ირაკლი შიხიაშვილის თქმით, თავის პრემიასა და სახელფასო დანამატზე არაზუსტი ინფორმაციის გაცემა დაუდევრობის გამო მოხდა
სალომე სარიშვილი
05.10.2015

 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მის მიერ გამოწერილ სახელფასო დანამატსა და პრემიებთან დაკავშირებით აბსოლუტური სიცრუეა. მისი თქმით, არასწორი ინფორმაციის გავრცელება "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის" (შვაშ) მიწოდებული არაზუსტი ხარჯთაღრიცხვით იყო განპირობებული, რის გამოც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მოხდა.

შიხიაშვილის განცხადებით, მას 1 წლის განმავლობაში პრემიის სახით მხოლოდ 5800 ლარი აქვს აღებული და ეს არა მისი სურვილისამებრ, არამედ მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით იქნა გაცემული.

ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ჩაუდგა სათავეში, ვეტერანთა საზოგადოებაში ადაპტაციისთვის ბევრი ახალი და საჭირო ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ მთავარი პროექტის - "საქართველოს ვეტერანებისთვის" განხორციელება, რომლის ინიციატორებიც ებრაელები გახლავთ, სწორედ ახლა იწყება, რისთვისაც მის სამსახურს დიდი შრომის გაწევა მოუხდა.

ვეტერანთა პრობლემებსა და სხვა სიახლეებზე "მთელი კვირა" ირაკლი შიხიაშვილს ესაუბრა.

ირაკლი შიხიაშვილი: სახელფასო დანამატთან დაკავშირებით მედიასაშუალებებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციის მიზეზი უზუსტობით იყო განპირობებული, თუმცა, მინდა ყველას ვუთხრა, მთელ საზოგადოებას, რომ ძალიან ცუდია გაჩენილი მანკიერი ხედვა და დამოკიდებულება იმის შესახებ, თითქოს სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანებს ნორმალური ხელფასის ქონის უფლება არ აქვთ.

სწორედ ამ დამოკიდებულების გამო ხვალ შეიძლება მივიღოთ ასეთი შედეგი: გამოცარიელდეს სახელმწიფო დაწესებულებები კარგი კადრებით, ვინაიდან კარგ კადრს ყოველთვის აქვს პრეტენზია, გააჩნდეს ნორმალური ხელფასი. რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ დროს ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში საარსებო მინიმუმის ძალიან მცირე კალათაა, ხოლო ამ დროს არასწორია, არსებობდეს დიდი ხელფასი.

ვფიქრობ, ადამიანი ანაზღაურებას თავისი შრომის შესაბამისად უნდა იღებდეს. თუ ჩვენ ასეთი გზით ვივლით და სახელწიფო უწყებებს კარგი კადრებით დავაცარილებთ, ხვალ ქვის ხანაში აღმოვჩნდებით.

ცუდად გაკეთებული საქმის შედეგი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე კარგ კადრზე გაცემული მაღალი ხელფასი. აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ირაკლი შიხიაშვილის 12 თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ აქვს პრემია აღებული. გარდა ამისა, მე არ მაქვს უფლება, საკუთარ თავს პრემია გამოვუწერო, ხოლო თუკი აღებული მაქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა.

"მთელი კვირა": ამბობთ, რომ პრემიებსა და დანამატებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მცდარი იყო. რამ განაპირობა შვაშ-სთვის არასწორი ხარჯთაღრიცვის მიწოდება და რეალურად რამდენი იყო ეს თანხა?

ი.შ.: ორჯერ აღებული პრემია 12 თვის განმავლობაში მხოლოდ 5 800 ლარს შეადგენდა, ისიც აღდგომასა და ახალ წელს იყო, ანუ, რომ დავიანგარიშოთ, თვეში 430 ლარი გამოდის.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ასეთი ინფორმაციის სამიზნე გარკვეული მიზეზების გამო ყოველთვის გახლავართ. ჩემი თვითმიზანი ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი თავის გამდიდრება არც არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება. ვისაც ჩემი პრემიების ამბავი აინტერესებს, შეუძლია, ეს ინფორმაცია ხაზინიდან გამოითხოვოს და სიმართლეში თავად დარწმუნდეს. ჩემი ერთადერთი მიზანია კარგი კადრების შენარჩუნება, რისთვისაც მათ მოტივაცია სჭირდებათ.

ერთი სიცრუე იყო, რომ პრემია 2900 ლარი მე გამოვიწერე და ეს ხდებოდა 7 თვის განმავლობაში. მეორე სიცრუე, თითქოს მთავრობამ დანამატი დამინიშნა. ეს მართლაც ასე იყო, თუმცა არა 2900 ლარი, არამედ 1800 ლარი.

მინდა სამივლინებო ხარჯებზეც გავამახვილო ყურადღება და ვთქვა, რომ ზედმეტი არც ამ მიმართულებით დახარჯულა. სიცრუეა, თითქოს შიხიაშვილი ამაში კოლოსალურ თანხებს ხარჯავს. აქვე გეტყვით, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა, არასწორი მონაცემები მიიღო და ეს ჩემი სამახურის თანამშრომლების დაუდევრობიდან მომდინარეობდა, თუმცა, ისინი ამაზე ისედაც წუხან და არ ვაპირებ ამის გამო დავსაჯო.

"მ.კ.": 1 წელია ამ სამსახურს ხელმძღვანელობთ. რა გაკეთდა ვეტერანებისთვის მთელი ამ დროის განმავლობაში?

ი.შ.: პირველი, რაზეც ყურადღებას გავამახვილებდი, ჯანდაცვის მიმართულებაა. ვეტერანთა ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენ შევქმენით ჯანდაცვის კომისია, რაც საშუალებას იძლევა მათ უკეთესი მკურნალობა მიიღონ, დაუფინანსდეთ ოპერაციები, ჩაიტარონ კვლევები და ა.შ.

ვფიქრობ, ძალიან წარმატებული ნაბიჯი იყო ისიც, რომ ჩვენ უკვე გვყავს 519 ამპუტანტი ვეტერანი, რომელთაც თანამედროვე ტიპის პროთეზებით უზრუველვყოფთ. ამის იქით ვგეგმავთ, რომ ვეტერანთა შვილების განათლებაზე ვიზრუნოთ და მათ ამაში ფინანსურად დავეხმაროთ.

"მ.კ.": აღნიშნეთ, რომ ჯანდაცვის მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, ამავდროულად ჰოსპიტალი, სადაც ვეტერანები მკურნალობენ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. თქვენ რითი ეხმარებით იქ მყოფ ვეტერანებს?

ი.შ.: რაც შეეხება ვეტერანთა ჰოსპიტალს, ის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, სამედიცინო თვალსაზრისით კი მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტრო უწევს. ჩვენი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ ვეტერანთა მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებით უზრუნველყოფაა. თუმცა, დაგეთანმხებით შენობა და ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

ჩემი მიზანი რომელიმე შენობის გარემონტება კი არა, ვეტერანების ჯანმრთელობაა. ამდენად, სადაც ეს უკეთესად განხორციელდება, მირჩევნია იქ დავიხარჯო.

"მ.კ.": როგორც ვიცი, ახალი პროექტის - "საქართველოს ვეტერანებისთვის" განხორციელებას გეგმავთ, იქნებ მოგვიყვეთ რას მოიცავს ეს პროექტი და რატომაა ის ვეტერანებისთვის მნიშვნელოვანი?

ი.შ.: ჩვენ უკვე გვაქვს კარგად შესწავლილი მეთოდიკა, რომელმაც ისრაელი სერიოზული კრიზისიდან გამოიყვანა - ქვეყანას შეუქმნა უსაფრთხო გარემო და დაიცვა მისი საზღვრები. გამოცდილება, რომელსაც ამ ჟამად ისრაელი გვიზიარებს და გვთავაზობს, ერთიანობაში ბევრ საინტერესო მიმართულებას მოიცავს. ისინი კონკრეტულ რეგიონს სწავლობენ, ხოლო კვლევის შემდეგ კონკრეტული გეგმის განხორციელებაზე მსჯელობენ. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, პასუხისმგებლობას ამ ნაწილზე ისინი საკუთარ თავზე იღებენ.

