ეკატერინე ბასილაია
17.10.2015

 დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე დღის წინ გაცხადებულ ინიციატივაში, რომ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ის მეოთხე ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ხსნის, ადგილობრივებისთვის ახალი და შემამსუბუქებელი არაფერია - აღმოჩნდა, რომ პუნქტი მხოლოდ ადგილობრივ სოფელში მცხოვრები 12 ეთნიკურად ოსისათვის კეთდება, მათი მეზობელი ქართველები კი ამ გადასასვლელით ვერ ისარგებლებენ და ისევ გაგრძელდება მათი გატაცება "საზღვრის დარღვევის" ბრალდებით.

თავდაპირველად, რამდენიმე დღის წინ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გაცხადდა, რომ "საზღვარზე" გამარტივებული გადასვლა ოსურ სოფელ ხელჩუასა და ქართულ სოფელ ზარდიანთკარს შორის მოხდებოდა, მაგრამ მაშინ არ დაკონკრეტებულა დეტალები, თუ ვის შეეძლო გადასვლა და ვის - არა. ამიტომაც ქართულმა მედიამ მხოლოდ ზოგადად ფაქტი გააშუქა.

არადა, აღმოჩნდა, რომ გამარტივებული გამშვები პუნქტი მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის 12 მოქალაქისათვის იხსნება, მათთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი ე.წ. საზღვრის გაყვანის შემდეგ ერთ მხარეს, ბაღი კი მეორე მხარეს აღმოჩნდა. ამ 12 "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს" ნებართვა ეძლევა, საკუთარი მიწის დამუშავებისა და მოსავლის ასაღებად ე.წ. საზღვარი კვირაში ოთხი დღე გადაკვეთონ.

გადასვლის ნებართვა კი არ ეძლევა იმ ქართულ მოსახლეობას, ვისაც ამ 12-ის მსგავსად საოკუპაციო ხაზის გავლებამ სახლები და ბაღები ორად გაუყო.როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ინფორმაცია, რომ მხოლოდ 12 ადამიანისათვის იხსნება გამარტივებული მიმოსვლა და მხოლოდ ამ 12 ადამიანს სჭირდება სასიცოცხლოდ ბაღები, ეს განვითარება ახალია და თვის ბოლოს ერგნეთის შეხვედრაზე ამ კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში საკითხი აუცილებლად დადგება.

"ამგვარი საკითხები ისედაც განიხილება, მაგრამ ახლა ამ კონტექსტში მით უფრო დადგება - რაშია საქმე, როდესაც საუბარია ეთნიკურად ერთი კუთვნილების მოქალაქეების საჭიროებაზე და მეორეს რა, არ სჭირდება?! ამ ასპექტში დისკრიმინაციული მიდგომაა.

"თუმცა, რადგან ისინი ასე იქცევიან და თუ ამას დისკრიმინაციის ნიშნები აქვს, ჩვენ როგორც ევროპული ცივილური ხელისუფლება და საკუთარ მოქალაქეებზე პასუხისმგებელი ხელისუფლება ვერ და არ ვიმოქმედებთ ისე, როგორც მოქმედებს საოკუპაციო რეჟიმი", - აცხადებს ციხელაშვილი.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის 3 "საკონტროლო-გამშვები პუნქტი" ფუნქციონირებს, აქედან 2 ზნაურის, ხოლო 1 ახალგორის რაიონში. სოფელი ხელჩუა, სადაც მეოთხე პუნქტი გაიხსნება, ქართულ სოფელ ზარდიაანთკართან მდებარეობს, სადაც რამდენიმე ოსური ოჯახიც ცხოვრობს.

ამ ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის შემთხვევაში ეს პირველი გადასასვლელი იქნებოდა საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის გორის რაიონის მხრიდან და ამიტომაც პუნქტის გახსნა თბილისში ბევრმა წინ გადადგმულ სასიკეთო ნაბიჯად მიიჩნია.

თუმცა, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ვებ-გვერდზე წერია, გადასასვლელი იხსნება "სამხრეთ ოსეთის რამდენიმე მოქალაქისათვის", რომლებიც ზარდიაანთკარში ცხოვრობენ, რათა "არ დაირღვეს სამხრეთ ოსეთთან ნათესაური კავშირები".

აღსანიშნავია, რომ ე.წ. მეოთხე გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განიხილეს. "კავკაზსკი უზელი" წერს, რომ იმ 12 ეროვნებით ოსი პირის სია რუს მესაზღვრეებს გადაეცემა, რომ ამ გადასასვლელით სხვებმა არ ისარგებლონ. ამ ადამიანებს კი ოსური "პასპორტებით" შეეძლებათ ოკუპირებულ მხარეს გადასვლა.

