"რაც ფეხბურთის ფედერაციაში ხდებოდა, ყველასათვის მიუღებელი იყო. ფაქტობრივად, ყველაფერზე მიდიოდნენ"
მარი მგალობლიშვილი
07.10.2015

 ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები 3 ოქტომბერს დიდი აჟიოტაჟისა და დაძაბულობის ფონზე წარიმართა. ამას დაემატა ისიც, რომ არჩევნებზე იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, ის არჩევნებზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, და როგორც სხვა ყველა სტუმარმა, რეგისტრაცია გაიარა.

კახა კალაძის თქმით სფფ-ის არჩევნები არასრულფასოვან გარემოში წარიმართა.

"კანდიდატებს არაჯანსაღ კონკურენციაში უწევდათ მონაწილეობა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდათ, როდესაც არჩევნების თარიღი გამოცხადდა და დაიწყო კამპანია. ფედერაციაში ძალიან ბევრი დარღვევა იყო. ერთ-ერთ გადაცემაში განვაცხადე, სახელმწიფო რომ არ ერევა არჩევნებში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ჯგუფს ჰქონდეს ყველაფრის უფლება და თავიანთი სურვილები დააყენონ კანონზე მაღლა-მეთქი. რაც ფეხბურთის ფედერაციაში ხდებოდა, ყველასათვის მიუღებელი იყო."

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის ინტერვიუს, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები შეაფასა და ასევე, სხვა ბევრ საინტერესო თემასაც შეეხო.

"რეზონანსი": ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს როგორ შეაფასებდით?

კახა კალაძე: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები როდესაც გამოცხადნენ, დაძაბულობა მაშინვე იყო. პირველივე დღიდან საარჩევნო პროცესი ფაქტობრივად დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არჩევნების დღეს რაც შეეხება, დაძაბულობის ძალიან დიდი მუხტი იყო, მაგრამ ვფიქრობ არჩევნები ღირსეულად ჩატარდა. ლევანმა გაიმარჯვა, ვულოცავ მას, წარმატებებს ვუსურვებ, რადგან საკმაოდ საპასუხისმგებლოა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს წინ და ვფიქრობ, ის ამ გამოწვევებს თავს გაართმევს.

"რ": არჩევნებზე თქვენმა ყოფნამ ბევრი კითხვა გააჩინა, თუ რა სტატუსით იმყოფებოდით. ამას მოჰყვა ისიც, რომ ხელისუფლება აშკარად ერეოდა არჩევნებში...

კ.კ: ეს თემა მიზანმიმართულად იყო წამოწეული. რამდენიმე მიკერძოებულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტუმართა სიაში არ ვიყავი, არც მიწვეული, რაც ძალიან დიდი სიცრუეა. ამის დადგენა ძალიან მარტივი იყო, შეიძლებოდა პირადად ჩემთვის ეკითხათ, საერთოდ არაკომპეტენტურ ადამიანებს ეკითხებოდნენ. როდესაც მე დამისვეს ეს კითხვა, ვაჩვენე მოწმობა, რომელსაც რეგისტრაციის დროს იძლეოდნენ. არ ვიცი, სხვებს თუ რაიმე სხვა სტატუსით აძლევდნენ მოწმობას.

ვიმყოფებოდი სტუმრის სტატუსით, რადგან უეფას ვიცე-პრეზიდენტმა სურკისმა მთხოვა, დავხვედროდი. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, დავხვდი მას - ადამიანი სტუმრად იყო, მისი მასპინძელი მე ვიყავი, მე დავხვდი და მე გავაცილე. ამასთან ერთად, ჩემთვისაც საინტერესო იყო. ფეხბურთი ჩემთვის შორი არ არის, თუ რაიმე წარმატება მაქვს მიღწეული, ეს არის ფეხბურთიდან. მინდა, რომ საქართველოში ფეხბურთი იყოს მოწოდების სიმაღლეზე, განვითარდეს და გაძლიერდეს.

"რ": თქვენ არჩევნებზე ყოფნას არასაპარლამენტო ოპოზიციაც გამოეხმაურა და ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თქვენი იქ ყოფნა ხელისუფლების პირდაპირი ჩარევა იყო არჩევნებში. რა პასუხს გასცემდით მას?

კ.კ: ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაადეს. პირველივე დღიდან, როდესაც არჩევნები გამოცხადდა, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ხელისუფლება დაედანაშაულებინათ, თითქოს არჩევნებში ერევა - ვერც ერთ ფაქტს ვერც ერთი ოპოზიციონერი, ფეხბურთის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ დადებს, რომ ხელისუფლება ერეოდა ან ჩაერია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ სახელმწიფო ჩაერევა მხოლოდ და მხოლოდ დახმარების კუთხით. ნებისმიერი კანდიდატისთვის, ვისაც არ უნდა გაემარჯვა, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნებოდა მამუკა კვარაცხელია, ლევან კობიაშვილი თუ რევაზ არველაძე, სახელმწიფოს დახმარების გარეშე წარმოუდგენელია იმ ჭაობიდან ფეხბურთის ამოყვანა, სადაც დღეს ვიმყოფებით. ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდება. შესაქმნელია ინფრასტრუქტურა, ახალი სტადიონები, ბავშვთა ფეხბურთი მასობრივი უნდა გახდეს - ეს ჩემი ხედვაა.

ამ თემის პოლიტიზირება მიზანმიმართულად ხდებოდა, რადგან უნდოდათ, ხელისუფლებისთვის მიეკერებინათ იარლიყი, თითქოს ის იყო ჩარეული - ეს არის ძალიან დიდი სიცრუე.

"რ": ყველაფერი კი დაიწყო იქიდან, როდესაც ლევან კობიაშვილმა, თქვენმა მეგობარმა, კანდიდატურა წამოაყენა...

კ.კ: ჩვენ რომ მეგობრები ვართ, ეს არ დაგვიმალავს. რეზისთანაც, შოთისთანაც ვმეგობრობ, წლები ერთად ვთამაშობდით. ბევრი მეგობარი მყავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან იქნებოდა ჩარევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად იქნა გაკეთებული. ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესიც იკვეთებოდა, რადგან მათ სურდათ ჩირქი მოეცხოთ. რასაც ისინი წლების განმავლობაში აკეთებდნენ და პოლიტიზირებული ჰქონდათ ყველაფერი, ახლაც ასე სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ და საფეხბურთო სამყარომ გაიმარჯვა.

"რ": არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ რევაზ არველაძემ გააკეთა განცხადება, რომ ეს არჩევნები არასრულფასოვანი იყო და არაჯანსაღ გარემოში ჩატარდა. რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ამ განცხადებას?

კ.კ: ვეთანხმები რეზი არველაძეს, რადგან კანდიდატებს არაჯანსაღ კონკურენციაში უწევდათ მონაწილეობა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდათ, როდესაც არჩევნების თარიღი გამოცხადდა და დაიწყო კამპანია. ფედერაციაში ძალიან ბევრი დარღვევა იყო. ერთ-ერთ გადაცემაში გავაკეთე განცხადება, სახელმწიფო რომ არ ერევა არჩევნებში ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ჯგუფს ჰქონდეს ყველაფრის უფლება და თავიანთი სურვილები დააყენონ კანონზე მაღლა-მეთქი. რაც ფეხბურთის ფედერაციაში ხდებოდა, ყველასათვის მიუღებელი იყო. ფაქტობრივად ყველაფერზე მიდიოდნენ. მაგალითად, ავიღოთ რაჭისა და გურიის მაგალითი - წარმოდგენილი იყვნენ დელეგატები, რომლებსაც წესდებით ამის უფლება არ ჰქონდათ. ეს გასაჩივრებული იყო ტრიბუნალში, რომელიც აღმასკომის ზემდგომი ორგანოა. ტრიბუნალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტებს არ აქვთ უფლება დელეგატების წარდგენის. მეორე დღეს ინიშნება აღმასკომი და აღმასკომი ტრიბუნალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აღმასკომის ზემდგომია, არ ეთანხმება და აბათილებს - ეს წარმოუდგენელი რამაა. ეს იგივეა, რომ უზენაესმა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, პარლამენტმა არ სცნოს და გააბათილოს. ასეთი ბევრი ფაქტი იყო და, რა თქმა უნდა, თანსწორუფლებიანი ბრძოლა არ ყოფილა.

"რ": თუმცა რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ რაჭასაც და გურიასაც უნდა ჰქონოდათ ხმის უფლება...

კ.კ: თუ ჩვენ წესდებით და იმ კანონებით ვხელმძღვანელობთ, რომელიც ფედერაციას და უეფას აქვს, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. თუ სხვა რამით ვხელმძღვანელობთ, რომ კანონი უნდა დაირღვეს და კანონის მაღლა უნდა დავაყენოთ გურიისა და რაჭის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები, მაშინ შეიძლება.

