ევროკავშირის შემფასებელთა მისიას თბილისში ოპტიმიზმით ხვდებიან
თაკო მათეშვილი
26.09.2015

 "2016 წელს საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტით 90 დღით შენგენის ქვეყნებში ყოველგვარი ვიზის გარეშე შევლენ," - ამგვარი ოპტიმიზმით ელიან უმრავლესობაში ევროკავშირის შემფასებელთა მისიას, რომელიც თბილისს 28 სექტემბერს ეწვევა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას შეაფასებს.

დასკვნას კომისია 15 დეკემბერს დადებს და უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ იგი პოზიტიური იქნება. ამბობენ, რომ ქვეყანამ ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.

უმრავლესობის ოპტიმიზმს ის ექსპერტებიც იზიარებენ, რომლებიც სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესს მონიტორინგს უწევდნენ და ამბობენ, რომ თუკი გარეშე ფაქტორებმა ხელი არ შეგვიშალა, ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება უახლოეს თვეებში უნდა მივიღოთ.

მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 ფაზას მოიცავს, ქვეყანამ 2013 წლის თებერვალში მიიღო. 2015 წლის 21-22 მაისს რიგაში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, სადაც საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოები მესამედ შეაფასეს, ქვეყანას სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დროებით უარი ეთქვა და მეოთხე შეფასება სექტემბრისათვის დაიგეგმა.სწორედ ამ მიზნით ჩამოდის თბილისში 4-დღიანი ვიზიტით ევროკავშირის შემფასებელთა მისია.

"მისია შეაფასებს ღონისძიებებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით," - ნათქვამია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

კომისია მხოლოდ გაწეულ სამუშაოს შეაფასებს. თუმცა, თუ მათ 15 დეკემბერს პოზიტიური შეფასება მოგვცეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლას ავტომატურად მივიღებთ. ამის შემდგომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რაზეც გავლენას არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები ახდენს.

ევროპასთან ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი საკითხისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ გეგმის შესასრულებლად პარლამენტმაც და მთავრობამაც მაქსიმუმი გააკეთეს. მისი თქმით, ყველანაირი ვალდებულება შესრულებულია და ყველა კანონი, რომელიც სამოქმედო გეგმაში იყო მოთხოვნილი - მიღებული.

სწორედ ამიტომ, დარწმუნებულია, რომ ამ გამოცდას საქართველო წარმატებით ჩააბარებს და ელოდება, რომ 15 დეკემბრის დასკვნა დადებითი იქნება.

"პრაქტიკული ნაბიჯები, რაც გადასადგმელი იყო, გადავდგით. საქართველომ დავალება ტექნიკურად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულა. ამაში ეჭვი არავის ეპარება. უბრალოდ ახლა მთლიანად ვართ დამოკიდებულები იმ ხალხზე, რომლებიც თბილისში 28 სექტემბერს ჩამოვლენ.

"ჩვენ თუ 4 შეფასებით მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ეს რეკორდი იქნება. პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ეს შეძლო. კინაღამ სამი შეფასებითაც მივიღეთ, მაგრამ მეოთხე მაინც დაგვჭირდა. მოლდოვას კი 5 შეფასება დასჭირდა. თუ ამჯერადაც რაიმე ხარვეზი აღმოგვიჩინეს, მაშინ მე-5 შეფასებაც დაინიშნება. ამ გზიდან კი არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ, იმიტომ, რომ ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული.

"ვვარაუდობ, რომ საქართველოს ეს 4 შეფასება ეყოფა. მართალია, ყველანაირი დავალება შევასრულეთ, მაგრამ სხვა მიზეზებით, მაგალითად, ევროპაში მიგრაციული პროცესების გამო ეს შესაძლოა, შეფერხდეს," - ამბობს ბერძენიშვილი და იმედოვნებს, რომ მიგრაციის პრობლემა მანამდე გადაწყდება.

გარდა იმისა, რომ ის შესრულებული სამუშაოს დადებით შესაფებას ელის, იმის მოლოდინიც აქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც მალე მიიღებენ.

