"ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ჰააგის სასამართლო აფრიკის კონტინენტს გასცდება"
თაკო მათეშვილი
16.10.2015

 არაა გამორიცხული, უახლოეს წლებში დიმიტრი მედვედევსა და მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდეს და არაერთი ქვეყანა ვალდებული გახდეს, თუკი ეს პირები მათ ტერიტორიაზე შევლენ, ისინი სასამართლოს გადასცენ. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჰააგის სასამართლო, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას აპირებს, მათ, როგორც ქვეყნების უმაღლეს მთავარსარდლებს, დამნაშავეებად მიიჩნევს.

იურისტების ნაწილის აზრით, ეს ყველაფერი შესაძლებელია, ვინაიდან სასამართლო სწორედ კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირების და არა რიგითი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი არ ყოფილა იმხელა მასშტაბისა და ხანგრძლივობის, რომ კონკრეტულ ქმედებებში ქვეყნების უმაღლესი მთავარსარდლების დანაშაულის კვალი გამოიკვეთოს.მოგეხსენებათ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას ორ ეპიზოდში ითხოვს, სადაც ერთ-ერთში ქართველი შეიარაღებული ძალების შესაძლო დანაშაულზეა საუბარი.

პროკურორის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, რაც მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმაში გამოიხატა. რუსეთი ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, რასაც 113 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 18500 კი იძულებით გააძევეს საკუთარი სახლებიდან.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მნიშვნელოვანს უწოდებს იმ გარემოებას, რომ აქამდე ჰააგის სასამართლოს პრაქტიკაში არის მხოლოდ საქმეები და დანაშაულებები, რომლებიც აფრიკის კონტინენტზეა ჩადენილი. ევროპაში ჩადენილ ფაქტებთან დაკავშირებით მას აქამდე არასოდეს უმსჯელია. თუ აგვისტოს ომზე გამოძიება დაიწყება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ჰააგის სასამართლო აფრიკის კონტინენტს გასცდება.

მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოსაგან განსხვავებით, ჰააგის სასამართლო სახელმწიფოს პასუხისმგებლობას არ აყენებს. იგი მოწოდებულია, რომ კონკრეტულ დანაშაულებებზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირები გამოავლინოს და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

ამავდროულად იგი არა თითოეული ჯარისკაცის მოქმედებებს იკვლევს, არამედ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას აფასებს. იურისტის თქმით, არ არსებობს არანაირი თანამდებობა, რაც ვინმეს სასამართლოს წინაშე იმუნიტეტს მიანიჭებს. მისთვის ყველა თანაბარია, მიუხედავად მისი სტატუსისა. ასევე, ხანდაზმულობის ვადებიც არ არსებობს. თუ ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით დადგინდება, რომ პირი დამნაშავეა, ის პასუხისმგებლობას ვერ დაემალება.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხერხდება ვერდიქტის აღსრულება, იურისტის თქმით, სასამართლოს ამის ბერკეტები გააჩნია.

"რა თქმა უნდა, სასამართლოს არ ჰყავს ჯარი და დამოუკიდებელი პოლიცია, რათა მიღებული განაჩენი სისრულეში მოიყვანოს. არის შემთხვევები, როცა მათ პირებზე ძებნა აქვთ გამოცხადებული და მათი თავისუფლების აღკვეთა რთულია, მაგრამ სასამართლოს მთელი რიგი ინსტრუმენტები აქვს, რითიც განაჩენის აღსრულება შეუძლია უზრუნველყოს.

"მაგალითად, თუკი ჰააგის სასამართლო ვინმეზე ძებნას გამოაცხადებს, ყველა სახელმწიფო, რომელიც რომის სტატუსის წევრია, ვალდებულია, თუკი პირი მის ტერიტორიაზე აღმოჩნდება, დააკავოს და სასამართლოს გადასცეს. ასეთი ქვეყნების რაოდენობა კი საკმაოდ ბევრია", - ამბობს ნაცვლიშვილი.

კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა რუსეთისა და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და რა შეიძლება იყოს მათი სასჯელი, ნაცვლიშვილი შემდეგნაირად გვპასუხობს:

"დიახ, სასამართლო ზოგადად ამ სულისკვეთებით შეიქმნა, რომ სწორედ პირველმა პირებმა უნდა აგონ პასუხი, თუკი ისინი ჩადიან სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს და არა საშუალო დონის პოლიტიკურმა პირებმა, ან რიგითმა სამხედროებმა. ამიტომაცაა, რომ არანაირი სტატუსი - იქნება იგი არჩეული პირი, თუ თანამდებობა მემკვიდრეობით ექნება მიღებული - იმუნიტეტს არ წარმოადგენს.

