ეკატერინე ბასილაია
14.10.2015

 პანკისში, სადაც არც რაიმე ბიზნესსაწარმო, არც დასაქმების საშუალება და არც გასართობი ცენტრი არ არსებობს და ბოლო წლებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მხოლოდ იმიტომ ექცევა-ხოლმე, რომ იქიდან სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდები მიდიან, ამჯერად ადგილობრივი სოციალურად დაუცველი თემი და არასამთავრობოები ხელისუფლებისაგან ყურადღების მიპყრობას სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერისათვის ითხოვენ.

ხეობაში სამი სოციალური საწარმოა: საკვირაო სკოლა სკოლის ასაკის ბავშვებსათვის, მოხუცთა შინ მოვლის ცენტრი და შშმ პირთა დღის ცენტრი - "მედინა". სამივე საწარმო 2015 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს და მას გერმანული ა/ო "არბაიტერ სამარიტერ ბუნდი" და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. მიზანი საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისთვის საჭირო სერვისის უსასყიდლოდ მიწოდებაა.

ყველა პროექტი ერთწლიანია და სამომავლოდ თუკი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თუნდაც 5%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა არ იქნება, დეკემბერში სამივე დაიხურება.

სოციალური მეწარმეობას განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებისაგან, საქართველოში კი ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები იდგმება.

როგორც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ეკა დათუაშვილი აცხადებს, სოციალური მეწარმეობა არის ბიზნესის ტიპის საქმიანობა, რომელიც ადგილობრივი თემის სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის იქმნება და მის მიზანს მეწილეებისა და მფლობელებისათვის მოგების ზრდა კი არ წარმოადგენს, არამედ შემოსული თანხა ისევ საწარმოს სოციალურ მისიას ხმარდება.

შეიძლება ითქვას, რომ სოციალური საწარმოების შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იქ, სადაც სიღარიბე და უმუშევრობაა. საქართველოში კი ასეთი სოფლები ძალიან ბევრია და ამიტომაც არასამთავრობო სექტორი ამ პროცესში თანამონაწილეობას სახელმწიფოსაც სთხოვს.

"არბაიტერ სამარიტერ ბუნდის" კოორდინატორის, გიორგი არსანიძის თქმით, არასამთავრობო სექტორსა და სახელმწიფოს შორის სოციალური პარტნიორობა საქართველოში ახალი ხილია და ამ გზაზე უფრო მეტი წარუმატებლობაა, ვიდრე წარმატება. თუმცა ერთი წარმატებული მაგალითიც კი საკმარისია იმისათვის, რომ მათ შემდეგი პროექტები დააფინანსონ.

 "რეგიონებში ადგილობრივი თემის დახმარებით ყველაზე მოწყვლად კატეგორიებს იმ აქტუალურ სერვისებს ვთავაზობთ, რაც სახელმწიფოსა თუ სხვადასხვა სექტორისაგან ვერ მიიღეს. პანკისში ჯამში 60-მდე ბენეფიციარს ვემსახურებით და ადგილობრივი თემიდან 20-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტის მიზანია, ეს სერვისები სახელმწიფომ გადაიბაროს. ანუ სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობა მოვახდინოთ. სახელმწიფოსთვის მსგავსი საწარმოების ნაწილის გადაბარება სამეგრელოსა და ქვემო ქართლში მოხდა, თუმცა აქ საკმაოდ პესიმისტური განწყობაა. ვცდილობთ, ახმეტის მუნიციპალიტეტმა მზაობა გამოიჩინოს და რაღაც მცირე ნაწილის თანადაფინანსება მაინც მოხდეს, სხვა შემთხვევაში საწარმოები დაიხურება," - ამბობს არსანიძე.

პანკისის სამივე სოციალური საწარმოს ხელმძღვანელი სწორედ დახურვის მოლოდინზე საუბრობს. ამბობენ, რომ იმდენად დიდი იმედი გააჩინეს სოციალურად დაუცველ ფენაში, დახურვა ყველასთვის გულსატკენი იქნება.

სოფელ დუმასთურის საკვირაო სკოლის დირექტორი გულნაზ გუნასაშვილი ამბობს, რომ მის სოფელში სხვა არანაირი გასართობი არ არის, არც სპორტული დარბაზია და არც ბიბლიოთეკა, ამიტომაც ბავშვებისათვის ამგვარი სკოლის შექმნა მისი დიდი ხნის სურვილი იყო. საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 20 ბავშვი შეკრიბა და სურვილიც აისრულა, ოღონდ ჯერ მხოლოდ ერთი წლით.

