დეკემბერში დაგეგმილ მინისტერიალზე მონტენეგროს, სავარაუდოდ, ალიანსში გაწევრიანებას ოფიციალურად შესთავაზებენ
ეკატერინე ბასილაია
19.10.2015

 თითქმის გადაწყვეტილია, რომ დეკემბერში ნატო-ს წევრი ქვეყნები მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას შესთავაზებენ, საქართველოს კი არაფერს, თუმცა, მონტენეგრო ბლოკში გაწვერიანებაზე მიწვევას რომ მიიღებს, პოლიტოლოგები ამას საქართველოსთვისაც პოზიტიურ მესიჯად მიიჩნევენ. მათი თქმით, ამ ნაბიჯით ნატო რუსეთს აჩვენებს, რომ ბლოკი ახალი წევრების მიღებას ისევ გააგრძელებს და გაფართოების საწინააღმდეგოდ კრემლის ფარული ვეტო არ მოქმედებს. მონტენეგროს შემდეგ კი რიგში დგას სამი ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, რომელთა შორის ერთი საქართველოცაა.

დეკემბერში ნატო-ს მინისტერიალი ტარდება და მონტენეგრო ნატო-ში მიწვევის პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ლუკშიჩი სააგენტო "როიტერთან" საუბარში აცხადებს, ის დარწმუნებულია, ყველა პირობა არსებობს, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა დეკემბერში მონტენეგროს მიწვევის გადაწყვეტილება მიიღონ.

"ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ 1999 წელს ნატო-ს ავიაციამ დაბომბა მონტენეგრო - პატარა ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მაშინ იუგოსლავიის შემადგენლობაში შედიოდა. თექვსმეტი წლის შემდეგ კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: თუკი მონტენეგრო სასურველს მიიღებს, მაშინ ის რამდენიმე თვის შემდეგ შეძლებს, ნატო-ს წევრობა მოითხოვოს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე, ნატო-ში გაწევრიანებას ცდილობს კიდევ სამი ასპირანტი ქვეყანა - ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საუკეთესო შანსი მონტენეგროს აქვს.

თავად ჩრდილოატლანტიკური ბლოკისთვის ამ ქვეყნის რიგებში მიღება მნიშნელოვნად არაფერს ცვლის. მინტენეგროს მოსახლეობა 600 ათასზე ოდნავ მეტია, სამხედრო ბიუჯეტი 28 მილიონ დოლარს შეადგენს და მშვიდობიან დროს შეიარაღებული ძალების რაოდენობა არ აღემატება 2000 ჯარისკაცსა და ოფიცერს. თანაც, ბოლო ანგარიშის მიხედვით, მათი საბრძოლო ეფექტურობა მაღალი არ არის.

"მიუხედავად ამისა, ევროპელი ექსპერტები მონტენეგროს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის - რუსეთის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანება უფრო მეტად სიმბოლურ ჟესტად უნდა ჩაითვალოს, მოსკოვისათვის ეს მნიშვნელოვანი სიმბოლიზმია", - წერს "ვაშინგტონ პოსტი".

ანალიტიკოსებით თქმით, საკუთარ რიგებში მონტენეგროს მიღებით ალიანსი იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ ნატო-ს წესდების მე-10 მუხლი, რომლის მიხედვითაც ხდება ბლოკში ახალი წევრების მიღება, ჯერ კიდევ ძალაშია. ასევე აჩვენებს იმას, რომ ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით მოსკოვი არ ფლობს ვეტოს საიდუმლო უფლებას და დაანახვებს სხვა პოტენციურ წევრებს, რომ ბლოკის კარი ღია რჩება.

ევროსაბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა ევროპული პროგრამის დირექტორი ფრედრიკ ვესლაი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მინტენეგროს სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს, ალიანსში მისი გაწევრიანება გააძლიერებს "ნატოს, როგორც ევროპული უსაფრთხოების დაცვისათვის შექმნილი ბლოკის იმიჯს".

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ კორნელი კაკაჩიას თქმით, დიდი შანსია, რომ მონტენეგროს გაწევრიანების მიწვევა მისცენ, ამაზე უკვე ლაპარაკობენ და ეს სწორედ არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ ნატო-ს კრიტიკოსების განცხადებები ბლოკის კარის დახურვაზე არასწორია. ეს ფაქტი კი იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანების სურვილი და ამბიცია აქვთ, უჩენს იმედებს.

გაწევრიანების მსურველებს შორის კი საქართველოცაა და ამ მხრივ ალიანსის ასეთი ნაბიჯი საქართველოსთვის პოზიტიური მომენტია. მონტენეგროს შემდეგ რიგში სამი სახელმწიფო რჩება - ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო და მონტენეგროს შემდეგ, დღეს იქნება თუ ხვალ, ამ სამი სახელმწიფოს ჯერიც უნდა დადგეს.

"ბოლო დროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით გარკვეული არ იყო. ძალიან დიდ ხანს ყოყმანობდნენ, იყო თუ არა გაფართოება საჭირო იქიდან გამომდინარე, რომ მათ რუსეთის გაღიზიანება არ უნდოდათ. ამიტომაც ყოყმანობდნენ არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნების, არამედ ისეთი ქვეყნების ხარჯზე გაფართოებაზეც, როგორებიცაა ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფოები. თუმცა, საერთაშორისო პოლიტიკაში შექმნილმა სიტუაციამ ცოტათი შეცვალა ბლოკის პოლიტიკა და ნატო ცდილობს გაფართოებისაკენ ნახევარი ნაბიჯი მაინც გადადგას.

