ზუგდიდში წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრები საჯაროდ აჩვენეს. ძალადობის ამსახველი მასალა ქალაქის ცენტრში, გამსახურდიას ძეგლთან, პროექტორების მეშვეობით გაუშვეს. კადრები რამდენჯერმე გაიმეორეს და მისი ნახვა ნებისმიერ გამვლელს შეეძლო.
ჩვენების ორგანიზატორი "საზოგადოებრივი დარბაზის" წევრი სოსო ლაგვილავა იყო, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა: "საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ავაშენოთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი".
როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებშია წამებისა და ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელება და რა მიზანს ემსახურება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "მიუხედავად იმისა, რომ მე ეს კადრები არ მინახავს, ამ ფაქტის შესახებაც არაფერი ვიცოდი და ვის ინტერესებში უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, საქართველოში ბოლო პერიოდში არის უწყვეტი დაპირისპირებები. ვიღაცები გამუდმებით ცდილობენ, რომ ეს დაპირისპირება არ შეწყდეს ჩვენს ქვეყანაში.
ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უშლის ხელს საქართველოს. რაც დანაშაულია, უნდა იყოს გამოძიებული და დასჯილი, ხოლო ზედმეტი გამწვავება დღევანდელ პირობებში, მაშინ როცა ერთიანი შრომაა საჭირო, მხოლოდ აზარალებს ქვეყანას".
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "ძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ ავრცელებს ამ კადრებს. ცხადია, რომ შემზარავი დანაშაულია ასახული, მაგრამ ვის ინტერესებშია ამის გავრცელება, აუცილებლად უნდა დადგინდეს.
საერთოდ როგორ შეიძლება, რომ ვინმეს ინტერესებში იყოს, ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და ვის ინტერესებში იყო საერთოდ, რომ იღებდნენ და მერე, რომ ავრცელებდნენ.
ჩემთვის გაუგებარია, ამას ვინც უყურებდა, იღებდა და ავრცელებდა, როგორ აკეთებდა ამას. როგორც ჩანს, რაღაც გაურკვეველი ბნელი ინსტიქტებია ადამიანებში, რომლითაც ამას აკეთებენ.
ერთია, რატომ ჩადიოდნენ ამ დანაშაულს და მეორეა, რატომ იღებდნენ, ამაზე ვინმეს აქვს პასუხი? ვინც იღებდა, სწორედ ის ავრცელებდა. როგორც ჩანს, მას აქვს ასეთი მოთხოვნილება ძალადობის".
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "ვის აწყობს ამის გავრცელება და ვის ინტერესებშია, არ ვიცი, მაგრამ ვინც უნდა იყოს, უნდა დაისაჯოს. ეს არის საშინელება და ყოვლად მიუღებელი. ხალხი ისედაც დატანჯული და შეწუხებულია, კიდევ ამის გაშვება ნამდვილად ამაზრზენია".
გოგი თორაძე (რეჟისორი): "ეს ისეთი კადრებია, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი და ამაზრზენია. ეს არის ისეთი რამ, რომლის მასობრივად ადამიანებისთვის ჩვენება და გავრცელება წამოუდგენელია და შეუძლებელი. სადისტური ვიზუალური მასალაა.
პერიოდულად ადამიანებს შესთავაზო ასეთი სადისტური მასალა, ეს არის ამაზრზენი, ამაზე დიდი ცოდვა რა გინდა?! მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ხდება ეს და არიან ადამიანები, ვინც ავრცელებენ.
ჯერ ის ადამინები, ვისაც აწამებენ, როგორ არიან შეურაცხყოფილნი და ამის გამკეთებელი ღირსება აყრილი ადამინია, რომელსაც პატიოსნება აქვს ნულის ქვემოთ. როდესაც სიტყვიერად ყვებიან ამ წამებაზე - ეს არის მიუღებელი და ძნელად მოსასმენი, ვიზუალურ მასალაზე აღარ არის საუბარი.
მე, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ კინემატოგრაფი ვარ, ვერ შევხედავ. მათ ადგილზე ყველამ უნდა წარმოიდგინოს საკუთარი თავი, საკუთარი ოჯახი. როდესაც ადამიანს ძალა არ აქვს, ამას იყენებენ ვიღაცები და აბუჩად იგდებენ, ამის ჩამდენი ვინც უნდა იყოს, ეს უკან აუცილებლად დაუბრუნდება. ეს დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოხდება".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე