 2012 წლის შემდეგ ჯარიმები განახევრდა. ამ დღიდან ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ 30%-ით მოიმატა. ავარიების დროს სიჩქარის გადაჭარბება სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია და ამაზე ჯარიმის განახევრება შეიძლებოდა? ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.

ჩვენ ისიც არ მოგვწონს, რომ როცა ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობის უფლება უჩერდება, მას უკან დაბრუნება თანხით შეუძლია. პირიქით, ასეთ მძღოლს მართვის მოწმობა საკმაოდ დიდი ხნით უნდა ჩამოერთვას. ნასვამი პირი საჭესთან არის არა მძღოლი, არამედ პოტენციური მკვლელი. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×