"ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" სამ წარმომადგენელს, რომლებიც 2 ოქტომბერს პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალად მათ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ედებათ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი სესიაშვილს გული სწყდება, რომ პარლამენტთან 2 ოქტომბერს დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ. სესიაშვილის აზრით, "ძალადობა ბადებს ძალადობას".
"როგორც ადამიანს, მიმაჩნია, რომ ძალადობა ბადებს ძალადობას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გარკვეულ ჯგუფს ძალადობისკენ მიმართულებას აძლევს. მე ეს ნამდვილად არ მომწონს. მეტიც, გული მწყდება, რომ ამ ადამიანებს პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან უმჯობესია, ძალადობის გარეშე მოვახერხოთ აზრის გამოხატვა და პოზიციის დაფიქსირება", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეიგნონ და გაითავისონ, რომ ამ ქვეყანაში ძალადობა აღარ იქნება.
"თუ ვინმეს ეს ძალადობა ენატრება, მასზე, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას", - განმარტა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
როგორ ფიქრობთ, "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" სამი წარმომადგენლისთვის პატიმრობის შეფარდება არის თუ არა შერჩევითი სამართალი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ქეთი ბექაური (იურისტი): ჩვენ ისეთი 9 წლიანი ეპოქა გავიარეთ, აქციას არ ჩაუვლია, რომ ვინმე არ დაეკავებინათ. სწორედ აქციების დროს ადმინისტრაციული დარღვევებისთვის დაკავებულ პირებს ვიცავდი, რომლებიც მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს დააკავეს.
მაგრამ ამ კონკრეტულ საქმეში მე კომპეტენტური არ ვარ. როგორც ვიცი, საუბარია სისხლის სამართლის ბრალდებაზე, ამიტომ ამას დამტკიცება სჭირდება. ზოგადად, როდესაც აქციის დროს დაკავება ხდება, ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ამის გამოცდილება, როგორც უფლებადამცველს, მაქვს, მაგრამ როდესაც სისხლის სამართლის ბრლდებაზეა საუბარი, ამას დამტკიცება სჭირდება.
მე სასამართლოსი მჯერა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს არის. სასამართლო დაადგენს, პირი დამნაშავე არის, თუ არა. წინასწარი პატიმრობა ჯერ კიდევ საბოლოო განაჩენს არ ნიშნავს.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): კანონს ვინც დაარღვევს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ვინმემ ფაქტობრივად ქვეყანა რომ დააქციოს და სასამართლომ შესაბამისი განაჩენი გამოუტანოს, "ნაციონალური მოძრაობა" მაინც იტყვის, რომ ეს განაჩენი პოლიტიკურია. როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" დაუსჯელობის სინდრომი გაუტკბა, რომელსაც არსებული ხელისუფლება მათ მიმართ იჩენდა.
"ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერზე წამსვლელია, ამდენად, სასამართლო ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებული, მაგრამ სამართლიანი ქმედება, გამართლებულად მიმაჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არავინ არ უნდა ერეოდეს. დღეს სასამართლო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდთან შედარებით, აბსოლუტურად თავისუფალია.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ამ შემთხვევაში გააჩნია, რა დანაშაულზეა საუბარი, დაპატიმრება კონსტიტუციის რა მუხლით მოხდა. იურისტი არ ვარ და ამ მხრივ ვერ შევაფასებ. უბრალოდ შემიძლია ასტროლოგიურად შევაფასო.
აღვნიშნავდი, რომ უკანასკნელი ერთი კვირა ძალიან მძიმე იყო. ამ პერიოდში მთვარის დაბნელება არ იყო, ამიტომ პროვოკაციები, სხვადასხვა სახის კონფლიქტები, დაპატიმრებები და სხვადასხვა სახის უსიამოვნებებია მოსალოდნელი.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ვითარება იყო ქუთაისის პარლამენტთან, როდესაც რუსთავი 2-ის მომხრეებსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა, არ მაქვს. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ აქციის მონაწილეებს უფლება არ აქვთ, რომ ვინმეს ლაძღავდნენ და შეურაცხყოფდნენ, მითუმეტეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. ამ ვითარებაში, როდესაც პროცესები შეიძლება პოლიტიზებული იყოს და ამას არც თუ კარგი შედეგი მოჰყვეს. მე მაგალითად, მოსამართლე რომ ვყოფილიყავი, კანონის ფარგლებში ვიმოქმედებდი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე