"დეკემბრის მინისტერიალი, მაღალი ალბათობით, გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - თავდაცვის მინისტრის ამ ოპტიმისტურ განცხადებას ქართველი ექსპერტები ნატოს წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებს უკავშირებენ, თუმცა, აქვე იმასაც არ გამორიცხავენ, რომ მინისტრს ზურგს კულუარული დაპირებებიც უმაგრებდეს და სწორედ ამიტომ "ბედავდეს" მოსახლეობისათვის იმედის მიცემას.
მათივე თქმით, ალიანსის გადაწყვეტილებაზე გავლენას მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანწილად იქონიებს. თუმცა, ჩვენთვის დადებითი შეიძლება აღმოჩნდეს ეს გავლენა თუ უარყოფითი, ამის თქმა უჭირთ. აქვე საფუძვლიანს უწოდებენ, მოსაზრებას, რომ შესაძლოა ნატომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ სამიტის წინ მიიღოს.
მოგეხსენებათ, გუშინ ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში მინისტერიალი გაიხსნა, რომელზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკმაოდ ოპტიმისტური განწყობით გაემგზავრნენ.
ქართველმა მინისტრებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს შტაბბინაში შეკრებილ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიო მესიჯები გაახმოვანა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მართლაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია."ჩვენ ვისაუბრეთ დეკემბრის მინისტერიალის მომზადების პროცესზე, იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა მოხდეს აზრის კონსოლიდაცია საქართველოს შესახებ, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნატოს გზაზე და რა თქმა უნდა, ვარშავის სამიტისთვის მომზადების პროცესზე. განვიხილეთ ასევე უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში.
"გენერალურმა მდივანმა აღგვითქვა მაქსიმალური დახმარება იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს ნატოს წევრ ქვეყნებში აზრის კონსოლიდაცია საქართველოს პროგრესის აღნიშვნის კუთხით. თუ რა სახით იქნება ეს პროგრესი აღნიშნული, იქნება ეს ქფზ-ი, თუ სხვა, ამას რა თქმა უნდა, დრო გვაჩენებს.
"ჩვენი მოვალეობაა, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, ქფზ-ი არის ის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო უნდა მოელოდეს, თუმცა საბოლოო მიზანი არის ნატოს წევრობა და ეს არის ყველაზე მათვარი. რასაც ჩვენ ხაზი გავუსვით, არის, რომ საქართველოს მთავრობისთვის ნატოს წევრობა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად პოლიტიკურ დღის წესრიგში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
"ძალიან იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ საქართველოს კომუნიკაცია ნატოს გენერალურ მდივანთან, ნატოს შტაბბინაში ასეთი ინტენსიურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობაში ინტენსიური საუბრები მიმდინარეობს საქართველოზე", - ეს კი თინა ხიდაშელის სიტყვებია, რომელმაც აქვე დასძინა, რომ ნატოს მიერ გაცხადებული ღია კარის პოლიტიკა ძალაშია და რომ ამას თავად ალიანსიც დაადასტურებს.
მისივე თქმით, ოპტიმისტურად უყურებს ვარშავის სამიტს და გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო ვარშავიდან დაბრუნდება, ძალიან მარტივი, ადვილად აღქმადი, ადვილად გასაგები იქნება და მანიპულირების და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ დატოვებს.
"მთავარი ეს არის, რომ ჩვენ თვისობრივად სხვა ტიპის ურთიერთობებზე გადავიდეთ და ბარიერები საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, რომელიც დღეს გვაქვს, გავაქროთ", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
დამაიმედებელი განცხადება გაკეთდა ნატოს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის მხრიდანაც, რომელმაც აღნიშნა, რომ გასულ წელს ნატომ და საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწიეს.
"ჩვენ ახალი სასწავლო ცენტრი გავხსენით, რომელმაც პირველ წვრთნას უკვე უმასპინძლა. ახლა მომავალ წელზე და ნატოსა და საქართველოს შორის შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე ვიფიქრებთ", - აღნიშნა მან.
მოგეხსენებათ, პოსტზე დანიშვნიდანვე თინა ხედაშელი თამამ და ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდება. არაერთხელ მიუთითა მან იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრობას უკვე იმსახურებს, რომ ის ამისათვის დიდი ხანია იბრძვის და რომ მაპი მისთვის არაა მთავარი მიზანი. მსგავს განცხადებებს ხიდაშელი არც ბრიუსელში გამგზავრების წინ მორიდებია და ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში იმ მოლოდინზე ისაუბრა, რაც მას ვარშავის სამიტთან დაკავშირებით გააჩნია.
"მჯერა, რომ საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ნატოს წევრობას. მაგრამ ეს არ არის საინტერესო, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები, ეს გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს, რომელიც მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ზის. ჩემი მთავარი ამოცანა ნატოს წევრობაა.
"საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მაპ-ის მიღება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, გასავლელი ნაბიჯი. მაპ-ის ნაბიჯს რომ გაივლი, ამის შემდეგ დადგები წევრობის გზაზე. ვამბობ, რომ საქართველომ გაიარა მაპ-ის გზა. საქართველო დღეს ახორციელებს ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტს, რომლის მაგვარიც, მიახლოებულიც კი არცერთ ქვეყანას საქართველოს გარდა არ ჰქონია. ჩემი ტაქტიკური ამოცანა სტრატეგიული ამოცანის მისაღწევად არის ის, რომ საქართველომ უნდა გამოტოვოს მაპ-ის ეტაპი.
"ჩემი სტრატეგია, ასევე ტაქტიკა არის აბსოლუტურად ღია და მე ეს გზა სრულიად შეგნებულად ავირჩიე იმიტომ, რომ საქართველოს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ დახურულ კარს მიღმა რაღაც თემებზე ჩუმად ილაპარაკოს. საქართველოს სჭირდება ძალიან ღია, ნათელი პოლიტიკა, რომელიც ღია და ნათელი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის და ყველას გვეცოდინება, ვის რა მოლოდინი აქვს. ჩვენ ვითხოვთ მაპ-ზე გადახტომას. თუმცა, მაპ-ს თუ მოგვცემენ, უარს არ ვიტყვით. ეს არის პოლიტიკური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრს ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის აზრით ის შეფასებები აძლევს, რომლებიც ნატოს წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს საქართველოს პროგრესთან და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით კეთდება.
ვარაუდობს, რომ ალიანსში ითვალისწინებენ იმ დინამიკასაც, რაც ქვეყანას პოლიტიკური პროცესის განვითარებაში აქვს. შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ ხიდაშელი საჯარო განცხადებების გარდა სხვა ცნობებსაც ეყრდნობოდეს და დასძენს, რომ არის დეტალები, რომლებიც პროცესის უშუალო მონაწილეებმა ბევრად უკეთ იციან.
კითხვაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს რეგიონში მიმდინარე დაძაბულმა მოვლენებმა ალიანსის გადაწყვეტილებებზე და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენ შეგვეხოს, მენაღარიშვილი ამბობს, რომ შექმნილი სიტუაციის ერთმნიშვნელოვნად შეფასება სწორი არ იქნებოდა, რადგან ეფექტი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს.
ერთი მხრივ, მისი აზრით, უდავოა, რომ ალიანსმა კიდევ უფრო კარგად დაინახა თუ რას წარმოადგენს რუსეთი. რა არის მისი მიზანი და როგორ მოქმედებს. ეს ყველაფერი, პოლიტოლოგის თქმით, იმას აჩვენებს, რომ ევროატლანტიკური სივრცის მეზობლად რუსეთის სახით სერიოზული დესტრუქციული ძალა ჩამოყალიბდა. ეს კი, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებს უქმნის საფრთხეს, რომელთაც ევროპასთან დაახლოების მიზნები აქვთ.
"მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიფრთხილის განცდასაც იწვევს, რადგან რუსეთი სრულიად მოულოდნელ და აგრესიულ ნაბიჯებს დგამს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯების რეალური შედეგი მათ მიერ გაცხადებული მიზნების ადეკვატური უბრალოდ არ შეიძლება იყოს.
"არც რუსული თვითმფრინავების რაოდენობაა საკმარისი "ისლამური სახელმწიფოს" გასანადგურებლად, რომლებიც რუსეთის განცხადებით სირიაში სწორედ ამ მიზნით გაგზავნეს. ის ფრთოსანი რაკეტებიც, რომლებიც გუშინ დაუშინა მან, როგორც თავად აცხადებენ "ისლამური სახწლმწიფოს" მოქმედების არეალში არსებულ ობიექტებს, ვერ იქნება რეალური ეფექტის მომტანი.
"რუსეთი უბრალოდ იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ სრულიად მოულოდნელად და შეუთანხმებლად შეუძლია ამგვარი ნაბიჯების გადადგმა. ასეთ ოპონენტთან კი სიფრთხილის განცდა, ჩვენს ევროპელ კოლეგებში, რა თქმა უნდა, შეიძლება გაძლიერდეს", - აღნიშნავს ირაკლი მენაღარიშვილი.
მოსაზრებას, რომ თავდაცვის მინისტრს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე მეტი ინფორმაცია აქვს და სწორედ ეს განაპირობებს მის იმედს, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანიც იზიარებს და დასძენს, რომ საწვრთნელი ცენტრი, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ გაიხსნა, ამ იმედს კიდევ უფრო ამძაფრებს, რადგან იგი ჩვენთვის უსაფრთხოების სერიოზული გარანტია.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ურთიერთობები ღრმავდება და ამიტომ, ეს ოპტიმიზმი რეალურია.
"ხიდაშელს, რა თქმა უნდა, ექნებოდა გარკვეული კულუარული საუბრები და ალბათ სწორედ ამან განაპირობა მისი იმედიანი განწყობა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია არა მაპი ან რამე სხვა სტატუსი, არამედ უსაფრთხოების გარანტია. სწორედ ესაა უმთავრესი და რა ფორმით მოხდება ეს - მაპის მონიჭებით თუ სასწავლო ცენტრების გახსნით, მეორეხარისხოვანია", - აღნიშნავს კიკიანი.