რუსული მედიის ცნობით, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობის არსებობის საშუალება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, იქ მოყვანილი პროდუქტი და ასევე შინაური პირუტყვია და სოფელში სხვა შემოსავალი არ არსებობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამშვები პუნქტი გაეხსნა იქ, სადაც 2012 წლიდან ორ სოფელს შორის მოძრაობა არაოფიციალურად მაინც ხდება.

ოსურ სოფელ ხელჩუასა და ქართულ სოფელ ზარდიაანთკარს შორის ე.წ. საზღვარი პირდაპირ სოფლის ქუჩაზე, ზოგან კი პირდაპირ საცხოვრებელი სახლის ეზოებზე ან ბაღებზე გადის. იქვე გავლებულია ღობე და ერთ ადგილზე დამონტაჟებულია ჭიშკარი, რომლის გვერდით დგას ჯიხური, სადაც უკვე გამოკრულია ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გრაფიკი 12 ადგილობრივისთვის.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ანალოგიურ მდგომარეობაში ამ 12-ზე მეტად ბევრი ქართველი, მათ, ვისაც არსებობისათვის მნიშვნელოვანი ბაღები და სასოფლო-სამეურნეო მიწები ოკუპირებულ მხარეს დარჩათ და ამ 12 ოსისაგან განსხვავებით, უკვე რამდენიმე წელია მიწებს ვერ ამუშავებენ.

მეტიც, საოკუპაცო ზოლთან ახლოს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღებში მუშაობისას თუ ტყეში ჯონჯოლისა და შეშის გამოსატანად შესვლისას არაერთი ქართველი გაუტაცნიათ და დაუკავებიათ რუს მესაზღვრეებს ვითომ "საზღვრის გადაკვეთის" ბრალდებით და მხოლოდ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაუშვიათ.

ქართველებისაგან განსხვავებით, გადასვლა-გადმოსვლის პრობლემა ოს მოსახლეობას არასდროს ჰქონია და ამ ინიციატივამდეც დაუბრკოლებლად ამუშავებდნენ საკუთარ ბაღებს და დაუბრკოლებლად გადადიოდნენ ოკუპაციის ხაზს.

თუმცა, "კავკაზსკი უზელი" წერს, რომ ადგილობრივ ოსებსაც აქვთ პრობლემები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ე.წ. საზღვარი გაავლეს, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მაგალითად, ერთი ადგილობრივი მკვიდრი, რომლის ბაღი ზარდიაანთკარშია, სახლი კი ხელჩუაში, ამბობს, რომ პრობლემები შეექმნა.

"ცოტა ხნის წინ მოსავალი ყუთებით ამ საზღვარზე სახლში გადამქონდა. ქართულმა პოლიციამ დამაკავა და დიდხანს მკითხავდა - რა მიმქონდა, სად შევაგროვე. არ მიშვებდნენ. ეს პოლიციის საგუშაგო ქართველებმა 2012 წელს დააყენეს, მანამდე უფრო შორს იყო, სამი წლის წინ კი ოსეთის საზღვართან ახლოს გადმოწიეს და ადგილობრივ ოსებს ხელს გვიშლიან. ჩვენ ვცდილობთ მათგან თავი შორს დავიკავოთ", - ამბობს "კავკაზსკი უზელთან" საუბარში ერთ-ერთი ადგილობრვი ქალბატონი.

მისი თქმით, ამ გადასასვლელის გახსნა მათ ბაღებში გადასვლას გაუადვილებს და ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება იმასაც აცხადებს, რომ მათ ქართულ მხარეს უკვე აცნობეს და ასევე გააგზავნეს შეტყობინება, რომ ზარდიაანთკარში მყოფმა პოლიციელებმა არ შეაწუხონ და არ დააკავონ სოფლის ოსი მოსახლეობა, რომლებიც გარკვეული გარემოებების გამო ქართულ სოფელში აღმოჩნდნენ. დე ფაქტო ხელისუფლებაში ასევე აცხადებენ, რომ "ლენინგორში (იგივე ახალგორში) მცხოვრები საქართველოს მოქალქეების უფლებები არ ილახება".

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ოფიციალურ თბილისს საოკუპაციო რეჟიმიდან არანაირი შეტყობინება არ მიუღია და ისინი ამ დრომდე არკვევენ რა გამშვებ პუნქტზეა საუბარი.

"ამ ადამიანებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ატარებდნენ და პრობლემები არ ჰქონიათ. საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამორჩევას და დისკრიმინაციას არ ეწევა. საოკუპაცო რეჟიმიდან კი ამ ახალ გამარტივებულ გამშვებ პუნქტზე არანაირი შეტყობინება გამოგზავნილი არ ყოფილა. მე დავეკითხე კოლეგებს შსს-ში და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია. მხოლოდ თქვენს ინფორმაციას ვეყრდნობი, რომ მხოლოდ 12 ეთნიკურად ოსისთვის იხსნება ახალი პუნქტი.

