განათლების სამინისტრომ "ჯიუტ" მშობლებს "პროედურული ომი" გამოუცხადა
ლიკა ამირაშვილი
21.09.2015

 განათლების სამინისტრომ ახალი რეგულაცია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც კერძო სკოლებიდან პირველკლასელებს საჯაროში სკოლებში გადასვლის უფლება შეეზღუდებათ. თუმცა, მეორე კლასიდან მათ კერძოს საჯარო სკოლით შეცვლის უფლება ექნებათ. ეს გადაწყვეტილება იმ მხრივაა საინტერესო, რომ წელს პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები მიიღეს, რომელთაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდათ.

საჯარო სკოლებმა სწავლა 14 სექტემბერს დაიწყეს და შესაბამისად, აქ პირველ კლასში ის ბავშვები მოხვდნენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდებოდათ. კრეძო სკოლების ნაწილმა კი სწავლის დაწყება გადაავადა. ამის გამო მშობლებმა ის ბავშვები, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში უსრულდებოდათ, კერძო სკოლაში შეიყვანეს იმ იმედით, რომ 1-2 თვეში საჯარო სკოლაში გადაიყვანდნენ და ბავშვს წელი არ გაუცდებოდა.

განათლების სამინისტროს ახალი რეგულაციის შედეგად კი, ეს შეუძლებელი გახდა.

განათლების ექსპერტები სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვანაირად აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ ამით კარგი გადაწვეტილება მიიღო, ნაწილი კი თვლის, რომ ასეთი ხელოვნური ბარიერები არაეფექტური იქნება.

განათლების სამინისტრო დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს აკრძალვა მხოლოდ იმიტომ დაწესდა, რომ კერძო და საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების თარიღი სხვადასხვაა და შესაბამისად, მათი პროგრამებიც ერთმანეთს ცდება. სამინისტროში განგვიმარტეს, რომ აკრძალვა მხოლოდ პირველკლასელებს შეეხებათ, მეორე კლასში გადასვლის შემდეგ კი მათ სკოლის შეცვლის უფლება ექნებათ.

"მობილობის წესში დაემატა ერთი პუნქტი, რომელშიც განსაზღვრულია პირველკლასელის გადაყვანა კერძოდან საჯაროში რა შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ჩასწორება მოხდა მხოლოდ.

"ყველა კერძო სკოლას თავიანთი პროგრამები და სასწავლო ბადე აქვთ. საჯარო სკოლაში სწავლა გაცილებით ადრე იწყება და შესაბამისად, რაც უფრო დიდი განსხვავება სწავლის დაწყების დრო კერძოსა და საჯაროში, მით უფრო დიდი იქნება ბავშვების განათლებაში განსხვავება. აქედან გამომდინარე, ერთი წლის განმავლობაში მათი საჯარო სკოლაში გადაყვანა იზღუდება", - გვითხრეს სამინისტროში.

ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება. მისი თქმით, კანონი ყველა სკოლას უნდა ეხებოდეს და არა მხოლოდ საჯარო სკოლებს. ნიკოლაშვილი ჩვენთან საუბრისას მშობლებს კერძო სკოლებიდან ბავშვების გამოყვანას ურჩევს.

"ამ შემთხვევაში სამინისტროს გადაწყვეტილებას ვეთანხმები. ვთვლი, რომ თუნდაც ბავშვს ერთი 6 წლამდე დღე აკლდეს, შეზღუდვა მათაც უნდა შეეხოთ. ვინც შვილები კერძო სკოლაში მიიყვანა, მათ ვურჩევდი, რომ ბავშვები სკოლიდან გამოეყვანათ.

"როდესაც სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას იღებდა, არასამთავრობო სექტორიდან მეც ვიყავი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმებოდი.

"არავითარ შემთხვევასი კერძო სკოლებს 5 წლის ბავშვები არ უნდა მიეღოთ. კერძო სკოლების უდიდესი ნაწილი სწავლას 15-16 სექტემებრს იწყებს. ზოგიერთი მათგანი კი სწავლას საჯარო სკოლაზე ადრე იწყებენ. პრაქტიკულად ეს ბავშვები კანონდარღვევით არიან მიღებული.

"ასე არსად არ ხდება, რომ სკოლაში 5 წლის ბავშვი მიიღონ. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სწავლას 7 წლის ასაკიდან იწყებენ.

"სწავლის დაწყებისას დაწესებულ ასაკამდე ერთი დღეც რომ ეკლდეს, მისი სკოლაში შეყვანა აბსოლუტურად გაუმართლებელია - მეცნიეურად, სამართლებრივი თვალსაზრისითაც, მეთოდოლოგიური და ჯანმრთლების კუთხითაც.

"როცა მოსწავლეს უფრო მეტი აზროვნება მოეთხოვება, მაღალ კლასებში სწავლას ვერ დაძლევენ, სკოლას ჩამოცილდებიან. ადრე მშობლები შეყვანით თავიანთ შვილებს წარუმატებლობით სწირავენ. სახელმწიფო რასაც ეუბნება, ის უნდა გააკეთონ. ძალიან კარგია, რომ აღნიშნული რეგულაციაები შემუშავეს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ერასმუსის ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რეგულაციას არ იცნობს, თუმცა აკრძალვის დაწესება მისთვის მიუღებელია. მისივე თქმით, ასეთი ხელოვნური ბარიერების შემქნა არაეფექტური იქნება.

