საქართველოს მთავრობამ აქამდე რამდენჯერმე მიმართა სარჩელით საერთაშორისო სასამართლოებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. აქედან ერთი საქმე ქართული მხარის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, ოფიციალური მოსკოვი განაჩენს არ ცნობს და მის აღსრულებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.
საქართველოს მეორე სარჩელის წარმოებაში მიღება ტექნიკური მიზეზებით შეფერხდა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი თბილისში ეს სარჩელი პრაქტიკულად დაივიწყეს და, შესაბამისად, საქართველომ ეს საქმე დასაწყისშივე წააგო.
გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არა ვინმეს სარჩელის საფუძველზე, არამედ საკუთარი ინიციატივით აპირებს 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესწავლას, რადგანაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ 5-დღიანი ომისას სამხედრო დანაშაული იქნა ჩადენილი.
შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე კონკრეტულად რომელმა მხარემ ჩაიდინა დანაშაული - ეს, ბუნებრივია, მხოლოდ საქმის განხილვის შემდეგ გაირკვევა. აქედან გამომდინარე, თბილისშიც და მოსკოვშიც ამ ცნობას ოპტიმიზმით უყურებენ.
მოსკოვში მიაჩნიათ, რომ სასამართლოზე ქართული არმიის მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენა დამტკიცდება და, შესაბამისად, ჰააგის სასამართლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაასამართლებს.
სხვათა შორის, მსგავსი სარჩელით რუსეთის ხელისუფლებამ ჰააგის სასამართლოს 2008 წელსვე მიმართა, მაგრამ საქმის განხილვაზე უარი მიიღო.
თბილისში კი დარწმუნებული არიან, რომ სასამართლოზე სამხედრო დანაშაულის რუსეთის მიერ ჩადენა დადასტურდება და, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ჰააგაში შესაძლოა, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ან მაშინდელი პრემიერისა და ახლანდელი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გასამართლება მოხდეს.
7 - წლიანი დავა და ისტორიული გამარჯვება
2007 წლის 26 მარტს საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი განაცხადი შეიტანა, რომლითაც 2006 წელს რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ეროვნების მქონე პირების უფლებების უხეში დარღვევების აღიარება და დეპორტაციის პროცესში მათთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
7 - წლიანი განხილვა 2014 წელს საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევით მოხდა. ამისთვის ჩრდილოელ მეზობელს ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
თანხის ოდენობაზე საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროები უნდა შეთანხმებულიყვნენ. თუმცა, მოსკოვმა კომპენსაციის გადახდაზე უარი განაცხადა. ამიტომ წულუკიანის უწყებამ სააღსრულებო პროცესის დაწყებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.
ამ მხრივ სიახლეები ჯერჯერობით არ არის. ახლა ევროსასამართლო რუსეთისგან ელოდება საბოლოო ოფიციალურ პასუხს.
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღსრულებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი იციან.
"ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთს კიდევ ერთხელ დაელოდოს. მეორედ უარის თქმის შემთხვევაში კი ალბათ საერთაშორისო ანგარიშებს დაუყადაღებენ და ამ გზით მოხდება თანხის ამოღება", - უთხრა "მთელ კვირას" ა/ო "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ.
საია-ს იურისტი თამარ აბაზაძე კი პროგნოზირებს, რომ აღსრულების პროცესი კიდევ გაიწელება.
"თუ უარი განაცხადა კომპესაციის გადახდაზე, მერე მინისტრთა კომიტეტი ერთვება, რომელიც ზედამხედველობს აღსრულებას. გაიმართება რამდენიმე სხდომა, იმსჯელებენ, თუ როგორ აიძულონ რუსეთი კომპენსაციის გადახდაზე.
"იძულების მექანიზმები არის დიპლომატიური სანქციები. მაგალითად, ევროპის საბჭოდან სახელმწიფოს გარიცხვა. თუმცა ჯერჯერობით ასეთი პრეცედენტი არ მომხდარა. ვფიქრობ, აღსრულების პროცესი დროში გაიწელება", - გვითხრა აბაზიძემ.
საქმე #2 და საქართველოს ფაქტობრივი მარცხი
რაც შეეხება საქართველოს მეორე სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე თინა ბურჯალიანმა 2008 წლის 12 სექტემბერს შეიტანა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის დარღვევის თაობაზე. ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლომ საქმე ტექნიკური მიზეზების გამო დაუშვებლად ცნო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგივე ბრალდებით რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
საქართველო რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციში ადანაშაულებდა. სარჩელი 1990-2008 წლების შემთხვევებს აერთიანებდა.
