ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალური თემა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ დაწყებული სასამართლო დავაა. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას შანტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედიის ადგილი აღარ რჩება.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ამის შესახებ "რეზონანსი" პოლიტოლოგ დემურ გიორხელიძეს გაესაბურა.
"რეზონანსი:" როგორ შეაფასებდით რაც ახლა "რუსთავი 2"-ის, ირგვლივ ხდება, არის ეს კერძო დავა, მედიის შევიწროება თუ ბრძოლა ქართული მედიის გადასარჩენად?
დემურ გიორხელიძე: ჩვენ ერთსა და იმავე წრეზე მივდივართ, "რუსთავი 2"-თან მიმართებაში ხელისუფლება სერიოზულ შეცდომებს უშვებს.
ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ არ შეიძლება იქნეს შეფერხებული მუშაობა და რაიმე დავას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული, რადგან ამ გზით მუდმივ პოლიტიკურ ჭაობში ვიქნებით და მხოლოდ აქტორები იქნებიან განსხვავებულნი, შედეგი კი კვლავ სავალალო იქნება.
"რ": თქვენი აზრით, რა არის ამ მდგომარეობიდან გამოსავალი?
დ.გ: გამოსავალი არის ის, რომ მედიის ყველა საშუალება აბსოლუტურად ერთნაირი თამაშის წესების ფარგლებში მოქმედებდეს. ვისურვებდი, რომ "რუსთავი 2" არ იყოს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბრძოლის იარაღად გამოყენებული, რადგან ამ შემთხვევაში "რუსთავი 2" დაზარალდება.
"ნაცმოძრაობა" არ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, ანდა შეძლებს მომავალში სერიოზული პოლიტიკური ფუნქციის შესრულებას. ეს სახელი უკვე დაღდასმულია და ახალგაზრდები, ვინც ამ მოძრაობაში არიან, ცხადია რებრენდინგის ან სხვა პოლიტიკური პარტიის ფარგლებში მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება, თუ უნდათ, წარმატება ჰქონდეთ მომავალში.
"რ": ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ "რუსთავი 2"-ის საქმის გამოყენებას ცდილობს ხელისუფლებაც და "ნაცმოძრაობაც"?
დ.გ: პოლიტიკური მიზნებისათვის "რუსთავი 2"-ის საქმის გამოყენება შეინიშნება ორივე მხარის, როგორც ხელისუფლების, ისე "ნაცმოძრობის" მხრიდან; ეს ძალიან ცუდია.
მე არ ვიცი, რა უნდა "ნაცმოძრობის" ლიდერ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ის ვიცი, რომ მას ფანტასტიკური საშუალება ჰქონდა უდიდესი როლი შეესრულებინა ქვეყნის განვითარების ორბიტაზე გაყვანისთვის, მაგრამ მან ეს საქმე ჩააგდო თავიდან ბოლომდე და ხალხი მიიყვანა არანორმალურ გაღიზიანებამდე, რომელიც ბოლომდე ხალხს ჯერ არ დავიწყებია.
მე ვერ ვხედავ აქ რაიმე სერიოზულ პერსპექტივას, რადგან მას უკვე საყრდენი აღარ გააჩნია. თუ ეს უნდა ხელისუფლებას, ისინი შეცდომებს სჩადიან. პოლიტიკაში კი შეცდომები არ სწორდება.
"რ": თუმცა "ნაცმოძრაობის" ლიდერებს და თავად "რუსთავი 2-ს" აქვს მოლოდინი, რომ ხალხი აუცილებლად გამოვა ქუჩაში ტელეკომპანიის დასაცავად...
დ.გ: დღევანდელი გადასახედიდან ეს არ ჩანს, რადგან ხალხი მაშინ გამოვა ქუჩაში, როცა იგრძნობს, რომ ტელევიზიის მიმართ უსამართლობა ხორციელდება, სხვა შემთხვევაში მე ვერ ვხედავ პოლიტიკოსების მიერ ხალხის შეცდომაში შეყვანის პერსპექტივას.
"რ": ოპოზიცია "რუსთავი 2"-ის გარდა ხელისუფლებას სხვა ტელევიზიების ზეწოლაშიც ადანაშაულებს და ამის მაგალითად ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე "თოქ შოუს" დახურვას ასახელებს...
დ.გ: მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე სერიოზული გადაცემა დაიხურა ქართულ ტელევიზიაში. დახურეს მარაზმული "თოქ შოუები", პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და საზოგადოებისთვის მავნებელი, იმ გაგებით, რომ იგი უკან ექაჩებოდა საზოგადოებას; გადაცემა კი განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა იმაზე, რაც 90-იან წლებში გავიარეთ.