ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება და თითქმის ყველა სფეროს ეხება. 2016 წლისათვის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებიც წინ წლის მსგავსი იქნება, თუმცა ევროპული ღირებულებების შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაემატება, რომელსაც ასევე ევროკავშირი დააფინანსებს.
როგორც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ "რეზონანსთან" განაცხადა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეროვნული გამოცდებია.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა, ეროვნული გამოცდების სისტემის ჩამოყალიბება გახლავთ. ეს არის უკვე ხელშესახები წარმატებული მაგალითი. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ეროვნული გამოცდები გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომია.
"ასევე პრიორიტეტულია მართლმსაჯულების სფერო, განსაკუთრებით იუვენალური კანონმდებლობის დახვეწა, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის ნაცვლად უპირატესობა მათ რეაბილიტაციას და მათთვის ახალი პერსპექტივის გაჩენას მიენიჭოს.
"კულტურის დარგში მიმდინარე პროექტს გამოვყოფდი "შემოქმედებითი ევროპა", რომელსაც საქართველო მიმდინარე წლის თებერვალში შეუერთდა და მისი მიზანი ევროპელი აუდიტორიის წინაშე ქართველი ხელოვანების უკეთ წარმოჩენა და ახალი შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებაა. ამის გარდა, ევროკავშირი კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის, მუზეუმების განახლების და ბიბლიოთეკების მხარდაჭერის პროექტებშიცაა ჩართული.
"ამჟამად მომავალი წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, თუმცა ვფიქრობ, რომ დიდი ცვლილება პრიორიტეტებში არ იქნება და ეს რეფორმების განგრძობითობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
"ახალი პრიორიტეტი, რომლის შესახებაც მსჯელობა ევროკავშირთან და სხვა დონორებთან ინტენსიურად მიმდინარეობს, ევროპული ღირებულებების შესახებ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ეხება. დღითიდღე ანტიდასავლური განწყობა, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, მოლდოვასა და თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ძლიერდება. ამიტომ, ევროკავშირმა სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროს გაძლიერება და საზოგადოების ინფორმირების პროექტების განხორციელება გადაწყვიტა.
"აქედან გამომდინარე, მომავალი წლიდან ახალ მედიაპროექტებს და ახალ სამოქალაქო ინიციატივებს უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით რეგიონებში. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ევროკავშირის დელეგაციაში პროექტი წარადგინონ და პროექტი თუ ზოგად მოთხოვნებსა და ამოცანებს პასუხობს, მისი დაფინანსება რეალისტურია. გრანტების დაფინანსება ევროკომისიის ვერ-გვერდზე გამოცხადებული კონკურსის საშუალებით ხორციელდება.
"მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უალტერნატივო გზაა. მთავარია თავად საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და რამდენად წარმატებული იქნება, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული," - განაცხადა გოცაძემ.
ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, უმჯობესია კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდეს.
"ზოგადად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება სამი მიმართულებით მიდის - სოფლის მეურნეობა, მართლმსაჯულება და საჯარო სამსახურის კანონი. საჯარო სამსახურის მიმართულებით რეფორმების კუთხით საკანონმდებლო პაკეტი დამტკიცებულია, რომელიც განხორციელების რეჟიმშია. მართლმსაჯულების რეფორმაში ძალიან ბევრი სხვადასხვა საფეხური და ეტაპებია.
"იმ დახმარებებს, რაც ჩვენთვის 2014-17 წლებისთვისაა გამოყოფილი, ემატება მეტი მეტისათვის დახმარება, რომლის მიზანია, იმ ქვეყნებს უფრო მეტად დაეხმარონ, სადაც რეფორმების განხორციელება უფრო თვალში საცემია.
"ევროკავშირის დახმარების საერთო თანხაა განსაზღვრული, საიდანაც დახმარებებს - საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა იღებს. თუმცა ყველაზე დიდი დახმარება უკრაინაზე, საქართველოზე და მოლდოვაზე მოდის, რადგან აღნიშნული ქვეყნები შედარებით მეტ რეფორმებს ატარებენ.
"ამის გარდა, ჰუმანიტარული დახმარებები, მაგალითად 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოსთვის მილიონი ევრო გამოყო, იმისათვის, რომ სტიქიის შედეგები გამოსწორებულიყო.
"აღსანიშნავია ის, რომ პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი პროექტებს აფინანსებს, ერთობლივადაა შემუშავებული. ყველა პროექტი ცალსახად მნიშვნელოვანია, მაგრამ საჯარო მოხელეთა სამსახურის რეფორმას გამოვყოფდი, რაც კონკურსების ჩატარებას გულისხმობს, ასევე სამსახურში მიღებისა და გაშვების წესებს. საჯარო სამსახურის ეს რეფორმა სტაბილურობაზე და განვითარებაზეა დაფუძნებული.
"ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ევროკავშირი უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს დააფინანსებს, რადგან ეს მის ცნობადობას უფრო გაზრდის, მითუმეტეს, როდესაც საქმე რეგიონებს ეხება. იმისათვის, რომ მოსახლეობას დავანახოთ, რომ ევროკავშირი გვეხმარება, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტებით უნდა გაკეთდეს, მაგალითად, გზები, ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები და ა.შ," - განაცხადა ჩხიკვაძემ.
სტატია შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია რედაქცია და ის არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ევროკავშირის პოზიციის გამოხატულება.