ლიკა ამირაშვილი
22.10.2015

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მხარდამჭერებს დღეს სასამართლოსთან და ტელეკომპანიის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც ამბობს, ხელისუფლებიდან მიიღო ინფორმაცია, რომ დღეს სასამართლო ქიბარ ხალვაშის სარჩელს დააკმაყოფილებს და ტელეკომპანიის 100%-ს მას გადასცემს, და რომ დღეს ან ხვალ "რუსთავი 2"-ში აღმასრულებლები მივლენ. გვარამიას თქმით, ეს იქნება ძალისმიერი ჩარევა, რასაც თავადაც ძალას დაუპირისპირებენ. ამიტომ, ხალხს მოუწოდებს, მივიდნენ და დაიცვან ტელეკომპანია და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები.

თქვენი აზრით, გადაიზრდება, თუ არა რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია მასობრივ გამოსვლებში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ვფიქრობ, მასობრივ გამოსვლებში არ გადაიზრდება იმიტომ, რომ "რუსთავი 2" თავისუფალი სიტყვის ტრიბუნა არასოდეს არ ყოფილა. "ნაციონალური მოძრაობა" თავად ამბობს, ბევრი შეცდომა დავუშვითო. არასოდეს არ მსმენია, რომ "რუსთავი 2"-ს მათთვის შეცდომებზე მიეთითებინა. ეს არის თავისუფალი სიტყვა? მაშინ ვერაფერს ვერ ხედავდნენ და ახლა მოუნდათ ამხელა ამბის ატეხვა? არაფერი არ გამოუვათ. არავითარ შემთხვევაში, მხარდაჭერა არ ექნებათ. ეს არის სუფთა პარტიული ტელევიზია, ამიტომ სჯობს ეს სახელი დაირქვან და თავისუფალი სიტყვის ძახილს თავი დაანებონ.

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): რომელი გუნდის მხადამჭერადაც არ უნდა ითვლებოდეს "რუსთავი 2", ფაქტი ერთია, რომ ქვეყანაში ეს უკანასკნელი ტელევიზიაა, რომელსაც შეუძლია ოპოზიციური აზრი ისე გააჟღეროს, რომ საზოგადოების ყველა ფენას მიწვდეს. ამიტომ ამ ტელევიზიის ჩახშობით ქვეყანაში დემოკრტიული პროცესების განვითარების ყველანაირი შესაძლებლობაც დამთავრდება. საზოგადოებაში ძალიან სერიოზული კონსენსუსი შედგა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ქვეყანას "რუსთავი 2"-ის სახელისუფლებლო წრეებისთვის გადაბარების შემთხვევაში.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ხვალინდელი აქცია მასობრივ გამოსვლებში არ გადაიზრდება, ჯერ ადრეა. ამის დრო 15 ნიოემბრის შემდეგ დადგება, როდესაც საზოგადოებაში დაძაბულობა იმატებს. ჯერ-ჯერობით ამას განსაკუთრებულ არაფერი არ მოჰყვება. რა თქმა უნდა, მცირე დაძაბულობა იქნება, მაგრამ მასობრივ აქციებში არ გადაიზრდება. კოსმოსის განწყობა ჯერ-ჯერობით არ არის.

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "რუსთავი 2"-ის მხადასაჭერი აქციის მასობრივ გამოსვლებში გადაზრდას არ ველოდები, რადგან აქ საქმე სასამართლო პროცესს ეხება. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ნიკა გვარამიას მცდელობა, რომ სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს და ამით ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ძირშივე მცდარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×