ლიტვის ელჩის განცხადებით, საქართველო გადამწყვეტი მომენტისთვის უნდა მოემზადოს
აკაკი გვიმრაძე
23.10.2015

 "საქართველომ აირჩია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და უნდა გააგრძელოს მყარად სვლა ამ მიმართულებით. თქვენთვის არავის უთქვამს, რომ ეს გზა იქნება ადვილი და მოკლე - ეს არის მიზანი, რომელიც დაისახა ქართველმა ხალხმა, ეს არის არჩევანი, რომლისკენაც ისწრაფვით", - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა.

ორიოდე თვის უკან ჩვენს ქვეყანაში ლიტვის რესპუბლიკის ელჩად დანიშნულ გამოცდილ დიპლომატთან საუბარი საქართველო-ლიტვის ურთიერთობებს, ჩვენი ქვეყნის შანსებს მიიღოს მომავალ წელს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და მაპი ნატოს სამიტზე და სხვა მნიშვნელოვან თემებს შეეხო.

გიედრიუს პუოჯუნასი: საქართველოსა და ლიტვის ურთიერთობის ისტორია მრავალწლიანია, ჩვენი დამოუკიდებლობა სათავეს 90-იანი წლებიდან იღებს, როდესაც ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის გვერდიგვერდ იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.

ეს იყო მძიმე, დრამატული მოვლენებით აღსავსე გზა, კარგად გვახსოვს 1989 წლის სისხლიანი მოვლენები და მინდა ვთქვა, რომ ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება.

სადღეისოდ ლიტვასა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეტად ინტენსიურად ვითარდება: მთავრობის, პარლამენტის, მუნიციპალიტეტების დონეზე კავშირები და ვიზიტები მეტად აქტიურია.

მაგალითად ახლახან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი მცხეთისა და ტრაკაის მუნიციპალიტეტებს შორის, საქართველოსა და ლიტვის ორ უძველეს დედაქალაქს შორის.

ქუთაისიდან ვილნიუსის მიმართულებით სრულდება პირდაპირი საჰაერო რეისი, რაც ხელს უწყობს ლიტველი ტურისტების მოგზაურობას თქვენს ქვეყანაში და პირიქით. ლიტვა საქართველოს მეტად აქტიური მხარდამჭერია საერთაშორისო ასპარეზზეც.

"რეზონანსი": საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას გადის და 2016 წელი ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია. გთხოვთ კონკრეტულად გვითხრათ - რა შანსები აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ მომავალ წელს მიიღოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და მაპი ნატოს ვარშავის სამიტზე?

გ.პ: ლიტვა საქართველოს მეგობარი და აქტიური მხარდამჭერია მის ბრძოლაში გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ვცდილობთ გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც ლიტვამ ამ გზის გავლით და ამ ორ უმაღლეს პოლიტიკურ ინსტიტუციაში გაწევრიანებით მიიღო.

ჩვენც ოდესღაც თქვენსავით გავიარეთ ეს გზა და მივაღწიეთ საბოლოო მიზანს. მთავარია, რომ პოლიტიკურმა კლასმა - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ხალხთან ერთად დასახული მიზნისათვის ერთობლივად იბრძოლოს, იშრომოს და შედეგი აუცილებლად იქნება.

საქართველომ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში, პროგრესი აშკარაა და ყველანი ვიმედოვნებთ, რომ რეფორმების შედეგი არ დააყოვნებს.

ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ვიზალიბერალიზაციის პროცესის ეფექტურად შესასრულებლად, დეკემბერში დაიდება ევროკომისიის დასკვნა, რომელსაც ველით, რომ იქნება დადებითი და ამის შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

ველით და ვიმედოვნებთ, რომ 2016 წლიდან საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიიღებს.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს საიმისოდ, რომ ამ მიზნისათვის მოემზადოს. საქართველო ასრულებს წლიურ პროგრამას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, მონაწილეობს უსაფრთხოების საერთაშორისო მისიებში, ალიანსი მეტად აფასებს თქვენი ქვეყნის წვლილს ავღანეთის მისიაში.

მიმდინარე წელს ნატოს ცენტრის საქართველოში გახსნა ნათელი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყანა ალიანსისთვის.

"რ": მიუხედავად არაერთი განცხადებისა ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან, რომ მესამე მხარეს არა აქვს უფლება ვეტო დაადოს ნატოს, ან ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, როგორ ფიქრობთ, ახდენს თუ არა რუსეთის ფაქტორი ზეგავლენას ამ ინტეგრაციულ პროცესებზე?

გ.პ: საქართველომ აირჩია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და უნდა გააგრძელოს მყარად სვლა ამ მიმართულებით. თქვენთვის არავის უთქვამს, რომ ეს გზა იქნება ადვილი და მოკლე - ეს არის მიზანი, რომელიც დაისახა ქართველმა ხალხმა, ეს არის არჩევანი რომლისკენაც ისწრაფვით და ამ გზაზე შეუდრეკელნი და მიზანსწრაფულნი უნდა იყოთ.

არ დაკარგოთ რწმენა, გააგრძელეთ საშინაო დავალების შესრულება და ის დღე აუცილებლად დადგება, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

დამერწმუნეთ, რომ საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ყველანაირად დაგეხმარებიან, რომ ეს გზა რაც შეიძლება წარმატებით გაიაროთ.

საქართველომ ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს გარე ფაქტორებს და უფრო მეტად უნდა იყოს კონცენტრირებული საშინაო დავალების შესრულებაზე.

ლიტვამაც სწორედ ეს გზა გავიარეთ, ვატარებდით რეფორმებს, ვასრულებდით საშინაო დავალებას და ველოდით ჩვენს შანსს და დღეს, რომელიც დადგა. ასევე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც. თქვენ ყველანაირად უნდა შეამზადოთ თავი იმ მომენტისათვის, რათა საჭირო დროს მზად იყოთ და შანსი ეფექტურად გამოიყენოთ.

"რ": როგორ აფასებთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს რეფორმები და რა აზრის ხართ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ?

გ.პ: უპირველესად ყოვლისა, გეტყვით, რომ თავისუფალი მედიის თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ევროკავშირისათვის, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისათვის, ამიტომაც ამ პროცესს მეტად ყურადღებით ვაკვირდებით.

თავისუფალი მედია არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის.

რაც შეეხება რეფორმებს, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია ამ მხრივ და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ეფექტურად და წარმატებით განვითარდება.

მინდა ნათლად განვაცხადო, რომ რეფორმებს იმიტომ კი არ ატარებთ, რომ ეს ევროკავშირსა და ნატოს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს უპირველესად ყოვლისა, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება, რათა მათი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს და კეთილდღეობა გაიზარდოს.

"რ": ლტოლვილთა არნახული ნაკადი ევროპას დიდ პრობლემებს უქმნის. თუ აქვს ევროკავშირს გეგმა, როგორ გაუმკლავდეს ამ კრიზისს, მაშინ, როდესაც წევრ ქვეყნებს განსხვავებული პოზიციები აქვთ?

გ.პ: გეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისია ევროკავშირის არსებობის მანძილზე, სიტუაცია ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და ჩვენ ერთობლივად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ.

ბევრი რამ დამოკიდებულია სირიაში არსებულ ვითარებაზე იქიდან ხალხი აუტანელი პირობების გამო გამორბის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ სირიაში ვითარება მეტნაკლებად დასტაბილურდეს და ლტოლვილების ახალი ტალღა არ მივიღოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×