დიდი ურთიერთლანძღვა-ბრალდებებით ვეტოდაძლეული "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონის წინააღმდეგ ბრძოლის მორიგი რაუნდი დაიწყო - "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალების" ერთობლივი სარჩელი, რომლესაც 39 დეპუტატი აწერს ხელს, საკონსტიტუციო სასამართლოში სამშაბათს შევა და გიგი უგულავას საქმეზე ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციას დიდი მოლოდინი აქვს, რომ ახლად მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას გიორგი პაპუაშვილის უწყება აუცილებლად მოახდენს.
ოპოზიციის მტკიცებით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა და ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბება და ამას სასამართლოში დაამტკიცებენ. კანონის ერთ-ერთი ავტორის, უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის თქმით კი, კანონი კონსტიტუციასთან არანაირ წინააღმდეგობაში არ არის, თუმცა, ისინი მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის მზად არიან და სათადარიგო გეგმაც აქვთ.
მეჭიაურისვე თქმით, ის, რომ ამ სარჩელმა "თავისუფალი დემოკრატები" და "ნაციონალები" გააერთიანა, კარგია, რადგან ამით "დემოკრატებისა" და "ნაციონალების" პოლიტიკური კავშირი ყველამ დაინახა.
"ისინი რომ გაერთიანდნენ, ეგ მაინც კარგია. ერთი ანეგდოტი მახსენდება - ძლივს არ შეგყარეთ ყველა ერთ გემზეო?!" - აცხადებს მეჭიაური.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს 10 სექტემბერს ხელი მოაწერა.
"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შესული ცვლილების თანახმად, ეროვნულ ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და ის დამოუკიდებელ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოდ ჩამოყალიბდა. პარლამენტმა სააგენტოს უფროსი და საბჭოს 5 წევრი უკვე დაამტკიცა, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებული. დარჩენილია კიდევ ორი წევრი, საიდანაც ერთს საბჭო აირჩევს და მეშვიდე წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება.
აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია, თავად ეროვნული ბანკი, სხვა ბანკები და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, თუმცა, მმართველმა გუნდმა კანონი მაინც მიიღო.
ოპოზიცია ახლა კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას და მის გაუქმებას საკონატიტუციო სასამართლოს მეშვეობით აპირებს.
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პროფესიული სიმამაცის იმედი აქვს, რომ არსებული წნეხის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ "ვიღაც ჯგუფები" მათ ემრებიან და პომიდვრებს ესვრიან, ისინი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ. მაგრამ რადგანაც პროცესი დროში გაწელილია, ვადებზე საუბარი უჭირს.
თუმცა, კანონის არაკონსტიტუციურად ცნობამდე ოპოზიცია შუამდგომლობით ითხოვს, წინასასამართლო სხდომაზე პარლამენტის მიერ უკვე სასწრაფო წესით დამტკიცებული სააგენტოს ამოქმედება შეჩერდეს მანამ, სანამ არსებითი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
"აქ კოლაფსი არ მოხდება, ვინაიდან კანონი გარდამავალ დებულებებს ითვლისწინებს. ანუ, ვიდრე არ ამოქმედდება ახალი სააგენტო, მანამ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახური იფუნქციონირებს. ვნახოთ, როგორ პოზიციას დაიჭერს საკონსტიტუციო სასამართლო", - აცხადებს შავგულიძე.
მისი თქმით, საკმაოდ არგუმენტირებული სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ დავა მათ სასარგებლოდ დასრულდეს და სასამართლომ კანონი არაკონსტიტუციურად აღიაროს.
შავგულიძე აცხადებს, რომ ახლად მიღებულ კანონსა და კონსტიტუციას შორის ორი ძირითადი წინააღმდეგობაა: პირველი - კონსტიტუციის 95-ე მუხლის თანახმად, ეროვნულ ბანკს ეკისრება საფინანსო სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის ვალდებულება. ხოლო ეროვნულმა ბანკმა რომ ეს ვალდებულება შეასრულოს, აუცილებელია განახორციელოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობა. ამ ორგანული კანონით კი ზედამხედველობის ფუნქცია ერთმევა ეროვნულ ბანკს და იქმნება სააგენტო.
"ეროვნულ ბანკს საფინანსო სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის კონსტიტუციური ვალდებულება რჩება. შესაბამისად, ახალი კანონი კონსტიტუციური მოთხოვნის საწინააღმდეგოა და ეროვნული ბანკი იმ კონსტიტუციური ვალდებულების განხორციელებას ვერ შეძლებს, თუ ეს მექანიზმი - საფინანსო სექტორის ზედამხედველობა - არ ექნება", - აღნიშნავს შავგულიძე.
მისივე თქმით, მეორე წინააღმდეგობაა ის, რომ ამ კანონით ირღვევა ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების განაწილების კონსტიტუციით დადგენილი წესრიგი. კერძოდ, კონსტიტუციის მიხედვით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა განახორციელოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის მმართველი ორგანოს - ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების კომპეტენცია აქვს პრეზიდენტს.
"ხელისუფების შტოებს შორის ძალთა ბალანსის ამ კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგოდ, ორგანული კანონი გვთავაზობს შეიქმნას სააგენტო, რომელსაც დააკომპლქტებს აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ მთავრობა და ესეც არის აშკარა წინააღმდეგობა კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ბალანსისა ხელისუფლების შტოებს შორის საფინანსო სექტორის რეგულირების სფეროში.
