ლიკა ამირაშვილი
30.09.2015

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება იწყება, რასაც, სავარაუდოდ, სანქციები და დაჯარიმებაც მოჰყვება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, გაზზე მომუშავე ავტომობილებმა ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა გაიარონ.

ახალმა რეგულაციამ მძღოლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სანქციები დაწესდება დამრღვევებისთვის. ავტოექსპერტები ამბობენ, რომ რეგულაციები იქნება მკაცრი და ათასობით მოქალაქისთვის შეიძლება მძიმე ტვირთადაც იქცეს.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ მთავრობის დადგენილება საქართველოს ათასობით მოქალაქეს ჯარიმებით ემუქრება, თანაც ისე, რომ ხალხი საქმის კურსში არ ჩააყენეს და მოსალოდნელ რეგულაციაზე წარმოდგენაც არ აქვს.

"საზოგადოებისთვის, მათ შორის, სატრანსპორტო დარგის სპეციალისტებისთვის მოულოდნელად ახალი დოკუმენტი გაჩნდა, რომელიც მრავალმხრივ არის საეჭვო და დასაფიქრებელი.

"ხალხი საქმის კურსში არ ჩააყენეს და მოულოდნელად ახალი ჯარიმებით ემუქრებიან. ერთი შეხედვით, კეთილშობილური განზრახვა ამოძრავებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, რაღაც გაურკვევლობაა. ცხადია, შემოწმება უნდა მოახდინოს აკრედიტაციის შესაბამისმა ორგანომ, მაგრამ კონკრეტულად ვინ, უცნობია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ათასობით მოქალაქის საზიანოდ, ფულის კეთების საამქრო აამუშავეს", - აცხადებს ოგბაიძე.

მიგაჩნიათ თუ არა ნაჩქარევ გადაწყვეტილებად გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური შემოწმება? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ვახატანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): რეგულაციისა და სანქციების ასე შემოღება ძალიან ცუდი იქნება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ასეთი მანქანა გადადის. სახელმწიფო ამ რეგულაციის შემოღებაზე თუ ფიქრობდა, მაშინ სერტიფიცირებული სადგურები უნდა გაეკეთებინა.

მგონია, რომ არასწორი და უსამართლო მიდგომაა. ეს საკითხი ძალიან ფაქიზ დამოკიდებულებას მოითხოვს. ვფიქრობ, რომ ასე პირდაპირ რეგულაციების შემოღება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მანქანა გაზზე უკვე გადაყვანილი აქვს, უსამართლობა იქნება. ვფიქრობ, იმ ხალხის ინტერესები იკვეთება, ვინც ბენზინის შემოტანასა და რეალიზაციაზე მუშაობს.

 ქეთი ბექაური  (იურისტი): ზოგადად, ნებისმიერი კანონი საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ სჯობს, საზოგადოება აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული დროულად იყოს. ავტომობილის მფლობელებმა უნდა იცოდნენ, თუ რა სახის შემოწმება იქნება. მათი ინფორმირება წინასწარ უნდა მომხდარიყო, რათა რეაგირება მოესწროთ. არც ერთი კანონის მიღებას სიჩქარე არ უხდება. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო.

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): პირველ რიგში, იმ ორგანიზაციაზე, ვინც გაზზე მომუშავე ავტომობილებს შეამოწმებს, ტენდერი უნდა გამოაცხადონ. ისეთი ჯგუფი უნდა იპოვონ, რომელიც გარანტიას მოგვცემს, რომ ყველაფერი მაქსიმალურად გამოკვლეული იქნება.

ეს ყველაფერი რეჟიმში თუ ჩადგება და თავისი რიგის მიხედვით გაკეთდება, ამაში ცუდი არაფერია. სხვა საკითხია, ამას რა სახით დაიწყებენ. სისტემა მოწესრიგებული თუ არ იქნება, საზოგადოებას ეჭვი გაუჩნდება, სახელმწიფოს მხრიდან ფულის კეთებასთან ხომ არ არის კავშირში.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილში გაზი არაკვალიფიციურად არის დაყენებული, სახიფათოა. ამ მხრივ შემოწმება საჭიროა, მაგრამ ხალხისგან ფულის გამოძალვის ხასიათი არ უნდა მიიღოს. ამიტომ მესაკუთრეებს რამდენიმე თვე უნდა მისცენ იმისათვის, რომ ავტომობილები მოაწესრიგონ. განსაკუთრებული ყურადღება სამარშრუტო მიკროავტობუსებსა და ტაქსებს უნდა მიაქციონ. ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი კომპონენეტია, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. თუმცა ეს მხოლოდ ბიუჯეტის შევსების მიზნით არ უნდა გაკეთდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×