"ჯარის გამოყენებაზე პუტინმა ნებართვა სირიაზე მიიღო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში საქართველოსთანაც გამოიყენებენ"
თიკო ოსმანოვა
01.10.2015

 რუსეთის სამხედრო კამპანია სირიასა და სამხრეთ კავკასიაში აქტიურ ფაზაში შედის - ავიადარტყმები სირიაში, მასშტაბური სამხედრო წვრთნები აფხაზეთში და დიდი ომის საფრთხე მთიან ყარაბაღში.

პარტია "ევროპული დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია რუსეთის გააქტიურებას საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს, ამიტომ ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, კრემლმა ჩადო ნაღმი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს, შეიძლება არა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსულმა ავიაციამ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა პოზიციებზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელება დაიწყო. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი სირიის კონფლიქტში სრულად ჩართვას არ აპირებს.

"რუსეთი სირიის ანტიტერორისტულ ოპერაციაში საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვის შესაბამისად მონაწილეობს. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ სირიაში კონფლიქტი სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. ეს სახელმწიფოთაშორისი, შიდაპოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებაა, რომელიც რეგიონის საქმეებში გარე ჩარევის შედეგად გამწვავდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, კონფლიქტში თავით ჩაბმას არ ვაპირებთ", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები რუსეთს, ევროპის ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებსაც უქმნიან საფრთხეს.

"როგორც ცნობილია, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს რიგებში", რომელსაც, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნამდვილ ისლამთან საერთო არაფერი აქვს, იბრძვის ათასობით ადამიანი ევროპული ქვეყნებიდან, რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა ქვყენებიდან. თუ ისინი სირიაში წარმატებას მიაღწევენ, სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებიან", - განაცხადა პუტინმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსი სამხედროები სირიაში სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

"პირველ რიგში, ჩვენ მხარს დავუჭერთ სირიის არმიას მხოლოდ მის კანონიერ ბრძოლაში ტერორისტულ დაჯგუფებებთან. მეორე: ეს იქნება საჰაერო მხარდაჭერა სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობის გარეშე და მესამე: ასეთი მხარდაჭერა დროში იქნება შეზღუდული", - განაცხადა პუტინმა.

ასევე შეგახსენებთ, რომ გუშინ პარალელურად ოკუპირებულ აფხაზეთში საბატალიონო სწავლების აქტიური ფაზაც დაიწყო.

მანევრებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის მოტომსროლელი და სატანკო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. სწავლება ნაგვალოუს პოლიგონზე მიმდინარეობს და მასში რუსეთის 600-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

"სწავლებაში მონაწილეობს 600-მდე სამხედრო და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის 100-ზე მეტი ერთეული", - აცხადებენ სამხრეთის სამხედრო ოლქში.

რუსეთის გააქტიურებას საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს პაატა დავითაია, რომელიც ხელისუფლებას საგარეო კუთხით პასიურობის გამო აკრიტიკებს.

"შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე პუტინმა ნებართვა კონკრეტულად სირიაზე მიიღო, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არაა აქვს. საჭიროების შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაშიც გამოიყენებენ. პრინციპულად თანხმობის მიცემას სჭირდება რამდენიმე წუთი და თანხმობა უკვე მიღებულია.

"ჯარების მზადყოფნა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ბრძანება, რომელიც გაიცემა, უნდა შესრულდეს. საფუძველი ჩაყრილია და, აქედან გამომდინარე, საფრთხე არსებობს. ანუ ეს არის ნაღმი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს და შეიძლება არა. თანაც ამ პროვიკაციას რომ საჯარისო ძალები გაუმაგრებენ ზურგს, ეს ცალსახაა.

"ნებისმიერი წვრთნა რუსეთის ჯარებისა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის პროვოკაცია. აქედან გამომდინარე, გამოსავალი ერთია - საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება. გუშინ მარგველაშვილმა თქვა, რომ საქართველო აშშ-ის რადარებიდან გაქრაო, მან სწორად აღნიშნა და ეს მოხდა ერთი მიზეზის გამო - საქართველოს მთავრობა არ აქტიურობს. სწორედ ამიტომ ობამას გამოსვლაში აქტუალური იყო უკრაინა და საქართველოს ოკუპაციაზე არაფერი უთქვამს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დავითაია.

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მუჩაიძე კი რუსეთის გააქტიურებას პუტინის სურვილს - "ძველი დიდების" დაბრუნებას უკავშირებს.

"რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომ კრემლი საკუთარი პოლიტიკის გატარებას ხისტი მეთოდებით ცდილობს, რომელიც პროპაგანდის და საინფორმაციო ომის საშუალებით ხდება.

"რუსეთი გამწვავების პოლიტიკის საშუალებით ცდილობს მიიპყროს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება და მიაღწიოს იმას, რომ დასავლეთის ლიდერებთან ერთად ისევ დაჯდეს ერთ მაგიდასთან. შემდეგ მისი ქვეყნის წარმოჩენა მოხდეს, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის საერთაშორისო ასპარეზზე.

"აქედან გამომდინარე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ქმნის პრობლემებს და მერე აქტიურობს, რომ ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს ეს პრობლემები მისი დახმარებით. თუმცა ობამასთან შეხვედრიდან გამომდინარე, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ამაზე დასავლეთი აღარ წამოეგება, კარგად ხვდებიან რუსეთის რეჟიმის ტრიუკებს", - გვითხრა თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

რაც შეეხება საქართველოს, მუჩაიძე ამბობს, რომ პროვოკაციები გაგრძელდება, სამხედრო აგრესიის განმეორების ალბათობა კი დაბალია.

"რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, აგრესიის განმეორების დიდი ალბათობა არ არის, თუმცა ე.წ პროვოკაციები, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების გატაცება და სხვა გაგრძელდება.

"სხვათა შორის, რუსეთი ხისტ ძალასთან ერთად კარგად ხმარობს რბილ ძალასაც - საინფორმაციო ომი, რომლის მესიჯები საკმაოდ დახვეწილია. თუ გადავხედავთ ბოლო გამოკითხვებს, მთავრობის პასიურობის ფონზე რუსეთის პროპაგანდა საკმაოდ წარმატებითაც მოქმედებს.

"თუ 2013 წელს ევრაზიის კავშირში შესვლის მოსურნე საქართველოს მოსახლეობის 11% იყო, ეს რიცხვი ორჯერ გაიზარდა 2014 წელს. წელს კი ეს რიცხვი 31%-მდე ავიდა. ანუ მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი მხარს უჭერს ევრაზიის კავშირში შესვლას, რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე უნდა გააქტიურდეს", - უთხრა "რეზონანსს" მუჩაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×