სასამართლომ 17 მაისის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 17 მაისის აქციის დარბევის საქმეზე თავდაპირველად 5 კაცი იყო ბრალდებული, რომელთაც შეკრებისა და მანიფესტაციის ხელის შეშლა ედებოდათ ბრალად. მათგან ერთზე, მამა ანთიმოზზე სამართლებრივი დევნა სასამართლო განხილვების პირველ ეტაპზევე შეწყდა, ხოლო 4 ბრალდებულზე საქმის წარმოება ამ დრომდე გრძელდებოდა.
აღნიშნული დანაშაული ჯარიმას, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებულების ადვოკატის, გია ტაბლიაშვილის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოში წარდგენილი მასალების შესწავლის პროცესშივე უკვე დაწმუნებული იყო, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა.
დაზარალებული მხარის ინტერესების დამცველმა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელმა ციალა რატიანმა "რეზონანსთან" საუბარისას განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანია და ფაქტობრივად წაქეზებაა.
"დღეის გადმოსახედიდან მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთმნიშვნელოვნად არასამართლიანია. ფაქტობრივად წაქეზებაა, რომ შეიძლება ადამიანი ჩაქოლო და ამისთვის პასუხი არავის მოეთხოვება", - განაცხადა რატიანმა.
თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):"17 მაისის აქციაზე ის ბიჭები დასაჭერები კი არა, დასაჯილდოვებლები ყოფილან. იმისთვის, რომ არ მოეწონათ ეს აქცია და ასე ხმამაღლა გამოაცხადეს, რომ არ მოსწონთ. არც მე მომწონს. ღმერთმა ბედნიერად მოახმაროთ ერთმანეთი, მაგრამ არა რუსთველის გამზირზე. გავიდნენ მარტყოფის ველზე, ვაკის პარკში, მერიას სთხოვონ და ჯებირებით შემოსაზღვრონ, თუ უნდათ მთელი კვირა იყვნენ. მაგრამ ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც უამრავი სკოლაა, უამრავი დაწესებულებაა - იქ არა".
თედო დუნდუა (ისტორიკოსი): "უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ორივე მხარის მიმართ მაქვს ჩემი პრეტენზია. ამ ლგბტ საზოგადოების მიმართ და ვინც ურტყამდა ლგბტ-ს, იმათ მიმართაც. ლგბტ-ს მიმართ მაქვს ის პრეტენზია, რომ კონსტიტუციაშია ჩაწერილი სინდისის თავისუფლება და რა საჭიროა ამის დემონსტრირება ქუჩაში?! თუ ეს არ არის პროვოცირებული და სპონსორირებული ვიღაცის მიერ, რატომ უნდა გამოხვიდე ქუჩებში, არ მესმის. რატომ უნდა გამოვიდეს ლგბტ, რატომ უნდა გადაკეტოს ქუჩები, რატომ უნდა შეგვაწუხოს მოქალაქეები? მათი უფლებები რომ ირღვეოდეს, კიდევ ჰო, მაგრამ არავინ ეხება. მაგათ უნდათ, რომ გამოვიდნენ და ვიღაცებმა სცემონ, ხომ? - ეს უნდათ.
"ეს ერთი მხარე და მეორე - თუ ეს მიტინგი შეთანხმებული იყო ქალაქის მერიასთან, არ უნდა სცემო. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ ეგენი არიან პროვოკატორები.
"სასამართლოში პროცესი ალბათ იმიტომ გაიწელა, რომ საერთო ნაციონალური სიმპათიები ლგბტ-ს სასარგებლოდ არ არის, ეს ხომ ფაქტია. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ამ კატეგორიას აქვს აბსოლუტური თავისუფლება თავის ქმედებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავს მოგვახვიონ. თავიდან ბოლომდე პროვოცირებული იყო, მაგრამ კანონსაც უნდა მივყვეთ, ერთი ადამიანის მხრიდან მეორის ცემა კარგი არ არის.
"ყველაზე მეტად დამნაშავეა აღმასრულებელი ხელისუფლება. არ უნდა მისცე უფლება ლგბტ-ს ქუჩაში გამოსვლისა, იმიტომ, რომ ლოგიკა არ არსებობს. შენ ხომ გაქვს შენი სინდისის თავისუფლება და სქესობრივი თავისუფლება - რატომ უნდა გამოხვიდე ამის აფიშირებით ქუჩაში?!".
მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი):"სამწუხაროდ, სასამართლოსთვის თვალი არ მიმიდევნებია და გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად სამართლიანი იყო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მოხდა ადამიანებზე ძალადობა და ამისთვის არავინ დასჯილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალადობისთვის ადამიანები ისჯებიან მხოლოდ შერჩევით, რაც ძალიან ცუდია.
"განაჩენის გამოტანას ამდენი დრო ალბათ იმიტომ დასჭირდათ, რომ არ უნდოდათ არავის დაჭერა. შესაბამისად, როცა აქტუალობა დაკარგული აქვს თემას და ცხელი აღარ არის, მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება".
დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "იცით რა, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვსაუბრობთ სასამარლოს უსამართლობის შესახებ და ამით მის მიმართ მხოლოდ უნდობლობას ვთესავთ. ეს რომ სასამართლოს პრესტიჟს ვნებს, ხომ ვიცით. ამას გარდა, თუკი მათ გაამტყუნებდნენ, სამართლიანი სასამართლო იქნებოდა?
"ყველა თავისი კოშკიდან უყურებს ყველაფერს. ყველას აქვს თვისი შეხედულების გამოთქმის უფლება. თუ ერთ მხარეს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მეორეს რატომ არ აქვს?!
"ახლა მოვისმინე, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლო ძალადობას უწყობს ხელსო. იმით, რომ გამუდმებით მოუწოდებენ მოსამართლეს, "რუსთავი 2" არ დაუბრუნო პატრონსო, ამით თავად არ უწყობენ ხელს ძალადობას?! ძალით რომ წაართვეს ქონება და პოლიტიკური შეხედულების გამო არ დაუბრუნოთო, რომ მოუწოდებენ. პოლიტიკურ კეკლუცობაშია ყველა გადავარდნილი".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე