თაკო მათეშვილი
26.09.2015

 "მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა რუსეთი საქართველოში შემოღწევას გიგანტური ნაბიჯებით ცდილობს," - ამბობს პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების ექპერტი ხათუნა ლაგაზიძე და დასძენს, რომ რუსული პროპაგანდისთვის ქართული საინფორმაციო სივრცე აბსოლუტურად ღიაა, რასაც დაუშვებლად და ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს.

იგი დარწმუნებულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებით პრორუსული პარტიები პარლამენტში მოხვდებიან, თუმცა ექნებათ თუ არა გადამწყვეტი ხმა, ეს, ლაგაზიძის აზრით, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მათ შორის იმაზე, თუ რამდენად მოინდომებს ამას რუსეთი და რამდენად ხელშესახებ წარმატებას მიაღწევს საქართველო დასავლეთთან ურთიერთობისას.

"რეზონანსი": "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წელი გადის. როგორ შეაფასებთ ამ სამ წელს საგარეო ასპარეზზე მოღვაწეობისა და ევროპასთან დაახლოების კუთხით? რა წარმატებები და ჩავარდნები ჰქონდა ქვეყნის მთავრობას ამ მხრივ?

ხათუნა ლაგაზიძე: ყველაფერი შედეგით იზომება. ამ ეტაპზე ხელშესახები, რაც ამ ხელისუფლების პირობებში იქნა მღწეული, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაა, რომელიც მან დააგვირგვინა. რეალურად კი ის ყველა წინამორბედი ხელისუფლების დამსახურება იყო. თუმცა, "ქართული ოცნების" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ქვეყნის გარეთ არსებული ბევრი გამოწვევისა, მან ამის დაგვირგვინება მაინც შეძლო.

ნატო-ს რაც შეეხება, ამ მიმართულებით პროგრესი ნაკლები გვაქვს. თუმცა, აქ ობიექტური მიზეზების როლი ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების პასიურობის ან შეცდომების როლი. ყველამ ვიცით, რომ როგორც ნატო-სთან, ისე ევროკავშირთან დაახლოებისათვის საქართველოს დავალებებზე და მისი შესრულების ხარისხზე მეტად საგარეო ფონი მოქმედებს.

ნატო-სთან დასაახლოვებლად და ზოგადად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად აქტივობა იგრძნობოდა ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს და განსაკუთრებით ინტენსიური გახდა თინა ხიდაშელის მინისტრობისას. მისი განცხადებები ძალიან მკვეთრია. ის თავიდანვე ამბობდა, რომ საქართველომ თავისი 25-წლიანი სწრაფვით ალიანსის წევრობა დაიმსახურა. მინიმუმ ის მაინც, რომ პასუხი მაინც იცოდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის გამოხმაურებები და შემხვედრი ნაბიჯები განცხადებების დონეზე საკმაოდ აქტიური და დამაიმედებელი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, მაპ-ი დღის წესრიგში მაინც არ დგას.

"რ": საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა თინა ხიდაშელმა გუშინ და თქვა, რომ საქართველოსათვის მაპ-ი აღარცაა საჭირო და ჩვენ არა მაპ-ისათვის, არამედ წევრობისათვის ვიბრძვით. რამდენად გონივრულია მისი მხრიდან ამგვარი განცხადებები?

ხ.ლ: აქ სითამამეს ნაკლებად ვხედავ. ხიდაშელმა უკან დახევის ძალიან საინტერესო გზა მონახა. იმას ვგულისხმობ, რომ იგი აქამდე მაპ-თან მიმართებაში ძალიან მკვეთრი იყო. შემდეგ კი ალბათ დაინახა, რომ რეალობა ამის საშუალებას არ იძლევა და მონახა გზა თუ როგორ უნდა აუხსნას ხელისუფლებამ საზოგადოებას მაპ-ზე ამჯერადაც უარის თქმა.

მაპ-ზე უარი რომ გვითხრან, ეს გასაკვირი არცაა თუ გადავხედავთ რა ხდება საგარეო ფლანგზე. რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს ორ ფრონტზე არიან შერკინებულები - უკრაინასა და სირიაში. საქართველოთი სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა კი არც დასვლეთს აწყობს და არც რუსეთს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა რუსეთს ჩვენთვის უბრალოდ არ სცალია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რბილი ძალით იგი ჩვენს ქვეყანაში ძალიან ეფექტურად არ არის შემოსული.

ხიდაშელის რიტორიკა ამერიკელი პოლიტოლოგების რიტორიკის თანხვედრაშია, რადგან ისინიც ამბობენ, რომ მაპ-ი საქართველოსათვის ფაქტობრივად უკვე დაძლეული ზღუდეა და გაწევრიანება მის გარეშეც შეიძლება.

რაც შეეხება ნატო-ს სასწავლო ცენტრსა და იმ განცხადებას, რომელიც თვის დასაწყისში საქართველოში ევროპული ჯარების სარდალმა გააკეთა, უნდა ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის. მან თქვა, რომ 2016 წელს საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია შემოწმდეს რამდენად ოპერატიულად შეძლებს დასავლეთის სამხედრო ძალები და შეიარაღება საქართველოს დახმარებას გარე აგრესიის შემთხვევაში. ეს იმ ტიპის განცხადებაა, რომელიც მაპ-საც გადაწონის.

ასეთი განცხადებებით ღიად საუბარი იმაზე, რომ დასავლეთი აპირებს მისი სამხედრო მზაობა საქართველოს საჭიროების შემთხვევაში მოახმაროს, 25 წელია არ მოგვისმენია. თუ ხიდაშელი ამას გულისხმობდა როცა ამბობდა, რომ ნატო-სთან იმდენად ახლოს ვართ მაპ-ი აღარც კი გვჭირდებაო, მაშინ ვეთანხმები. ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი როლის მატარებელი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაშიც თუ სხვებთან ერთად ისლამური ტერორიზმის საფრთხე გამოჩნდება.

"რ": რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს. თუ გაზაფხულზე ამის უფლება ვერ მოვიპოვეთ, ხელისუფლების მინუსად შეიძლება მივიჩნიოთ?

ხ.ლ: კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი უვიზო მიმოსვლაა, რომელიც წინასაარჩევნოდ შესაძლოა უფრო მტკივნეულიც გახდეს, ვიდრე მაპ-ი. არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, არადა საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაცია იქნება ის ერთადერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის ხელში დაჭერაც ქართულ პროდასავლურ ძალებს წინასაარჩევნოდ შეეძლებათ. მის გარეშე ცარიელი რიტორიკაღა რჩება და არანაირი კონკრეტული ნაბიჯები.

საგარეო რეალობიდან გამომდინარე, ეს ზოგიერთისათვის გასაგებია, მაგრამ რიგითი ამომრჩევლისათვის ამის ახსნა რთული იქნება. ამიტომ, თუკი საქართველო უვიზო რეჟიმს ისევ ვერ მიიღებს, ეს პროდასავლური ძალების დიდ მარცხს გამოიწვევს.

ისიც თვალსაჩინოა, რომ დასავლეთი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ნაკლები სიმპათიითაა განწყობილი, ვიდრე წინა ხელისუფლების მიმართ იყო. თუმცა, გავიმეორებ, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებებად უფრო გარე ფაქტორები უნდა განვიხილოთ, ვიდრე ხელისუფლების ქმედებები.

"რ": გვქონდა თუ არა რაიმე სახის მიღწევა გასულ სამ წელიწადში რუსეთთან ურთიერთობის კუთხით და რა შეგიძლიათ თქვათ ჩავარდნებზე ამ მიმართულებით?

ხ.ლ: ეს მიმართულება გაცილებით უფრო მტკივნეულია. არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მიმართავს, როგორც ჩანს დასავლეთისთვის აბსოლუტურად მისაღებია, რადგან მესამე კონფლიქტური ხაზის გახსნა არავის აწყობს. უსუფაშვილიც ამბობდა, რომ ნატო-ში გაწევრიანების მთავარი პირობა რუსეთთან რადიკალიზაციაზე უარის თქმააო.

თუმცა ამ მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა რუსეთი საქართველოში შემოღწევას გიგანტური ნაბიჯებით ცდილობს. ეს საინფორმაციო ველის ათვისების მცდელობასა და, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში გამოიხატება. მაგრამ, რუსეთი საქართველოში იმდენად უარყოფითი სიმბოლოა, რომ მასთან ასოცირებას ყველა მეტნაკლებად ცნობილი პარტია ან აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე პირი თავს არიდებს. სწორედ ამიტომ, პრორუსული ძალები ძირითადად მარგინალები არიან. ეს იქნება მედიასაშუალება, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკური მოთამაშე.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში რუსეთი არ ეცდება რაღაც ისეთი შემოაგდოს, რაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კეთილგანწყობას მისკენ შეაბრუნებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რუსეთთან უვიზო რეჟიმი. ეს აქტიურად განიხილება და ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს პროდასავლურ ძალებზე სერიოზული დარტყმა იქნება.

ის, რომ რუსული საინფორმაციო შტორმისათვის ქართული სივრცე სრულიად ღიაა, არანაირ პოლიტიკაში არ ჯდება და არანაირი გამართლება არ აქვს. ერთია არ ცდილობდე რუსეთთან რადიკალიზაციას და ამაში ხელისუფლებას სრულიად ვეთანხმები, მაგრამ მეორეა რუსულ საინფორმაციო პროპაგანდას კარი გაუხსნა. თანამედროვე მსოფლიოში საინფორმაციო ომი ამა თუ იმ ქვეყნისა თუ საზოგადოების ცნობიერების დაპყრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება. ესაა ის, რასაც ხელისუფლებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად ვუთვლი.

"რ": ამაზე თინა ხიდაშელმაც ისაუბრა ბიბისი-ს ეთერში და თქვა, რომ დასავლეთისადმი ხალხში იმედგაცრუება იზრდება. ამით კი რუსეთი სარგებლობს და არ გამორიცხა, რომ პრორუსული ძალები 2016 წელს პარლამენტშიც მოხვდნენ. ელოდებით მოვლენების ასე განვითარებას?

ხ.ლ: პარლამენტში უდავოდ გავლენ. გადამწყვეტი ამ მხრივაც დასავლეთის მიმართ გამეფებული პესიმიზმი იქნება. ამიტომაც ვამბობ, რომ თუკი რაიმე ხელშესახები შედეგი, მაგალითად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, არ გვექნება, პროდასავლურ ძალებს მხოლოდ დაპირებების საფუძველზე ამომრჩევლის დარწმუნება ძალიან გაუჭირდებათ.

ამ მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს, ვფიქრობ რომ მათ არ ექნებათ გადამწყვეტი ხმის უფლება, მაგრამ არ ვიცით, რა ძალები შემოვლენ ასპარეზზე დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში. გვახსოვს "ახლებისა" და "მრეწველების" წინასაარჩევნოდ ძალიან სწრაფი შემოსვლა და მათი წარმატებები. ივანიშვილის გამოჩენაც კარგად გვახსოვს, თუმცა დღეს ივანიშვილის მასშტაბის ფიგურის შემოსვლა გამორიცხულია. აქვე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ დასავლეთი ასე მარტივად საქართველოს არ დათმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×