NDI-ს კვლევების მიხედვით, საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია. ევროკავშირში გაწევრიანებას რესპონდენტთა 61% უჭერს მხარს, ეწინააღმდეგება 21%, შეკითხვაზე პასუხი არ აქვს 17%-ს და 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
ბოლო 3 წლის განმავლობაში 61% ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. 2012 წელს ევროკავშირს მხარს უჭერდა 70%-ზე მეტი, 2013 წელს - 80%-ზე მეტი და 2014 წელს - 80%-მდე.
ამასთან, ტვშ ამ საკითხზე მსხვილ ქალაქებში დაფიქსირებულ შედეგებს ცალკე აქვეყნებს. კვლევის შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას თბილისში გამოკითხულთა 72% უჭერს მხარს, ბათუმში - 65%, ქუთაისში - 68%, გორში - 55%, ზუგდიდში - 55%, თელავში - 69%, გურჯაანში - 54%, მცხეთაში - 67%, ოზურგეთში - 47% და ახალციხეში - 62%.
აქვს თუ არა საფუძველი საქართველოში პროდასავლური განწყობების შემცირებას
რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ტვშ-ს კვლევებს არ ენდობა, თუმცა, ეს შედეგები რეალურიც რომ იყოს, არც ეს არის გასაკვირი, რადგან ევროპამ ქართველი საზოგადოების თვალში დამაჯერებლობა დაკარგა.
"საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს გამოკითხვა ასახავს რეალობას. მონაცემების კომენტირებისას, პირველი ვერსია რაც მომდის, არის ის, რომ პოლიტიკური დაკვეთა აქვს ამ ჯგუფს და ვიღაცას ანახვებენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ევროპული ორიენტაცია შემცირდა.
"თუკი მათ ვერსიას ავიღებთ, გავიაზრებთ და დავუშვებთ, რომ ეს მონაცემი სწორია - არც ეს არის გასაკვირი. გამორიცხული არ არის, რომ ევროპული ორიენტაცია შესუსტებული იყოს და კითხვაზე "რატომ?" პასუხი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
"ჩავრთოთ ტელევიზორი. ბოლო პერიოდის ევროპა ნამდვილად არ გამოიყურება დამაჯერებლად. ისინი ჩიხში არიან მოხვედრილი ეკონომიკისა და პოლიტიკის თვალსაზრისით. ეკონომიკური თვალსაზრისით, მოგეხსენებათ, საბერძნეთსა და სხვა მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს როგორი პრობლემები გაუჩნდათ. ხოლო პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგალითად, უკრაინასთან დამოკიდებულებაში ევროპის პოზიცია კი არის მკაფიო, მაგრამ ამ პოზიციის შედეგი არ არის შათამბეჭდავი.
"ახალ ამბებს ვინც ჩართავს, ნახავს ამ ყველაფერს და მაინცდამაინც შთაგონებული იმით, რომ ეკონომიკური და თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, ევროპისკენ წავიდეს, არ იქნება. ამიტომ, თუ ამ შედეგებს ავიღებთ როგორც რეალურს, პირველი, ვინც უნდა დაფიქრდეს ამაზე, ეს დასავლეთის ქვეყნებია, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილგანწყობა შენარჩუნებული ჰქონდეთ", - აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით, პროდასავლური ორიენტაციის შესუსტების გამომწვევი ქვეყნის შიდა რეალური მიზეზი არ არსებობს. საყვარელიზე აცხადებს, რომ კვლევების ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს იმისთვის, რომ შექმნას სურათი, თითქოს ამ ხელისუფლების პირობებში ევროპული ორიენტაცია შეირყა.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ დროის ფუჭად დაკარგვა იქნება კვლევაში მოყვანილი ცალკეული ციფრების განხილვა, რადგან ტვშ განსაკუთრეული სიჯიუტით აგრძელებს ქართული საზოგადოების შეურაცხყოფას.
"ამ კვლევის შეფასება უნდა დავიწყოთ ცნობილი ქართული გამოთქმით "სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო". წლებია მოწმენი ვართ კვლევების, რომლებიც ტარდება ერთი და იმავე, გაუგებარი სიჯიუტით მოქმედი სცენარით, შვედური ფულით, ამერიკული ქოლგითა და საქართველოში სრულიად ნდობადაკარგული პარტნიორის ჩართვით. არაერთი წინადადება ჰქონდათ საზოგადოებისთვის ბევრად უფრო სანდო სოციოლოგებისგან, რომ ისინიც ჩაერთვებოდნენ ამ კვლევების მომზადებაში. წინადადება იყო უგულებელყოფილიტვშ-ს მიერ და რასაკვირველია, ჩვენი საზოგადების მეხისრება არც ისეთი ჩლუნგია, რომ არ ახსოვდეს 2012 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც, თურმე ინგა გრიგოლიას უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს.