ამბობს, რომ თავიდან მას და პედაგოგებს მუშაობის დაწყება გაუჭირდათ, რადგან რელიგიური მოტივით ვაჰაბიტური ოჯახებიდან მუსიკის სწავლასა და ფოტოს გადაღებაზე იყო პრობლემა. მშობლების თხოვნით ხატვისას არც ადამიანებისათვის თვალების დახატვა შეიძლებოდა. შემდეგ ყველაფერი მოგვარდა. ახლა ბავშვები მღერიან, ხატავენ და ფოტოებსაც იღებენ.

"ახლა მშობლებს მოსწონთ მათი შვილის ფოტოებსა თუ ნახატებს რომ ხედავენ ფეისბუქის ჩვენს გვერდზე. წლის ბოლოს მთავრდება პროექტი და თუკი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ცოტათი მაინც არ დაგვეხმარება, პროექტი დაიხურება," - აღნიშნავს გუნასაშვილი.

საკვირაო სკოლა ბავშვებსაც მოსწონთ, იმიტომ, რომ აქ ერთობიან, ფილმებს უყურებენ, ჭადრაკისა და შაშის თამაშს სწავლობენ, ექსკურსიებზე დადიან და გაკვეთილებსაც ამზადებენ. სახლში აკრძალული ხატვა და სიმღერაც კი შეუძლიათ და ამ ტაბუს მოხსნით ერთგვარად უფრო თავისუფლებიც ხდებიან.

ამ ბავშვებზე არანაკლებ ხარობს საკუთარი სკოლით სამ სოფლიდან ერთ დღის ცენტრში გაერთიანებული 20 მენტალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

მათი ნაწილი სტიგმის გამო ოჯახის წევრებს სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, ნაწილი უმეთვალყურეოდ ქუჩაში ატარებდა მთელ დღეებს. თითქმის არც ერთს სკოლაში არ უვლია. დღის ცენტრში კი მათ წერა-კითხვას, არითმეტიკას და ხელსაქმეს - თექაზე მუშაობას და აქსესუარების კეთებას - ასწავლიან. გამოფენაც ჰქონდათ და საკუთარი ნამუშევრებიც გაყიდეს. თავს ასე საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად აღიქვამენ. ცენტრი მათ ტრანსპორტითაც უზრუნველყოფს და კვებითაც.

 "სხვა სოფლიდანაც გვთხოვენ მშობლები, რომ მისი შვილიც მივიღოთ ცენტრში, მაგრამ ფინანსები ამის საშუალებას არ იძლევა. სურვილი გვაქვს მომავალი წლისთვის პროექტი 50 ბენეფიციარისათვის გავაკეთოთ, მუნიციპალიტეტში შევიტანეთ განცხადება. 2 კვირა ვიარე და ბოლოს თანხმობაც მივიღეთ. იმედია დაგვეხმარებიან და ერთი წლით კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას", - აცხადებს დღის ცენტრ "მედინას" დირექტორი ნათელა ალდამოვი.

მესამე სოციალური საწარმო სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცების შინ მოვლაზეა. 5 მომვლელი 25 ბებია-ბაბუას კვირაში ორჯერ აკითხავს სახლებში, დალაგებაში, დაბანასა და სხვა პატარ-პატარა საქმეებში ეხმარება და მარტოობის გრძელ დღეებს ცოტათი მაინც უვსებს.

მოხუცების შინ მოვლის სამსახურის ხელმძღვანელი სვეტლანა ბორჩაშვილი ამბობს, რომ მოხუცებს მათი დამხარება ძალიან სჭირდებათ და იმედი აქვს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მათ არ გასწირავს. სურვილი აქვს, რომ მომავალი წლისთვის კვება და მედიკამენტებით შეძლებისდაგვარად მომარაგებაც დაამატოს.

სვეტლანა ბორჩაშვილი: "არბაიტერ სამარიტერ ბუნდისა და ევროკავშირისაგან მოთხოვნა იყო 15 ათასი ევროთი დაგვაფინანსებდნენ, თუკი ხელისუფლების მხრიდან 5%-იანი თანამონაწილეობა იქნებოდა. პროექტის გასაგრძელებლად თხოვნა უკვე წარდგენილი მაქვს, მოლაპარაკებები გვაქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და რა გამოვა, არ ვიცი".

დაპირება საქმედ იქცევა თუ არა, ეს დეკემბერში გამოჩნდება, მანამდე კი, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მეწარმეობის დამკვიდრების გზაზე უფრო მეტი წარუმატებლობაა, ვიდრე წარმატება, საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით ბიზნესზე ორიენტირებული მსგავსი 7 სოციალური საწარმო მალე გორის სოფლებშიც გაიხსნება, სადაც დევნილების დასაქმებისა და მათი სოციალური თუ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×