მათი 80% ერაყელია, დანარჩენი კი უკრაინელი და სირიელი
ელზა წიკლაური
06.10.2015

 ევროპის ქვეყნების ანალოგიურად უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს საქართველოშიც ეძებენ. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბოლო 4 წლის განმავლობაში ასეთი თხოვნით უკრაინის, ერაყის და სირიის 3343-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 1032-მა პირმა მიიღო. როგორც სოზარ სუბარის უწყებაში აცხადებენ, ყველა დანარჩენის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ევროპაში კი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიგრანტთა რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონს აღემატება.

უკრაინის აღმოსავლეთში, ერაყსა და სირიაში არსებული საომარი მოქმედებების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია, რომ საცხოვრებელი სახლი დატოვოს და თავშესაფრის საძიებლად სხვა ქვეყანაში გადავიდეს. სხვადასხვა მონაცემებით, მხოლოდ სირიის სამოქალაქო ომის შედეგად 2,5 მლნ-ზე მეტი ადამიანი ლტოლვილად იქცა, 9 მილიონამდე კი იძულებით გადაადგილებული პირია. ამასთან, გაეროს ლტოლვილთა საბჭოს ინფორმაციით, მსოფლიოში არსებული 60 მლნ ლტოლვილიდან ყოველი მეხუთე სირიელია. ბოლო 4 წლის განმავლობაში სირიელი ლტოლვილების დიდი ნაწილი ლიბანის, თურქეთისა და იორდანიის ბანაკებში ცხოვრობს.

ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილები ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩადიან, თუმცა ზოგისთვის ცხოვრება ამ გზაზე სრულდება. წელს 9 თვეში ხმელთაშუა ზღვაში 2700-მდე მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ როგორც სირია-ერაყის, ასევე ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები.

გაერო, ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპაში წლის ბოლომდე ჯამში 700 ათასი მიგრანტის ჩასვლას მოელის. იმავე რაოდენობას ელიან მომავალ, 2016 წელსაც. ახალი მონაცემები ლტოლვილთა სააგენტოს წინასწარ ნავარაუდევ რაოდენობასთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტია. შესაბამისად, გაერო, კრიზისთან გამკლავების მიზნით, ადრე განსაზღვრული 30.5 მილიონის ნაცვლად, 128-მილიონიან დახმარებას ითხოვს.

ლტოლვილების დიდი ნაწილი თავდაპირველად ან საბერძნეთში, ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩადის. შემდეგ ისინი ცდილობენ თავშესაფარი ეკონომიკურად უფრო ძლიერ სახელმწიფოში - გერმანიასა თუ საფრანგეთში მოიძიონ. როგორც გერმანული გამოცემა "ბილდი" გასაიდუმლოებულ სამთავრობო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, წლის ბოლომდე გერმანიაში მიგრანტთა რიცხვი უკვე 1,5 მლნ-მდე გაიზრდება. "ბილდის" ინფორმაციით, ოფიციალური ბერლინი ვარაუდობს, რომ ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში დაახლოებით 920 000 მიგრანტი ჩავა, ყოველდღიურად კი, გერმანიის საზღვარს 6-დან 10 000-მდე მიგრანტი გადაკვეთს.

ევროპის ანალოგიურად, თავშესაფრის თხოვნით საქართველოსაც მიმართავენ, თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. დევნილთა და განსახლების სამინისტროს, მიგრაციის, რეპატრიაციის და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსის ირაკლი ლომიძის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა თითქმის 80% ერაყის მოქალაქეაა, შემდეგ მოდის უკრაინა, მესამე ადგილზე კი სირიის მოქალაქეები არიან.

"2012 წლიან დღემდე საქართველოში თავშესაფრის მიღების თხოვნით ერაყის 2367-მა, უკრაინის - 801-მა და სირის 175-მა მოქალაქემ მოგვმართა. აქედან 426-მა ერაყელმა ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო, 101-მა - ლტოლვილის სტატუსი. უკრაინიდან ჰუმანიტარული სტატუსი 420 პირს მიენიჭა. რაც შეეხება სირიის მოქალაქეებს, 80-მა ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო, 5-მა კი - პოლიტიკური", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლომიძემ.

საერთო ჯამში, როგორც ამ მონაცემებიდან ირკვევა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მიღების სურვილი 3343-მა ადამიანმა ითხოვა, საიდანაც მხოლოდ 1032 პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

"პირს, როდესაც ჩვენგან უარყოფითი პასუხი მიუვა, მას შეუძლია გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. გასაჩივრების შემთხვევაში, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, მანამდე ეს ადამიანი მაინც თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და ყველა შესაბამისი უფლებით სარგებლობს. იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო საბოლოო უარს იტყვის, ის ვალდებულია საქართველოს ტერიტორია დატოვოს", - ამბობს ლომიძე.

რაც შეეხეყბა დახმარებას, ლომიძის თქმით, სტატუსმინიჭებულებს სოციალურ დახმარებას სახელმწიფო უხდის - თვეში 45 ლარის ოდენობით, ანუ ისინი გათანაბრებულები არიან ჩვენს დევნილებთან. ამასთან, სტატუსმინიჭებულები სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც, განათლების მიღების მხრივაც გათანაბრებულები არიან საქართვლოს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, ბავშვები უპრობლემოდ მიდიან საბავშვო ბაღებშიც.

"2015 წლის იავრიდან დავიწყეთ პროექტი - ქართული ენის 6-თვიანი შემსწავლელი კურსები სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. ეს პროექტი იმის გამო ხორციელდება, რომ ლტოლვილმა ბავშვებმა წინასწარი მომზადება გაიარონ და იგივე კლასში დასხდნენ აქ, რომელიც კლასშიც საკუთარ სამშობლოში სწავლა დაასრულეს", - აღნიშნა ირაკლი ღომიძემ.

როგორ დევნილთა სამინისტროში ამბობენ, თავიდან, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე განცხადებას დაწერს და თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდება, იწყება სპეციალური კვლევა. ამ კვლევის პერიოდში მაძიებელი ან მარტყოფის დროებით განთავსების ცენტრში ხვდება, ან მათ გამოეყოფა ბინის ქირა ან სოციალური შემწეობა.

"მას შემდეგ კი, რაც სტატუსს მიიღებენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა დატოვონ მარტყოფის თავშესაფარი. სტატუსმინიჭებული პირმა ბინა ან საკუთარი ფინანსებით უნდა იქირავოს ან თუ შესაძლებლობა არ აქვს, სპეციალურ კომისიას თხოვნით უნდა მიმართოს. კომისია ამ განაცხადს სწავლობს, თუ მოწყვლადი შემთხვევაა და თვითონ ვერ შეძლებენ ბინის დაქირავებას, ამ შემთხვევაში გაიცემა დახმარება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ირაკლი ლომიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×