ბიზნესმენი აცხადებს, რომ წყალდიდობით დაზარალებულ სვანიძის ქუჩაზე ასფალტი საკუთარი სახსრებით მან დააგო და არა - მერიამ
თაკო მათეშვილი
19.10.2015

 13 ივნისის სტიქიიდან 4 თვისთავზე სვანიძის ქუჩა ისევ დანგრეული, ტალახიანი და მოუწესრიგებელია. ქუჩაზე თითქმის აღარავინ ცხოვრობს. სახლებს სტიქიის კვალი ისევე ეტყობათ, როგორც პირველ დღეებში. ზოგიერთი მათგანი არც შლამისა და ტალახისაგანაა ბოლომდე გაწმენდილი.

ბიუროკრატიული პრობლემები მოგვარდა, თუმცა, დაზარალებულთა უმრავლესობა კვლავ უკმაყოფილოა და ამბობენ, რომ მათ დღემდე არ მიუღიათ კომპენსაცია, რითიც ახალი სახლის შეძენას, ან ძველის გარემონტებას შეძლებდნენ. ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფენ მერიაში და აცხადებენ, რომ დაზარალებული ოჯახების დიდმა ნაწილმა კომპენსაციაც მიიღო და ახალი სახლებიც შეიძინა. დარჩენილი ნაწილიც, მათი თქმით, უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდება.

გივი სვანიძის ქუჩაზე სულ 23 ნომერია, მაგრამ თითოეულ ნომერში რამდენიმე სახლი დგას. ამ ქუჩაზე დაზარალებულად 39 ოჯახია მიჩნეული, სულ კი 13 ივნისის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 52 ოჯახი დაზარალდა.

დაზარალებულები 2 კატეგორიად დაიყვნენ - პირველი კატეგორია მერიის ქონების მართვის სააგენტოს ჩაბარდა, მეორე კი - რაიონის გამგეობას.

პირველ კატეგორიაში შედიან ისინი, ვისი სახლიც სრულად განადგურდა, თან სტიქიის ზონაშია და გარემოს დაცვის სააგენტო მათი იქიდან გასახლების რეკომენდაციას იძლევა. ქონების მართვის სააგენტო მათ ახალი სახლის საყიდელი თანხით აკმაყოფილებს. მეორე კატეგორიაში კი ისინი მოხვდნენ, ვისი სახლიც სრულად არ დაზიანდა, ამავდროულად სტიქიის ზონაში არ მდებარებს და აღდგენას ექვემდებარება. გარდა სახლის ყიდვის, ან სარემონტო თანხისა, დაზარალებულებისათვის ტექნიკისა და ავეჯის ფულიც გათვალისწინებულია. სულადობის მიხედვით ეს თანხა 8-ათასიდან 10 ათას ლარამდე მერყეობს.

სვანიძის ქუჩის დაზარალებულებიდან 20 ოჯახი პირველ კატეგორიაში შევიდა, 19 კი - მეორეში. ქუჩაზე მხოლოდ ერთი ოჯახიღა ცხოვრობს, რადგან მათი სახლის მეორე სართული დატბორვას გადაურჩა და საცხოვრებლად ვარგისია. დანარჩენი სახლების კარები კი დღემდე ღიაა და ცარიელი ოთახებიდან ტალახიანი ავეჯის ნარჩენები და განადგურებული საყოფაცხოვრებო ნივთები მოჩანს.

სიჩუმე, რომელიც მთელ ქუჩაზეა გამეფებული, მისვლის პირველივე წუთიდან შესამჩნევი და არასასიამოვნოა.

ზოგიერთ სახლში შესვლა ახლაც შეუძლებელია, რადგან იგი ისევ ისეა დაფარული ტალახით, როგორც პირველ დღეებში. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გაწმენდას მთელი ზაფხულის განმავლობაში ითხოვდნენ.

"მთელი ზაფხული ვამბობდით, რომ ეს სახლები გაეწმინდათ. წარმოიდგინეთ, დიდი სიცხის მიუხედავად, ტალახი ზოგიერთ სახლში არც კი გაშრა. საშინელი ნესტი და სუნია. ქვეწარმავლებისათვის გადასარევი პირობებია და ამას ეპიდემიის საფრთხეც ემატება," - ამბობენ ისინი. თუმცა, ამაზე უფრო სერიოზული პრობლემებიც აქვთ. კონკრეტულად ის, რომ მათი უმეტესობა დღემდე ნაქირავებ ბინებში ცხოვრობს და კომპენსაციის საკითხი გაურკვეველია.

ერთ-ერთი ასეთი კარენ კარაპეტიანის ოჯახია, რომელიც სვანიძის #9-ში, საკუთარ სახლში რამდენიმე ათეული წელი ცხოვრობდა. სტიქიის ღამეს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ და მას შემდეგ სამწევრიანი ოჯახი სახელმწიფოს მიერ ნაქირავებ ბინას აფარებს თავს. კარენ კარაპეტიანი მიიჩნევს, რომ მისი სახლის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა, იმის გამო, რომ იგი გარდაცვლილი მამის სახელზე იყო გაფორმებული, კომპენსაციას ვერ იღებს.

 "შეიხედეთ ჩემს სახლში - დღესაც ტალახითაა დაფარული. პირველ დღეებში არ შემიშვეს, თორემ თავად დავასუფთავებდი. თვითონ კი არაფერი დაასუფთავეს.

"ამდენი თვეა კომპენსაციას ველოდები, მაგრამ საბუთებში პრობლემააო - მეუბნებიან და ჯერჯერობით არაფერს მაძლევენ. ყველა მეზობელი ადასტურებს, რომ მთელი ოჯახი აქ ვცხოვრობთ წლებია, კომუნალური გადასახადების ქვითრები მოდიოდა, მაგრამ მაინც პრობლემაა.

"ქონების მართვის სააგენტოში განცხადება 7 სექტემბერს შევიტანე და პასუხი დღემდე არ მიმიღია. ორი დღეა ვურეკავ და მეუბნებიან - თქვენს განცხადებას ვეძებთ და რომ ვიპოვით, გიპასუხებთო.

"მთელ ქუჩაზე სულ 5 ოჯახს მისცეს რემონტის ფული. დანარჩენები ასე ვართ დარჩენილი და ნაქირავებში ვცხოვრობთ," - ამბობს ბატონი კარენი.

სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებმა "დაზარალებულთა კომიტეტიც" ჩამოაყალიბეს, რომლის თავმჯდომარეც ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილია. გარდა იმისა, რომ მისი ოჯახი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა, ელიზმარაშვილს აქ ბიზნესებიც ჰქონდა. მისმა ზარალმა, როგორც თავად ამბობს, დაახლოებით 12 მილიონი ლარი შეადგინა.

"მთელ კვირასთან" იგი იმ უსამართლობაზე საუბრობს, რასთან გამკლავებაც, მისი თქმით, დაზარალებულებს უწევთ.

ამბობს, რომ პირველი კატეგორიიდან მხოლოდ 9 ოჯახს მიეცა ბინა, ისიც კომიტეტის უდიდესი ძალისხმევის შემდეგ. მათ კი, ვისი სახლიც რემონტს საჭიროებს, ელიზბარაშვილის მტკიებით, დღემდე ერთი თეთრიც კი არ მიუღიათ.

ამბობს, რომ რემონტი არავის დაუწყია და თუკი ამ სახლებს დროზე არ ჩაუტარდათ რეაბილიტაცია, მალე აღარც ისინი დაექვემდებარება რემონტს.

"მერიაში მათ ეუბნებიან - ფული აღარ გვაქვს და ვეღარ გაძლევთო. რატომ არ აქვთ? იმიტომ, რომ შეჭამეს. ამას მთელი ქვეყნის გასაგონად ვყვირი, მაგრამ არავინ ისმენს," - აცხადებს ელიზბარაშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფო ნაქირავებ ბინებში მცხოვრებლებსაც კი არ უხდის ქირას დროულად.

"ისინი ყოველი თვის დასაწყისში უხდიან ქირას ბინების მეპატრონეებს, მაგრამ ოქტომბერში გამგეობამ თანხები არ ჩაურიცხა და ეს ხალხი კინაღამ გამოასახლეს. მხოლოდ 15 ოქტომბერს ძლივს ჩავარიცხვინეთ "დაზარალებულთა კომიტეტის" აქტიური ჩარევით. არადა გამგეობა ხომ ამ ფულს დაზარალებულთა ფონდიდან იხდის და არა ბიუჯეტიდან. იმ ფონდიდან სადაც ხალხმა, კომპანიებმა, თითოეულმა თქვენგანმა ჩარიცხა თანხები.

"ორი დღის წინ ლექვინაძე საკრებულოს წინაშე წარსდგა და იმდენი ტყუილი თქვა, რომ მთელი ღამე თეთრად გავათენე. ადამიანის უსინდისობას ზღვარი არ ჰქონია. როგორ შეიძლება მერის მოადგილე გამოხვიდე და ამდენი ტყუილი ილაპარაკო, როცა სიმართლე ხელისგულზე დევს?!

"წარმოიდგინეთ, საკრებულოს დეპუტატებს არაერთხელ მივმართე - ადექით მაგ თქვენი თბილი სავარძლებიდან და ჩამოიარეთ სვანიძის ქუჩა, საკუთარი თვალით ნახეთ რა გაკეთდა-მეთქი, მაგრამ არც ერთი მათგანი იქ მოსული არ გვინახავს.

"რომ ჩამოიარონ, ხომ ნახავენ, რომ იქ არაფერი გაკეთებულა. სვანიძის ქუჩა ისევ ნანგრევებშია. მხოლოდ მოხალისეებმა რაც გაწმინდეს პირველ დღეებში, ეგ არის. მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. ამ დეპუტატებმა, რომლებიც ერთხელაც არ მოვიდნენ ქუჩაზე, მერიის ანგარიში დადებითად შეაფასეს.

"ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსასვლელად "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გავწირეთ და ესენი კი არათუ დაემსგავსნენ მათ, გაუსწრეს კიდეც. ასე თუ აფუჭებდა სავარძელი ადამიანს, არ მეგონა," - ამბობს ელიზბარაშვილი.

მისივე თქმით, საზოგადოებასაც არ აქვს სწორი და სრული ინფორმაცია, რადგან მედიით უზუსტობები ხშირად გადის. კერძოდ, მან საკუთარი ფულით კეთილმოაწყო ქუჩის ბოლოს ტერიტორია, ასფალტი დააგო და ეს, ბიზნესმენის განცხადებით, გადაცემაში გაშუქდა ისე, ვითომ ამ ყველაფერს მერია აკეთებს.

"ლექვინაძეც იქვე იჯდა და თავს იქნევდა - კი, ჩვენ ვაკეთებთო. ჩემი ფულით გაკეთებული საქმე მიითვისეს. ამაზე დიდი ცინიზმი და მარაზმი რა გინდათ?! მადლობა მითხრან, რომ კანონმორჩილი კაცი ვარ და სამართლებრივი გზით ვუტირებ დედას, მაგრამ კანონმორჩილი რომ არ ვიყო, ლექვინაძესაც ხომ დავუნგრევდი თავ-ყბას და სხვა მისნაირებსაც?!" - აცხადებს ელიზბარაშვილი.

მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ მეორე კატეგორიის დაზარალებული ოჯახებიდან, ანუ მათ, ვისი სახლიც რემონტს ექვემდებარება, კომპენსაცია არავის მიუღია, "მთელი კვირა" ესაუბრა ქალბატონს, რომლის სახლშიც რემონტი უკვე სრულდება.

 ხათუნა სუმბულიძის ოჯახი სვანიძის #16-ში ცხოვრობს. მის სახლში სტიქიამ პირველი სართული გაანადგურა. ამბობს, რომ გამგეობამ რემონტის, მერიამ კი - ნივთების საკომპენსაციო თანხა მათ უკვე ჩაურიცხა. "ზარალი ბოლომდე ვერა, მაგრამ გვინაზღაურდება და ამაზეც მადლობელი ვარ," - ამბობს ხათუნა სუმბულიძე.

ბრალდებებს მერიაში დაუმსახურებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ იმ 52 ოჯახიდან, რომლებიც პირველ კატეგორიაში მოხვდნენ, 37-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. მათი ქონება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ იქნა შეფასებული და საბაზრო ღირებულება ასე დადგინდა. ქონების მართვის სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ნაწილს თანხა უკვე ჩაერიცხა კიდეც და მათ ბინებიც იყიდეს.

საკრებულომ კი კომპენსაციის გადახდის ორი სახე დაამტკიცა - პირველია, თანხის გაცემა დაზარალებული ოჯახის სულადობის მიხედვით, მეორე კი - საბაზრო ღირებულების მიხედვით. ეს დაზარალებულების არჩევანზეა. მარიაში ამბობენ, რომ იყო შემთხვევები, როცა ზოგიერთი ოჯახი თვლიდა, რომ მისი ქონება უფრო მეტი ღირდა და რამდენიმე დღე შეთანხმებას არ აწერდა ხელს, მაგრამ ეტაპობრივად ეს პრობლემა მოგვარდა.

"იმ 15 ოჯახს, რომელთაც ჯერ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერიათ, საბუთების პრობლემა აქვთ. საბუთების პრობლემა ორ ნაწილად იყოფა - ერთია, როცა ოჯახს საკუთრების მოწმობა აქვს, მაგრამ სამკვიდროა გასაყოფი, ან სახლი წინაპრის სახელზეა გაფორმებული; მეორე კი, როცა საკუთრების მოწმობა საერთოდ არ აქვთ. ანუ, ზოგიერთს საცხოვრებელი სახლი ლეგალიზებული არ ჰქონდა. რეალურად ედგათ სახლი, ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს სახლი დაკანონებული არ ჰქონდათ.

"ამ უკანასკნელი კატეგორიის ადამიანებს სახელმწიფო თანხას ვერანაირად ვერ ჩაურიცხავდა, რადგან საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდათ და ამიტომ ისინი იმ შემოწირულობებიდან დავაკმაყოფილეთ, რომლებიც კომპანიებმა თუ კერძო პირებმა გაიღეს. მათ მიერ შემოწირული ბინები ასეთ ადამიანებს გადაეცემათ. 5 ბინა მათ საფეხბურთო კლუბ "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გადასცა, 2 - საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატამ და ამგვარი დაზარალებულების ნაწილი ასე დაკმაყოფილდა. კიდევ გვაქვს შემოთავაზებები კომპანიებიდან და დანარჩენებსაც დავაკმაყოფილებთ," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ქონების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამუნა დვალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×