საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, გიორგი გვიმრაძეს "მოამბის" ჟურნალისტების ნაწილი უპირისპირდება. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთი მათგანი ამბობს, გარდა იმისა, რომ გვიმრაძეს ჟურნალისტად მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მათთვის მიუღებელი საკადრო ცვლილება უკვე განახორციელა, რაც ნიშნავს, რომ "მოამბის" სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება.
ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ამბობს (სახელსა და გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) გვიმრაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის გიგი გოგელიას კადრია. გოგელიამ იგი გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით წარადგინა, დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა კი გვიმრაძე აღნიშნულ თანამდებობაზე უპრობლემოდ დანიშნა.
"ტელევიზიის შტატში ამჟამად 17 ჟურნალისტია, რომელთაგან 5-ს ხელშეკრულების ვადა გუშინ ამოეწურა. მათ ახალი საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გვიმრაძე უკვე შეხვდა და მოსაზრებებიც მოისმინა, შესაბამისად, ისინი მეტნაკლებად თავს იკავებენ და პროტესტს არ უერთდებიან. მთავარი საკითხი, რაც დანარჩენი ჟურნალისტების ნეგატიურ დამოკიდებულებასა და პროტესტს იწვევს, გვიმრაძის სამუშაო გამოცდილებაა, ვინაიდან მას ჟურნალისტად არასოდეს უმუშავია.
"ამ ყოველივეს ტელევიზიის თანამშრომლები თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ეს არაფერია იმასთან, რაც გუშინ მოხდა - გამოგვიცხადეს, რომ თურმე "მოამბე" მას არ შეეხება და აღმასრულებელი პროდიუსერი ლიკა ხურციძე იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს გოგო მთელ სარედაქციო პოლიტიკას გააკონტროლებს. ეს უკვე ყველა ზღვარს გადასცდა. ხურციძის დანიშვნამ საერთო პროტესტი გამოიწვია, ყველას გვქონდა ჩვენ-ჩვენი არგუმენტები, რატომ არ გვსურდა მისი ამ პოსტზე ხილვა.
"საგულისხმოა, რომ თავად გვიმრაძე, რომელიც საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა, მხოლოდ ამ თანამდებობას არ იკავებს, ვინაიდან პარალელურად საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელიცაა, შესაბამისად, მან "მოამბის" კურატორად ლიკა ხურციძე დანიშნა. ეს გახლავთ ადამიანი, რომლის სიუჟეტებიც პარტიულ თემებთანაა დაკავშირებული და ამით ყველაფერია ნათქვამი.
"საინფორმაციო სამსახურის თანამდებობაზე კონკრეტული ადამიანის დანიშვნის შესახებ ბორდი მხოლოდ რჩევასა და რეკომენდაციას იძლევა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას არხის დირექტორი იღებს, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გვიმრაძე თავად გახლავთ ბორდის თავმჯდომარის გიგი გოგელიას კადრი, ვინაიდან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ბორდის მრჩევლად მუშაობდა.
"ამ ეტაპზე ველოდებით თავად გვიმრაძესთან გასაუბრებას, ვინაიდან, როგორც ჩანს, პრივატულად უთქვამს, რომ ხურციძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ეს ალბათ ჟურნალისტების პროტესტმა განაპირობა. ვნახოთ, რა მოხდება, ამას მოვლენების განვითარება გვიჩვენებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალისტი.
თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახალდანიშნული უფროსი გიორგი გვიმრაძე ადასტურებს, რომ ჟურნალისტად არასდროს უმუშავია და აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოში ნამდვილად მუშაობდა. მისი თქმით, იგი უშიშროების საბჭოს მდივნის კონსულტანტის თანამდებობას იკავებდა.
"კი ბატონო, ვადასტურებ, რომ ჟურნალისტად არ ვმუშაობდი. მანდ არაფერია დასამალი. უშიშროების საბჭოს მდივნის კონსულტანტი ვიყავი, იმერლიშვილის დანიშვნის შემდეგ," - განუცხადა გვიმრაძემ სააგენტო "პირველი ნიუსი - საქართველოს".
ცნობისთვის, გიორგი გვიმრაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული დოკუმენტის თანაავტორია. მისი თქმით, სწორედ სტრატეგია გულისხმობს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის შექმნას. გაერთიანებული ნიუსრუმის პროექტის დასაწყებად, ოქტომბრის შუა რიცხვებში, ტელევიზიაში უცხოელ ექსპერტებს ელოდებიან.
საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტზე მუშაობას ერთი წელი დასჭირდება, თუმცა ახალი პროექტის ელემენტები საინფორმაციოში უახლოეს მომავალში გაჩნდება. გვიმრაძე ბოლო დროს ექსპერტული მოსაზრებების გავრცელებით იყო დაკავებული, რომელთა უმრავლესობა ისლამის და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს უკავშირდებოდა.
"რეზონანსი" შეეცადა ამ თემაზე აზრი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერელური დირექტორისგანაც მოესმინა, თუმცა მასთან დაკავშირება მთელი დღის განმავლობაში შეუძლებელი აღმოჩნდა, ასევე თავად გვიმრაძესთან.
როგორც "რეზონანსს" პირველი არხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თიკო ბერძენიშვილმა განუცხადა, ტელევიზიაში ამჟამად სტაბილური მდგომარეობაა და ჟურნალისტების მიერ არავითარ პროტესტს ადგილი არ აქვს.