პაატა შავაძე: "გიდასტურებთ, ჩემი კანდიდატურა მართლაც განიხილება"
თიკო ოსმანოვა
21.09.2015

 "ქართული ოცნება" მთავარი პროკურორის შეცვლაზე იწყებს მსჯელობას. კულუარული ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილის შემცვლელად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამ კანდიდატურას განიხილავს - სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს, მოქმედი პროკურორის პირველ მოადგილე ირაკლი შოთაძესა და ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძეს. აქედან ერთ-ერთს, ახალი წესის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო, 15-კაციანი პროკურორთა საბჭო მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად აირჩევს.

პაატა შავაძე ადასტურებს, რომ ამ პოსტზე ერთ-ერთ ვარიანტად მისი კანდიდატურა ნამდვილად განიხილება და ამასთან დაკავშირებით მალე კონსულტაციებიც დაიწყება.

"გიდასტურებთ, ჩემი კანდიდატურა მართლაც განიხილება. მითხრეს, რომ სისტემას ვჭირდები. თუმცა, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო.

"თუ დავინიშნე მთავარ პროკურორად, მთლიანობაში დეპოლიტიზირებული ვიქნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება, საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი პოლიტიკაში გახლართული პირი იყოს. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ამ ფუნქციას ღირსეულად შევასრულებ, თუკი ჩემზე შეჩერდება არჩევანი.

"დიდად არ მივესალმები ამ პროცედურებს, ეს დამახიჯებული ფორმაა, მაგრამ, თუკი ასე ჩათვალეს საჭიროდ - იყოს. იმას მაინც ჯობია, რაც აქამდე იყო. თუმცა, შესაძლებელია ამის კიდევ უფრო დახვეწა, რომ ვინმეს პრეტენზია არ ჰქონდეს.

"მომხრე ვარ, რომ გენერალური პროკურატურა შეიქმნას. მთავარი საგამოძიებო უწყება უნდა იყოს ცენტრალიზებული, არავითარ შემთხვეაში არ უნდა ექვემდებარებოდეს არც ერთ სამინისტროს. გარდა საპარლამენტო კონტროლისა, არც ერთი უწყება არ უნდა აკონტროლებდეს და მასთან რაიმე შეხების წერტილი არ უნდა ჰქონდეს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას შავაძე.

სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი კი აცხადებს, რომ არ იცის განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე.

გიორგი ბადაშვილის შეცვლას აუცილებელ საჭიროებად მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, დარწმუნებულია, რომ არც ამ შემთხვევაში მოხდება პროკურორის დეპოლიტიზირება.

"მე მგონი გადაუდებელი აუცილებლობაა არა მხოლოდ მთავარი პროკურორის გამოცვლა, არამედ დღევანდელი პროკურატურის სოლიდური ნაწილისაც. სამწუხაროდ, ძალიან მკაფიოა პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის ლტოლვა მთავარ პროკურორზე გავლენის მოხდენისა, რომ პრაქტიკულად აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად მოინათლოს პროკურატურა, რასაც პრემიერი უარყოფს, მაგრამ ნათქვამია - ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. მთელმა ქვეყანამ ნახა შუაღამისას როგორ მიცუნცულდნენ მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე პრემიერის კაბინეტში, რათა მიეღოთ ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქცეულიყვნენ ე.წ. კაბელების საქმეზე.

"ამდენად, საზოგადოებრივი აქტიურობა უნდა იყოს გამოხატული მუდმივი მონიტორინგის პროცესით როგორც პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე მთავრობის და მთავარი საგამოძიებო უწყების ურთიერთქმედების შესასწავლად და გასაჯაროებლად.

"არანაირი წინაპირობა აპოლიტიკურობისა ჩვენს პროკურატურას არ გაჩნია. არც ერთ ხელისუფლებას ასეთი სურვილი არ გასჩენია. ამიტომ დეპოლიტიზაცია შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატურები იქნებიან მისაღები ჩვენი მოქალაქეებისთვის გამომდინარე მათი პროფესიონალიზმისა და განვლილი საქმიანობიდან", - გვითხრა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, "ექსპერტთა კლუბისთვის" ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყების პოსტზე კახი კახიშვილის კანდიდატურა მისაღები იქნებოდა, მაგრამ, მისივე თქმით, შესაძლოა კახიშვილი თანამდებოვბაზე არ იყოს წარდგენილი, რადგან ის მისი მოსაწონი კანდიდატია.

"შავაძეს არ ვიცნობ. ირაკლი შოთაძემ კი მე მგონი მოასწრო საკუთარი თავის დისკრიმინაცია ბოლო თვეების განმავლობაში. ჩემთვის რასაკვირველია ყველაზე სანდო იქნება კახი კახიშვილი, თუმცა, ვშიშობ ჩვენი ნდობა მის მიმართ შეიძლება გამოდგეს მიზეზად იმისა, რომ ის არ იქნას წარდგენილი ამ თანამდებობაზე", - უთხრა "მთელ კვირას" ცისკარიშვილმა.

