სამხედროანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოს საჰაერო სივრცით სომხეთში სამხედრო შეიარაღება ფარულად გადააქვს.
მისი თქმით, რუსეთს კერძო სამოქალაქო-სატრანზიტო თვითმფრინავების მეშვეობით ნებისმიერი სამხედრო ტვირთის გადატანა შეუძლია, რის გაკონტროლებასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სირთულეს წარმოადგენს.
ალადაშვილის თქმით, ამ შეიარაღების დანიშნულებაა სომხეთის ქალაქ გიუმრისთან არსებული რუსული სამხედრო ბაზა, სადაც უახელესი და თანამედროვე შეიარაღება აქვთ, რომელიც სწორედ საქართველოს საჰაერო სივრცით გადააქვთ.
მისი განცხადებით, ასევე ეჭვს ის ფაქტიც იწვევს, რომ ამ ბაზაზე სამხედრო როტაცია წელიწადში ორჯერ ცხადდება და ახალწვეულები ჩაჰყავთ. ალადაშვილი ვარაუდობს, რომ მათი გადაყვანა სწორედ საქართველოს საჰაერო სივრცით, სამოქალაქო-სატრანზიტო თვითმფრინავებით ხდება.
"რეზონანსი": შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოს საჰაერო სივრცით სამხედრო ტვირთის ისე გადატანა, რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტროსგან ნებართვა არც აიღოს?
ირაკლი ალადაშვილი: "რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია და ამას რუსეთი უკვე დიდი ხანია, ძალიან თავისუფლად ახერხებს. თუმცა არა სამხედრო-სატრანზიტო და სატვირთო თვითმფრინავებით, რადგანაც ასეთი თვითმფრინავების გაბარიტები იმხელაა, რომ საქართველოს რადიოლოკაციური სადგურები ადვილად აღმოაჩენენ, როგორცკი ისინი საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოფრინდება. როგორც წესი, ასეთი თვითმფრინავები 9-11 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ, რისი დაფიქსირებაც ადვილია.
ამიტომაც, რუსები ასეთი ტვირთის ფარულად გადასატანად კერძო სამოქალაქო თვითმფრინავებს იყენებენ. საქმე ის არის, რომ შესაძლოა, სამოქალაქო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოფრინავდეს და მხოლოდ ღმერთმა იცოდეს, შიგნით რა არის. მართალია, ვალდებულები არიან, საქართველოს მხარეს განუცხადონ, რა ტვირთი გადააქვთ, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ეს დამალონ.
სამწუხაროდ, ამ თვითმფრინავების შემოწმება არც ისე ადვილია, რადგან ამ დროს საქართველომ ეჭვის საფუძველზე უნდა აიძულოს ყველა თვითმფრინავი, რომ საქართველოს აეროპორტში დაჯდეს და შეამოწმოს. ეს კი, რა თქმა უნდა, ასეთი ადვილი პროცედურა არ არის".
"რ": ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
ი.ა: ამის თქმის საფუძველს სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზა მაძლევს. საერთოდ, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა თანამედროვე და უახლესი იარაღით არის აღჭურვილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საქართველოს საჰაერო სივრცით არის გადატანილი, რადგანაც ორი გზა აქვს რუსეთს, რითაც იარაღის გადატანა შეუძლია - საქართველოს საჰაერო სივრცით და კასპიის ზღვის თავზე გადაფრენით, ირანის გავლით.
ეს მეორე გზა, ირანის გავლით, სრულიად გამორიცხულია, რადგანაც ირანზე დღემდე სანქციებია დაწესებული საჰაერო სივრცით ტრანზიტის გადატანაზე, ამიტომაც თუ ასეთ რამეს ადგილი ექნებოდა, ეს საერთაშორისო ხმაურს გამოიწვევდა.
შესაბამისად, გიუმრის სამხედრო ბაზაზე არსებული თანამედროვე იარაღის შეტანა მხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით იქნებოდა შესაძლებელი. ამიტომაც, ეს მხოლოდ ეჭვი კი არ არის, არამედ ამის დამადასტურებელი ფაქტები ამ სამხედრო ბაზაზე არსებული უახლესი ტექნიკის არსებობაა.
ამასთანავე, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს იარაღი სომხეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით იქნას გადატანილი. თუმცა სავსებით ნათელია, რომ რუსეთი გიუმრის სამხედრო ბაზას კერძო სამოქალაქო-სატრანსპორტო თვითმფრინავებითაც ამარაგებს.
"რ": აგვისტოს ომის შემდეგ სომხეთში საქართველოს სამხედრო ატაშემ ზვარტნოცის აეროპორტში რამდენჯერმე შეამოწმა რუსეთიდან ჩატანილი საბრძოლო ტექნიკა (მათ შორის ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები), მაგრამ, სომეხი სამხედროების განცხადებით, ეს შეიარაღება რუსეთში შეიძინეს და სომხეთის არმიის საკუთრება იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, 7 წლის განმავლობაში სწორედ ამ მეთოდით გიუმრის ბაზაზე რუსეთს იარაღი შეჰქონდეს?
ი.ა: კი, რა თქმა უნდა, მართალია, რომ ეს მაშინ მართლაც რუსეთისგან ნაყიდი იარაღი იყო, მაგრამ მას შემდეგ ძალიან ბევრი მსგავსი რეისი გაკეთდა, რომლითაც, არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო შეიარაღება გიუმრის სამხედრო ბაზაზე შეიტანეს. საქართველოს სამხედრო ატაშეს ყველა ხომ არ შეუმოწმებია? ხოლო ამ ბაზაზე წელიწადში ორჯერ ხორციელდება როტაცია, სადაც ახალწვეული რუსი სამხედროები ჩაჰყავთ.