"ჩემთვის მხოლოდ დროის კარგვა იქნება ცალკეული ციფრების შეფასება. რაც არ უნდა ვისაუბროთ ცალკეულ პროცენტებზე, შეგვიძლია მხოლოდ ერთადერთი დასკვნა გამოვიტნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები 2016 წლიდან აღარ აპირებენ იმ კონფიგურაციის პარლამენტის ყოლას, როგორიც დღეს გვაქვს. ანუ, ორხელისუფლებიანი პარლამენტი არ არის საქართველოს მოსახლეობის არც ოცნება და არც პერსპექტივა.
"ამ დროს ასეთი კვლევის ავტორები გვთავაზობენ რჩევას, რომ თურმე ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებაზე უნდა ჩავფიქრდეთ. რჩევებისგან მაინც შეიკავონ თავი ადამიანებმა, რომელთა უკმეხი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ, წლიდან წლამდე არ იცვლება", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ცისკარიშვილმა. მისი შეფასებით, კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია თავადაა დაინტერესებული, რომ ქვეყანაში ევროკავშირის მომხრეთა კლება დაფიქსირდეს.
"თვითნ კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციაა იმაზე ორიენტირებული, რომ თითქოს საქართველოში ევროკავშირის მომხრეთა რიცხვი იკლებს, რათა შემდეგ მუდმივად ისაუბროს დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულობაზე. სხვა მხრივ, იმ წარმატებების ფონზე, რაც გაგვაჩნია ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის დასალაშქრად, წარმოუდგენელია რომ ეს ყველაფერი აღიქმებოდეს როგორც ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეების მიმართ ჩამოყალიბებულ უარყოფით დამოკიდებულებად.
"ესეც რა თქმა უნდა კვლევის პოლიტიკის შემადგენელია. უკეთეს შეთხვევაში, ტვშ-ის წარმომადგენელი საქართველოში არის უკიდეგანოდ გულუბრყვილო ქალბატონი, ოღონდ ვინ აიძულებს შვედური ფულით ერთი და იმავე უმსგავსი კვლებების ჩამტარებელი იყოს - არ ვიცი", - აცხადებს ცისკარიშვილი.
სოსო ცინცაძე საზოგადოების ევროპისადმი იმედგაცრუების მიზეზს საქართველოს ხელისუფლებებში ხედავს. მისი თქმით, ევროპის მხრიდან კონკრეტული დაპირება არ ყოფილა და იმ მოლოდინს, რომელიც საზოგადოებაში იყო, საქართველოს ხელისუფლებები ხელოვნურად ქმნიდნენ.
"ვერ ვიტყვით, რომ ამის მიზეზი შეუსრულებელი დაპირებებია, ვინაიდან ევროკავშირი ჩვენ არასოდეს დაგვპირებია, რომ სულ ერთ ან ორ წელიწადში მიგვიღებდა ევროკავშირის წევრად, ან უვიზო მიმოსვლას დაამყარებდა, ან თუ ავირჩევდით დასავლურ ვექტორს, ჩვენ ვიცხოვრებდით ისე, როგორც ევროპაში. ასეთი დაპირება არც ბრიუსელიდან, არც სტრასბურგიდან არ ყოფილა. აქ იყო მოლოდინი იმისა, რასაც ჩვენი უკანასკნელი ორი ხელისუფლება (შევარდნაძის ხელისუფლებაზე, რომ არაფერი ვთქვათ) ხალხს ჰპირდებოდა. სორედ ამ მოლოდინის ინფლაციაზეა საუბარი და სწორედ ეს არის ამ შედეგების მთავარი მიზეზი. როგორც დღეს ირკვევა, ეს მოლოდინიც გადაჭარბებული იყო და პირველი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ჩვენი ხელისუფლებები", - აცხადებს ცინცაძე.
ის ევროპის პასიურობასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ არც საქართველოს დიპლომატიაა საკმარისად გაბედული.