უეფას იურისტიც იმყოფებოდა, გაგიჟდა იმით, რაც ხდებოდა. მაგალითად მაშინ, როდესაც უეფას ვიცე-პრეზიდენტმა გაიგო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თავისი შიდა წესდება ჰქონდა მიღებული 2011 წელს, რომელიც უეფაში დარეგისტრირებული არ იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ამდენი წლის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არალეგიტიმური იყო. როდესაც ეს გაიგეს, ყველა გაოგნდა.

"რ": არჩევნების დღეს დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი დელეგატ გეგი გობეჯიშვილის დაკავებაც გახდა. ამაზე რას იტყვით?

კ.კ: დელეგატების ოთახში ჩაკეტვა და გობეჯიშვილის დაჭერა საბაბად ჰქონდათ. მიუღებელი იყო ჩემთვის, რომ დელეგატები მოდიოდნენ და ჩაკეტილი ჰყავდათ, არ აკარებდნენ არავის - ასეთი რამ ალბათ ფილმებში თუ ხდება. იყო საუბარი, რომ დაკავება მოხდა მიზანმიმართულად, რადგან მას მონაწილეობა არ მიეღო არჩევნებში. თუმცა ლევან კობიაშვილი გამოვიდა და თქვა, მე მოვდივარ იმაზე, რომ ამ ადამიანის ხმა ჩაანაცვლოთო. ამაზეც უარს ამბობდნენ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, სხვანაირად არ გამოდიოდა.

"რ": თქვენ შეხვდით შოთა არველაძეს და შეხვედრა დახურული იყო. თუ საიდუმლო არ არის, რას ეხებოდა ეს შეხვედა?

კ.კ: არაფერი დახურული არ ყოფილა. ჩვენ მეგობრები ვართ, ადრეც შევხვედრილვარ, ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, არაფერი განსაკუთრებული.

"რ": ლევან კობიაშვილს რას ურჩევდით როგორც მეგობარს და ყოფილ თანაგუნდელს?

კ.კ: ლევანმა ალბათ უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდეს ის ძველი სახელი. დღეს მართლაც მძიმე დღეშია ქართული ფეხბურთი. ამას ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ყველაფერი დანგრეულია, ინფრასტრუქტურა გაპარტახებულია. სახელმწიფოს დახმარება მნიშვნელოვანი იქნება იმაში, რომ ახალი სტადიონები აშენდეს, რეგიონებში არსებული სტადიონების რეაბილიტაცია მოხდეს. ეს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს. რაიონებში რამხელა ინტერესია, როგორ უყვართ ფეხბურთი... ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული იმისა, რომ საქართველოში ფეხბურთი გაძლიერდეს. ინფრასტრუქტურის შექმნა ხელს შეუწყობს ახალი თაობების გაზრდას, საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერებას და ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი ნიშნავს იმას, რომ გვეყოლება ძლიერი ეროვნული ნაკრები.

"რ": ხელისუფლების როლს რაში ხედავთ?

კ.კ: ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მზად ვართ მოვისმინოთ ხედვა, წარმოადგინონ თავიანთი გეგმა. იცით, რომ პრემიერის დავალებით შეიქმნა ფეხბურთის განვითარების კომისია, სადაც მეც ვიმყოფები. ამ შემთხვევაში ლევანს, რომელიც არის პრეზიდენტი, ჩვენ დიდი სიამოვნებით მოვუსმენთ. წარმოადგინოს თავისი ხედვა, გეგმა და ჩვენ, სახელმწიფო მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავერთოთ, თანხები დაიხარჯოს ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის.

"რ": თუ არის ცნობილი, როდისთვის შედგება კომისიისა და ლევან კობიაშვილის შეხვედრა?

კ.კ: ნაკრების თამაშებმა ჩაიაროს და შემდეგ შესაძლებელი იქნება შეხვედრა.

"რ": ბოლოს ნაკრებსაც შევეხეთ. ევროპის 2020 წლის შესარჩევ ეტაპზე საქართველო მოხვდა ისეთ ჯგუფში, სადაც გრანდი არ ჰყავს. როგორ ფიქრობთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის რა შანსი აქვს?

კ.კ: შანსი არის და აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვახერხოთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ქვეჯგუფია. ვფიქრობ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ღირსეულად ართმევს თავს საქმეს, იგრძნობა გუნდში სათამაშო დისციპლინა. მთავარია მონდომება და ყველაფერი შესაძლებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×