"ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის პოლიტიკური გაყრა საბოლოოდ გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი უკვე ორ დღეა, უმრავლესობას და გუშინ უკვე პრემიერსა და პარლამეტის თავმჯდომარესაც მოუწოდებს მასთან შეხვედრისაკენ, უმრავლესობა, ჯერჯერობით მაინც, კატეგორიული წინააღმდეგია. მიზეზად კი სხვადასხვა გარემოებას ასახელებენ - იმას, რომ მარგველაშვილი უკვე დიდი ხანია მათი გუნდის წევრი არ არის, რომ მან ყველას იმედი გაუცრუა, რომ ისედაც ბევრი არაფერი ეკითხება მას და თან ქვეყანაშიც "არაფერი ხდება ისეთი".
მაგალითად, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მარგველაშვილი "დიდი ხანია, "ქართული ოცნებისაგან" გამოყოფილია" და მასთან კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებას ამიტომ არ აპირებენ. თამაზ მეჭიაურის თქმით, მარგველაშვილმა იმედი გაუცრუა არა მარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ მთლიანად "ქართულ ოცნებას" და "მალე მოუვლიან". ლევან ბერძენიშვილი კი აღნიშნავს, რომ არავის არ აინტერესებს პრეზიდენტთან კონსულტაციებზე წასვლა-არწასვლა, რადგანაც მარგველაშვილს ხელისუფლების მხოლოდ 0,01% უჭირავს და მას ბევრი არაფერი ეკითხება.
"არ გვიმსჯელია ამ პრეზიდენტზე. პრეზიდენტი საქართველოში ვინ არის, რა არის და რა ფასი აქვს, უმრავლესობაში იციან. იციან, რომ პრეზიდენტს ბევრი არაფერი ეკითხება და მასზე არ ვმსჯელობთ."ჟურნალისტებს გგონიათ, რომ დღე და ღამე ვმსჯელობთ იმ ფიგურაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების 0,01% აქვს. გგონიათ, რომ რახან პრეზიდენტმა თქვა, ჩემთან უნდა მოხვიდეთო, ამიტომ შევიკრიბეთ უმრავლესობის წევრები და ამაზე ვიმსჯელეთ?! უმრავლესობის კრებაზე უმრავლესობის ლიდერი ავირჩიეთ და სამ პროკურორს მოვუსმინეთ. ეს იყო სულ.
"რატომ უნდა წავიდეთ შეხვედრაზე, როდესაც არაფერი არ ხდება ქვეყანაში?! შეიძლება ვინმე გულში რამეს ფიქრობს, მაგრამ ხომ უნდა თქვას - წავიდეთ ან არ წავიდეთ?! ვინმე ცალკე თუ რამეს ამბობს, ეს მათი პირადი აზრია და ამას მე ნუ მეკითხებით.
"მეჭიაურმა თქვა, რომ არ გამიკეთებია ეს განცხადება, მოვლაზეო. ჩემი აზრით კი, პრეზიდენტის განცხადება ნაჩქარევი იყო და არ იყო გაწონასწორებული," - აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, თუმცა მანამდე ბერძენიშვილმა განაცხადა ისიც, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ყველაზე სწორი პოზიცია პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატესო.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-თან და წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირებისას პრეზიდენტმა პოლიტიკურ ძალებს ქვეყანაში სამოქალაქო სტაბილურობის, მშვიდობისა და კონსტიტუციური წესრიგის შესანარჩუნებლად კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა. ის უკვე შეხვდა ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტთა წრის წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს. ერთადერთი, ვინც ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა საჭიროდ არ მიიჩნია, მმართველი ძალაა.
გუშინ გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისაკენ მოწოდება კიდევ ერთხელ გამოთქვა.
"როგორც ჩანს, უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს, მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რაც დღეს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ისმის პრეზიდენტთან შეხვედრის თემაზე, ეს პოლიტიკური უმწიფრობის მაგალითია და სამარცხვინოა.
"მათ სახელმწიფოებრიობა არ ესმით. "ნაცმოძრაობას", რომელზეც ამბობენ, რომ დამნაშავეები არიანო, გვერდით უსხედან და ეჭუკჭუკებიან, ამ დროს კი პრეზიდენტს არ დაველაპარაკებითო. რა არის ეს, რა დონეა?!" - ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, სამარცხვინოა ის განცხადება, როცა ამბობენ - ჩვენი გუნდის წევრი არ არის და არ შევხვდებითო.
"ისინი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წევრები არიან და მარტო მეგობრებსა და პარტნიორებს კი არა, ყველას უნდა ხვდებოდნენ, ვისაც ქვეყანაში პროცესებზე რაღაც გავლენა აქვს. მით უმეტეს აქ საუბარია პრეზიდენტის ინსტიტუტზე. მარგველაშვილზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ საქართველოს პრეზიდენტზე, რომელიც კონსტიტუციის გარანტია.
"სამწუხაროდ, ამ დღეებში კონსტიტუციური სივრციდან გამოსვლის რისკი ორივე მხრიდან გაჩნდა: ერთი მხარე აცხადებდა, რომ მზად ვარ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ფიზიკურად დავუპირისპირდეო; მეორე მხარე, პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ამ ხალხს მარტო მე კი არ მოვთხოვ პასუხს, ხალხი დაეტაკებაო. ანუ, თავისი განცხადებით აანონსებდა კონსტიტუციური ფარგლებიდან გასვლას.
"ამ სიტუაციაში პრეზიდენტის, როგორც კონსტიტუციის გარანტის მოვალეობაა მხარეებისათვის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნება მოეწოდებინა. ამაზე პასუხად კი დღეს უმრავლესობა ლაპარაკობს - ეს ჩვენი გუნდის წევრი არ არის და რატომ მივიდეთო.
"ერთადერთი სწორი განცხადება გააკეთა პარლამენტის სპიკერმა, რომელსაც ესმის რა არის სახელმწიფოებრიობა. დანარჩენები კი "ჩემიანებად" და "სხვისიანებად" ყოფენ ქვეყანას. ასე ქვეყნის მართვა როგორ შეიძლება?!
"ძალიან მძიმედ არის საქმე. თუკი ცხელი თავები არ გაცივდა, კონსტიტუციის ფარგლებს არ დავუბრუნდით და ასეთი იწილო-ბიწილო გაგრძელდა, ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს," - დასძენს ხუხაშვილი.
სანამდე შეიძლება გაგრძელდეს უმრავლესობა-პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირება და რას მოიტანს ეს? ან პრეზიდენტის "დასასჯელად" კიდევ რა ბერკეტი შეიძლება არსებობდეს? პოლიტოლოგების ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტის შესაზღუდად უკვე ყველაფერი გაკეთდა და მმართველ კოალიციას ახლა მხოლოდ გაბრაზებული განცხადებები და გულზე მჯიღის ცემა დარჩა. ნაწილი ამბობს, რომ შეიძლება რაღაც პატარა შურისძიებები კიდევ მოიფიქრონ, მაგრამ კონკრეტულად რა, ამაზე საუბარი უჭირთ.
კონსტიტუციის სპეციალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ უმრავლესობას პრეზიდენტის "მოსავლელად" არანაირი კონსტიტუციური ბერკეტი არ გააჩნია. ერთადერთი შესაძლებელია იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების სურვილი, მაგრამ ესეც იმდენად ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომ განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.
"იმპიჩმენტს ხმათა პარლამენტის 2/3 სჭირდება. გარდა ამისა, სანამ საკითხი კენჭისყრაზე დადგება, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს არსებობს თუ არა იმპიჩმენტის სერიოზული საფუძველი. სერიოზული საფუძველი კი არ არსებობს. კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლებების სხვანაირად წაკითხვის დროს კი ეს საქმეც საკონსტიტუციო სასამართლოში მივა. არც პრეზიდენტს აქვს იმის ბერკეტი, რომ უმრავლესობა გარეკოს ან პარლამენტი დაითხოვოს მარტო სურვილის შემთხვევაში", - აცხადებს ძაბირაძე.
მისი თქმით, სურვილის მიუხედავად იძულებით პრეზიდენტს ვერც ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გამოიყვანენ. უმრავლესობა ვერაფერს ვერ მოიმოქმედებს, გარდა პოლიტიკური გაბრაზებული განცხადებებისა და მომავალშიც იქნება ასეთი პაექრობა პრეზიიდენტთან, ასევე კოალიციის წევრებს შორისაც იქნება გასხვავებული განცხადებები ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ კოალიცია არჩევნებამდე ერთიანობას შეინარჩუნებს.
"არც "ქართულ ოცნებას" და არც რესპუბლიკელებს დღეს ხელს არ აძლევს კოალიციის დაშლა, იმიტომ, რომ ამით ოპოზიცია ძლიერდება. არჩევნებამდე ერთიანობას შეინარჩუნებენ. აი, არჩევნების წინ როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი, არ ვიცი, მაგრამ მაინც მგონია, რომ თუკი კოალიციას ძალაუფლების შენარჩუნება სურს, ერთიანობას შეინარჩუნებენ.
"მინდა გითხრათ, რომ 2007 წელს ოპოზიცია გაცილებით კონსოლიდირებული იყო, ვიდრე დღეს არის. მაშინ ერთიანი ფრონტით უფრო იყო შანსი რაღაც შეექმნათ და თან მათ მოსახლეობაში უფრო დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ, ვიდრე დღეს თეორიულად ოპოზიციურ ერთიანობას შეიძლება ჰქონდეს. გარდა ამისა, იმდენი გადაულახავი წინააღმდეგობაა, ბურჯანაძე და "ნაციონალები", არ მგონია, რომ რესპუბლიკელები ან "თავისუფალი დემოკრატები" მათ შეუერთდებიან.
"ამდენად, კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში რესპუბლიკელებს ოპოზიციურ ფლანგზე მცირე არჩევანის საშუალება ექნებათ და ასევე გამარჯვების ნაკლები შანსიც. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის," - დასძენს ძაბირაძე.
მისგან განსხვავებით რესპუბლოკელების კოალიციიდან გამოსვლას ვარაუდობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. ამბობს, რომ კოალიციის დამფუძნებელმა უსუფაშვილი შარშან მას შემდეგ აითვალწუნა, რაც ის "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და პროგნოზირებს, რომ მალე, თუნდაც დღევანდელ "იმედის" ეთერში ექსპრემიერი ივანიშვილი "რესპუბლიკელებზეც" იტყვის "ერთ-ორ ცუდ რამეს".
"იმ გაზეთებს თუ გადავხედავთ, რომელთაც ივანიშვილი აქებს და სადაც რესპუბლიკელების მიმართ ცილისმწამებლური სტატიები იწერება, შეგვიძლია დავასკვნათ ვინ არის აზრთა გამრიგეს მორიგი მსხვერპლი," - აღნიშნავს ცისკარიშვილი.
მისი განცხადებით, ქვეყნის წინაშე ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები დგას, ვიდრე რესპუბლიკელები და პრეზიდენტთან კინკლაობაა და მმართველ კოალიციას ურჩევს, ქვეყნის მომავალზე იფიქროს.
"ქართულ ოცნებას", რომელიც 3 წლის წინ ჩვენი ოცნების საფუძველი იყო, დღეს მეჭიაურობა უნდა მივუსამძიმროთ - ის, რომ საპარლამენტო კოალიციაში მყოფი პარლამენტარების სახე მეჭიაური გახდა. რა შეიძლება მოიფიქრონ პრეზიდენტის წინააღმდეგ, არ ვიცი, მაგრამ იმ პოლიტიკური ძალიდან, რომელსაც სახელმწიფოს პერსპექტივის პატივისცემის პასუხისმგებლობა არ გააჩნია, ყველაფერ მზაკვრულს უნდა ველოდოთ.
"თუმცა ნათქვამია - რასაც დასთეს, იმას მოიმკიო და ესეც გაითავისონ, რადგან უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ექნებათ გადასაწყვეტი, ვიდრე პრეზიდენტთან კინკლაობაა.
"უკვე უკრაინულ მედიაში ვრცელდება სტამბულის აეროპორტში ფარული ჩანაწერი სააკაშვილსა და ბოკერიას შორის, რომლებიც არეულობას გეგმავენ. თუკი ამ ინფორმაციის სინამდვილე დადგინდა, დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, როგორ უპასუხებს ხელისუფლება, პრემიერი შემოიღებს თუ არა საგანგებო მდგომარეობას. შესაძლოა ხელისუფლების საპასუხო ქმედებამ გადაწყვიტოს რესპუბლიკელების კოალიციაში დარჩენა-არდარჩენის საკითხიც," - დასძენს ცისკარიშვილი.