ბუბა კუდავა: "კომპლექსი იმდენად მოცულობითია, რომ მის შესწავლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება"
სალომე სარიშვილი
24.09.2015

 "ბოლო ვიზიტის დროს, რომელიც ტაო-კლარჯეთში ივნისში გვქონდა, ძალიან საინტერესო სიახლეს მივაგენით. ეს გახლავთ უძველესი ციხე-ქალაქი ისტორიული არტაანის ტერიტორიაზე, სოფელ დუდუნასთან ახლოს. ძეგლი ქრისტესშობამდე ||-| ათასწლეულით თარიღდება და საკმაოდ საინტერესოა,"- ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ისტორიკოსი ბუბა კუდავა და დასძენს, რომ ძეგლის მასშტაბურობიდან, გამომდინარე მისი სრულად შესწავლა ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს.

ისტორიკოსი ამბობს, რომ ამავე რეგიონში ათობით უცნობი ძეგლი იმალება, რომელთა შესახებაც ფართო საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული. ისტორიკოსის თქმით, მომდევნო ეტაპზე ძეგლების შესწავლისა და მათი დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გააქტიურება, რათა თურქეთში მდებარე ისტორიულ ძეგლებზე მუშაობა და მონიტორინგის წარმოება ქართველმა სპეციალისტებმა შეძლონ.

თურქეთში მდებარე ქართულ ისტორიულ ძეგლებსა და უკანასკნელ სიახლეებზე "რეზონანსი" ბუბა კუდავას ესაუბრა.

ბუბა კუდავა: მოგეხსენებათ, ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ტაო-კლარჯეთის რეგიონის მიმართ სამეცნიერო ინტერესი ძალიან გაიზარდა. ფართო საზოგადოებამ მხოლოდ ცნობილი ძეგლების შესახებ თუ იცის რაიმე, ნაკლებად ცნობილი ძეგლები კი ძალიან ცოტას აქვს ნანახი, თუმცა, ასეთი, ამ რეგიონის მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრია.

ჩვენი კვლევების დროს ძალიან ხშირია შემთხვევები ბევრი უცნობი და ახალი ძეგლის აღმოჩენისა, რომელთაგან ზოგიერთის შესახებ ისტორიულ წყაროებშია მითითებული, ნაწილზე ინფორმაცია საერთოდ არ გვქონდა, ხოლო ნაწილი უბრალოდ კარგად არაა გამოკვლეული. ამდენად, ყოველი ახალი ექსპედიციის დროს ძალიან ბევრ სიახლეს ვაწყდებით.

ჩვენი პროექტის ფარგლებში, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან ფინანსდება და რომლის ხელმძღვანელიც თავად გახლავართ, წლებია ექსპედიცია ტაო-კლარჯეთს სწავლობს. მაგალითად, ბოლო ვიზიტის დროს, რომელიც ივნისში გვქონდა, ძალიან საინტერესო სიახლეს მივაგენით. ეს გახლავთ უძველესი ციხე-ქალაქი ისტორიული არტაანის ტერიტორიაზე, სოფელ დუდუნასთან ახლოს, ძეგლი ქრისტესშობამდე ||-| ათასწლეულით თარიღდება. ეს საკმაოდ უზარმაზარი კომპლექსია, რომელიც იმ პერიოდისათვის ერთგვარი ქალაქური ტიპის დასახლებაც იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ პერიოდი, რა დროსაც სამშენებლო პროცესში კირს ჯერ კიდევ არ იყენებდნენ. აქ გამოყენებულია საკმაოდ დიდი ზომის ქვები, რომელთა სიმაღლეც სამ მეტრამდე აღწევს, სიგანე კი 6 სანტიმეტრია.

ძეგლი ნაგებია მშრალი წყობით, ქვების სიმძიმე კი თავისთავად იყო გარანტი კონსტრუქციის სიმყარისა. გაშენებულია კონცხის თავზე, რომელსაც გვერდით უვლის მდინარე, ზემოდან კი თითქმის უწყვეტად იყო გალავანი. კომპლექსი იმდენად მოცულობითია, რომ მის შესწავლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ცხადია, ჩვენ მის სწავლას მომავალშიც გავაგრძელებთ.

"რეზონანსი": თუ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს?

ბ.კ.: ზოგადად ასეთი უცნობი ძეგლი ძალიან ბევრია. ჩვენი პროექტის მიზანიც სწორედ ესაა, რომ პირველ ეტაპზე თავი მონაცემთა ბაზას მოვუყაროთ, თუ რამდენი, რა კატეგორიის და რა პერიოდის ძეგლია რეგიონში. ამის შემდგომ უკვე სპეციალისტებს საშუალება ექნებათ მათთვის მართებული პრიორიტეტები განსაზღვრონ.

 

საბოლოოდ კვლევები საკმაოდ საინტერესო სურათს მოგვცემს, რაც ნიშნავს, რომ საერთო ლიტერატურას ასობით უცნობი ან ნაკლებად უცნობი ძეგლი შეემატება.

"რ": საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი იშხანისა და ოშკის რეაბილიტაციას უკავშირდება, ამ თემაზე მუდმივად ინფორმაციის ნაკლებობაა. ხომ არ გაქვთ დამატებითი ცნობები, რა ხდება ახლა იქ?

ბ.კ.: მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის მოვლენების გამო, თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებებს ძალიან ცუდი ფონი ახლდა. იყო ბევრი მცდელობა, რომ საკითხი პოლიტიკურ თუ რელიგიურ ჭრილში გადაეტანათ, რაც ასევე წარმატებით დასრულდა. ამასთანავე, ამ საკითხებზე ნაკლებად ჩახედული ადამიანები და პოლიტიკოსები მსჯელობდნენ, საზოგადოება კი ნაკლებად სწორი მიმართულებით მიჰყავდათ.

ამ ყველაფერმა კი შედეგად მოგვცა ის, რომ თურქეთში მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თემა დღის წესრიგში არ დგება. არადა, ზოგადად, თანამშრომლობას არასოდეს აქვს ალტერნატივა, ამ შემთხვევაში კი თანამშრომლობის არქონა ძეგლების საზიანოდ მოქმედებს.

ჩემი აზრით, ოფიციალური ინფორმაცია თურქეთში მდებარე ძეგლებთან დაკავშირებით ნაკლებია, ინფორმაციას კანტიკუნტად ისევ კოლეგებისგან ვიგებთ. ბოლო ინფორმაცია რაც მაქვს, არის ის, რომ თურქულმა სარესტავრაციო ჯგუფმა ოშკზე ფრესკების პროექტი მოამზადა, თუმცა, კონკრეტულად როდის იგეგმება ამის განხორციელება, არ ვიცი.

რაც შეეხება იშხანს, აქ მიმდინარეობს ფრესკების კონსერვაცია. სამწუხაროდ, არც აქ არიან ქართველი სპეციალისტები ჩართული, არადა, ფრესკების კონსერვაცია ძეგლის დაცვისა და შესწავლისთვის საუკეთესო საშუალებაა.

საერთოდ, როცა საქმე ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაციასა და კონსერვაციას ეხება, ჩვენი უმთავრესი მიზანი ამ პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვაა, რასაც რამდენიმე მიზანი განაპირობებს: ერთი ესაა მონიტორინგი, თუ რამდენად სწორად და თანამედროვე სტანდარტებით ხდება რესტავრაცია, მეორე კი აუცილებელია გამოცდილების გაზიარება. რაც არ უნდა გამოცდილი იყვნენ თურქი სპეციალისტები, როდესაც საქმე განსხვავებულ კულტურას ეხება, მიდგომა განსხვავებულია. ამდენად, გამოცდილების გაზიარება ძალზედ მნიშვნელოვანია.

მესამე გახლავთ არაჩვეულებრივი საშუალება სიახლეების აღმოჩენისა, რისი საშუალებაც ათწლეულების მანძილზე იშვიათად გვეძლევა.

"რ": როგორ ფიქრობთ, რამდენად საკმარისია ამ კუთხით თავად სახელმწიფოსა და კულტურის სამინისტროს აქტიურობა?

ბ.კ.: როდესაც თანამშრომლობაზე ვსაუბრობ, აქ მხედველობაში მაქვს ის ნაწილიც, რომ ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი უცნობი ძეგლია, ხოლო მომდევნო პერიოდში მათი უფრო სიღრმისეულად შესწავლა, რესტავრაცია და სხვა დანარჩენი, სწორედ ურთიერთთანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას ეთქმის.

 

ჩვენ, სპეციალისტებს მხოლოდ ზედაპირული შესწავლა და ინფორმაციის მიწოდება შეგვიძლია, ხოლო იმისათვის, რომ მომდევნო ეტაპზე ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაცია, დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება, არტეფაქტების გამოვლენა, შემდგომ მათი ანალიზი და ამ პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვა მოხდეს, ნებართვაა საჭირო, რომელსაც თანამშრომლობა სჭირდება.

აქვე კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: აქ ნელ-ნელა არქეოლოგიური გათხრებიც იწყება. მაგალითად, პირველი, შემთხვევა იყო შავშეთის ციხე, სადაც გათხრები რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ქართველ სპეციალისტებს ჩართვის საშუალება კი ისევ და ისევ არ ჰქონდათ, არადა, არქეოლოგიური კუთხით ძალიან პერსპექტიული ძეგლებია.

ძალიან ბევრი თანამედროვე ტაძარი, რომელიც შემორჩენილია, ძველი საეკლესიო ცენტრის ადგილასაა ხელმეორედ აგებული, ასეთ შემთხვევაში კი არქეოლოგიური გათხრები აუცილებელია.

სხვათა შორის, ამის ძალიან კარგი მაგალითია იშხანი, სადაც მცირე არქეოლოგიური შესწავლა მოხდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან სერიოზული და საინტერესო შედეგები მივიღეთ.

"რ": ბოლოს "რეზონანსთან" ინტერვიუში ძეგლებთან არსებულ აბრებზე დატანებულ უზუსტობებზე ისაუბრეთ. ხომ არ გამოსწორდა ეს პრობლემა?

ბ.კ.: მაშინაც ვთქვი და ახლაც გეტყვით, რომ ამ საკითხს, უპირველეს ყოვლისა, ძალიან პოზიტიურად მინდა შევხედო, ვინაიდან ძეგლებთან აბრებზე წარწერა სამენოვანი გახდა - ინგლისური, თურქული და ქართული, რაც თავისთვად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ესენი ქართული ისტორიული ძეგლებია, რაც აქამდე არ ხდებოდა. ათეული წლის წინ ვერსად შეხვდებოდით აბრას, სადაც საქართველო ან ქართული ტერმინები შეგხვდებოდათ.

რაც შეეხება უზუსტობებს, თუკი იქ რაიმე შეცდომაა, არ ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულადაა გაკეთებული, ეს უფრო ნაკლები კომპეტენციის ბრალია, რისი გამოსწორებაც ისევ სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობითაა შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×