"მოდი ვთქვათ ისიც, თუ რა მოჰყვა აღმოსავლეთის პარტნიორობას. მე არ ვიცოდი, თუ ეს შედეგები დაიდებოდა და წინასწარმეტყველურადაც გამოვიდა. სულ რაღაც სამი დღის წინ საუბარი მქონდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ელჩთან ჩვენს რეგიონში. მე პირდაპირ ვუთხარი მას, რომ ევროპა ჯენტლმენურად ნამდვილად არ იქცევა აღმოსავლეთის წევრ წვეყნებთან და ამ ქვეყნების რაოდენობა განახევრდა კიდეც. მან ვეღარაფერი მითხრა, მხოლოდ ის მიპასუხა, - კი, ეს ასეა, მაგრამ ამას ობიეტური მიზეზები თან ახლავსო.
"სულ არ აინტერესებს ქართულ საზოგადოებას ობიექტური მიზეზებია თუ სუბიექტური. ისევე როგორც ქართველ პენსიონერს საერთოდაც არ აინტერესებს რა მიზეზების გამო გაუმესამედდა შემსყიდველობის მიხედვით პენსია. მათ აინტერსებთ ის, რომ ამ პენსიით ვეღარ ცხოვრობენ. ჯერ არ ყოფილა კაცობრიობის ისტრიაში მაგალითი იმისა, რომ მთვარობას მოსახლეობის მაცივართან ომი მოეგოს. ყოველთვის მაცივარი იმარჯვებს საბოლოო ჯამში.
"იყო დრო, როდესაც 84-86% უჭერდა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს იყო 6-7 წლის წინ. დღეს განახევრდა მომხრეები და ტენდენცია ძალიან სახიფათოა. იგივე თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ, ევრიკავშირს უცებ აღმოაჩნდა სამი მილიარდი ევრო იმისთვის, რომ თურქეთმა თავისი საზღვრები გაამაგროს. ჩნდება კითხვა - საქართველოს საზღვრები საერთოდ არსებობს? გამაგრებაზე აღარ არის საუბარი. 3 000 ევრო მაინც თუ მიიღო საქართველომ?
"კი, 10 წლის განმავლობაში შეიძლება რამე ტიპის დახმარება იყო, მაგრამ ჩვენ გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, როდესაც საზღვრის მონიტორინგის ჯგუფი გაუქმდა, ფრანგებმა სათვალთვალო დურბინდებიც კი არ დაგვიტოვეს და თან წაიღეს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გროვდება და ისახება შედეგებზე.
"ჩვენთან პრობლემაა ისიც, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური გამბედაობა, პოლიტიკური ნება არ ჰყოფნის საიმისოდ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ გადადგას ნაბიჯი, იმიტომ, რომ ეს არაპოპულარულად ითვლება გარკვეულ წრეებში. მეორე მხრივ, არც პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით ქართულ დიპლომატიაში. ელჩი გვყავს ევროკავშირში, ასევე ყველა ევროპულ ქვეყანაში და მათი საქმიანობის მარგი ქმედების კოეფიციენტი რა არის? პასუხს არავინ სთხოვს მათ. რა თქმა უნდა, 100%-ით ელჩები არ არიან დამნაშავეები.
"აი, მაგალითი - საფრანგეთში ჩვენ ელჩად გვყავს ქალბატონი, რომელსაც დიპლომატიასთან ისეთივე კავშირი აქვს, როგორიც ალბათ მე ტამპლიერების ორდენთან, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში იყო. ასევეა ყველა ელჩი. ამიტომ ეს მთელი კომპლექსია რიგი საკითხებისა, რაც შედეგებზე აისახა", - აცხადებს ცინცაძე.
რატომ ოზურგეთი
კვლევების მიედვით, რეგიონებში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ოზურგეთში დაფიქსირდა - 47%. როგორია რეგიონებში ხალხის დამოკიდებულება ევროპის მიმართ და რამ გამოიწვია იქ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვის კლება? რამაზ საყვარელიზე პასუხობს, რომ სოციოლოგიაში ადვილია ადამიანების დაბნევა და ამ გზით სასურველი შედეგების მიღება.
"სოციოლოგიაში ძალიან ადვილია, რბილად რომ ვთქვათ, თვალის ახვევა. გავრცელებულიც იყო ასეთი ნახევრად სერიოზული ექსპერიმენტები, რომლის მიხედვითაც, როდესაც დასავლეთის ქვეყნებში რეიტინგს არკვევდნენ, პარტიების ჩამონათვალში ჩასვევს არარსებული პარტია, ან არარსებული პოლიტიკოსი და მან საკმაოდ მაღალი რეიტინგი აიღო.
