გვანცა ღვედაშვილი
03.10.2015

გორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სტალინის ძეგლი გორში არ დაიდგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ გორის საკრებულოს წევრებმა მიიღეს. სხდომამდე ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გაიმართა.

დარბაზში დეპუტატებთან ერთად შეკრებილნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სტალინის ძეგლის დადგმას მოითხოვდა. ორგანიზაცია "გორელების" მიერ მერიაში წარდგენილი პროექტით, ძეგლი სტალინის სახლ-მუზეუმის წინ მდებარე სკვერში უნდა დადგმულიყო.

საკრებულოს 14 დეპუტატიდან ძეგლის დადგმას მხარი მხოლოდ ერთმა დაუჭირა. სტალინის 16-მეტრიანი ძეგლი გორის ცენტრში 1952 წელს დაიდგა, წინა ხელისუფლების ინიციატივით კი 2010 წლის ივნისში აიღეს. ძეგლი ამჟამად ერთ-ერთ საწყობში ინახება.

უნდა დაბრუნდეს თუ არა გორის ცენტრში სტალინის ძეგლი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "სტალინის მუზეუმში ძეგლის დადგმა იქნება ძალიან სწორი, რადგან ეს იყო სოლიდური ფიგურა მსოფლიო რუკაზე. თუმცა, უკვე მოხსნილი ძეგლის აღდგენა გორის ცენტრში ძალიან უხერხულად მიმაჩნია იმ ძალიან მრავალრიცხოვანი "ნაღები" საზოგადოების წინაშე, რომელიც იმ პერიოდში "მოხადეს". ძალიან ბევრი ინტელიგენტი შეეწირა ამ რეჟიმს, რომელიც დღემდე აუნაზღაურებელი დანაკლისა ჩვენთვის.

"გორის ცენტრში მგონია, რომ არ უნდა იყოს სტალინის ძეგლი, თუმცა სტალინის მუზეუმში რომ უნდა არსებობდეს, ეს უდავოა. ძალიან საინტერესო იქნება ის ტურისტებისთვის, სტალინი იყო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ფიგურა ისტორიაში."

 ლადო ვარდოსანიძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "თუ ფორმალურ მხარეს მივაქცევთ ყურადღებას, თავისუფლების ქარტია ამას კრძალავს და ეს სერიოზული დაბრკოლებაა ძეგლის დადგმის თვალსაზრისით, მაგრამ თუ შინაარსობრივი მხრით განვიხილავთ, ტურიზმის თვალსაზრისით გორის მუზეუმი არის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილი.

"2008 წლის ომის პერიოდში, როცა გორი იბომბებოდა და ჩვენი წინა პრეზიდენტი გაერიდა ამ ადგილს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გაჰყვა მას, რადგან სწორედ ამ მუზეუმის დათვალიერება სურდა, რაც ადასტურებს, რომ სტალინის მუზეუმი ნამდვილად საინტერესო და მნიშნელოვანია".

 გივი ბერიკაშვილი (მსახიობი): "როგორ გითხრათ, ეს საკითხი გორელებმა უნდა გადაწყვიტონ. მე, მაგალითად, სიამოვნებით ჩავიდოდი და ავუხსნიდი ხალხს, რა გააკეთა ამ კაცმა. ის იყო თავისი საქმის დიდი პროფესიონალი და დიდებული პიროვნება. რა მოხდა, რომ დაიდგას, ისეთი რა დააშავა ამ კაცმა?

"ბევრი კამათი შეიძლება ამ საკითხზე. მე არ ვერევი ხოლმე, თუმცა, თუ გორელებს სურთ - უნდა დაიდგას."

 

 

 გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): "უნდა გამოიკითხოს გორის მოსახლეობა და მათი სურვილისამებრ უნდა მოიქცნენ. მე არ ვარ სტალინის მომხრე, თუმცა, ისტორიას ვერ გავექცევით, ასე იქცეოდნენ საბჭოთა კავშირში, მათთვის იყო დამახასიათებელი ძველი ძეგლების აღება და დანგრევა.

"ზოგს არ მოსწონს ეს, თუმცა, ასე პირდაპირ აღება, ჩემი აზრით, სწორი არ იყო, მით უმეტეს, რომ სტალინი გორში დაიბადა და ის საინტერესოა ტურისტებისთვის, რომლებიც აქ ჩამოდიან.

"ეს ძეგლი უნდა იყოს როგორც სტალინის ეპოქის ამსახველი მონუმენტი. ამ მხრივ არაფერი ცუდი არ არის ამაში. თუმცა, მთლიანობაში მაინც გორელებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა სტალინის ძეგლის დადგმა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×