მოსაზრება
23.09.2015

ანზორ საკანდელიძე

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელზედაც მეც მაქვს ხელი მოწერილი. ამ დღიდან შეიცვალა რა პოლიტიკური წყობილება, საქართველოში დაიწყო დამოუკიდებელი ქვეყნის შესაბამისი ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. ეკონომიკური რეფორმების ჩატარება მუდმივი პროცესია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა. ეკონომიკური სტაბილიზაციისა და მოსახლეობის დასაქმების გარანტი კი სამრეწველო მეწარმეობა, განსაკუთრებით კი მცირე სამრეწველო მეწარმეობაა, რადგან მსოფლიო სტატისტიკით, სამრეწველო ბიზნესში 1 სამუშაო ადგილის შექმნით ავტომატურად არასამრეწველო ბიზნესში დამატებით იქმნება 4 სამუშაო ადგილი, ზოგიერთი მონაცემებით კი 5-6 სამუშაო ადგილი!

რაც მთავარია, სამრეწველო მეწარმეობის განვითარებაზეა დამოკიდებული ქვეყნისთვის განვითარებულის თუ განვითარებადის სტატუსის მინიჭება. საბჭოთა კავშირში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული სამრეწველო პროდუქციით ერთ-ერთი მოწინავე იყო და მსოფლიო რეიტინგში ითვლებოდა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნად. ამჟამად კი ამ მაჩვენებლით როგორც პოსტსაბჭოურ, ისე მსოფლიოს ეკონომიკურ სივრცეში ვართ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე და ვითვლებით განვითარებად ქვეყნად. ეს იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, ანუ 24 წელია, საქართველოში ჩატარებული სამრეწველო მეწარმეობის რეფორმები იყო არასაკმარისი, არაადეკვატური, არაკომპეტენტური და მოითხოვს საფუძვლიან გადახედვას, რასაც ხელისუფლება არ აქცევს სათანადო ყურადღებას!

ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია/პროგრამა", ძირითადად, ეხება რა ფაქტობრივად ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩენილ სამრეწველო მეწარმეობის აღორძინებას, არ აცხადებს პრეტენზიას საქართველოს მთლიანი ეკონომიკის გლობალურ რეფორმებზე. სწორედ ქართული ეკონომიკის სამრეწველო მეწარმეობის სეგმენტის ასაღორძინებლად დავაარსეთ 1998 წელს "თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია" და 11 დამფუძნებელს შორის 8 ვიყავით წარმოების ხელმძღვანელები (პირადად მე 20 წელზე მეტი ვიმუშავე რკინა-ბეტონის ქარხნის დირექტორად).

დღემდე აქტიურად მოქმედი ამ ასოციაციის წევრების მიერ 17 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ 700-ზე მეტ პუბლიკაციაშია გაშუქებული "კონცეფცია/პროგრამის" ძირითადი ასპექტები. საფუძველი კი არის 2009 წელს ჩვენ მიერ დამუშავებული "საქართველოს ეკონომიკური რეფორმების პროექტები", რომელიც თეზისების სახით გამოვაქვეყნეთ 2010 წლის იანვრის თვის ჟურნალ "ბიზნესი და კანონმდებლობა" სათაურით - "როგორ გვესმის საქართველოს ეკონომიკური რეფორმები".

ისიც აღსანიშნავია, რომ ამ "კონცეფცია/პროგრამის" 6 ძირითადი რეფორმის პროგრამები ინტელექტუალური საკუთრების დეპონირების წესით სხვადასხვა წელს დაცული გვაქვს "საქპატენტის" 6 მოწმობით და ბოლოს, 2015 წლის 31 აგვისტოს ჩვენ დავაპატენტეთ მთლიანად "კონცეფცია/პროგრამა" ("საქპატენტის" მოწმობა #6333), როგორც სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი, რომელიც მოიცავს 57 ნაბეჭდ თაბახს შესავლით, 6 ძირითადი თავით, დასკვნებითა და 64 გამოყენებული ლიტერატურის დასახელებით. 6 ძირითად თავში განხილულია 6 ეკონომიკური რეფორმა.

ამ რეფორმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ახლახან გარდაცვლილი ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებული "მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამა", რომელიც ჩვენ მიერ მიგნებული საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ახდენს სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის კაპიტალიზაციას და ადგილობრივ ინვესტირებას ახალგახსნილი სამრეწველო საწარმოებისათვის. იგი ამ საწარმოთა მუშაობას გარანტირებულ მოგებაზე და მიღებული მოგების ხარჯზე დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებას ჩვენ მიერ დამუშავებული სქემით: ზარალის იურიდიულად დასაბუთება, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, ინდექსირება და აღიარება სახელმწიფო შიდა ვალად.

აღიარებული შიდა ვალის ანგარიშში გაყიდვის უფლებით იგულსიხმება დაზარალებულებისათვის ზარალის შესაბამისი სახელობითი საგადასახადო თამასუქების უფასოდ დარიგება, რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ახალგახსნილ სამრეწველო საწარმოებში საგადასახადო გადასახადების ჩასათვლელად; აგრეთვე საგადასახადო თამასუქებით ახალი რენტაბელური სამრეწველო საწარმოების ამუშავება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და კონკურენტუნარიანი სამრეწველო პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია.

"ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რომ გამოეხატა პოლიტიკური ნება და ერთობლივად დაგვეწყო ამ პროგრამის განხორციელება, 1998 წლიდან სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული და დღემდე გაუნაღდებელი 11 სახის დაზარალებულთა 1,2 მილიარდი ლარის ზარალი უკვე იქნებოდა კაპიტალიზებული და დაზარალებულებიც ამ თანხით კომპენსირებულნი. რაც მთავარია, ჩვენი ეს მეგაპროგრამა ამ 2-3 წლის განმავლობაში უკვე მოახერხებდა ასობით ახალი რენტაბელური სამრეწველო საწარმოს ამუშავებას და ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. გაცილებით უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი ავტომატურად შეიქმნებოდა არასამრეწველო ბიზნესში!

ამის შედეგად დღეს უკვე მეტწილად მოგვარებული იქნებოდა ადგილობრივი სამრეწველო მეწარმეობის, მოსახლეობის დასაქმების, ლარის კურსის გამყარებისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების, ანუ სამართლიანობის აღდგენის უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, რომელთა მოგვარების 25 წელია, ამაოდ ელოდება უკიდურეს სიდუხჭირეში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, 3 წლის შემდეგ მაინც გამოხატოს პოლიტიკური ნება და აუნთოს მწვანე შუქი ჩვენ მიერ დამუშავებულ "კონცეფცია/პროგრამას", რომელიც საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური ცხოვრების დევიზს - "კეთილდღეობა ბანკირებისთვის!" - შეცვლის ლეგენდარული ლუდვიგ ერჰარდის გამაოგნებელი ეკონომიკური რეფორმების დევიზით - "კეთილდღეობა ყველასთვის!"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×