ელზა პაპოშვილი
21.10.2015

 ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. თუმცა, ამ საკითხზე მოსკოვიდან პირველივე კომენტარი უფრო ცივ შხაპს ჰგავდა. პუტინის წარმომადგენელმა საერთოდ ამ საკითხის განხილვაც კი უარყო.

თბილისში კი შიდა ქართლში ყირიმის სცენარის განმეორებას შიშობენ და მიაჩნიათ, რომ რეფერენდუმის ჩატარების რეალური ინიციატორი მოსკოვში უნდა ვეძებოთ და არა ცხინვალში.

რაც შეეხება რეფერენდუმის სავარაუდო შედეგს, მისი ჩატარების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რეგიონში დარჩენილი მოსახლეობა მხარს რუსეთთან მიერთებას დაუჭერს, რაც ბევრ მათგანს სოციალური პრობლემების მოგვარების ერთგვარ პანაცეად მიაჩნიათ

თუმცა თიბილოვის განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ ლიტონ სიტყვებად რჩება, რადგან მას რეფერენდუმის ჩატარების არავითარი პროცედურა ან დეტალი არ დაუკონკრეტებია.

"დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ - შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოება და აყვავება", - განაცხადა თიბილოვმა ცხინვალში მყოფ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ, თუმცა რეფერენდუმის კონკრეტულ თარიღსა და სხვა დეტალებზე არაფერი უთქვამს.

თიბილოვის განცახდებას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომელმაც ამ საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება უარყო. მან თქვა, რომ ეს თემა არც სურკოვთან შეხვედრაზე ყოფილა განხილული.პესკოვმა აღნიშნა, რომ მხოლოდ "ინტეგრაციის" საკითხზე ისაუბრეს, რადგან "სამხრეთ ოსეთში" რუსეთთან ინტეგრაციის ძალიან ბევრი მომხრეა, ეს დიდი ხნის წინ არის ცნობილი. "როგორც მე გავიგე, სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ბატონმა თიბილოვმა", - განაცხადა პესკოვმა.

რაც შეეხება კითხვას, რა დამოკიდებულება აქვს კრემლს ე.წ. რეფერენდუმზე პესკოვმა განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო", რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის აღიარებული და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გააჩნია.

სამხრეთ ოსეთის ყოფილი ალტერნატიური ლიდერი დიმიტრი სანაკოევი აცახდებს, რომ ლეონიდ თიბილოვი რეფერენდუმის ჩატარებაზე განცხადებას კრემლის მითითიებით აკეთებს. მისი აზრით, ეს მხოლოდ კრემლის მხრიდან დაწყებული პოლიტიკური თამაშია, სადაც თიბილოვი მხოლოდ გამხმოვანებლის როლს ასრულებს.

სანაკოევს მიაჩნია, რომ რუსეთის ამ თემით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებას ცდილობს, რადგანაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი დასავლეთსა და ევროპისკენაა მიმართული. ამიტომაც, სანაკოევი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი სამხრეთ ოსეთის საკითხს მაშინ გაააქტიურებს, როდესაც ეს მას დასჭირდება.

"დავიწყოთ იქიდან, რომ ცხინვალში რეფერენდუმი ორჯერ ჩატარდა, სადაც ორი კითხვა იყო დასმული, სურდა თუ არა მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და მეორე, დარჩენილიყო თუ არა დამოუკიდებელ რესპუბლიკად.

"როგორც მახსოვს, მაშინ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა რესპუბლიკად დარჩენას მისცა. რაც შეეხება თიბილოვის ახლანდელ განცახდებას, მე ვფიქრობ, ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ წამოწყებული პოლიტიკური თამაშია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლების დაშინება სურს. კრემლი ჩვენს მთავრობას აფრთხილებს, რომ ევროატლანტიკური არჩევანი საქართველოს შეიძლება, სამხრეთ ოსეთის ფასად დაუჯდეს.

"არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოდის ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები. ალბათ, თიბილოვის ეს განცხადება ამასაც უკავშირდება, რადგანაც მას მოსახლეობაში ამ განცხადებით რეიტინგის აწევა სურს. როგორც ჩანს, თიბილოვმა ამ თემის გააქტიურებაზე კრემლიდან დასტური მიიღო.

"თუმცა ეს უფრო ქართველების გაფრთხილებას ჰგავს. თუ ადრე რაღაც იმედი არსებობდა, რომ სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შესაძლებელი იყო, ამ რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, შესაძლოა ეს იმედიც კი აღარ არსებობდეს. თუმცა რუსეთი ამ გადაწყვეტილებას რამდენად მიიღებს, ეს უკვე სხვა საკითხია. ამის პროგნოზირება ცოტა რთულია. ფაქტია, რომ ამ თემით თამაში წამოიწყო.

