გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთ ოსეთიდან) ნახევარ მილიონამდე ადამიანი გახდა იძულებული, დაეტოვებინა მშობლიური მიწა. სწორედ ეთნიკური წმენდის ამსახველი დოკუმენტური სურათებია გამოფენილი ევროკავშირში საქართველოს მისიის მიერ მოწყობილ გამოფენაზე, რომელიც ბელგიაში, ბრიუსელის პრესკლუბში გაიხსნა.
"ეს გამოფენა გვინდოდა გაგვეკეთებინა 2008 წლის ომის აღსანიშნავად, მაგრამ აგვისტო ძალიან წყნარი პერიოდია ბრიუსელში და თვალსაჩინოებისათვის გადავწყვიტეთ, სექტემბრის დასაწყისში ჩაგვეტარებინა. ბრიუსელის პრესკლუბი კარგი ადგილია, ძალიან ბევრი ხალხი მოდის, მრავალი ღონისძიება იმართება," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა და ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, ნატალი საბანაძემ.
"ეს თემა გარკვეულწილად აქტუალურია, რადგან, როგორც იცით, ევროპაში ახლა დიდი კრიზისია მიგრაციასთან დაკავშირებით. გამოფენილი სურათები სწორედ ასეთი ტრაგედიების თემას ეხმიანება. იმედია, ვინც ნახავს, ორი წუთით მაინც დაფიქრდება იმაზე, თუ რა ნახა და რა გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა."
ნატალი საბანაძის აზრით, გამოფენილ ფოტოებს რომ მოვაშოროთ წარწერები ადგილისა და დროის შესახებ, ჩვენ წინ წარდგება უნივერსალური სურათი იმ უბედურებისა, როდესაც ადამიანები იძულებით ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს.