რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა აფხაზეთის რკინიგზის რემონტი დაგეგმილზე 2 თვით ადრე დაასრულეს
სალომე სარიშვილი
10.10.2015

 დღეიდან საქართველო-რუსეთის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი - მდინარე ფსოუდან მდინარე ენგურამდე - სრულად გაწმენდილი და შეკეთებულია. რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა ეს სამუშაო დაგეგმილზე 2 თვით ადრე დაასრულეს და უახლოეს დღეებში დატოვებენ აფხაზეთს. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე ოფიციალურ მოსკოვთან ყოველგვარ მოლაპარაკებას, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ დაახარჯეს რუსებმა ფული და ადამიანური რესურსი ამ სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას.

ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოფიციალური მოსკოვისათვის რამდენიმე მიზეზის გამო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ რკინიგზის ამუშავება და, შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების დათანხმება მის ამუშავებაზე არ გაუჭირდება.

იმაზე, რომ რუსეთს საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის იმედი აქვს, თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ სარკინიგზო ხაზის გარემონტება მოხდა არა რომელიმე დასახლებულ პუნქტამდე, ვთქვათ, გალამდე, არამედ ენგურის ხიდამდე.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ აფხაზეთის რკინიგზის შეკეთება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ამ პროცესს გლობალურად უნდა შევხედოთ, ვინაიდან რკინიგზის თემით ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული.

"რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ასე მალე არ დამთავრდება. ეს შესაძლოა, ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყოს. საკითხს ობიექტურად რომ მივუდგეთ, ეს ისედაც ხანგრძლივი პროცესია, რომელიც პრაქტიკულად 2001 წელს დაიწყო, ხოლო თუ კარგად ჩავუღრმავდებით, აქ უბრალოდ პაუზა იყო, თორემ პროცესი ჯერ კიდევ ავღანეთში 1979 წელს დაიწყო, მერე "უდაბნოს ქარიშხლის" სახით ერაყში გაგრძელდა და შემდეგ ავღანეთი-ერაყის მონაკვეთში ისევ ხელახლა დაიწყო, ახლა უბრალოდ მასშტაბი და სახე შეიცვალა."2001 წელს ახალი ეტაპი დაიწყო, შემდეგ გაგრძელდა და მერე ამას სირიაც დაემატა. უნდა აღინიშნოს, ამ პროცესში ძალიან სერიოზული მოთამაშეები არიან ჩართულნი, ამერიკის, ევროკავშირის, ირანის, თურქეთისა და სხვების გარდა, ბოლო მომენტში ჩინეთიც კი ჩაერთო. ეს ყველაფერი ისეთი ტიპის დაპირისპირება გახლავთ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობამ არ იცის.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ არც კი ვიცით ზუსტად ვის და ვის შორის შეიძლება შედგეს მოლაპარაკება. დღეს ირანი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აშშ-ის პარტნიორიც ხდება, რაც სპარსეთის ყურის ქვეყნების გაღიზიანებას იწვევს. ჩვენ არ ვიცით ვის სჭირდება ეს რკინიგზა," - ამბობს არეშიძე და დასძენს, რომ თუკი სირიაში ომი გაგრძელდა და ფართო მასშტაბიანი სახე მიიღო, გამორიცხული არაა რკინიგზა ირანისკენ რუსული ჯარების გადასასროლად იყოს საჭირო.

"არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი მომავალი კონფლიქტისათვის ემზადება, რომელმაც შესაძლოა მხოლოდ სირია და ერაყი არ მოიცვას.

"ჩვენს მხარეს სამხედრო აგრესიას ასეთი ფორმით არ ვვარაუდობ, ვინაიდან რუსეთს ჩვენ წინააღმდეგ არავითარი რკინიგზა არ სჭირდება. 2008 წელს რკინიგზა რაიმეში გამოიყენეს? ერთადერთი იყო ის, რომ ოჩამჩირის პორტისთვის რკინიგზის პატარა ხაზი დასჭირდათ, თორემ დანარჩენ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი რკინიგზის გარეშე შემოიჭრნენ.

"მათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში იმდენად ძლიერი სამხედრო ფორმირებები აქვთ, რომ რკინიგზა არაფერში სჭირდებათ. ისეთი გეოპოლიტიკური ძვრები ხდება, შთაბეჭდილება მრჩება, რომ შესაძლოა საქართველო ერთ მშვენიერ დღეს მხოლოდ საქმის კურსში ჩააყენონ და ესეც შეიძლება ფორმალური იყოს.

"ეს მხოლოდ რუსეთის პოზიცია არაა, ეს შეიძლება სხვისი პოზიციაც იყოს. მაგალითად, ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნის ან შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების. ეს ძალიან რთული სათქმელია და ცალსახად ვერაფერს იტყვი.

"ვფიქრობ, რუსეთმა ეს გზა მოიყვანა არა იმიტომ, რომ ხვალ გზა დანარჩენ საქართველოში გააგრძელოს, არამედ იმიტომ, რომ მასშტაბური ომისთვის ემზადება.

"საქმე ისაა, რომ რეალურად იქ დასასრულებელი არაფერი იყო, უბრალოდ გასაწმენდი იყო. რომ გითხათ იქ რაიმე ფუნდამენტური სამუშაოები შესრულდა-მეთქი, ასე არ ყოფილა. გაიწმინდა, გასუფთავდა და ზოგიერთ ადგილას გასწორდა, მაგრამ პრინციპში იქ მხოლოდ 60 კილომეტრამდე გზა იყო გასაკეთებელი. გარდა ამისა, განცხადება ერთია და დასრულება მეორე. არაა გამორიცხული, რომ განცხადება განგებ გაკეთდა, რათა გამგებმა გაიგოს.

