"ასოცირების ხელშეკრულების" ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები, სწორედ ამ ხელშეკრულების პრიორიტეტის მიხედვით ნაწილდება. ხელშეკრულება ქვეყანას ერთგვარ მიმართულებას აძლევს, იმისათვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო მეტი წინსვლა ჰქონდეს. მიმდინარე პროექტები სწორედ "ასოცირების შესახებ შეთანხმების" მიხედვით ხორციელდება.
ამ ეტაპზე ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება კონკრეტულ ამოცანებზეა გათვლილი, რომელსაც თან სამოქმედო გეგმა მოჰყვება, სადაც ყველა დარგობრივი სამინისტრო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია ჩართული.
"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ფართო დოკუმენტია. ჩვენ ვამბობთ, რომ ესაა 1300 გვერდიანი დოკუმენტი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, შიგნით რა წერია. ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოიცავს, რომელიც საქართველოში 2014 წლის 1-ელ სექტემბრიდან ხორციელდება.
ამ შეთანხმების მიზანი მდგრადი ეკონომიკის შექმნასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის განვითარება, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია. თავად დარგი განვითარების საწყის ეტაპზეა, რაც გულისხმობს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებასა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებას.
"ამ მხრივ ევროკავშირს ძალიან საინტერესო პროექტები აქვს და რადგანაც ჩვენ ევროკავშირის დახმარებებზე ვსაუბრობთ, აქ მე კონკრეტულ პროექტს - "ენპარდს" აუცილებლად ვახსენებ. სოფლად კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია.
"პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წვრილი და საშუალო მეურნეობის განვითარება სოფლის მეურნეობის და ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია. კოოპერატივების განვითარება ხელს უწყობს საშუალო რგოლის შექმნას.
"ერთი ფერმერისთვის, რაც არ უნდა მოტივირებული იყოს და სწორი ხედვა ჰქონდეს, რთულია საბაზრო ეკონომიკას შეეჭიდოს, ვაჭრობაში ჩაერთოს, აწარმოოს და ბაზარი თავადვე მოიძიოს. ევროპული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ კოოპერატივი საუკეთესო მექანიზმია, იმისათვის, რომ მან პირველივე საფეხურიდან ბოლო საფეხურამდე, ყველა ეტაპი წარმატებით გაიაროს და შემდგომ განვითარებაზე იზრუნოს.
"კოოპერატივების ხელშეწყობის ზემოთ აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. პირველი ფაზა დასრულდა და ის 56 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას და პირველი წარმატებული მაგალითების შექმნას წარმოადგენდა.
"ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, თუმცა სოფლის მეურნეობა გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ კოოპერატივები. ჩვენ სხვა ქვეყნის მაგალითები გვაქვს, თუ როგორ გაიარეს ასოცირების ხელშეკრულება და დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, მაგალითად ესტონეთი. ესტონეთის სოფლის მეურნეობის რეფორმა წარმატებული მაგალითია. ის სამეცნიერო ტექნოლოგიებშიც ძალიან წარმატებული ქვეყანაა. ეს ყველაფერი ესტონეთმა სწორედ ევროკავშირის წევრობით შეძლო.
"ენპარდის" პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, სოფელ დარჩელში თხილის საწარმო გაიხსნა, რომელიც ევროკავშირისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. ევროკავშირის დახმარებით ლურჯი მოცვი და გურული კივი ევროპულ ბაზარზე გავიდა.
"ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის ძალიან მიმზიდველია. ეს არის 500 მილიონი მოქალაქისგან შემდგარი ბაზარი. საქართველოს შესაძლებლობა აქვს ამ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების ნიშით დამკვიდრდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმებია სურსათის უვნებლობისა და სტანდარტიზაციის კუთხით, სადაც ევროკავშირის როლი როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული თვალსაზრისით დიდია," - განაცხადა გოცაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა გუგული მაღრაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციებით დასტურდება ის, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით სწორი მიმართულებით მიდის.
"საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი წარმატებები აქვს, იმიტომ, რომ დღეს ჩვენთან რაც კეთდება, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის მოთხოვნებთან ძალიან გვაახლოებს, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ საჯარო მოხელეთა შესახებ კანონი მივიღეთ. ისეთი სტრუქტურები უნდა შეიქმნას, რომლებიც ევროპული სტრუქტურების მსგავსი იქნება.
"ამის გარდა, ჩვენ არა მხოლოდ სიტყვიერად გამოვხატეთ ის, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, რეალური საკანონმდებლო და სხვა რეფორმები გავატარეთ, რომლებიც ევროპასთან გვაახლოებს. შრომითი კანონი და მომხმარებელთა უფლებების კანონი მოწესრიგდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მარტო ვლაპარაკობთ, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც ევროპული სტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერასა და მოწონებას იმსახურებს.
"ეს ყველაფერი ხელისუფლებას საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ ასოცირებული ხელშეკრულების დავალებებს ვასრულებთ, რომლის შეფასებაც გზადაგზა ხდება.
"ვიზალიბერალიზაციის გზაზე ჩვენ მოთხოვნები ძირითადად შევასრულეთ. იანვარ-თებერვალში ამის შეჯამება მოხდება და ფაქტობრივად სხვა საგარეო ფაქტორებმა ხელი თუ არ შეგვიშალა, მაგალითად, იმავე რუსეთთან ურთიერთობებმა, ჩვენ ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ.
"კიდევ რამდენიმე პროექტი გვქონდა, რომლებიც გავაკეთეთ, მაგალითად, მიგრაციაზე ძალიან სწორი კანონი მივიღეთ, იგივე რეფორმა სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე საჯარო მოხელეთა კანონი ერთ-ერთი ძლიერი მოთხოვნა იყო. ყველა მოთხოვნა დეტალურად გვაქვს მოცემული, რომელიც უნდა შევასრულოთ და რომელსაც ეტაპობრივად მივყვებით," - განაცხადა მაღრაძემ.
სტატია შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია რედაქცია და ის არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ევროკავშირის პოზიციის გამოხატულება.