თუ ვისი კანდიდატურა განიხილება სამთავრობო წრეებში, უცნობია საპარალმენტო უმცირესობის წევრესთვის. შალვა შავგულიძის თქმით, თუ ვინ დაინიშნება მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად - ეს სულ ერთია. მისივე განცხადებით, ვინც არ უნდა დაინიშნოს ყველა "ქართული ოცნების" დაკვეთას შეასრულებს.

"როდის აპირებენ ახალი პროკურორის დანიშვნას ამ ახალი კანონით, არ ვიცი, არ ვარ საქმის კურსში. თუმცა, გინდა კახიშვილი დანიშნონ, გინდა შოთაძე - ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სისტემურად პროკურატურა რჩება აბსოლუტურად პოლიტიზირებულად და მთლიანად ექცევა მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ.

"ეს ქვეყანაში სამართლიანობას ვერ მოიტანს. მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო ეს კანონი მიუხედავად ვენეციის კომისიის მოთხოვნისა და ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებული დღის წესრიგისა, რომელიც პროკურუტურის დეპოლიტიზირებას ითვალისწინებდა.

"ასე რომ, პერსონალებს მნიშვნელობა აღარ აქვს. კანონი მივიღეთ უფრო მანკიერი, ვიდრე მანამდე მოქმდებდა.

"ამ კანონის მიღებამდე ყველაფერი ნათელი იყო, რომ იუსტიციის მინისტრის წარდგინებით მთავარ პროკურორს თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა პრემიერი. ასე რომ, ყველაფერი ნათელი იყო და ამ სისტემის ავკარგიანობაზე პასუხი მოეთხოვებოდა პრემიერ-მინისტრს და მის პოლიტიკურ ძალას.

"ახლანდელი კანონით კი ამ გავლენის შეფუთვას ცდილობენ და ახდენენ იმიტაციას, თითქოს პროკურატურა პოლიტიკური ძალის გავლენისაგან გამოვიდა, მაგრამ ასე არ არის.

"კანონის ახალი რედაქცია ითვალისწინებს 15-წევრიანი ახალი ორგანოს - საპროკურორო საბჭოს შექმნას, რომელსაც მთავარი პროკურორის კანდიდატურის ამორჩევის და მისი თანამდებობიდან ვადამდელი გათავისუფლების პროცესში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება.

"საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი იქნება, დანარჩენი წევრები კი პროკურორებით, დეპუტატებითა და სამოქალო სექტორით შეირჩევა, თუმცა, ყველა მათგანს პარლამენტი ირჩევს. ასე რომ, დაკომპლექტებაში ამ პოლიტიკური ძალის ნება დომინირებს ყველგან. შემდეგ ეს საბჭო წულუკიანის მიერ დასახელებული 3 კანდიდატიდან ერთს აირჩევს, რომელიც შემდეგ მთავრობამ უნდა მოიწონოს და ამის შემდეგ ეყრება კენჭი პარლამენტში მის კანდიდატურას, რომელსაც მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერა ეყოფა", - გვითხრა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანომ პარასკევს მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად მთავარ ბრალმდებელს პარლამენტი ირჩევს, თუმცა, მას კენჭისყრამდე მთავრობის თანხმობა დასჭირდება. მანამდე კი სამ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი პროკუროტთა საბჭოს წარუდგენს.

"უნდა აღინიშნოს, რომ რიგი ცვლილებები, რასაც არასამთავრობოები ითხოვდნენ და რაც ვენეციის კომისიის დასკვნა ითვალისწინებდა, გათავილისწინებულია. ეს პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მაგრამ ძირითადი და მნიშვნელოვანი, რასაც უნდა მოეხდინა მთავარი პროკურატურის დეპოლიტიზირება, ანუ მისი დანიშვნის წესი, არის ხელუხლებელი.

"ცვლილების მიხედვით, პროკურორთა საბჭოს მთავარი პროკურორის კანდიდატურას წარუდგენს იუსტიციის მინისტრი. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მხოლოდ იუსტიციის მინისტრს არ წარედგინა და კონკურსი გამოცხადებულიყო, რაზედაც უარი გვითხრეს.

"ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დადგენილიყო კრიტერიუმები, თუ რა პროფესიული გამოცდილებითა და განათლებით მოხდება პროკურორის შერჩევა. ესეც არ არის გაწერილი.

"იუსტიციის მინისტრი კანდიდატების შერჩევამდე კონსულტაციებს გაივლის სამოქალაქო სექტორთან, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ის იღებს. საპროკურორო საბჭო თავისთავად პროგრესულია, მაგრამ შეზღუდულია არჩევანით.

"კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ჩვენ, როგორც წესი, მხოლოდ სამართლებრივად შეგვიძლია შევაფასოთ პროცესი", - უთხრა "მთელ კვირას" საიას იურისტმა ეკა ციმაკურიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×