"რაც შეეხება რეფერენდუმის შედეგს, მე როგორც ვიცი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრი ორად არის გაყოფილი. ერთ ნაწილს რესპუბლიკად დარჩენა სურს, ხოლო მეორე ნაწილს რუსეთის ფერედაციასთან შეერთება.

"მართალია, არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ რუსეთთან ურთიერთობას ნანობენ, თუმცა მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ ანგარიშგასაწევი არც არის. ხოლო რუსეთი მედიის დახმარებით ყველანაირად ცდილობს, რომ ქართველები ოსი ერის გენოციდსა და მკვლელობაში დაადანაშაულოს. რაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენის კარგი მეთოდია," - ამბობს დიმიტრი სანაკოევი.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე რუსების მხრიდან ამ თემის გააქტიურებას ჰააგის სასამართლოს პროკურორის თბილისში ჩამოსვლას და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას უკავშირებს. არეშიძეს მიაჩნია, რომ რადგან ეს ყველაფერი დროში ერთმანეთს დაემთხვა, არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა ჰააგის სასამართლოს გამოძიების სანაცვლოდ ჩვენი ხელისუფლების შანტაჟი ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხით მოახერხოს.

"ჩემი ვერსიით, თიბილოვმა ეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთთან სამხრეთ ოსეთის შეერთებაზე რეფერენდუმი ჩაატაროს, მოსკოვიდან კარნახით მიიღო. ხოლო ამ თემის გააქტიურება კრემლის მხრიდან განპირობებულია ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის საქართველოში გამოჩენით და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების გააქტიურებით.

"ვფიქრობ, რომ ეს არის მოსკოვის მხრიდან საქართველოს ერთგვარი გაფრთხილება, რომ თუ ამ გამოძიებაში საქართველო აქტიურად ჩაერთვება, არ არის გამორიცხული, რომ ეს რეფერენდუმი ჩატარდეს და სამხრეთ ოსეთში ყირიმის მსგავსი სიტუაცია მივიღოთ.

"(ჰააგის სასამართლოს ჭრილში) საქართველომ რუსეთისგან ყველა მოსალოდნელი წნეხი უნდა გაითვალისწინოს. ხელისუფლებამ აგვისტოს ომის გამოძიებაზე უარი არაფრით არ უნდა თქვას, მთელი ინტრიგა კი ის არის, რომ ამ გამოძიების ინიციატორი საქართველოს სახელმწიფო არ არის.

"ქართულმა მხარემ, რა თქმა უნდა, თავის დროზე ჰააგის ტრიბუნალზე რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ინიცირებული.

"7 წლის განმავლობაში ამ საქმით მაინცდამაინც არავინ არ დაინტერესებულა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პროცესი დაიწყო. ჰააგის სასამართლოს მიერ ამ თემის გააქტიურება პოლიტიკურმა კონიუნქტურამ განაპირობა, რადგანაც დასავლეთი რუსეთის გონზე მოყვანას ცდილობს, მაგრამ ეს მაინცდამაინც არ გამოსდის.

"ამიტომაც, როგორც ჩანს, ახლა ამ ფორმით სურთ მათი შეჩერება: ვგულისხმობ ჰააგის სასამართლოს გააქტირებას და ჰოლანდიური მხარის მიერ მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაზე გამოძიების შედეგის გამოქვეყნებას.

"ამიტომაც რუსეთმა საქართველოს შანტაჟი სამხრეთ ოსეთის პრობლემით დაიწყო. თიბილოვმა პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად გააფრთხილა ქართული მხარე. ანუ, თუ ჩვენ ვიაქტიურებთ, მაშინ სამხრეთ ოსეთში ყირიმის სცენარი განმეორდება.

"რაც შეეხება რეფერენდუმს, რა თქმა უნდა, მოსახლეობა რუსეთთან შეერთების სურვილს გამოთქვამს, რადგანაც სამხრეთ ოსეთში სულ რაღაც 25 000 კაცი ცხოვრობს, 65%-ის სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მათთვის რუსეთთან შეერთება ეკონომიკურ სარგებელს ნიშნავს და მათთვის საერთაშორისო სამართალი მეორეხარისხოვანი თემაა.

"თუმცა რუსეთს მოსახლეობის აზრი დიდად არ აინტერესებს. თუ ისინი სამხრეთ ოსეთის მიერთებას გადაწყვეტენ, ეს ასეც მოხდება. სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს ორ ფრონტზე ბრძოლა უწევს და ეს სიტუაციას უფრო ართულებს, მაგრამ დღეს მსოფლიო მდგომარეობა ისეთია, რომ დასავლეთს ჩვენთვის არ სცხელა. რეფერენდუმის ჩატარებისა და სამხრეთ ოსეთის მიერთების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიის აღდგენის საკითხი დასრულებული იქნება," - აცხადებს მამუკა არეშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×