"2008 წლის სექტემბერში, უპრეცედენტოდ სწრაფად, მივიღეთ სხდომა და რუსეთს დაეკისრა ეთნიკური წმენდის შეწყვეტის, ასევე ჰუმანიტარული მისიების შეშვების ვალდებულება. ეს იყო უმნიშვნელოვანესი წარმატება, რაც ქართულმა დიპლომატიამ გამოიყენა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლის განსახორციელებლად.
"შემდეგ გაგრძელდა დავა. ერთ-ერთ ეტაპზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სარჩელის შეტანამდე, საქართველოს ხელისუფლებას ეთნიკურ წმენდაში რუსეთის პასუხისმგებლობა დიპლომატიური გზებით საკმარისად არ ჰქონდა დაყენებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, "მე რუსეთის ხელისუფლებას ვადანაშაულებ ეთნიკურ წმენდაში..." იყო ერთადერთი პირდაპირი ბრალდება. გახსოვთ შევარდნაძის ხელისუფლების მუდმივი აპელირება "სეპარატისტებზე" და რუსეთის პოზიტიური ჩარევის იმედზე ყოფნა. ეს ყველაფერი წინ დაგვხვდა 2008 წელს.
"საჭირო გახდა რუსეთის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის პრეტენზიის ცალსახა დაფიქსირება და მოლაპარაკების მცდელობა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის სამართლებრივი მოგვარება, რათა სწრაფად მივბრუნებულიყავით უკან სასამართლოში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააგზავნა რამდენიმე ნოტა.
"2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და ეს პროცესი გაჩერდა "რუსეთთან ურთიერთობის დალაგების" მოტივით. ის ადამიანები, ვინც ამ თემებს მუდმივად ახსენებდნენ ქალბატონ წულუკიანს, ან სამსახურიდან გაუშვეს, ან იძულებული გახადეს წასულიყვნენ", - წერს ბურჯალიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
5 - დღიანი ომის საქმე ჰააგის სასამართლოში
როგორც ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ვითარების წინასწარი შესწავლა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, პროკურორმა ფატუ ბენსუდამ დაასკვნა, რომ "არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი" იმისა, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში ომის დანაშაულია ჩადენილი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესებით, პროკურორმა, სრულფასოვანი გამოძიების დასაწყებად, წინასწარი წარმოების პალატის ნებართვა უნდა მიიღოს. ფატუ ბენსუდას განაცხადის მიღების შემდეგ, მოსამართლეები, მიღებულ დოკუმენტებსა და სხვა მასალაზე დაყრდნობით გადაწყვეტენ, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება.
ლია მუხაშავრიას განმარტებით, გამოძიება ეცდება დაადგინოს კონკრეტულად ვინ ჩაიდინა დანაშაული.
"ჰააგის სასამართლო არის გაეროს სასამართლო და იქ შეიძლება სახელმწიფომ შეიტანოს სარჩელი, რომ მის ტერიტორიაზე დაირღვა რომის სტატუტი, რომელსაც ჩვენ შევუერთდით 1993 წელს. ეს კი გულისხმობს ომის დანაშაულს, როგორიც არის გენოციდი, ეთნიკური წმენდა, დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ და აგრესია. თუ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი მოხდა ჩემს ტერიტორიაზე, მაქვს უფლება მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო, რომ მე ვერ ვახერხებ გამოძიებას და იქნებ თქვენ ჩაერიოთო.
"რუსეთმა მიმართა ჰააგის ტრიბუნალს და მოითხოვა გამოძიების დაწყება, თითქოს ჩვენ ჩავიდინეთ ეს დანაშაული. მაგრამ სასამართლომ ეს მოთხოვნები არ გითვალისწინა. მერე, როდესაც ტალიავინის კომისია შეიქმნა და მისი ანგარიში მოისმინეს, საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს 6 პუნქტიანი დადგენილება, სადაც ჰააგის ტრიბუნალს დაევალა გამოიძიოს ის ფაქტები, რომელიც აღწერილია ამ ანგარიშში.
