"დაზღვეული არაფრისგან ვართ, ფაქტობრივად, გლობალური მეოთხე თაობის ომში ვართ ჩაბმული"
თიკო ოსმანოვა
13.10.2015

 ანკარაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხეებზე საუბრობენ საქართველოშიც და ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, დაზღვეული არაფრისგან არ ვართ, რადგანაც გლობალური მეოთხე თაობის ომში ვართ ჩაბმული.

"საქართველოში ტერაქტების ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ 2 დღის წინ თურქეთში რაც მოხდა. ეს ჯერ დასაწყისია, სავარაუდოდ ტერაქტი რუსეთშიც უნდა მოხდეს და იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩართულები არიან ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგალითად ევროპაში.

"დაზღვეულ არაფრისგან არ ვართ, ფაქტობრივად გლობალური მეოთხე თაობის ომში ვართ ჩაბმული. თანაც ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთში სამშვიდობო მისიაში და არ დაგვავიწყდეს, რომ თალიბებიც ამ ომის ერთ-ერთი მთავარი თანამონაწილეები არიან "ისლამის ხალიფატთან" ერთად.

"ტერაქტის მოწყობის ბევრი საშუალება არსებობს - შენობების დაკავება, დივერსიები, კიბერშეტევები და სხვა. სხვათა შორის, საქართველო კიბერშეტევის მსხვერპლი უკვე გახდა, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია. არადა, დღეს კიბერტერორიზმი ისეთივე ტიპის საფრთხეა, როგორიც ჩვეულებრივი ფიზიკური ტიპის ტერაქტი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მაისაია.

 მისგან განსხავებით კი ა/ო "სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი - საქართველოს ცენტრის" თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოების დონეების მიხედვით საქართველო საშუალო ამპლიტუდაშია. ამიტომ იგი წინასაარჩევნოდ ძირითადად მხოლოდ ვითარების დაძაბვას ვარაუდობს.

"ზოგადად თუ საფრთხეებს დონეებად დავყოფთ, საქართველო არის საშუალო ამპლიტუდაში. არ შეიძლება პანიკის დათესვა. ანკარაში რაც მოხდა, ამის მიზეზი უნდა ვიცოდეთ. იქ, შიგნით სხვადასხვა ეთნიკური დაპირისპირებაა და ეს ათწლეულებია, გრძელდება.

"საბედნიეროდ, საქართველოში არც ეთნიკური, არც რელიგიური დაპირისპირება არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ამ მიზეზით გამოწვეული ტერაქტების ალბათობა არის ნულოვანი, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ ტერაქტს უკვე სხვა მიზეზით, რომელიც შეიძლება შენიღბული იყოს ეთნიკურის ან რელიგიურის საფარქვეშ. თორემ რეალურად სერიოზული ტერაქტის საფრთხის ქვეშ არ ვართ.

"პოლიტიკურ ტერაქტში ვგულისხმობ, მაგალითად იმას, რომ არჩევნების წინ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურ თამაშშია ჩაბმული დიდი ხანია და გვინდა, თუ არ გვინდა, ამ სიტუაციაში ვართ უკვე 20 წელია", - გვითხრა ალადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სირიასა და თურქეთში კვლავ დაძაბული ვითარეებაა. შაბათს თურქეთის ქალაქ ანკარაში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა 97 ადამიანი, 500-ზე მეტი კი დაშავდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, მომხდარი ტერაქტი სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.

პასუხისმგებლობა ტერაქტებისთვის ჯერჯერობით, არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დავუთოღლუმ აღნიშნა, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

დავუთოღლუს თქმით, ტერაქტების მიზანი საპარლამენტო არჩევნების ჩაშლა იყო.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ რუსეთი სირიაში ე.წ ისლამისტების წინააღმდეგ საჰარეო ოპერაციებს აგრძელებს. ასევე მოსკოვში, ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს. ბინაში, სადაც ბოროტმოქმედები იმყოფებოდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომლის სიმძლავრე 4 კგ. ტროტილის ეკვივალენტს აღემატებოდა.

სპეცოპერაციის დროს საცხოვრებელი სახლიდან 120-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×