"რუსეთის გაღიზიანებას რა თქმა უნდა მაინც ერიდება, მაგრამ ცდილობს ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, გაწევრიანების იმედი არ ჩაუკლას. სწორედ ამ კუთხითაა მისასალმებელი მონტენეგროს შემთხვევა. ეს არის რუსეთისთვის მკაფიო ნაბიჯი, რომ ნატო თავის გაფართოებას არ აჩერებს და ის მზად არის თავის რიგებში ის სახელმწიფოები მიიღოს, რომლებიც მათ წინაშე არსებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ," - აცხადებს კაკაჩია.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რუსეთი მონტენეგროს მიწვევას არ მოიწონებს და ალბათ პატარა განცხადებაც გაკეთდება, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი მწვავე, როგორიც პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით იქნებოდა.

"რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებში არ შედის ბალკანეთის რეგიონი. ხოლო რადგანაც საქართველოსთან მიმართებაში პერსპექტივა კონკრეტულად არ ჩანს, არ მგონია, რუსულმა დიპლომატიამ თავი გაიგიჟოს. ამ ეტაპზე კი საქართველსთვის რაიმე კონკრეტული პერსპექტივის გამოჩენა დაბალია. ამას როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოების რაღაც ნაწილიც უკვე შეეგუა," - ამბობს კაკაჩია.

მისი თქმით, ყველა აღიარებს, რომ ასპირანტი ქვეყნებიდან მაკედონიაც და საქართველოც მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მაგრამ არსებობს გარეშე ფაქტორები: საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფაქტორი და გეოპოლიტკური კონიუნქტურა, მაკედონიასთან დაკავშირებით კი არის საბერძნეთი, რომელიც სახელწოდება "მაკედონიის" გამო ბლოკავს მის მიღებას. ამიტომაც ამ ორი ქვეყნის მიმართულებით სიტუაცია მარტივი არ არის. თუ გეოპოლიტიკური ლანდშაფტი არ შეიცვალა და ახალი ცვლილებები არ მოხდა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში, საქართველოსთან მიმართებაში გარკვევას არც უნდა ველოდოთ.

პოლიტოლოგის განცხადებით, რუსეთს დღეს რაზეც აქვს რეაქცია, ეს არის უელსის სამიტზე საქართველოსათვის გადმოცემული ნატო-ს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროცესები; ის, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ჩამოდიან და ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნების პროგრამა მოქმედებს და თუნდაც ის განცხადება, რაც ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალს სექტემბერში თბილისში წამოცდა - რომ 2016 წლის ქართულ-ამერიკული წვრთვნების მთავარი ამოცანა იქნება ის, თუ რამდენად სწრაფად დაეხმარება აშშ-ის არმია ქართულ შეიარაღებულ ძალებს "გარეშე აგრესიის შემთხვევაში".

"ამერიკელ გენერალს წამოცდა, ჩვენ იმ შესაძლებლობასაც ვამუშავებთ, თუ რამდენად მალე გამოვაგზავნოთ სწრაფი რეაგირების ჯგუფი საქართველოში მოსალოდნელი კონფლიქტის შემთხვევაშიო. ამ ბოლო განცხადებამ საკმაოდ დიდი გაღიზიანება გამოიწვია რუსეთის ხელისუფლებაში და საპასუხო განცხადებაც გაკეთდა.

"თუმცა, სანამ ჩვენ გაწევრიანებაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, არ მგონია რუსეთმა რამე მოიმოქმედოს. განცხადებებს კი კრემლი მუდმივად აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს", - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველის, პოლიტოლოგ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება საქართველოსთან მიმართებაში რამდენად აისახება, არ ვიცით, მაგრამ ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც აჩვენებს, რომ ნატომ გადაწყვეტილება მიიღო გაფართოებაზე, მისასალმებელია.

"საქართველოსთან მიმართებაში ეს რამდენად აისახება, არ ვიცით. ნატო-სთან თანამშრომლობის ორი სხვადასხვა დინამიკაა, მათ შორის არის განსხვავებული რეგიონული კონტექსტი. ფაქტია, რომ მონტენეგროს ხელმძღვანელობა ძალიან დიდი ხანია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. თანაც, ის სამხრეთ ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილია, სტაბილური კუნძული, რომელსაც არ აქვს რუსეთთან საერთო საზღვარი და კონფლიქტური რეგიონები, რომელიც მას რუსეთთან დაძაბულ სიტუაციაში ამყოფებს. თუმცა, ძალიან დიდი რუსული კაპიტალი და ინტესებია მონტენეგროში ჩადებული და რუსეთის ეკონომიკური ფაქტორი არსებობს.

"რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ნატო-სთვის იოლი გადასაწყვეტია მონტენეგროს გაწევრიანება და ეს სუფთა პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა," - მიიჩნევს მაჭავარიანი,

მისი თქმით, ფაქტია, რომ მაპ-ს, რომელიც სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია გასაწევრიანებლად, არ გვპირდებიან. ხოლო რა იქნება - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ვარშავის სამიტამდე, როგორი საერთაშორისო კონიუნქტურა იქნება და ასევე როგორ განვითარდება ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესები, რომლის გამოც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ბევრი შენიშვნა აქვთ.

"საქართველოს წარმატების ფორმულა თანმიმდევრულ პოლიტიკასა და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან საერთო შეხების თემების მოძიებაშია, იქნება ეს ანტიტერორისტული, რეგონული სტაბილურობის თუ სხვა თანამშრომლობის მიმართულებით გააქტიურება," - დასძენს მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×