"ხალხს ატყუებს ყველა, ვინც ამბობს, რომ განაჩენი უახლოეს დღეებში გამოცხადდება"
თაკო მათეშვილი
24.10.2015

 განცხადებებსა და იმის მოლოდინს, რომ სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეზე განაჩენს ორშაბათს გამოიტანს, იურისტები აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი სირთულის საქმეები ასე მოკლე დროში არ სრულდება. მათი თქმით, განაჩენი მინიმუმ 2015 წლის ბოლოსთვის უნდა გამოვიდეს, მაქსიმუმ კი 2016 წლის თებერვალში.

თუმცა, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ამით დასრულდება. იურისტების თქმით, პირველი ინსტანციის განაჩენს უკმაყოფილო მხარე სავარაუდოდ გაასაჩივრებს და ამასაც საკმაო დრო დასჭირდება. შესაბამისად, საბოლოო შედეგსა და შესაბამისად, თუ დავა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ დასრულდა, მის აღსრულებას ისინი რამდენიმე წელიწადში ელიან.

"რუსთავი 2"-ს საქმეზე განაჩენის გამოცხადებას არხის თანამშრომლები და მხარდამჭერები მიმდინარე კვირაშიც ელოდნენ. მას შემდეგ, რაც 22 ოქრომბერს სხდომა განაჩენის გარეშე დასრულდა, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა სასამართლოსთან შეკრებილებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ მათი თანადგომის იმედი აქვს - "რუსთავი 2"-ის საქმეზე პროცესი 26 ოქტომბერს განახლდება. სავარაუდოდ განაჩენი სწორედ ორშაბასთს გამოცხადდება," - დასძინა მან.იურისტი პაატა შავაძე ამგვარ განცხადებებს ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო პროცესი მრავალ მნიშვნელოვან სტადიას მოიცავს და გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლემ თითოეული მათგანი უნდა გაიაროს.

"ჯერჯერობით ისეთი მნიშვნელოვანი სტადია გაიარეს, როგორიც მხარეთა შუამდგომლობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს აქვთ ხოლმე შუამდგომლობები მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე, მათ შორის წერილობითი მტკიცებულებები და ა.შ. ეს ეტაპი უკვე ამოიწურა. ამის შემდეგ კი მხარეთა ახსნა-განმარტების ეტაპი მოდის. ამ დროისათვის სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება მოისმინა, ორშაბათს კი მოპასუხის ახსნა-განმარტებას მოისმენს.

"ამის შემდგომ ისეთი მნიშვნლოვანი სტადია იწყება, როგორიც მტკიცებულებათა გამოკვლევა გახლავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ მოწმეები უნდა დაკითხოს და ნივთიერი თუ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიოს. მერე კი მხარეთა პაექრობა იწყება.

"თუ ეს სტადიები არ ამოიწურა, მოსამართლე ვერანაირ საქმეზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, მითუმეტეს "რუსთავი 2"-ის საქმეზე. ხუთშაბათს რომ იყო ამ საქმის განხილვა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და თქვა, რომ თურმე მოსამართლემ განაჩენი იმიტომ არ გამოაცხადა, რომ შეკრებილი ხალხის შეეშინდა. ეს აბსურდია.

"ხალხს ატყუებს ყველა, ვინც ამბობს, რომ გადაწყვეტილება ხუთშაბათს უნდა გამოცხადებულიყო, ან ორშაბათს გამოცხადდება. სამწუხაროდ, ამ საკთხში გაურკვეველი ადამიანები ტყუვდებიან და ჰგონიათ, რომ მოსამართლეს მართლაც შეკრებილი ხალხის შეეშინდა. მათი მიზანიც ესაა - ვინც მოტყუვდება, ატყუებენ", - ამბობს შავაძე.