ანუ, მარტივად რომ ავხსნათ - პროექტი "საქართველოს ვეტერანებისთვის", რომელსაც ებრაელები გვთავაზობენ, საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების დასაქმებასა და დასახლებას გულისხობს, ეს იქნება კოოპერატივი, რაც თავის მხრივ სოფლის მეურნების თანამედროვე მეთოდებით აღორძინებას მოიცავს.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია სოფლის მეურნების აღორძინება, სადაც ვეტერანები ორთქმავალნი იქნებიან, ამავდროულად თავისი ქვეყნის საღვრის დასაცავად ცხოვრებას სწორედ აქ დაიწყებენ.

ადგილი, სადაც ამის გაკეთება იგეგმება, გარდაბნის რაიონში ე.წ პობედის დასახლებაშია, რომელიც საღვრიდან რეგიონიდან 11 კილომეტრშია. ჩვენ გვსურს ამ დასახლებაში 550 სულიანი ვეტერანთა დასახლების შექმნა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავჩერდებით, მათი დასაქმება და გადამზადება პერმანენტულად გაგრძელდება.

პროექტის მეორე მიმართულება თბილისში ეკოლოგიურად ნაკლები ზიანის მომტანი, ჰიბრიდული ტაქსების შემოყვანაა, რომელიც 5-ჯერ უფრო იაფი იქნება, ვიდრე სხვა სატრანსპორტო საშუალება. პირველ ეტაპზე საუბარია 3 ათას ტაქსზე, სადაც ვეტერანებს დავასაქმებთ როგორც მძღოლებად, ისე სერვის ცენტრებში.

ასეთი ნაკლებად ზიანის მომტანი მანქანების ქალაქში შემოყვანა დედაქალაქის ეკოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ საკითხზე მერიასთან ერთად უკვე ვმუშაობთ.

არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ ამ ტაქსების შემოყვანით კერძო ტაქსებს ხელოვნური ბარიერები შეექმნებათ, არავითარ შემთხვევაში ასე არ იქნება.

მესამე მიმართულება კი ქვეყანაში საერთაშორისო სავაჭრო ქსელის "ლიდლის" შემოსვლაა, სადაც ვეტერანები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ქსელი, რომლის შემოყვანასაც ჩვენი ებრაელი პარტნიორები გეგმავენ, პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე შეიძენს და საქართველოში წარმოებულ პროდუქტს მსოფლიო მასშტაბით გაიტანს.

პირველ ეტაპზე სავაჭრო ცენტრის გახსნას საქართველოს 18 ქალაქში ვგეგმავთ და რაც მთავარია, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რომ ცენტრები მიტოვებულ ქარხნებსა და ტერიტიორიებზე განვათავსოთ.

კვლევის შედეგად პროექტის ღირებულება 75 მილიონი გახლავთ, უახლოეს მომავალში ეკონომიკურ საბჭოს გადაწყვეტილებას ველოდებით, რომლის შემდეგაც პროექტის განხორციელებას დაჩქარებული ტემპით დავიწყებთ. მისი ხანგრძლივობა მაქსიმუმ 2 წლიანია.

"მ.კ.": საინტერესოა შეზრუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებზე რას ფიქრობთ, მათ რა ალტერნატივას სთავაზობთ?

ი.შ.: ვისაც ფიზიკური შესაძლებლობა საშუალებას მისცემს კოოპერატივში დასაქმდეს და გადამზადება გაიაროს, მიიღებს კიდეც ამას. თუმცა, დაგეთანხმებით, რომ არსებობს კატეგორია, რომელთაც შეძღუდული შესაძლებლობები აქვთ. მათ დახმარება სჭირდებათ, ზემოთ აღნიშნული დასაქმების პროგრამები კი საშუალებას მოგცემს ასეთ კატეგორიას შემოსავალი გავუზარდოთ ისე, რომ სახელმწიფომაც მიიღოს შემოსავალი და ამავდროულად მათ დახმარება გაუზარდოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×