"როდესაც, მოსახლეობას კითხვას უსვამ, იქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, თუ გინდა, რომ რეალური შედეგი მიიღო. თავისუფლად შეიძლება ისეთი კითხვის დასმა, რაც ყალბ შედეგებს მოგცემს. როდესაც კარზე აკაკუნებენ უცხო ადამინები, შედიან და ეკითხებიან პოლიტიკაზე რამეს, უჭირს იმის თქმა, რომ "არ ვიცი", ან "არ მომწონს ის, რაც ტელევიზორში ისმის". შესაბამისად, ხშირად მისდევენ იმას, რასაც კითხვარი სთავაზობს. ეს უკვე თვითონ სოციოლოგების სინდისის საქმეა - გამოიყენებენ თუ არა რესპონდენტების ამ სისუსტეს ბოროტად და ეცდებიან თუ არა ის შედეგები მიიღონ, რაც აწყობთ.
"როგორც ჩანს, ტვშ ამ შედეგებზე ან არ ფიქრდება, ან ფიქრდება და ცდილობს გამოიყენოს. თუ გურულს შეეკითხებით დასავლეთზე ორიენტაცია გაქვს თუ არაო, მგონი ცხადია რასაც გიპასუხებთ გურული", - ამბობს საყვარელიძე.
სოსო ცისკარიშვილი კვლევის ჩამტარებელს პროდასავლური განწყობილების დაბალი მაჩვენებლით არჩეულ რეგიონს უწუნებს და ამბობს, რომ ოზურგეთი გონივრულად ვერ შეურჩევიათ, რადგან გურულებს პოლიტიკოსობა გენებში აქვთ.
"მგონი, მაინცდამაინც გონივრულად არ არის შერჩეული ის რეგიონი, რომელსაც თურმე ნიჰილიზმი აქვს ევროპული პერსპექტივის მიმართ. პოლიტიკოსობა გენეტიკურად მოდის გურიაში. დარწმენებული ვარ, რომ ნებისმიერი ღია დისკუსია გურიაში იქნება საფუძვლიანი თავისი პოზიციის გამოსახატავად სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ვექტორის მხარდასაჭერად. მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს, რომ საქართველოს უბედურება წარმოჩინდეს საქართველოს რუსეთისკენ ლტოლვით, ეს გახლავთ ყოფილი ხელისუფლება", - ამბობს ცისკარიშვილი.
სოსო ცინცაძე რეგიონებში პროდასავლური განწყობის შესუსტებას ევროკავშირის ქვეყნებში მასობრივ მიგრაციას უკავშირებს. "უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალბატონებიდან უმეტესობა რეგიონიდანაა. რასაკვირველია, ეს ხალხი გაღიზიანებულია და ყველაზე ნაკლები იქ იქნება ევროპის პოპულარობა. ხალხმა სახლები გაყიდა, ყველაფერი გაყიდა, რომ ევროპის ქეყნებში წასულიყვნენ და იქ მომვლელებად მუშაობენ.
"ნუ სწყინთ ნურც "ნაციონალებს" და ნურც სხვას, თუკი ევროპის რეიტინგი ეცემა და პრორუსული იზრდება. მე არ ვიცი, პრორუსული განწყობა რამდენად იზრდება, მაგრამ თუ კახელ გლეხს უნდა, რომ თავისი ღვინო გაიტანოს რუსეთში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას რუსეთი ურჩევნია ევროპას. მას რუსეთის ბაზარი ურჩევნია ევროპისას, იმიტომ, რომ ევროპის ბაზარი მიუწვდომელია. "თანაც მოსახლეობა ხედავს, რომ ხელისუფლება მხოლოდ სიტყვით აღიარებს ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს, ხოლო საქმით ყოველდღე შორდება მას. შედეგიც ეს არის და ნუღარავის გაუკვირდება", - აცხადებს ცინცაძე.
რაზე მიანიშნებს ასეთი შედეგები
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, ასეთმა შედეგებმა გარკვეულწილად შეიძლება საზოგადოების მობილიზება გამოიწვიოს.
"მთავარი შედეგი მე მგონი ის არის, რაც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს უნდათ, რომ რეალური შედეგები მიუახლოვდეს იმ ციფრებს, რაც არის კვლევაში. ამგვარ სქემაში "ნაციონალები" ხშირად იყენებდნენ სოციოლოგიას, მათთვის ეს უკვე ნაცნობია. სოციოლოგია ხდებოდა არგუმენტი იმისა, რომ არჩვენები არ იყო გაყალბებული, იმიტომ, რომ გაყაბებული სოციოლოგია მერე გამამართლებელი საბუთი იყო გაყალბებული არჩევნებისა.