"ყველაზე დიდი სანქცია, რაც ამ პირებს შეიძლება შეეფარდოს, პატიმრობაა და ამის პრაქტიკაც ყოფილა. წინასწარი პატიმრობაცაა გამოყენებული, მათ შორის სამხედრო ლიდერების მიმართ, რომელთაც ომის დანაშაულში ედებათ ბრალი", - აღნიშნავს იურისტი.

იმის გამო, რომ რუსეთი რომის სტატუსის წევრი არაა, შესაძლოა გამოძიების პროცესში გარკვეული სირთულეები შეიქმნას, თუმცა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს არ იქნება დაუძლეველი, რადგან სასამართლოს აქვს იურისდიქცია ამ კონფლიქტში რუსეთის ჩართულობა შეაფასოს და კონკრეტული თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. მიუხედავად იმისა, არის თუ არა რუსეთი რომის სტატუსის ხელშეკრულების ხელმომწერი.

რაც შეეხება პრაქტიკული სახის დაბრკოლებებს, რაც რუსეთმა შეიძლება შექმნას, მაგალითად თავიანთ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამომძიებლები არ შეუშვან, იურისტის თქმით, გამოსავალი აქაც არსებობს.

"თავის დროზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცხელ კვალზე დოკუმენტირებისათვის სერიოზული სამუშაო გავწიეთ. "საია" და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დადიოდა, რათა ის მტკიცებულებები შეეგროვებინა, რომლებიც ჩვენი მოსაზრებით ქართველთა წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის დამადასტურებელია.

"ათასზე მეტი ოჯახი გვყავს გამოკითხული, რომლებიც დაზარალებულები, ან ამ დანაშაულების მოწმეები არიან. გვაქვს ფოტომასალაც და გამოძიებას ხელი არ შეეშლება იმის გამო, რომ ოსეთის დე-ფაქტო ტერიტორიაზე ვერ შევა", - ამბობს ის.

 მოსაზრებას იზიარებს იურისტი ლევან ალაფიშვილიც და ამბობს, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, რომის სტატუსის წევრი ქვეყნების მხრიდან, საერთაშორისო მექანიზმებია გათვალისწინებული. მისი თქმით, დღემდე გამოძიებული გახმაურებული საქმეები უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა და ვერდიქტი აღსრულდა კიდეც. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მექანიზმი მუშაობს.

"მართალია შეიძლება ესა თუ ის სახელმწიფო რომის სტატუსის წევრი არ იყოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მისი რომელიმე ჩინოსნის გადაადგილება ამ ქვეყნის ფარგლებს ვერ გასცდება და გარდა ამისა, თუკი ეს სახელმწიფო თანამშრომლობაზე და საბოლოო ვერდიქტის აღსრულებაზე უარს იტყვის, სხვადასხვა საერთაშორისო ბერკეტები ჩაერთვება - როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური, რომლებიც ამ ქვეყნის იძულებისაკენ იქნება მიმართული", - ამბობს ალაფიშვილი.

მისივე აზრით, რაკი საქმე ჰააგის სასამართლომდე მივიდა, იმას არ ნიშნავს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ საკმარისი უნარი ვერ გამოავლინა და დასძენს, რომ საქმე არა უნარის, არამედ შესაძლებლობის არქონას ეხება. ამბობს, რომ ისიც გასარკვევია იგივე საქმეს იკვლევდა ქართული მართლმსაჯულება, რის გამოძიებასაც ჰააგა აპირებს, თუ არა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და შესაბამისად, გამოძიებას ამით ხელი ეშლებოდა.

"ამიტომ, ვერ ვიტყვი რომ საქმე უუნარობასთან ან შეგნებულად არგამოძიებასთან გვაქვს. გამოძიება საჯარო ვერც იქნებოდა, რადგან საქმე სამხედრო დანაშაულებს ეხება. ფაქტია, რომ ამ საქმის გამოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა", - აღნიშნავს ალაფიშვილი.

რაც შეეხება ქვეყნების პირველი პირების - სააკაშვილისა და მედვედევის პასუხისმგებლობის დაყენებას, ალაფიშვილი ამბობს, რომ ამის მოლოდინი ნაკლებად აქვს, თუმცა, ფიქრობს, რომ იმ კონკრეტული ქმედების შემსრულებლები და დავალების გამცემნი დადგენილნი და დასჯილნი იქნებიან.

"ქართულ-რუსული ომის დროს დიდი მასშტაბისა და ხანგრძლივობის საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა და ამიტომ იმაზე საუბარი, რომ კონკრეტული ქმედების დაგეგმვაში უმაღლესი მთავარსარდლები ჩართულები იყვნენ, ჩემთვის საფუძველს მოკლებულია", - აცხადებს იურისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×