სასამართლო პროცესმა პოლიტიკური სპექტრი "შუა გაკრიფა"
ეკატერინე ბასილაია
22.10.2015

 "რესპუბლიკელ" ლევან ბერძენიშვილის თქმით, "რუსთავი 2"-ის ყველა ნამდვილი სახიდან, ძველი შემადგენლობიდან - ნიკა ტაბატაძე, ნათია ლაზაშვილი, ლეჟავა, რუხაძე - არც ერთი არ დარჩა, ასე ხდება ხოლმე და თუკი ტელევიზიიდან ვინმე წავა, ეს პირველი შემთხვევა არ არის.

მისივე თქმით, თუ სასამართლო არ იქნება ისეთი, როგორიც სწორად მიაჩნიათ, გადაწყვე-ტილება უნდა გასაჩივრდეს, მაგრამ ამას კანონის სახე უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება, რევოლუციით გადაწყვეტა. ბერძენიშვილმა ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გუშინდელი მოწოდების საპასუხოდ გააკეთა.

"მოგმართავთ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, დაგვიდექით გვერდზე... თუ იქნება ძალისმიერი შემოჭრის მცდელობები კომპანიაში, ჩვენ დავიცავთ თავს ასევე ძალისმიერად", - ეს განცხადება გუშინ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "კურიერის" საგანგებო გამოშვებაში გააკეთა და საზოგადოებას ტელეკომპანიისა და სასამართლოს შენობასთან მისვლისაკენ მოუწოდა.

ხოლო აქციები რომ საკმაოდ ხალხმრავალი იქნება, ამაში "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი დარწმუნებულია. "რეზონანსთან" საუბრისას რატიანი ამბობს, რომ აქციაზე მარტო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და "თავისუფალი ზონის" წევრები კი არ მივლენ, არამედ მათ ვერდით არასამთავრობოებიც და რიგითი მოქალაქეებიც დადგებიან. გარდა ამისა, მათ გვერდით დგომა პოლიტიკურმა პარტიებმაც აღუთქვეს, მათ შორის - "თავისუფალმა დემოკრატებმა" და ლეიბორისტებმა.

სერგო რატიანი ამბობს, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, სამართლებრივი სივრციდან გასულია. ის იქცევა, როგორც ტერორისტი და მოძალადე და შესაბამისად, მოძალადის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს - ეს არის დიდი რაოდენობით ხალხის გამოსვლა.

"რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, მით უფრო დაცული იქნება სიტყვის თავისუფლება და ჩვენი მომავალი, იმიტომ, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ "რუსთავი 2"-ს გაანადგურებენ და სიტყვის თავისუფლება შენარჩუნებული იქნება, ეს ტყუილია. ფაქტია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა თავდასხმისათვის ყველაზე კრიტიკული არხი აირჩია. კრიტიკის გარეშე სიტყვის თავისუფლება რა იქნება. ამიტომ მგონია, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვა და იქნება "რუსთავი 2"-თან. რაღაც რაოდენობა იქნება სასამართლოს შენობასთან, რაღაც რაოდენობა - "რუსთავი 2"-თან", - აცხადებს რატიანი და კითხვაზე, იქნება თუ არა მათ გვერდით სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ამბობს: "დღემდე ყველა ლაპარაკობდა, დავიწყოთო და ვნახოთ"."ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ამბობს, რომ ის და პარტიის სხვა წევრები აქციაზე მივლენ. შალვა ნათელაშვილი კი აშშ-შია და იქ სენატორებსა და კონგრესმენებს გააცნობს მედიაზე ზეწოლის ფაქტებს.

გიორგი გუგავა: "შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ თუკი ხელისუფლებას "რუსთავი 2"-თან გაუვიდა, ამას ოპოზიციური აზრის დახშობის ერთგვარ ინსტრუმენატად აქცევს და შემდეგ სხვა კრიტიკულ ტელევიზიებსა და მასმედიის სხვა საშუალებებს გაუსწორდებიან. შემდეგ დაუპირისპირდებიან მოქალაქეებს, გაყალბების გზით ჯიბეში ჩაიდებენ არჩევნებს და ქვეყანაში ოლიგარქიული დიქტატურა დამყარდება. თუ ეს პერსპექტივა არ გვინდა, მაშინ აქციაზე უნდა დავდგეთ. ეს ნიშნავს არა "რუსთავი 2"-ის მხარეს დადგომას, არამედ თავისუფლების, დემოკრატიისა და მომავლის გვერდით დადგომას. ეს არის ხელისუფლების ერთგვარი ტესტი. ასე დაიწყო წინა რეჟმმა, როდესაც გაუვიდა, დაამყარა კიდეც რეჟიმი. დღეს ამ ხელისუფლებასაც თუ გაუვიდა, ხვალ გვიან იქნება."

"თავისუფალი დემოკრატების" თითქმის ყველა ლიდერი ამერიკაშია წასული და შესაძლოა აქციაზე პარტიის ვერც ერთი სახე ვერ მივიდეს, თუმცა პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია "რუსთავი 2"-ის მიმართ მხარდაჭრას აშშ-ში გამოხატავს.

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ პარტიის სახელით ის მიდის და დაესწრება სასამართლო პროცესს, თუმცა პროტესტში მონაწილეობა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

მანანა ნაჭყებია: "პირველ სასამართლო პროცესზეც ვიყავი. ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ, როგორ მიმდინარეობს სასამართლო და გავარკვიოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. წინასწარი განწყობა მაქვს, რომ ეს მართლაც არის პოლიტიკური წნეხი, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება მაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. ვთვლი თუ არა "რუსთავი 2"-ს ამ პარტიის რუპორად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ტელევიზიას უფლება აქვს ამ ფორმით და ამ შინაარისით არსებობდეს, ისევე როგორც სხვა პარტიებსაც აქვთ ტელევიზიები და მაუწყებლობენ. ამგვარი ქმედება ერთმნიშვნელოვნად აღიქმება თავისუფალ მედიაზე ზეწოლად და აქედან გამომდინარე ამას ყველანაირად შევეწინააღმდეგებით."

ნინო ბურჯანაძის მოძრაობა და "პატრიოტთა ალიანსი" აქციას არ უერთდებიან და მიზეზი ისაა, რომ "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიაა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამიასაგან მედიის თავისუფლებაზე საუბარი ცინიზმად მიაჩნიათ.

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის, წარმომადგენლის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებით შესაძლებელია მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა დაზარალდეს, რაც მას საერთოდ არ აღელვებს.

გიორგი ახვლედიანი: "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც მთელი დღეა ეკრანიდან გვმოძღვრავს და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოსვლისაკენ მოგვიწოდებს, დიდი შიში აქვს, რომ ხვალინდელი დღის შემდეგ "რუსთავი 2" ვეღარ გააკონტროლოს. "ქართული ოცნება" კი, თუკი კითხვებს გააჩენს, საერთაშორისო არეალზე ძალიან სერიოზულ ფასს გადაიხდის. ამ ორი პარტიიდან რომელი დაზარალდება, არ მადარდებს."

ახვლედიანის თქმით, დღეს ძალიან ხშირად ისმის მსჯელობა იმაზე, როგორმე პარალელები მოძებნონ 2007 წლის "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის დღევანდელ მოვლენებს შორის, მაგრამ საერთო არ არსებობს ერთადერთი რამის გარდა - საერთო მხოლოდ ნიკა გვარამიაა, ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო და "იმედის" განადგურებას - დარბევას, წართმევას, ფიზიკური ძალის გამოყენებას და იდეოლოგიურ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

"ნოემბრიდან ნოემბრამდე" და ბადრი პატარკაციშვილის საქმე, ეს მისი ტვინის ნაჟური იყო მხოლოდ. დღეს კი გვარამია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, უტიფრად ზის და სიტყვის თავისუფლების ამაგდარობაზე დებს თავს. ადამიანი, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ დანიშნა ტელევიზიის ხელმძღვანელად, დღეს ამ ტელევიზიის თავისუფალ სიტყვაზე დებს თავს. ეს სერიოზული ცინიზმია," - დასძენს ახვლედიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ დღეს სასამართლო პროცესი მიდის, სადაც არხის მეპატრონის საკითხი ირკვევა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს. არხის დახურვის საკითხი კი არ დგას.

"სასამართლოც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მედიაც უნდა იყოს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი. შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ჩვენ იმ შემთხვევაშიც ვემორჩილებით, მოგვწონს თუ არ მოგვწონს. პირადად მე სასამართლოში საქმე არც ერთხელ არ მომიგია, მაგრამ ყველას დავემორჩილე. ასევე მოუწევთ დამორჩილება, თუკი პროცესი წააგეს. თუმცა წინასწარ რა იქნება, წააგებენ თუ არა, არ ვიცი. დატოვებს თუ არა ყველა ჟურნალისტი არხს, ესეც არ ვიცი. არც 2007 წლის "იმედის" ამბებთან შედარება არის სამართლიანი, იმიტომ, რომ იქ სხვა პროცესი მოხდა. იქ იყო შეჭრა და ტელევიზიის დაპყრობა. აქ მსგავსი არაფერი არ ხდება და ვერ მოხდება," - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, "ნამდვილი ტელევიზია "რუსთავი 2" ეთერში დარჩება და არც ერთი მეპატრონე არ იქნება ისეთი ბრიყვი, რომ ტელევიზიას რეიტინგი დაუკარგოს და ჟურნალისტები გაყაროს. მაგრამ ბუნებრივია ისიც, რომ ჟურნალისტების ნაწილი წავა.