"მეჩვენება, რომ ზოგიერთი ადგილი, ენგურიდან უფრო მოშორებით, გალის რაიონის სიღრმეში გასაკეთებელი კიდევ იყო. ამიტომ მთელ ამ პროცესს ამ კუთხით უნდა შევხედოთ და არა იმ ნაწილში, რომ შესაძლოა საქართველო რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავს.

"თუ გლობალურმა მოთამაშეებმა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტეს, პატარა ქვეყანას ანგარიშს სამწუხაროდ არავინ უწევს, მითუმეტეს თუ ამერიკელები და რუსები ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით მოილაპარაკებენ," - ამბობს არეშიძე.

სახედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მნიშვნელობას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს და ამბობს, რომ რუსეთს რკინიგზა პირველ რიგში, სამხედრო ტექნიკის გადასასროლად სჭირდება. მისი აზრით, რუსეთი აფხაზეთში სამხედრო პლაცდარმის შექმნას იწყებს, რაც შავი ზღვისა და რეგიონული მიმართულებით მათი ინტერესების გაძლიერებას უკავშირდება.

"მახსოვს თქვენს გაზეთთან საუბრისას ვთქვი, რომ რუსები სამუშაოებს ვადაზე ადრე დაასრულებდნენ. ჩემი ვერსია რეალური აღმოჩნდა. აქ რამდენიმე ფაქტორია და რამდენადაც პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, ეს შესაძლოა სირიის ფაქტორსაც უკავშირდებოდეს, ვინაიდან რკინიგზის ეს მონაკვეთი სამხედროებმა შეაკეთეს.

"მოგეხსენებათ, რუსეთში სპეციალური სარკინიგზო ჯარებია შექმნილი, რომლებიც ასეთი ტიპის სამუშაოებს ასრულებენ. კერძოდ, მუშაობენ სპეციალური სარკინიგზო ხაზების გაყვანაზე და აგებენ სპეციალური ბირთვული სარაკეტო ტექნოლოგიებისთვის გადასაადგილებელ საშუალებებს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ამ გზით სამხედრო ტექნიკის გადასროლას აპირებს.

"აქ ორი ფაქტორია. პირველი ის, რომ ისინი აპირებენ გალის რაიონი სამხედრო ტიპის რეინტეგრირებულ რაიონად გადააქციონ, ასევე ოჩამჩირე, სადაც ისინი სამხედრო-საზღვაო ბაზის აშენებას აპირებენ. ცნობილი რუსულ-აფხაზური "ხელშეკრულება" საარმიო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებდა და სამწუხაროდ, ამ პროექტის რეალიზაცია უკვე იწყება - რუსეთი აფხაზეთში სამხედრო პლაცდარმის შექმნას იწყებს, რაც ცხადია, შავი ზღვისა და რეგიონული მიმართულებით მათი ინტერესების გაძლიერებას უკავშირდება.

"მეორე ფაქტორია სირია, სადაც რუსები უკვე სახმელეთო ოპერაციებზე გადადიან. აი, აქ უკვე მათ საკმაოდ მძლავრი შეიარაღებული ძალების გადასროლა დასჭირდებათ, რისთვისაც შესაძლოა საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ. ბუნებრივია, გამორიცხული არაა, რომ სარკინიგზო ხაზის გაყვანა ამ ფაქტს უკავშირდება.

"მნიშვნელოვანია, რომ სირიაში შეიქმნება დაახლოებით 10 ათას კაციანი დაჯგუფება, სადაც მონაწილეობას ირანის რეგულარული არმიის და სირიის რეჟიმის მეომრები მიიღებენ. ეს კოალიციური ძალა კი სახმელეთო ოპერაციას როგორც რადიკალური ისლამისტური, ისე ზომიერი ისლამისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ განახორციელებს.

"აი, აქ ემზადება რუსეთი სახმელეთო-სატრანზიტო კუთხით საქართველოს ტერიტორიის გამოყენებისათვის. რა ულტიმატუმს წაუყენებენ საქართველოს ხელისუფლებას რუსები, უცნობია. ფაქტია, რომ მათ ინტენსიური სახმელეთო კომუნიკაცია სჭირდებათ, რაც პირდაპირ საქართველოს ტერიტორიას უკავშირდება.

"აქ საქართველოს პოზიცია პრინციპული უნდა იყოს, რათა რუსეთმა ჩვენი ტერიტორია სატრანზიტო კორიდორად არ გამოიყენოს. მესმის, რომ ძალიან რთული მოლაპარაკება მოუწევთ, თუმცა, რეალობა ასეთია. გარდა ამისა, აუცილებელია აქ დასავლეთის ჩართულობა გაიზაროს და მათ მხარი დაგვიჭირონ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ მაისაია.

სოსო ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენს, რათა რკინიგზის გახსნაზე დაითანხმოს.

"ის, რასაც ვფიქრობ და ვვარაუდობ, ჯერ ჩვენი საზოგადოებისთვის მომწიფებული არაა. ეს ის შემთხვევაა, როცა ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ახლა უნდა დავიცადოთ და ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. აქ შეიძლება განვიხილოთ ორი ვერსია, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა ზეწოლაც კი იყოს.

"უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი არაა. არსებობს ჩვენი მეზობელი ქვეყანა აზერბაიჯანი, რომელიც რასაკვირველია გახარებული ვერ იქნება იმით, რომ სომხეთში ირაღის უზარმაზარი რაოდენობა სწორედ რკინიგზის სახით შევა", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×