"ეს ორი არსებითი და ძირითადი წინააღმდეგობაა. ასევე კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ეს მოთხოვნაც ირღვევა, ვინაიდან ეროვნულ ბანკს რჩება საფინანსო სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის ვალდებულება, მაგრამ მან რომ ეს ვალდებულება დამოუკიდებლად განახორციელოს, ამის შესაძლებლობა აღარ რჩება, ვინაიდან ზედამხედველობას განახორციელებს სააგენტო, რომელიც ფაქტობრივად აბსოლუტურად დამოუკიდებელია ეროვნული ბანკისგან და არანაირი ანგარიშვალდებულება არ გააჩნია ეროვნულ ბანკთან.
"უბრალოდ, თვალის ასახვევად ამ სააგენტოს საბჭოში 2 წევრად არის დასახელებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. თუმცა, ამ ორ ადამიანს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია სააგანტოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე და მის საქმიანიბაზე.
"ეს ყველაფერი ხორციელდება ორგანული კანონის მეშვეობით, რომელსაც არ შეიძლება უპირატესი ძალა ჰქონდეს და თუკი მისი მოთხოვნები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ის უნდა გაუქმდეს," - აცხადებს შავგლიძე.
მისივე თქმით, მათ "ოცნებისგან" ამ პრეტენზიებზე არანაირი პასუხი და არგუმენტები არ მოუსმენიათ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება ძალიან ჩქარობს ეს კანონი აამუშაოს. აშკარაა ტენდენცია და არც მალავს, რომ ერთპარტიული კონტროლის განხორციელება უნდა აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე და "დემოკრატები" ერთპიროვნული, ტოტალიტური მმართველობის დამკვიდრებას არ შეეგუებიან.
"ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდება, რომ ევროპელი ინვესტორები, ევროპელი საფინანსო თუ სამართლებრივი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენთან ურთიერთობას არ დაიჭერენ, რადგან საქმიანობის სხვა სტანდარტები გვექნება. იმ ფაქტის წინაშე დავდგებით, რომ დასავლურ ღირებულებეზე ორიენტირებულ ქვეყნებს ჩვენთან არაფერი ექნებათ საერთო. ერთადერთი, ვისაც ჩვენთან საერთო ექნება, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი იქნება და იძულებული ვიქნებით ურთიერთობა მარტო მასთან გვქონდეს.
"ძალიან საშიშია, მართალა ეს ხომ არ არის "ქართული ოცნების" მიზანი, რომ ასე თანდათანობით, შეპარვით დაშორდეს ქვეყანა ევროპულ ღირებულებებს და რუსულ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე აღმოჩნდეს მიბმული", - დასძენს შავგულიძე.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდოარე თამაზ მეჭიაური ყოფილი თანაგუნდელის პასუხად ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვისას ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ასევე არსებობს დასკვნები, როგორც იურიდიული დეპარტამენტის, ასევე იურიდიული კომიტეტისა და მეტი სათქმელი არ აქვს.
"ახლა მე იმ დონის იურისტი არ ვარ, ყველა დასკვნაზე კიდევ უფრო მეტი დასკვნა გავაკეთო. მე ყველაფერი ნათქვამი მაქვს, ტრიბუნაზე 3 საათი ვიდექი და მათ პასუხი გავეცი. მე ახლა აქ ტელეფონით რა უნდა გიპასუხოთ იმაზე მეტი, რაც ვთქვი?!
"ვისაც უნდოდა - დაიჯერა, ვისაც არ უნდოდა - არ დაიჯერა, ეს არის და ეს. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ახალს ვერაფერს მივაღწევთ.
"რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, არ ვიცი, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ. ადრე თუ გვიან თავის ქმედებაზე საზოგადოებას ყველა პასუხს გასცემეს.
"საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო უკვე დაკომპლექტებულია და ამას ვერავინ შეცვლის. თუ რამე ისეთი მოხდება, რაც სახელმწიფო ინტერესს დაუპირისპირდება, პარლამენტს აქვს კიდევ სხვა ბერკეტი, სხვა ინსტრუმენტები, რომლითაც შესაბამისი რეაგირება მოხდება. თუკი აუცილებლობა იქნება, შეიძლება ამ პრობლემასთან მიმართებაში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას", - ამბობს მეჭიაური.
მისი თქმით, ამ თემის განხილვა უკვე დაამთავრა და კანონი კონსტიტუციასთან არანაირ წინააღმდეგობაში არ არის.
"არ მინდა კიდევ ვთქვა ისეთი რამ, რასაც შემდეგ ისევ ხელზე დაიხვევენ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ყველანაირი განვითარებისთვის მზად ვართ.
"ბატონმა შალვა შავგულიძემ საერთოდ სჯობს ასეთ უტაქტო შეფასებებს თავი გაანებოს. ამას წინათ რაღაც შეურაცხყოფა მომაყენა. ჯერ საერთოდ ის ვინ აირჩია და ვისი დეპუტატია, ის გაარკვიოს. ის ბიძინა ივანიშვილმა აირჩია, ახლა კი გამოდის და ყველას ჭკუას გვარიგებს.
"როდესაც სხვების შეფასებას იწყებს, ჯერ თავის განათლებასა და ქცევებს მიხედოს. ის, რომ ამ სარჩელმა "თავისუფალი დემოკრატები" და "ნაციონალები" გააერთიანა, მაინც კარგია. ერთი ანეგდოტი მახსენდება - ძლივს არ შეგყარეთ ყველა ერთ გემზეო", - აცხადებს მეჭიაური.