ჩნდება კითხვა, ეს სამხედროები როგორ ჩაჰყავთ? ცხადია, რომ ეს ჩვეულებრივად სამოქალაქო თვითმფრინავებით საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხორციელდება. ეს სამხედროები, როგორც ჩვეულებრივი მგზავრები, ისე ჩაჰყავთ. გამორიცხულია, რომ ისინი კასპიის ზღვის თავზე გადაფრენით გადაჰყავდეთ, რადგანაც ეს გზა ძალიან გრძელია და ცხადია, ძვირიც ჯდება.
"რ": შეიძლება, რომ რუსეთს საბრძოლო იარაღი და სამხედროები საქართველოს საჰაერო სივრცით, ფარულად, სირიაშიც შეჰყავდეს? მას ხომ საბერძნეთისა და ბულგარეთის საჰაერო სივრცე დაკეტილი აქვს?
ი.ა: ამ შემთხვევაში ასე არ ვფიქრობ, რადგანაც რუსეთმა სირიაში იარაღის შესატანად ამჯერად კასპიის ზღვის საჰაერო სივრცით ისარგებლა. აქ საუბარია 28 რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე, რომლებიც სირიის ქალაქ ლაკაკიაში 21 სექტემბერს განთავსდა.
ისინი რუსეთი-კასპიის ზღვა-ირანი-ერაყი-სირიის საჰაერო მარშრუტით გადაფრინდა. არსებობს "იუტუბზე" ვიდეოკადრები, რომლებიც ერაყის ტერიტორიაზეა გადაღებული, როდესაც მაღლა დიდი სატრანსპორტო რუსული თვითმფრინავი "რუსლანი" მიფრინავს და გვერდით 6 რუსული ბომბდამშენი მიჰყვება. ისინი ფრენის ამ ტაქტიკას იმიტომ იყენებენ, რომ დიდი თვითმფრინავის გვერდით, მჭიდროდ ფრენისას, თურქეთში არსებულ ამერიკულ რადიოლოკაციაზე მხოლოდ ერთი თვითმფრინავის გადაადგილებს ჩანს.
"რ": საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2008 წლის შემდეგ რუსეთს ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო ტვირთის გადასატანად საჰაერო სივრცის გამოყენების თხოვნით აღარ მიუმართავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ აჩენს ეჭვს, რომ რუსეთი სამხედრო ტვირთის ფარულად გადატანას ისედაც ახერხებს?
ი.ა: კი, ბატონო, სწორედ ამაზეა საუბარი. 2008 წლის შემდეგ, რუსეთი, დიდი კითხვა-თხოვნის გარეშეც, სამხედრო ტვირთის გადატანას საქართველოს საჰაერო სივრცით ახერხებს. ამიტომაც, მას არაფერში აღარ სჭირდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ თხოვნით მიმართოს.
ამის თქმის საფუძველს კი ის მაძლევს, რომ 2013 წლის 2 დეკემბერს სომხეთში, გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის მონახულებისას, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სხვადასხვა შეიარაღების ნიმუშებთან ერთად წარუდგინეს "სმერჩი" და "ბუკი", რომლებიც მანამდე ამ ბაზის შეიარაღებაში არ იყო და სავარაუდოდ, აგვისტოს ომის შემდეგ, სატრანსპორტო თვითმფრინავებით რუსეთიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მალულად ჩაიტანეს.
"რ": საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის ეს ქმედება აღკვეთოს?
ი.ა: ეს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრობლემა არ არის, ეს პრობლემა საქართველოს ხელისუფლებასაც ეხება. რა თქმა უნდა, შეუძლია ამის აღკვეთა, თუმცა არც ისე ადვილი მოსახერხებელია. ნებისმიერი ქვეყანა ითხოვს მეორე ქვეყნისგან დაწვრილებით და ზუსტად იცოდეს რა სახის სახმელეთო და საჰაერო ტრანზიტი ხორციელდება მისი ქვეყნის გავლით. თუმცა თუ დანაშაულზე არ დაიჭირა, მხოლოდ ეჭვის დონეზე ასე რუსეთიდან მომავალი ყოველი თვითმფრინავის შემოწმება ძალიან რთულია, წარმოუდგენელიც.
მაშინ უნდა დაეშვას შენს აეროპორტში და მოხდეს ტვირთის დათვალიერება. სწორედ ბულგარეთმა განაცხადა, თუ რუსეთი ისევ განაგრძობს ფარულად სირიაში ჩვენი საჰაერო სივრცით სამხედრო შეიარაღების გადატანას, მაშინ ჩვენ ყველა თვითმფრინავის შემოწმებას მოვითხოვთ, რადგანაც ეჭვი გვაქვს, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი არ არისო. ამის შემდეგ რუსეთმა შეაჩერა ბულგარეთის საჰაერო სივრცის გამოყენება.
"რ": არსებობს მოსაზრება, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ჯარის იარაღითა და სამხედრო ძალით მომარაგებისთვის რუსეთს საქართველო-სომხეთი-ირანი-ერაყის სატრანზიტო საჰაერო და სახმელეთო დერეფანი დასჭირდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, დასავლეთი საქართველოს რუსეთისთვის ამ გზის დათმობას ურჩევს? რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას?
ი.ა: არ არის გამორიცხული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთსა და დასავლეთს შორის ერთგვარი თანამშრომლობაც კი დაიწყოს. ასეთ დროს არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამერიკამ საქართველოს რუსეთისთვის ამ გზის გამოყენების უფლება მისცეს. მე არ ვიტყვი, რომ ეს რუსეთმა შესაძლოა საქართველოს ოკუპაციისთვის გამოიყენოს. საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში იტყვის, ჩვენ ჩავერთეთ კოალიციაში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვის, ამიტომაც ვუთმობთ ამ გზასო.