საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა სრულმასშტაბიანი პროცედურები
თიკო ოსმანოვა
15.10.2015

 ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას ორ ეპიზოდში ითხოვს, სადაც ერთ-ერთში ქართველი შეიარაღებული ძალების შესაძლო დანაშაულზეა საუბარი. პროკურორის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმაში. რუსეთი ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, რასაც 113 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 18500 კი იძულებით გააძევეს საკუთარი სახლებიდან.

პროკურორმა სამშაბათს სასამართლოს საქმის გამოძიების დაწყების ნებართვაზე ოფიციალურად მიმართა. ეს გამოძიება ეხება თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობასა და სამშვიდობო ძალებზე. როგორც პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ბოლო პერიოდში ამ საქმეების გამოძიება შეჩერდა, რამაც საერთაშორისო ტრიბუნალის იურისდიქციის საკითხი წამოჭრა, რადგან, წესდების თანახმად, საერთაშორისო სასამართლო, როგორც უკანასკნელი ინსტანცია, საქმეს იძიებს მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ნაციონალური ორგანოები ამას არ ან ვერ ახორციელებენ. 54 წლის ფატუ ბენსუდა არის დასავლეთაფრიკული სახელმწიფო გამბიის მოქალაქე, პროფესიით - იურისტი და 2012 წლიდან ის ჰააგის ტრიბუნალის მთავარი პროკურორია.

ის აცხადებს, რომ გამოძიება შეეხება ორივე, როგორც რუსული ასევე ქართული, მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს.

მთავარი პროკურორის განცხადებით, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ომის დროს დახოცილია 113 ქართველი სამოქალაქო პირი, ხოლო 18500 იძულებით გადაასახლეს. მართალია, ეს ოსურმა შენაერთებმა ჩაიდინეს, მაგრამ დანაშაული ჩადენილია "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლო მონაწილეობით."

ამჟამად ჰააგის ტრიბუნალის მოსამართლეებმა უნდა მიიღონ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, აუნთონ თუ არა მწვანე შუქი სრულმასშტაბიანი გამოძიების დაწყებას, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ კონფლიქტს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს. ამავდროულად, რუსეთს რომის სტატუტის რატიფიცირება არ განუხორციელებია.

თავისუფალი უნივერსისტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორის თამარ თომაშვილის თქმით, გამოძიება ეცდება დაადგინოს კონკრეტულად ვინ ჩაიდინა დანაშაული, თუმცა პირველი პირების - სააკაშვილისა და პუტინის - პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს. იგი ასევე ფიქრობს, რომ რუსეთი ჰააგის სასამართლოსთან არ ითანამშრომლებს.

"პროკურორს გააჩნია გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმაში.

"გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების სამშვიდობო ობიექტები მრავალჯერ მძიმედ იქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებიდან, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი. სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმის შედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა დაღუპული და 30 დაჭრილი, მათი ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურებულ იქნა," - აღნიშნულია ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, პროკურორს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით 2008 წლის 1-ელი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამკვლევა სურს.

"ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ გამოძიების დაწყება არ წაადგება მართლმსაჯულების ინტერესებს. აღნიშნულ დანაშაულთა შედეგად დაზარალებული პირები კვლავ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას", - ნათქვამია ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ თომაშვილის თქმით, გამოძიება ეცდება დაადგინოს კონკრეტულად ვინ ჩაიდინა დანაშაული იმ ეპიზოდში, სადაც ქართული შეიარაღებული ძალების მიერ შესაძლო დანაშაულზეა საუბარი. იმის ალბათობა, რომ საქართველოს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, არის ძალიან უმნიშვნელო.

"ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოსაძიებლად ნებართვა სთხოვა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული ტრიბუნალი, არ ვიცი. თუმცა, სავარაუდოდ, დააკმაყოფილებს, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც წესი პროკურორის ოფისი ძალიან მაღალ დონეზე შეისწავლის ფაქტებს და მხოლოდ იმ შემთხვევებს წარადგენს, რომლებიც მიაჩნია, რომ აკმაყოფილებს წესდების მოთხოვნებს.

"თვითონ პროკურორი გამოძიების დაწყებას ითხოვს ორ ეპიზოდზე: პირველი, ეს არის ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებული საკითხი, სადაც საუბარია, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების და ასევე, რუსეთის ძალების შესაძლო პასუხისმგებლობაზე, რაც ძალიან კარგია. გამოდის, რომ პროკურორის ოფისი ფიქრობს, რომ ეთნიკური წმენდის საკითხში მნიშვნელოვანია არა მარტო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ჯარის მიერ განხორციელებული ქმედებების შესწავლა, არამედ რუსი სამხედროებისაც.