"ვისაც ატარებენ, იმათთვის მაინც იქნება შეღავათი და ამის დაკეტვის მომხრე არავინ იქნება. თუმცა, როდესაც დისკრიმინაცია და გამორჩევა ხდება, ეს თავისთავად ცუდია," - აცხადებს ციხელაშვილი.

მისი თქმით, გრძელვადიანი დეოკუპაციისა და მავთულხლართების დაშლისკენ მუშაობის პარალელურად ოფიციალური თბილისიდან ჟენევაში ყველა რაუნდზე და ერგნეთის ყველა შეხვედრაზე არის მოთხოვნა, რომ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომა ჰქონდეთ.

"ადგილზე მცხოვრებ ოსებს, სულ რამდენიმე ოჯახია, მიმოსვლაზე ქართული მხარისაგან დაბრკოლება არასოდეს ჰქონიათ. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ დაკარგული წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მიწებზე და ამ საკითხზე მოთხოვნა ძალიან ბევრჯერ ყოფილა, უბრალოდ კედელს ვაწყდებით. მიუხედავად ამისა, მაინც მაქვს იმედი და ამ ჩემი კომენტარით არ მინდა იმედი გადავწურო.

"ჟენევაში ბოლო რაუნდზეც იყო საუბარი, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების კომისიის მომავალ სხდომაზე განიხილებოდა ზაფხულში სამ სოფელში - წითელუბანში, ხურვალეთსა და თამარაშენში ბანერების დამონტაჟებისა და ამის შედეგად 158 ოჯახისათვის საკუთარ მიწებზე წვდომის საკითხი. ჩვენი მოთხოვნაა ახალი სეზონისათვის ამ ადამიანებს საკუთარ მიწებზე წვდომის უფლება მიეცეთ", - ამბობს ციხელაშვილი.

მისივე თქმით, თუკი ვინმე იტყვის, რომ ოსები დაუბრკოლებლად გადმოდიან და ჩვენ რატომ ვუშვებთ, ან რომ სამაგიეროდ უნდა მოვითხოვოთ ეთნიკური ქართველების გატარებაც, მისი პასუხი ასეთია:

"ჩვენთვის ეთნიკური კუთვნილების განურჩევლად ყველა საქართველოს მოქალაქეა და საოკუპაციო რეჟიმს და მით უმეტეს დე ფაქტო ავტორიტეტებს ვერ შევეჯიბრებით მათ მიდგომაში, რომლებიც სამწუხაროდ, ჰუმანიტარულ მოსაზრებებს აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ და ეთნიკურად დისკრიმინაციული მიდგომა აქვთ.

"მივესალმებოდით და მივესალმებით, თუკი პატარა ნაბიჯი მაინც გადაიდგმება მიმოსვლის გამარტივებისკენ, მაგრამ ცხადია, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს. ის მავთულხლართები, ბანერები საერთოდ არ უნდა არსებობდეს და ვიდრე ეს ამოცანა არ იქნება მიღწეული, ცხადია, ეს საკითხები მუდმივად დღის წესრიგში იქნება", - განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მავთულხლართები და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები გაცილებით მეტ ეთნიკურ ოსს უქმნის პრობლემას და უმძიმებს ცხოვრებას, ვიდრე ეთნიკურად ქართველს.

"ორჯერ უფრო მეტია იმათი სტატისტიკა, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან ცდილობენ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოსვლას, ვიდრე საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მიწებსა და სავარგულებზე რომ გადადიან. მათივე სტატისტიკით, 2-ჯერ მეტი ადამიანია მსურველი და დაკავებული გადმოსვლის მცდელობისას. ეს იმას ნიშნავს, რომ მავთულხლართები არავის ინტერესებს არ ემთხვევა, პირველ რიგში კი ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლების ინტერესებს.

"ჩაკეტვა და გადაადგილებისა და საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვა არაცივილურია და რადგან ისინი ასე იქცევიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაც ასე უნდა მოიქცეს. ჩვენ ასეთ ნაბიჯს არ და ვერ გადავდგამთ. "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები" არ არსებობენ, ყველა ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. არ დგას საკითხი ისე, რომ რადგანაც სამხრეთ ოსეთში რუსეთს საოკუპაციო ხაზი აქვს გავლებული და მავთულხლართებს აბამენ, ჩვენც უნდა შევძზღუდოთ ჩვენი მოქალაქეები", - დასძენს მინისტრის მოადგილე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×