"2016 წელს საქართველოს მოქალაქეები, ბიომეტრიული პასპორტით 90 დღით შენგენის ქვეყნებში ყოველგვარი ვიზის გარეშე შევლენ," - აცხადებს პარლამენტარი.

იგი იმ სამუშაოებზეც გვესაუბრა, რომელთა შესრულებაც საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ რიგის სამიტის შემდეგ შეძლეს და განგვიცხადა, რომ მათ კოლოსალური შრომა გასწიეს. ამბობს, რომ პარლამენტში უზარმაზარი, 70-75 კანონიანი პაკეტები მიიღეს. მაგალითად, კანონი პროკურატურის შესახებ, საჯარო სამსახურის შესახებ და ა.შ. მათი მიღება, ბერძენიშვილის თქმით, სწორედ იმის გამო დაჩქარდა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან იყო დაკავშირებული.

გარდა ამისა, მიღებულ იქნა შედარებით პატარა კანონები, რომლებიც ეხებოდა ფულის გათეთრებას, ტერორიზმთან ბრძოლას და ა.შ.

"პარლამენტისათვის საკმარისი იყო მარტო იმის თქმა, რომ საკითხი ვიზალიბერალიზაციას ეხებოდა და საქმე განსაკუთრებული ყურადღებითა და მონდომებით კეთდებოდა. ამაში უზარმაზარი რაოდენობის ხალხი იყო ჩართული.

"შესაძლოა იმიტომ, რომ სხვების მაგალითი გავითვალისწინეთ, ან უვიზო მიმოსვლა უფრო მეტად გვინდა, ყველა ნაბიჯი უფრო სწრაფად და ნაყოფიერად გადავდგით, ვიდრე რომელიმე ჩვენმა წინამორბედმა ქვეყანამ, რომლებმაც იგივე გზა გაიარეს. ასე რომ, ჩვენ მათ გამოცდილებასაც ვიზიარებთ. არც ისაა დასამალი, რომ ყველა მეგობარი ქვეყანა გვეხმარება. განსაკუთრებით ბალტიისა და ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნები. ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც. მათგან ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული დახმარება მივიღეთ, რათა ვიზალიბერალიზაციის გზაზე წარმატებულები ვიყოთ," - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

შეხვედრებს, რომელიც კომისიის ჩამოსვლის შემდგომ გაიმართება, ექსპერტების რანგში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრებიც დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ პლატფორმის ინიციატივით პარლამენტში დიდი შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ისე პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებიც.

პლატფორმის თავმჯდომარე და "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ძალიან ღია და ცხელი დისკუსია გაიმართა. ბევრი საკითხი დაიხვეწა, შეჯერდა, კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა და გათვალისწინებულ იქნა. ტუღუში მიიჩნევს, რომ "წესით, ყველაფერი კარგად უნდა იყოს". მისი თქმით, რაც დაგვავალეს, იმდენად მაინც შესრულდა, რომ პოზიტიური დასკვნა სრულად იქნეს მიღებული.

"შემიძლია გითხრათ, რომ იმ სამუშაოდან გამომდინარე, რაც შესრულდა, ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. იმ ინფორმაციიდან, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, დეკემბერში პოზიტიურ დასკვნას უნდა ველოდოთ. დანარჩენი უკვე პოლიტიკური საკითხია. თუ ქვეყანა არ დაიქცა, წესით, უვიზო რეჟიმი უნდა მოგვცენ.

"თუმცა, არსებობს კიდევ საგარეო რისკები, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული. ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში მიმდინარე პროცესები, დევნილების ნაკადების გადანაცვლება სიტუაციას ართულებს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ. ესაა პროცესი, რომელშიც არა მხოლოდ მთავრობაა ჩართული. მასში მონაწილეობს საზოგადოებაც, რომელსაც გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აკისრია. რა თქმა უნდა, ეს ფორმალური ვალდებულებები არაა, მაგრამ ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც საერთო საქმეს," - აცხადებს ტუღუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×