"ფორმალურად გამოძიება მაშინ დაიწყო, მაგრამ 2011 წლის ბოლოს აღნიშნული საქმის პროკური შეიცვალა და გამოძიება მის შემცვლელს გადააბარა. მაშინ ძალიან სათუო იყო გაგრძელდებოდა თუ არა მოკვლევა, მაგრამ, საბედნიეროდ, პროკურორის მოადგილემ აფრიკელმა ქალბატონმა თქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებასო.
"ისინი ყოველ წელს ჩამოდიოდნენ თბილისში და ხვდებოდნენ სხვადასხვა პირებს, მათ შორის მთავარ პროკურორს და ბოლოს, რამდენადაც ვიცი, არჩილ კბილაშვილს შეხვდნენ. რომელმაც პირობა მისცა, რომ გამოძიებას აწარმოებდნენ. მაგრამ არაფერი არ გაუკეთებიათ. ამიტომ ახლა თვითონ გამოიძიებენ.
"ეს იმას ნიშნავს, რომ გამომძიებლები და პროკურორები თვითონ ჩამოვლენ, ჩვენ კი ვალდებულები ვართ მუშაობაში ყველანაირად ხელი შევუწყოთ. ისინი თვითონ მოიპოვებენ მტკიცებულებებს.
"ვინაიდან ეს არის ასეთი მაღალი რანგის სასამართლო, ის რიგით დამნაშავეებს არ ასამართლებს. ის ასამართლებს უმაღლესი თანამდებობის პირებს - ვინც ომი წამოიწყო, ან ომის პროცესში ჩაიდინა დანაშაული", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას მუხაშავრია.
ვის გაასამართლებენ - სააკაშვილს თუ პუტინს ან მედვედევს
ლია მუხაშავრიას თქმით, გამოძიება ეცდება დაადგინოს, კონკრეტულად ვინ ჩაიდინა დანაშაული. მისივე თქმით, ამ სასამართლოს აღსრულების პროცესი მარტივია.
"ამ სასამართლოს აქვს იურისდიქცია, რომ გაეროს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოში მყოფი დამნაშავედ გამოცხადებული პირი უნდა დააპატიმროს და გადასცეს ჰააგის ტრიბუნალს. პირველი პრეზიდენტი, ვინც გაასამართლეს ჰააგაში, მილოშევიჩი იყო. მაშინ იგი მოქმედი პრეზიდენტი იყო. მას მთელი სერბეთი აღმერთებდა. მაგრამ მილოშევიჩი მაინც დააპატიმრეს და მისცეს პასუხისგებაში. უბრალოდ მისი გასამართლება არ მოესწრო, რადგან იგი გარდაიცვალა პროცესის მიმდინარეობისას.
"ამის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურების გასამართლება აღარ არის სიახლე და ნოვაცია, ამიტომ მათვის გასაკვირი არაფერია. უბრალოდ, ვფიქრობ, რუსეთის დასასჯელად მისი ისტორიული აგრესიისათვის და დღეს მიმდინარე აგრესიისათვის ყველაზე უპრიანი იქნება, თუკი ვლადიმერ პუტინის პასუხისგებაში მიცემა მოხდება", - გვითხრა მუხაშავრიამ.
რაც შეეხება სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას, იურისტი ლევან ალაფიშვილი ამას გამორიცხავს.
"სააკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ გარემოებაზე. იქ პროცესები წმინდა სამართლებრივად მიმდინარეობს, ამიტომ წინასწარ ვერაფერს გეტყვით.
"ამასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მთავრობა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მიუხედავად იმისა, თუ რას იზამს საერთაშორისო ტრიბუნალი, ჩვენს კანონმდებლობაშიც არის არაერთი მუხლი, რომელიც სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სასჯელს ითვალისწინებს. ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს რომ ჰქონოდათ ამის საფუძველი, საქმეს აქამდე აღძრავდნენ და გამოიკვეთებოდნენ კონკრეტული პირები, იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი თუ სხვა", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ალაფიშვილი.
გაჭიანურებული საქმეების სტატისტიკა
აღსანიშნავია, რომ სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში არაერთი საჩივარია გაგზავნილი თავად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც.
საიამ მარტო ბოლო 2 წლის განმავლობაში 7 საჩივარი გააგზავნა და წლის ბოლომდე კიდევ 2 საქმეს გააგზავნის. დავები ძირითადად არაეფექტურ გამოძიებას ეხება.
"ვერ გეტყვით ჯამში რამდენი საქმეა საქართველოდან შესული. შემიძლია გითხრათ ჩვენი მონაცემები. მაგალითად, ბოლო 2 წლის განმავლობაში გაგზავნილი გვაქვს 7 საჩივარი. თუმცა, წლის ბოლომდე ამას დაემატება კიდევ 2 საჩივარი, რომელიც მზადების პროცესშია. საჩივრები ძირითადად ეხება არაეფექტურ გამოძიებას.
"მაგალითად, 2 საქმე ეხება პატიმრების მიმართ განხორციელებულ წამებას ძველი ხელისუფლების პირობებში 2012 წლამდე, თუმცა, "ოცნების" მთავრობას ვედავებით, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ ფაქტების ეფექტური გამოძიება არ მოახდინა. ყოფილ პატიმრებს პროკურატურა არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს, ამის გამო კი გამოძიებაში არსებული დეტალების მოწოდებაზე უარს გვეუბნებიან.
"ასევე ორი საქმე შეკრების და თავისუფლების დარღვევას ეხება. საუბარია 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევაზე.
"რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, 2011 წელს გაგზავნილი იყო 12 საქმე, 2012 წელს - ასევე 12, ხოლო 2013 წელს არცერთი საქმე არ გაგვიგზავნია, ვინაიდან ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები იმედს გამოთქვამდენ სამართლიანობის აღგენასთან დაკავშირებით. ამიტომ საერთაშორისო არენაზე დავებისგან თავს იკავებდნენ.
"სხვათა შორის, ამ წელს ბევრი წარმატებული საქმე გვქონდა. ასე ადრე იმიტომ დასრულდა, რომ იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკაა - მხარეებს მორიგებას სთავაზობს. ეს ხდება სწრაფად, არსებითი განხილვების გარეშე. ზოგადად კი საქმეები დროში ძალიან იწელება", - გვითხრა აბაზიძემ.
საერთაშორისო დავების ზუსტ სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მინდია უგრეხელიძე.
"ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში საქართველოდან სულ რამდენი საქმეა გაგზავნილი ან წარმოებაში რამდენია მიღებული, არ ვიცი. ამის თქმა ძალიან ძნელია. ფაქტობრივად ამის სტატისტიკის გაგება შეუძლებელია. მაგრამ ის, რომ მანდ საქმეები ზოზინით მიმდინარეობს, ეს სრულიად აშკარაა.
"აქ საინტერესოა ერთგვარი მონაცემებიც - ჰააგის სასამართლოს 10 წლის განმავლობაში 2 საქმეზე აქვს განაჩენი გამოტანილი. ჩვენთან კი ანალოგიურ პერიოდში უზენაეს სასამართლოს - 1173 საქმეზე.
"იქ ძალიან მნიშვნელოვანი მრავალეპიზოდიანი, ტომიანი საქმეებია. სწორედ ამიტომ გვიანდება პროცესი. თანაც თანამშრომლობა ამ სასამართლოსთან არც ისე ხალისიანია. დარწმუნებული ვარ რუსეთთან თანამშრომლობა ადვილი არ იქნება, მითუმეტეს, რომ დაინტერესებულნი არ არიან საქმის გამოძიებით. ასე, რომ სხვადასხვა სასამართლოში საქმეების წარმოებაში მიღება და აღსრულება სხვადასხვანაირად ხდება
"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯის სფეროა აგრესია, გენოციდი, ომი და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას უგრეხელიძე.
მუხაშავრიას თქმით კი, ომთან დაკავშირებით საქართველოდან ბევრი საქმე გაიგზავნა, თუმცა საქმეების განხილვა შეჩერებულია.
"სტრასბურგის სასამართლოში თავიდან ომის საქმეზე ძალიან ბევრი საქმე გაიგზავნა. ზუსტი მონაცემები არ მაქვს. ამიტომ სულ რამდენი საქმეა წარმოებაში და რამდენი გაიგზავნა, ვერ გეტყვით. მარტო ომის საქმეებზე ვიცი, რომ ძალიან ბევრი გაიგზავნა, მაგრამ იქ შეჩერებულია ამ საქმეების განხილვა იმის გამო, რომ ჰააგაში მიმდინარეობს სახელმწიფოთაშორისო დავა. ჯერ ეს გადაწყდება და მერე დაიწყება ინდივიდუალური საჩივრების განხილვა
"სამწუხაროდ, ყველა საქმე დროში იწელება, რადგან ისინი უყურებენ როგორ გაგრძელდება ვითარება და ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის", - განაცხადა მუხაშავრიამ.