"ამ საკითხს არ ვიცნობ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვერ მივესალმები. მოსწავლეების ჰორიზონტალური მობილობა რატომ უნდა შევზღუდოთ, არ მესმის. ეს წესი თუ ყველაზე ვრცელდება და არა მხოლოდ 5 წლისებზე, მაშინ მათი ბავშვების სავალდებულო სასკოლო განათლების კონსტიტუციური უფლება ირღვევა.

"ვთქვათ, მშობელმა შვილი კერძო სკოლაში შეიყვანა, მაგრამ მერე ფინანსური პრობლემების გამო მისი საჯარო სკოლაში გადაყვანა გადაწყვიტა და ვეღარ უნდა შეძლოს? ეს ხომ აბსურდია. ასეთი ხელოვნური ბარიერის შექმნა არაეფექტური მგონია", - გვითხრა ღლონტმა.

აღნიშნულ ინიციატივას სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძეც არ ეთანხმება.

მისი თქმი, ეს ყველაფერი პროცედურულ ომს ჰგავს, სადაც ბავშვის ინტერესები გათვალისწინებული არ არის.

"ზოგადად, კონკრეტული რეგულაციის შეფასება რთულია, როცა წინ არ გიდევს, იმიტომ, რომ შემდგომ სპეკულაციები სამინისტროს მხრიდან ადვილია, რადგან შეიძლება იმას სულაც არ გულისხმობდეს, რაც გაჟღერდა.

"რაც შეეხება რაზეც ამ ეტაპზეა საუბარი, კონკრეტული რეგულაციების გარეშე შეფასება ცალსახად უარყოფითია. თუ მათი მიზანია, რომ 6 წლამდე ბავშვი საგანმანათლებლო სივრცეში არ იყოს, მაშინ ეს ინიციატივა ამ მიზანს ვერ პასუხობს, რადგან მშობელი თუ ფულს იხდის, პრობლემა არ არის და საჯარო სკოლაში პრობლემაა? რა მნიშვნელობა აქვს, კერძო სკოლაში ივლის, თუ საჯაროში?

"ეს ინიციატივა ბავშვის ინტერესების ნაცვლად უფრო პროცედურულ ომს ჰგავს სამინისტროსა და მშობლებს შორის, სადაც ბავშვის ინტერესი არც ერთი მხრიდან გათვალისწინებული არ არის.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც რეგულაცია არ არის, მასზე კომენტარი რთულია, თუმცა, რასაც ამ ეტაპზე სამინისტრო ამბობს, მისი რეგულირება ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია შემდეგი გარემოებათა გამო:

"შეუძლებელია განსაზღვრო რა მიზეზით სურს მშობელს მოსწავლის გადაყვანა კერძო სკოლიდან საჯაროში. აქ მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგალითად: ლარის დევალვაციის გამო მშობლის გადამხედლუნარიანობის დაქვეითება, კერძო სკოლებში მოლოდინების გაუმართლებლობა, საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, ზოგადად სიტუაციის ცვალებადობა. შესაბამისად, ამის რეგულირება მე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

"ასევე წარმოუდგენელი და აბსურდია, კერძო სკოლებს განუსაზღვრო მოსწავლეთა მიღების, სწავლის დაწყებისა და დასრულებს თარიღი. თუ სამინისტრო წასვლას ამ გზით აპირებს, ესეც აბსოლუტურად მიუღებელია.

"ამ საკითხის გადაწყვეტისას სამინისტრომ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ყველა ექვსი წლის მოსწავლე სკოლისთვის მზადაა და ყველა ხუთი წლის მოსწავლე მოუმზადებელია სკოლისთვის.

"ყველა სკოლა, მათ შორის კერძო სკოლები, მოუმზადებლები არიან მიიღონ მოსწავლეები სკოლაში, თუ მათ ექვსი წელი არ შესრულებიათ და არ არსებობს განსხვავება ამ თვალსაზრისით სკოლებს შორის.

"ბავშვი, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია, სასკოლო მომზადების არანაირი პროგრამა გავლილი არ აქვს, არანაირი შეხება საგანმანათლებლო სივრცესთან არ ჰქონია, მაგრამ 14 სექტემბერს 6 წლის გახდა, მზადაა სკოლისთვის, ხოლო ბავშვი, რომელსაც სკოლამდელი განათლების პროგრამა 2 ან 3 წლიდან გავლილი აქვს, სკოლისთვის მოსამზადებელი პროგრამა (თუნდაც კერძო სკოლაში) გავლილი და დაძლეული აქვს, მაგრამ 15 სექტემბრამდე 6 წლის არ ხდება, ის მზად არ არის?

"სამინისტრო ბავშვზე კი არ ზრუნავს, არამედ "ეჯიბრება" და "ეჯიუტება" მშობელს, რომელმაც გარკვეული გამოსავალი მოძებნა. ანუ, აქ მიზანი მოსწავლის განათლება კი არ არის, არამედ ჯიუტი მშობლის მორჯულება", - განაცხადა ტაბატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×