"რუსთავი 2"-ის ყველა ნამდვილი სახე - ნიკა ტაბატაძე, ნათია ლაზაშვილი, ლეჟავა, რუხაძე - ძველი შემადგენლობიდან ერთი მაინც თუ დარჩა?! არა. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის და ასე ხდება ხოლმე. ვინ დარჩება და ვინ - არა, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ახლა მივიდეთ და მოსამართლე ვაიძულოთ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, ჩვენ რომ მოგვეწონება, ეს სწორი არ არის. იმდენი რამ მოხდა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, რომ რაც უნდა ქნას მოსამართლემ, უკვე კარგი სვლა არ არსებობს. ერთ დღეში ყველაფერი ვერ შეიცვლება."

პარლამენტარის თვალსაზრისით, არაფერ შუაში არ არის ის, რომ ეს ტელევიზია ოპოზიციურია და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ხელისუფლებას ძალიან აზარალებს, საკუთარი ქონების მოთხოვნაზე ადამიანს სასამართლო უარს ვერ ეტყვის.

"რა შუაშია ოპოზიციურია თუ არა ტელეარხი?! ოპოზიციური რომ არ იყო და ხელისუფლების რომ იყო, მაშინაც ხომ იცვლებოდნენ მეპატრონეები?! თქვენ თუ დაგავიწყდათ, მე არ დამვიწყებია. მეც არ მომწონს ეს ტელევიზია და საერთოდ არც ერთი ტელევიზია არ მომწონს, მაგრამ ყველა ტელევიზია ეთერშია და ასეც უნდა იყოს! ეს არაფერს არ ნიშნავს. ხელისუფლების არმოწონების გამო არ ხდება ეს, ქიბარ ხალვაში ამბობს, ტელევიზია ჩემიაო, ვიღაც ამბობს, არა - ჩემიაო და დავობენ. ამას პასუხი ხომ უნდა გაეცეს და სასამართლო არკვევს, ვისია. ხალვაშს ქონება ჰქონდა, მილიონერი იყო და ქონება დაუწვეს. კაცი ქონებას ითხოვს და ამიტომ არის საქმე სასამართლოში, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული ამბები ყველას გვაზარალებს, მაგრამ ამავე დროს იმის თქმა, რომ ვიღაც წყნარად უნდა იყოს და თავის ქონებაზე ამბობდეს, არ მაინტერესებსო, ასე არ მოხდება. ჩემი ჭკუის სწავლებას არ დაიჯერებს არც ქიბარი და არც ცხონებული ეროსი დაიჯერებდა. თუ სასამართლო არ იქნება ისეთი, როგორიც სწორად მიაჩნიათ, უნდა გასაჩივრდეს, მაგრამ ამას კანონის სახე უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება რევოლუციით გადაწყვეტა - ბევრი შევიკრიბებით და მოსამართლეს გადაწყვეტილებას დავახევთ თავზეო. აქ ძალიან ბევრი ინტერესია, არ შეიძლება მედიაზე წნეხი და არ შეიძლება სასამართლოზე წნეხი. რა ვქნათ, რომელი გავწიროთ?! ძალიან რთული პროცესია, ღმერთი არ ვართ არც ერთი და სიმართლე არც ერთმა არ ვიცით. პირადად მე მგონია, რომ არხის არსებობას და ჟურნალისტების საქმიანობას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას.

"რამდენიმე პრობლემაა, პრობლემაა ზეწოლის, პრობლემაა ქონების, მაგრამ იმის გამო, რომ ზეწოლის პრობლემაა, ადამიანს ვერ დაუშლი ქონებაზე იდავოს. ეს არც ქვეყნის იმიჯისთვის და არც ხელისუფლების იმიჯისთვისაა სასარგებლო, მაგრამ ხდება იმიტომ, რომ ამ არხთან დაკავშირებით ისტორიულად ბევრი უსამართლობაა ჩადენილი, რომლის გამოსწორების მცდელობა აქვს ერთ-ერთ მფლობელს და ჩვენ ამას ვერ დავუშლით," - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×