"ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარების კუთხით ნომერ პირველი დონორია"
ლიკა ამირაშვილი
16.10.2015

 ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი მუშაობა 1992 წლიდან დღემდე უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. ევროკავშირი ყოველწლიურად საქართველოში მილიონობით ევროს დებს, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა რეფორმების განხორციელებისთვის იხარჯება. აღნიშნული თანხები პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება, რომელსაც სახელმწიფო თავად ადგენს.

"რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პროექტებისა და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხის რაოდენობით დაინტერესდა. ამისათვის ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისგან აღნიშნული ინფორმაცია გამოვითხოვეთ.

როგორც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გვითხრეს, დღეს საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობა 218-ს შეადგენს.

"უამრავი მსხვილბიუჯეტიანი პროექტი კონკრეტულად შემდეგ სფეროებში ხორციელდება: ადამიანის უფლებების დაცვა, ქალთა თანასწორობის ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ჩამოყალიბება და გაძლიერება, ხალხის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პოლიტიკა და ადმინისტრაციული მართვა, ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, დასაქმების პოლიტიკა, საკანონმდებლო და მართლმსაჯულების სფეროს განვითარება, პოლიტიკური პარტიების არსებობის ხელშეწყობა, დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა, ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა, საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით, მასწავლებელთა პროფესიული განათლების ამაღლების ხელშეწყობა, წყალმომარაგება და სანიტარია, ჰიდროელექტროსადგურების მოვლა, კატასტროფების პრევენცია და მზადყოფნა," - უთხრეს "რეზონანსს" საინფორმაციო ცენტრში.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირი საქართველოს თითქმის ყველა სფეროში მილიონობით ევროს ოდენობით თანხას დებს.

"ევროკავშირი საქართველოში 1992 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა, პრაქტიკულად ყველა სფეროში დახმარებას უწევს. ეს თანამშრომლობა კონკრეტულ პრიორიტეტებზეა დაფუძნებული. დახმარების პროექტები მრავალფეროვანია.

"ევროკავშირის დახმარებებს როცა ვახსენებთ, მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ ვგულისხმობთ. გარდა ფინანსურისა, ევროკავშირის დახმარებები ტექნიკური და ექსპერტული ხასიათისაა. რაც შეეხება სფეროებს, პროექტები ხორციელდება ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის განვითარების, მართლმსაჯულების განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის, სასჯელაღსრულების სისტემის გამართვის, საზღვრის დაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. ევროკავშირის დახმარებები, პრაქტიკულად, ყველა სფეროზე აისახება.

"სტატისტიკას, თუ გადავხედავთ, ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარებების კუთხით ნომერ პირველი დონორია, რომელიც იმაში გვეხმარება, რომ ჩვენი ცხოვრების დონე ევროკავშირთან უფრო თავსებადი გახდეს, სტანდარტები ამაღლდეს და ქვეყანაში კეთილდღეობა უფრო სტაბილური გახდეს.

"როდესაც ჩვენ ციფრებზე ვსაუბრობთ, ეს ციფრები ძალიან შთამბეჭდავია. 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირის დახმარებები სამ ფაზად იყოფა: პირველი ფაზა - 1992 წლიდან 2006 წლამდე გაგრძელდა, რომელმაც 506 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე ფაზა კი 2007-13 წლებში - 624 მილიონ ევროს შეადგენდა, ხოლო მესამე ფაზა: 2014-17 წლებში 410 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

"ამ ეტაპზე მიმდინარე დახმარებები ძირითადად შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის განვითარება, სახელმწიფო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერა.

"ყველა დახმარება კონკრეტულ პრიორიტეტზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი პრიორიტეტებს არ გვკარნახობს, ევროკავშირმა შეიძლება მხოლოდ რეკომენდაცია გაგვიწიოს, მაგრამ პრიორიტეტებს, თუ რომელ სფეროში ქვეყანას, რა ტიპის დახმარება სჭირდება, ეროვნული ხელისუფლება თავად განსაზღვრავს.

"ეს არის სწორედ ევროპული ღირებულება და ჩვენი ევროკავშირთან თანამშრომლობაც ამ პრინციპზეა აგებული. ევროკავშირის მიდგომა კონკრეტული ქვეყნისათვის დაფინანსების გამოყოფის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება - მეტი მეტისათვის, ანუ რეფორმის განხორციელების კუთხით შენს პროგრესს რაც უფრო მეტად წარმატებულად აჩვენებ, ევროკავშირი უფრო მეტ დახმარებას გაგიწევს.

"ევროკავშირის დახმარება ევროპის მოქალაქეების მიერ შეტანილი გადასახადია, ჩვენი პროექტების დაფინანსება მათ მიერ შეტანილი გადასახადებისგან შედგება. ამიტომ აქ ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი მაღალია, რომ თითოეული ევროცენტი, დანიშნულებისამებრ უნდა დაიხარჯოს," - განაცხადა გოცაძემ.

სტატია შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია რედაქცია და ის არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ევროკავშირის პოზიციის გამოხატულება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×