"ეს ჭორი და დეზინფორმაცია მოდის საქართველოს ხელისუფლებისა და "ქართული ოცნებისგან". თანაც, ძალიან აშკარად და დაუფარავად. მათ უნდათ, რომ დღეს საქართველოში ორი ფერი იყოს - შავი და თეთრი. შავი იქნება "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო თეთრი, მათი აზრით, "ქართული ოცნება" უნდა იყოს. ჩვენი პარტია, როგორც სხვა ფერი, არ უნდათ, რომ არსებობდეს, რადგანაც ხალხს ახალი იმედი ჩაესახა," - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ალასანიას პარტია იშლება, რადგან მისი ლიდერი და წევრების ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" აპირებენ პირის შეკვრას და მათთან ერთად აქციებში მონაწილეობას.
"ჩვენს პარტიაში სერიოზულად ამ თემაზე აღარც ვსაუბრობთ, იმდენად აბსურდია უკვე ეს ყველაფერი. რაც შეეხება ბატონ დავით ზალკალიანის წასვლას, მან ახსნა და თქვა, რომ შეიქმნა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და მის აღმასრულებელ დირექტორად გადავიდა," - ამბობს ცაგარეიშვილი იმ ცნობის კომენტირებისას, თითქოს პარტიას წევრები ტოვებენ, რადგან "ნაცმოძრაობასთან" გარიგება არ სურთ. მათ შორის, როგორც "ალიას" სტატიაშია ნახსენები, გარდა ზალკალიანისა, არიან ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე.
"აღარ დასრულდა იმაზე საუბარი, რომ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად ვიქნებოდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაღაც გარიგებასა და შეთქმულებაში გაერთიანებულები. ეს არ მოხდება არასდროს. სანამ პირში სული მიდგას, არცერთ გაერთიანებაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვერ მიხილავთ. იმავეს თქმა შეუძლია "თავისუფალი დემოკრატების" ნებისმიერ წევრს.
"ეს არის მათი განუხორციელებელი ოცნება, როგორც სხვა ყველა დანარჩენი ოცნება, რომელიც ხალხს დაჰპირდნენ. ხელისუფლებას ურჩევნია საკუთარი ხალხის ბედზე ინერვიულოს და მოაგვაროს ის უამრავი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე გააჩნია," - აცახდებს გია ცაგარეიშვილი.
ზურაბ აბაშიძე კი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ "ბინძური სპეკულაციას" ავცრელებს როგორც "ქართული ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობაც", რადგანაც ამ ეტეპზე საზოგადოებისთვის მხოლოდ მათი პარტიაღა დარჩა პოლიტიკურად შეუბღალავი, რის გამოც ეს ორი პარტია მათ ჩაძირვას ცდილობს.
"როგორც ჩანს ადამიანებს ფანტაზიის უკიდეგანო უნარი გააჩნიათ. ახლაც, როდესაც თქვენ გესაუბრებით, ჩვენი პარტია შეხვედრას აწარმოებს და უამრავ ადამიანს ხვდება.
"ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ამ პარტიის მშენებლობაში ძალიან დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. აქედან გამომდინარე, არსად წასვლას არ ვაპირებ. ფაქტია, რომ ჩვენს პარტიას ებრძვიან. ჯერ იყო და "ნაციონალურ მოძრაობასთან" აპირებენ გაერთიანებასო, ახლა იშლებიანო. ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულად გამოიყურება.
"როდესაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საუბრობენ ჩვენს თანამშრომლობაზე "ნაცმოძრაობასთან", გადახედონ თავიანთ რიგებს და ნახავენ, რომ უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წვრებისგან შეავსეს, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით გადაიბირეს თუ ზოგი ნებითაც გადავიდა. ამაზე რატომ არ საუბრობენ?
"გიგა ბოკერია იქნება თუ ნიკა გვარამია, თუკი საჭირო გახდა ყველას დაველაპარაკებით. პუტინსაც დაველაპარაკებით, თუკი ეს ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი გახდა. არავინ არ აპირებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში შესვლას. ეს გამორიცხულია. ხვალ, რომ ივანიშვილს შევხვდეთ, ეს ნეგატიური ამბავი იქნება? ის ხომ ქვეყნის არაფორმალური მმართველია.
"თავისუფალი დემოკრატები" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად აქციებში მონაწილეობას არ აპირებს. არ ვართ და არ ვიქნებით ამ ხალხის გვერდით.
"ასეთი საუბრები ორი პოლიტიკური ძალის ინტერესში შედის - ესენი არიან "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რათა ჩვენი პარტიის დისკრედიტაცია მოხდეს. პირდაპირ გეტყვით, რომ არც ერთ მათგანს ამ ბედნიერებას არ მივანიჭებთ. ხოლო საუბარი იმაზე, რომ ალექსი პეტრიაშვილი და ნინო გოგუაძე ამ გაერთიანების მომხრეები არიან, სრული აბსურდია. ამაზე კომენტარების გაკეთებაც კი უკვე უაზრობად მიმაჩნია," - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.