"რაც შეეხება მეორე ეპიზოდს. აქ საუბარია ორ სხვადასხვა მოვლენაზე. პირველი საქმის გამოძიება შეეხება 2008 წლის 1 ივლისიდან მიმდინარე მოვლენებს, როდესაც რამდენიმე ქართველი სამშვიდობო გარდაიცვალა. მეორე ინციდენტია ე.წ. ვერხნი გოროდოკის დაბომბვა. ეს იყო რუსეთის სამშვიდობო ჯარების შტაბი, რომელიც არის ცხინვალთან შემაღლებულ ტერიტორიაზე. ქართველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქიდან ხდებოდა ქართულ ჯარზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელებაზე ინფორმაციის გადაცემა. რუსები ამბობენ, რომ ქართველებმა დაბომბეს ეს ტერიტორია. ქართველი ჯარისკაცები კი გამოძიების ეტაპზე, რამდენადაც მახსოვს, ამბობდნენ, რომ იქ იყო სამხედრო ობიექტი და პირველი იქიდან გაიხსნა ცეცხლი. შესაბამისად ეს ერთი ეპიზოდია, სადაც ქართული მხარის დანაშაულზეა საუბარი.

"ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ სასამართლო. მან შეიძლება დააკმაყოფილოს პირველ ეპიზოდზე საქმის გამოძიების დაწყება ან ორივე ერთად", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თომაშვილი.

მისივე თქმით, გამოძიება დაიწყება კონკრეტულ ეპიზოდებზე და არა მთლიანად მოვლენაზე. მისივე თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ შეიძლება დადგეს მაღალი თანამდებობის პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი.

"ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი აინტერესებს. საუბარია სახელმწიფოს მეთაურზე, აღმასრულებელი ხელისუფლების პირებზე, გენშტაბის უფროსზე, დე ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე და სხვა. მათ სურთ გაიგონ, ვინ დაგეგმა და ვინ გასცა ესა თუ ის ბრძანება. მათ ჩვეულებრივი ჯარისკაცების ქმედებების გამოძიებაზე ამდენი ფინანსების დახარჯვა არ უღირთ.

"აღსანიშნავია, რომ დაბალი დონის სამხედრო შეტაკებების გადაწყვეტილებაზე არასოდეს არ იღებენ მონაწილეობას პრეზიდენტები, ამიტომ ამაზე საუბარიც სასაცილოა. მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ეთნიკურ წმენდაზე, ეს არის გამიზნული ქმედება, იმის გადაწყვეტა, რომ კონკრეტული ტერიტორია გაწმინდო გარკვეული ეთნიკური ჯგუფისგან. როგორც წესი, ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას იღებენ მაღალი თანამდებობის პირები. ეს უკვე სასამართლოზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ დადგება თუ არა რუსეთის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი, ამაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება სპეკულაცია იქნება. ამას ძალიან კარგი მტკიცებულება უნდა, რომელიც დაასაბუთებს, რომ ეთნიკური წმენდის შესახებ პუტინი ინფორმირებული იყო. მეორე საკითხია ითანამშრომლებს თუ არა რუსეთი, რაშიც ეჭვი მეპარება. სავარაუდოდ, სასამართლოს მტკიცებულების კუთხით პრობლემები შეექმნება. თუმცა გამორიცხული არაფერია", - გვითხრა თომაშვილმა.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი კი დარწმუნებულია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არც ერთ შემთხვევაში არ დაზარალდება.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, საქართველოს არ განუხორციელებია აგრესია, სხვის ტერიტორიაზე არ გადასულა და ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია. ამდენად, ვოლსკის თქმით, აქ საქართველოს ბრალეულობა არ შეიძლება იყოს.

მისივე განცხადებით, ფაქტია, რომ ცხივალის რეგიონიდან გამოძევებულია ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი, რასაც ეთნიკური წმენდა ჰქვია და ამ ფაქტს ვერავინ უარყოფს.

"რუსეთმა ძალიან მზაკვრული გონივრულობით დაგეგმა მისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვან სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში, შემოჭრა და აქ სამხედრო დასწრების გაძლიერება. ეს გეგმა რუსეთმა განახორციელა იმ მძიმე სტრატეგიული შეცდომების საფუძველზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ნებსით თუ უნებლიეთ დაუშვა. ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის და იმავე დღეებში განაცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ეს მნიშვნელოვანწილად აისახა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, ისევე როგორც ევროკავშირის სპეციალური კომისიის მასალებში.

"ის, რაზეც ახლა ვსაუბრობ, საქმის პოლიტიკური ნაწილია. არსებობს სამართლებრივი საკითხები, რომლებშიც ჰააგის ტრიბუნალის პროკურორი ვფიქრობ, ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, რადგან მას საშუალება არ ჰქონდა, ქართული მხარის მიერ შეგროვებულ მასალას გასცნობოდა. აქედან გამომდინარე, წინასწარი მონაცემებით, რამის მტკიცება აბსოლუტურად შეუძლებელია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის საერთაშორისო სამართლებრივი ორგანო, რომელიც რომის შეთანხმების (რომის სტატუტის) საფუძველზე შეიქმნა და მის იურისდიქციაშია 2002 წლიდან, ანუ სტატუტის ძალაში შესვლის თარიღიდან მოყოლებული გენოციდის, სამხედრო დანაშაულისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. სტატუტი ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს 123 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს. რუსეთს ის რატიფიცირებული არ აქვს, ისევე როგორც აშშ-ს. ევროკავშირის ქვეყნები უკლებლივ სტატუტის წევრები არიან.

ეს ორგანო არ უნდა აგვერიოს ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალში, რომელიც მხოლოდ ამ ყოფილ ბალკანურ ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულს იძიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×