გარდა ამისა, იურისტის თქმით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილი მოსამართლეს აძლევს იმის უფლებას, რომ თუკი საქმე ასეთი რთული და მნიშვნელოვანია, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება არაუმეტეს ერთი თვის ვადით გადადოს.

შესაბამისად, იგი ამ საქმეზე განაჩენის გამოტანას 2015 წლის ბოლოს, ან 2016 წლის იანვარ-თებერვალში ელის. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ ამის შემდეგ უკვე სავარაუდოდ მხარეები ზედა ინსტანციებში გაასაჩივრებენ, რასაც კიდევ საკმაო დრო დასჭირდება და პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება.

"სამოქალაქო დავის საქმეები საკმაოდ რთულია. მაგალითად, მე მაქვს ახლა რამდენიმე საქმე სამოქალაქო დავაზე, რომლებიც მეოთხე წელია ვერ დავასრულეთ - ხან მოწმე ვერ მოვიდა, ხან სასამართლოს არ ეცალა, ხან გასაჩივრებებმა მოითხოვა დრო და ა.შ." - აცხადებს შავაძე.

მაშინაც კი, როცა განაჩენი გამოცხადდება, იურისტების თქმით, იგი დაუყოვნებლივ არ აღსრულდება, რადგან ეს საქმე ამ კატეგორიაში არ შედის. ამისათვის საჭიროა მხარემ დაამტკიცოს, რომ განაჩენის აღსრულების დაყოვნებით მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება. ამ შემთხვევაში კი ამას მხარეები, იურისტების თქმით, ვერ დაასაბუთებენ.

პროცესის რამდენიმე წლით გახანგრძლივებას ვარაუდობს იურისტი, "პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის" ხელმძღვანელი ამირან გიგუაშვილიც და ამბობს, რომ თუკი ასეთ სერიოზულ საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ასეთ მცირე დროში მიიღო, მის ობიექტურობაში ეჭვი უნდა შევიტანოთ.

"ასეთი საქმეები პირველ ინსტანციაშიც კი თვეობითა და წლობით იხილება. პირადად მეც მაქვს გაცილებით მარტივი სამოქალაქო დავები, სადაც ერთი წელია მოსამზადებელ ეტაპზე ვართ და გადაწყვეტილებამდე ჯერ ძალიან შორია. ამიტომ, ორშაბათს ამაზე გადაწყვეტილება არ უნდა გამოცხადდეს.

"დარწმუნებული ვიყავი, რომ არც ხუთშაბათს გამოცხადდებოდა. უბრალოდ, საზოგადოებაში მეტი დაძაბულობის შესატანად ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოვიდეს, თორემ რეალურად ეს ასე მალე ვერ მოხდება. მითუმეტეს, რომ "რუსთავი 2"-ის ადვოკატებს შუამდგომლობა აქვთ დაყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაზე, რომელიც თუკი არ დაკმაყოფილდა, მათ შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ და პასუხს რამდენიმე თვე დასჭირდება.

"არსებული სასამართლო პრაქტიკა იმის საშუალებას იძლევა, რომ მხარეები თუ მოინდომებენ, საქმე გაჭიანურდეს. ამ შემთხვევაში კი, სასამართლო ასეთ რთულ საქმეს დაჩქარებულ ვადებში ობიექტურადაც ვერ განიხილავს", - ამბობს გიგუაშვილი.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მისი აზრით, სპეკულაციაა იმაზე აპელირება, რომ დღეს თუ არა ხვალ საქმე დასრულდება და დასძენს, რომ ამას საკმაო პერიოდი აუცილებლად დასჭირდება, თუ მოსამართლემ ყველა კანონს არ გადაუხვია და მითუმეტეს, თუ ეს ადვოკატებმა მოინდომეს.

"თუ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი და მითუმეტეს, თუ დაუყოვნებლივ აღსრულებას გადაეცა, ეს აშკარა დადასტურება იქნება იმისა, რომ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივაციაა და არა სამართლებრივი," - დასძენს იურისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×