"ამ გზით მიდის ერთი მხრივ პროცესი, მაგრამ თუ ეს მიზანია დასახული, შეიძლება ძალიან მარტივად ჩაიშალოს, რადგან გამორიცხული არ არის, რომ ამ შედეგების გამოქვეყნებამ საზოგადოებაში გამოიწვიოს მობილიზაცია. დაფიქრდნენ, რომ "ნაციონალებს" ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა შენარჩუნებული აქვთ და რომ მოსახლეობა უფრო მობიზილბული შეხვდეს არჩვენებს", - ამბობს საყვარელიძე.
სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოების განწყობა უკვე დაფიქსირებულია და ტვშ-მ უნდა შეწყვიტოს მოსახლეობის შეურაცხმყოფელი გამოკითხვა. მისივე თქმით, ევროპა იმეორებს იმას, რა ინფორმაიცაც იგზავნება თბილისიდან და ეს უკვე ხელისუფლების უნარიანობაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა, რომ ცილისწამებას მაინც უპასუხოს დამაჯერებლად.
"ვერ გეტყვით, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააცნობიეროს და ასწავლოს ჩვენს საზოგადოებას თეთრისა და შავის ერთმანეთისგან განსხვავება. ჩვენ ვართ უსუსურნი კონტრპროპოპაგანდის თვალსაზრისითაც და როდესაც არის რაიმე ინფორმაცია, რომელიც არის რაიმე პოლიტიკური ნიშნით შემოტანილი ქართულ მედიასივრცეში, სამწუხაროდ, არ არსებობს საპასუხო ქმედების არც ერთი ინსტიტუტი.
"ეს გახლავთ შედეგი იმისა, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეების მხრიდან, რომლებიც იმეორებენ თბილისიდან გაგზავნილ ნაკლებად სანდო ინფორამციას, როგორც ჭეშმარიტებას. ვიღებთ იქიდან საყვედურებს, მაგრამ იმის უნარიც არ გაგვაჩნია, რომ ცილისწამებას მაინც გაეცეს დამაჯერებელი პასუხი.
"თუკი რამე ბრალი აქვს ჩვენს ხელისუფლებას, პირველ რიგში, ეს არის უუნარობა საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. თუმცა, იქნებ ეს სჯობდეს იმ ნაკლებად სანდო ინფორმაციას, რომელსაც მუდმივად ავრცელებს ყოფილი ხელისუფლება. უმაღლესი თანამდებობის სავარძლებში დაბრუნების ოცნება იმდენად გამჭვირვალეა, რომ აღარავის აქვს სურვილი დღეანდელი ხელისუფლების ქმედებებზე თუ უმოქმედობაზე რაიმე სოლიდური, კრიტიკული ანალიზი გააკეთოს", - აცხადებს ცისკარიშვილი.
სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ ასეთი შედეგების საფეძველზე შესაძლოა, ევროკავშირმა თავად დაკარგოს ყოველგვარი ინტერესი საქართველოს მიმართ.
"ეს არ არის ერთჯერადი მოვლენა, ეს არის პროცესი. პროცესის შედეგი კი ის იქნება, რომ თვითონ ევოკავშირისკენ მიმავალი, იგივე ასოცირების ხელშეკრულების და ა.შ. დისკრეტიდაცია მოხდება საზოგადოების მხრიდან. თვითონ ევროკავშირიც ნახავს, რომ ასეთი შეუსრულებელი დაპირებებით ის კარგავს დასაყრდენს და ის საერთოდ დაკარგავს ინტერესს საქართველოს მიმართ.
"ნურავის ჰგონია, რომ საქართველოს ისეთი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა უკავია, რომ ჩვენ ნატო-შიც მიგვიღებენ და ევროკავშირშიც. ამას დაემატება ვარშავის სამიტი და ვნახავთ, რასაც მივიღებთ ნატო-სთან დაკავშირებით. მივივღებთ იმას, რასაც უკვე ტრადიციულად ვიღებთ. "მაგრამ მე არ ვიცი, "ოცნებას" ეყოფა თუ არა გამბედაობა, რომ როგორც "ნაციონალებს" სჩვეოდათ, ჩამოვიდნენ და მათაც თქვან - მაპ-ზე უკეთესი მივიღეთო. თუმცა ხალხი ხომ ხედავს ყველაფერს", - ამბობს ცინცაძე.