რამდენიმე დღის წინ ისევ გავრცელდა წამების ამსახველი ფარული ჩანაწერი, რამაც პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ადამიანების წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოკადრებს მედიასივრცეში თავად "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს, მიზეზად კი "ნაციონალების" კომერციული ინტერესი დაასახელა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი-2"-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მოუწოდა, "ნაჩქარევი და ხისტი" გადაწყვეტილება არ მიიღოს. აგრეთვე ყველას მიმართა, რომ თავი შეიკავონ მძაფრი ნაბიჯების გადადგმისგან.
"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრეზიდენტმა
"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთის დემონიზაციით უკიდურესად ძაბავენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
"აბსოლუტურად ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება, რომლის პირობებშიც ერთი პოლიტიკური ძალა "ქართული ოცნება" და მეორე პოლიტიკური ძალა "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობენ დაპირისპირების გაღვივებას და რეალურად პროცესების ქუჩაში გადატანას, რაც მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად მიუღებელია სახელმწიფოსთვის. მიგვაჩნია, რომ უდიდესი პასუხიმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომ აბსოლუტურად სრულყოფილად იქნას დაცული კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მოსალოდნელია თუ არა, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვიოს? - ამ კითხვით "რეზონასნმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებათდამცველი): "თუ ძალიან ბევრი ადამიანი გონს არ მოეგო, სრულიად შესაძლებელია, ამ ყველაფერს საზოგადოების დაპირისპირება მოჰყვეს. ამის საშიშროება ნამდვილად არის და ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება ძალიან კარგი და ფრთხილი ჩარევა, რათა განეიტრალდეს ეს დაძაბული სიტუაცია."
მიხეილ ღანაშაშვილი (პოეტი): "უნდა ითქვას, რომ წამების კადრების გავრცელება არის ცეცხლზე ნავთის დასხმა. ამის საჭიროება ნამდვილად არ იყო. ეს იყო დიდი პროვოკაცია, რომელიც იწვევს იმის საშიშროებას, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება მოხდეს. გარკვეული ჯგუფები მუშაობენ ამ საკითხზე და ნელ-ნელა ისე მოქმედებენ და ისეთ განწყობას ქმნიან, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება მოხდეს".
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "არა მგონია, მთლიანად საზოგადოებაზე დიდი გავლენა მოახდინოს ამ ყველაფერმა. სამი წლის წინ გავრცელებულ წამების კადრებს არ გამოუწვევია დაპირისპირება, როცა გაცილებით მწვავე სიტუაცია იყო. ეს ერთგვარად გამოცდილების ბრალიც არის, ოთხმოცდაათიანი წლები ჯერ კიდევ კარგად ახსოვს ხალხს, ამიტომ არ მგონია, საქმე იქამდე მივიდეს.
ის საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც არბევენ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებს, ესვრიან საღებავებს და სხვა, არიან ერთეულები, რომლებსაც ალბათ აქვთ თავიანთი მიზეზი და მიზანი აღნიშნული ქმედებების ჩადენისას.
ვფიქრობ, თუ კონკრეტული პირების მიერ არ მოხდა პროვოცირება საზოგადოებაში დაპირისპირების მისაღწევად, თავად მოსახლეობა არ მგონია, ამ შედეგებამდე მივიდეს, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს".
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "არ მგონია ამან დაპირისპირება გამოიწვიოს. საზოგადოება ერთ აზრზე დგას, რომ ოლიგარქის ბრძანებით ტელევიზიები არ უნდა იხურებოდეს და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს წამების ამსახველი კადრებით მანიპულირება, ეს აღარ იმუშავებს. ხელისუფლებას მოუწევს ან ჩადგეს კალაპოტში, ან დროზე ადრე დატოვოს თანამდებობა".
ნატო გელაშვილი (მომღერალი): "არ არის გამორიცხული. ამხელა ტელეკომპანიის დახურვა არ არის ასეთი ურეაქციო. მით უმეტეს, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიით საქართველოში განებივრებულნი არ ვართ. საზოგადოების რეაქცია რომ მოჰყვება, დარწმუნებული ვარ, თუმცა იმედი მაქვს, ეს არ გადაიზრდება საზოგადოების დაპირისპირებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე