კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელი კობა თურმანიძე ენდიაისთან ერთად ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუკი ვინმეს მისი შედეგები არ მოეწონა, ე.ი. მას რეალობა არ მოსწონს, რადგან ეს კვლევა ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს.
ამბობს, რომ კვლევა გამჭვირვალეა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეისწავლოს იმ მეთოდოლოგიის სანდოობა, რომლითაც იგი ტარდება. სწორედ ამიტომ, თურმანიძეს არ ესმის, თუ რატომ ჩნდება მათი კვლევების გარშემო ეჭვები ასე ხშირად.
მოგეხსენებათ, ენდიაიმ და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გუშინწინ წარადგინეს. იგი ძირითადად ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებსა და თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა. კვლევის მეორე, უფრო "საინტერესო" ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.
კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. ენდიაის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ადგილობრივი მთავრობა მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს. ენდიაის კვლევის თანახმად, კითხვაზე - რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს? - პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვეთანხმები - 13%, ნეიტრალური - 34%, არ ვეთანხმები - 46%, არ ვიცი - 7%.
გამოკითხულთა უმრავლესობამ თვითმმართველობების საქმიანობის შესახებ არაფერი იცის. 94% აცხადებს, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს წევრი ან მისი თანამშრომელი არ დაკავშირებია. 96%-ია ეს მაჩვენებელი მერის ან მისი თანამშრომლის შემთხვევაში და 98% - გუბერნატორის ოფისის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ, 71%-მა, არ იცის, ვინ არის საკრებულოში მისი მაჟორიტარი.
გამოკითხულთა 44% დავით ნარმანიას საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 36% - ცუდად, კარგად კი მხოლოდ - 12%. შესაბამისად, ენდიაის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა - 47% ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ ქალაქსა თუ სოფელში მისი საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა, 43% კი მიიჩნევს, რომ გაუარესდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები კვლევის შედეგს არ შეუშფოთებია. მათი აზრით, ამ კვლევას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და "აჟიოტაჟად არ ღირს".
"გავიხსენოთ, თუ გნებავთ, წინასაარჩევნო კვლევები. "ნაცმოძრაობას" მხარდაჭერა 100%-მდე ჰქონდა," - ეს სიტყვები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ეკუთვნის.
თუმცა კვლევის სანდოობაში ეჭვი არ ეპარებათ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ენდიაიმ დაადასტურა ის განწყობა, რაც საზოგადოებაში არსებობს. მისი თქმით, საზოგადოებაში არის განცდა, რომ უპატრონოდ არიან მიტოვებულნი.
"რეზონანსთან" ინტერვიუში კობა თურმანიძე ბრალდებებს პასუხობს და ოპონენტების არგუმენტებს მცდარს უწოდებს.
კობა თურმანიძე: ეს ჩვეულებრივი მასობრივი გამოკითხვა იყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევით დაახლოებით 4 500 ადამიანი გამოვკითხეთ. მათ შორის თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობითი შერჩევაც გვაქვს და ამით ამ ქალაქებში არსებული მადგომარეობა შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს.
"რეზონანსი": ისევე როგორც სხვა დროს, კვლევაში ახლაც ბევრმა შეიტანა ეჭვი. განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. რატომაა მის მიმართ უნდობლობა ასე ხშირად?
კ.თ: ჩემი აზრით, თუკი შედეგები არასახარბიელოა, ყველაზე ადვილი გამოსავალი ამ დროს მისი რეალობის ეჭვქვეშ დაყენებაა. სხვა საფუძველი ამას არა აქვს, რადგან ჩვენ მიერ ნაჩვენები შედეგი სხვა კვლევებითაცაა დადასტურებული და შეუძლებელია, ყველა ცდებოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ეს არ მოსწონს.
"რ": ამ ადამიანებს არგუმენტიც აქვთ - რომ 2012 წლის არჩევნებამდე თქვენი კვლევები ერთ სურათს აჩვენებდა, არჩევნებმა კი სულ სხვა რამ აჩვენა.
კ.თ: ეს არგუმენტი მცდარია, რადგან ის კვლევა, რომელზეც აქცენტს აკეთებდნენ, 2012 წლის არჩევნებამდე ორთვენახევრით ადრე ჩატარდა, როცა საარჩევნო კამპანია პიკზეც არ იყო მისული და ორთვენახევარში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ იცვლება. მაშინ ჩვენი კვლევების მიხედვით ადამიანთა დიდი რაოდენობა თავის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვეუბნებოდა და იმ ორთვენახევრის მერე რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, არ შეიძლება ამის გამო კვლევას მეთოდოლოგია დაუწუნო. ეს საბაბია და არა მიზეზი.
"რ": ხშირად ასევე სადავო ხდება კითხვის დასმის ფორმა და სპეციალისტები მიუთითებენ იმაზე, რომ ზოგჯერ კითხვა პასუხს დიდწილად განსაზღვრავს. ასეთი შემთხვევა იყო თქვენ მიერ გამოქვეყნებული წინა კვლევის დროს, როცა ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეთა რაოდენობამ 31% პროცენტი შედგინა. მოგვიანებით კი ენდიაის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ამ ადამიანთა დიდმა უმრავლესობამ უბრალოდ ვერ გაიგო, თუ რას ეკითხებოდნენ და "ევრაზიული კავშირი" "ევროკავშირისგან" ვერ გაარჩია... თქვენი აზრით, რამდენად სწორად, ადეკვატურად ესმით რესპონდენტებს თქვენ მიერ დასმული კითხვები?
კ.თ: ეს ყველაფერი, თავისი კითხვებით გამჭვირვალე და საჯაროა. პრეზენტაციის დროს ყველა ხედავს და ამაში დამალული არაფერია. "ევრაზიულ კავშირთან" დაკავშირებულ კითხვაზე პასუხი ჩვენს მომავალ პრეზენტაციაში იქნება, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება. მაშინ გამოჩნდება, შეგვეშალა თუ არა ჩვენ.
"რ": რას მოიცავს ხუთშაბათს გამოსაქვეყნებელი კვლევა?
კ.თ: ეს ერთი კვლევაა, უბრალოდ ორ ნაწილად გავყავით, რადგან პრეზენტაცია ძალიან დიდი გამოვიდოდა. გამოკითხვა ერთია. მომავალი პრეზენტაციები საგარეო ურთიერთობასა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას მოიცავს.