საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით, საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ მიღწეული არ არის. სამჯერ გადადების შემდეგ, გასულ კვირას შვეიცარიაში სამმხრივი - რუსულ-ქართულ-შვეიცარიული შეხვედრა გაიმართა, მაგრამ რა გადაწყდა აღნიშნულ შეხვედრაზე - უცნობია. შეხვედრას საქართველოდან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა. სამინისტროში შეხვედრის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ აცხადებენ, თუ კონკრეტულად რა საკითხები იქნა განხილული, როდის გაიმართება შემდეგი შეხვედრა, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები საზღვარზე ნეიტრალური მებაჟეების განთავსების კონკრეტულ ვადებზე და ა.შ. თითქმის ერთკვირიანი მცდელობის მიუხედავად, "რეზონანსმა" ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმებით, მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ, რომლებიც საზღვარზე ტვირთის მოძრაობას დააკვირდებიან.
პრაქტიკულად, ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
ქართული მხარე ჯერ კიდევ თებერვალში აცხადებდა, რომ მათ ყველა დეტალი მზად ჰქონდათ და საბოლოო პასუხს რუსეთისგან ელოდნენ. ამასთან დაკავშირებით, თებერვალში პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრაც გაიმართა, სადაც კარასინმა ტექნიკური დეტალების მოგვარებისთვის 3-თვიანი ვადა ითხოვა. უკვე ივლისში კი გადაწყდა, რომ აგვისტოს ბოლოს შვეიცარიაში სამმხრივი შეხვედრა გაიმართებოდა.
მას შემდეგ შეხვედრის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და საბოლოოდ გასულ კვირას გაიმართა. თუმცა რა გადაწყდა ამ შეხვედრაზე და როდის ჩადგებიან მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები, ისევ უცნობია.
"გაცნობებთ, რომ შვეიცარიის ინიციატივით შედგა ტექნიკური დონის შეხვედრა. მხარეებს შორის მუშაობა გაგრძელდება ხელშეკრულების ტექსტის დეტალების ჩამოყალიბებისა და შეთანხმების მიზნით", - ფინანსთა სამინისტროში მხოლოდ ეს მწირი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
მოლაპარაკების დეტალებზე ინფორმირებული არ არის ზურაბ აბაშიძე.
"აღარ ვარ საქმის კურსში. გადავაბარე საქმე და შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეათანხმონ ამ დოკუმენტების ტექნიკური დეტალები. მაგრამ რა არის იქ, რომელი ტექნიკური დეტალია შესათანხმებელი - არ ვიცი. მე რაც მევალებოდა, გავაკეთე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას აბაშიძე.
აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებას, რომესაც ოფიციალური მოსკოვი 2011 წელს მხოლოდ მსო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ დათანხმდა, წლის ბოლოს ვადა გასდის და რუსულ მხარეს მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მიეცემა.
მოესწრება თუ არა მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლების ჩაყენება, ესეც უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც.
"ჩვენ ყველაფერი მზად გვქონდა და გადავეცით შვეიცარიულ მხარეს. იგივე უნდა გაეკეთებინა რუსულ მხარეს. შემდეგ ერთობლივად შეთანხმების სამუშაო დოკუმენტზე უნდა მომხდარიყო ხელმოწერა. ყველაფერი დამოკიდებული იყო რუსულ მხარეზე, როგორ დაასრულებდა თავის მხრიდან მუშაობას და გადასცემდა შვეიცარიულ მხარეს. ჩვენ ამას ველოდებოდით და ბატონი ზურაბ აბაშიძისა და კარასინის ერთ-ერთი შეხვედრა ამას მიეძღვნა.
"ტექნიკური დეტალები არის, თუ როგორ განთავსდება, სად განთავსდება მონიტორინგის საშუალებები. ეს უკვე შვეიცარიულ კომპანიასთან არის შესაჯერებელი, თორემ რუსეთსა და საქართველოს შორის რაც შეჯერდა, ის იყო 2011 წლის ხელშეკრულებაში.
"სამწუხაროდ, ამ დოკუმენტს ვადა აქვს. ამიტომ ამ ხელშეკრულების ამოქმდება საქართველოს ინტერესში იყო, რომ ყველაფერი ვადებში მომხდარიყო. ჩვენ დროულად დავამთავრეთ და გადავეცით შევიცარიელ მხარეს. მოესწრება თუ არა ამის ამოქმედება - ეს დეტალები უკვე აღარ ვიცი", - უთხრა "რეზონანსს" ბერუჩაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებაში, აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ეს ხელშეკრულება აღარ ამოქმედდება და ამაში იგი დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს.
"ხელშკერულების გაფორმებიდან 3 წელი გავიდა და აქამდე არ ამოქმედებულა. ასე რომ, არ მგონია ახლა მოხდეს მისი იმპლემენტაცია. სამწუხაროდ, ეს არ არის მარტო რუსეთის ბრალი, საქართველოს ხელისუფლებაც დამნაშავეა, რომ ხელშეკრულება ვერ მიიყვანეს ბოლომდე და ვერ შეიყვანეს ძალაში.
"ამ ხელისუფლებას ამაზე პასუხისგება მოუწევს და ეს იქნება მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა, რადგან ფაქტობრივად ხელში გვქონდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც საერთაშორისო ფორმატით შესაძლებელი იქნებოდა.
"არაფერი შესათანხმებელი არ იყო. ძალიან კარგად მახსოვს, თუ რა სახით დავტოვეთ დოკუმენტი. მხოლოდ ტექნიკური საკითხები იყო გადასაწყვეტი, რომელსაც უნდა დასჭირვებოდა რამდენიმე თვე და არა სამი წელი.
"რუსეთისთვის ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება სასურველი არ არის. ამიტომ ყველანაირად ეცდება, რომ ეს არ შეასრულოს. წლის ბოლოს რუსეთს ხელშეკრულების გადახედვის უფლება ექნება და ალბათ ეს შეთანხმება აღარც შესრულდება," - გვითხრა ცოტა ხნის წინ კაპანაძემ.
მისივე თქმით, სავაჭრო დერეფნები გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრა.
"ხელშეკრულებაში განსაზღვრულია კონკრეტული კოორდინატები, თუ სად უნდა დადგნენ მონიტორები. მათი განლაგების ადგილი არის - როკის გვირაბის ჩრდილოეთით, ასევე ლარსის ჩრდილოეთით და მდინარე ფსოუს წინ. ეს არის კორიდორის ჩრდილოეთი ნაწილი. რაც შეეხება ქვედა ნაწილებს, ეს არის ზუგდიდთან, გორთან და ლარსის სამხრეთით.
"აფხაზეთი" და "სამხრეთ ოსეთი" ხელშეკრულებაში ნახსენები არ არის. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც არის ამ ხელშეკრულებაში, ისაა, რომ ზოგადად მონიტორინგი ეხება ყველა იმ ტვირთს, რომელიც შედის და გადის ამ კორიდორებიდან. საუბარია ყველა ვაჭრობაზე, რომელიც არის აფხაზეთსა და რუსეთს შორის", - ამბობს კაპანაძე.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ თავისი ვალდებულების შესაბამისად ჯერ კიდევ 2012 წელს შეარჩია კერძო კომპანია ზემოხსენებული მიზნების განხორციელებისათვის. ეს არის კომპანია "ეს-ჯი-ესი", რომელიც საინსპექციო მომსახურებას ეწევა.
რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მიხედვით, ამის შემდეგ კომპანიასთან კონტრაქტი სწორედ თბილისსა და მოსკოვს უნდა დაედოთ და ის თავის საქმიანობას დაიწყებდა რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს, ასევე რუსეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის ვაჭრობის კუთხით, თუმცა, ეს ამ დრომდე არ მომხდარა.