თუკი სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებს, პოლიტოლოგები დედაქალაქში არეულობის დაწყებას ვარაუდობენ და ამბობენ, რომ არც ისაა გამორიცხული, ტელეარხის ეზოდან პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლოს, რამაც საბოლოოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც კი მიგვიყვანოს. შსს კი განსაკუთრებულ ზომებს უკვე იღებს - "რუსთავი 2"-ის ოფისთან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად სათვალთვალო კამერები მონტაჟდება.
სიტუაციის დაძაბვას იმ შემთხვევაშიც ელიან, თუკი სასამართლო ხალვაშს გაამტყუნებს და "რუსთავი 2"-ს ახლანდელ მფლობელებს დაუტოვებს. მათი აზრით, ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე თავდასხმა, კვერცხების დაშენა, მცირემასშტაბიანი აქციები და ასევე არც წამების კადრების ახალი ტალღის გავრცელებას გამორიცხავენ.
შსს მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმში
მოგეხსენებათ, "რუსთავი 2"ის შენობის ეზოში უკვე რამდენიმე დღეა კარვები და გასაშლელი საწოლები მიიტანეს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ფიზიკურად დაიცავს თავს, თუკი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდება.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არხს ხალვაშს გადასცემს და აღმასრულებლები შენობის გასათავისუფლებლად შევლენ, პოლიტოლოგები დარწმუნებულები არიან რომ ამას შეხლა-შემოხლა მოჰყვება, რადგან ეზოში შეკრებილი ხალხი, მათი აზრით, პოზიციებს ადვილად არ დათმობს.
როგორც ჩანს, ამის მოლოდინი შსს-შიც აქვთ, რადგან მან განსაკუთრებული ზომები მიიღო და "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათიანი მონიტორინგი დააწესა. ადგილზე ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟება და საპატრულო პოლიციის მუდმივი მორიგეობა იგეგმება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა.
"ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის კამერები, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის 24-საათიანი მონიტორინგი მოხდება.
"ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები", - განაცხადა პერტაიამ.
თემას პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა და დადო პირობა, რომ "ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული". აქვე დასძინა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.
განაჩენი და აღსრულება
"რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა საქმეზე განაჩენის გამოტანას დღეს ელის. ამის მოლოდინი მათ გასულ კვირაშიც ჰქონდათ და სწორედ ამიტომ მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს არხის ეზოში შეკრებას. თუმცა, იურისტები დარწმუნებული არიან, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე თვე დასჭირდება. განაჩენს უკმაყოფილო მხარე სავარაუდოდ ზედა ინსტანციებშიც გაასაჩივრებს და საბოლოო ჯამში პროცესი, მათი აზრით, რამდენიმე წელში დასრულდება.
გარდა ამისა, მათივე თქმით, "რუსთავი 2"-ის შენობასთან მხარდამჭერების მობილიზებასა და კარვების გაშლას აზრი არ აქვს იმის გამოც, რომ განაჩენის გამოტანის შემთხვევაშიც კი, მისი აღსრულება დაუყოვნებლივ არ მოხდება. ანუ, მოსამართლემ საბოლოო ვერდიქტი მართლაც დღეს რომ დადოს, როგორც ამას არხის ხელმძღვანელობა ელის და არხი ქიბარ ხალვაშს რომც გადასცეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ტელეკომპანიის შენობას უახლოეს დღეებში დაიკავებს.
"ეს საქმე დაუყოვნებლივ აღსასრულებელთა კატეგორიაში არ შედის. ამისათვის საჭიროა მხარემ დაამტკიცოს, რომ განაჩენის აღსრულების დაყოვნებით მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება. ამ შემთხვევაში კი ამას მხარეები ვერ დაასაბუთებენ," - ამბობენ იურისტები.
სიტუაციის დაძაბვას პოლიტოლოგები მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისას ვარაუდობენ. თუმცა, მათი აზრით, ყველაფერი გაცილებით მშვიდობიანად დასრულდება იმ შემთხვევაში, თუკი არხი ახლანდელ მფლობელს დარჩება და სასამართლო ხალვაშის სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის აზრით, ამ შემთხვევაში სიტუაცია ადვილად ჩაწყნარდება და არეულობებსა და სამოქალაქო დაპირისპირებას ადგილი არ ექნება. თუმცა, ფიქრობს, რომ ძალადობის ამსახველი ჩანაწერები შესაძლოა კვლავ გავრცელდეს.
"ყველა ხვდება, რომ ეს ვითომ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა ძალიან ხელოვნურია და ეს ვიდეოებიც მოსწყინდა ხალხს, აღარ ახდენს იმხელა ეფექტს, როგორც პირველ ჯერზე. მაქსიმუმ შესაძლოა კიდევ რამდენიმე შენობას ესროლონ კვერცხები. ყველაფერი ამით დასრულდება," - მიიჩნევს იგი.
ხალვაშის გამტყუნების შემთხვევაში მოვლენების "უფრო პოზიტიური" სცენარით განვითარებას ელის პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც. მისი თქმით, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს შესაძლოა ხელისუფლებასაც უფრო მეტად აწყობდეს, რადგან მას ექნება საფუძველი თამამად თქვას, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ამის დასტურად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიისათვის მისაღები განაჩენის გამოტანა მოიყვანოს.
ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნება, რადგან საერთაშორისო საზოგადოება დაინახავს, რომ ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო არსებობს.
"მოგეხსენებათ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეუთომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
"თუმცა, ამ შემთხვევაში შესაძლოა აგრესია გაიზარდოს ექსტრემისტულად განწყობილი მოსახლეობის მხრიდან და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე თავდასხმები გაგრძელდეს. სამოქალაქო დაპირისპირებას მაინც უფრო ნაკლებად ველოდები," - აღნიშნავს ჩიტაძე.
მისივე თქმით, თუკი სასამართლომ არხი მართლაც ახლანდელ მფლობელებს დაუტოვა, "რუსთავი 2"-ს ხელმძღვანელებმა და მხარდამჭერებმა არ უნდა განაცხადონ, რომ მოსამართლე ურთმელიძემ დაიხია უკან და ეს გადაწყვეტილება მათი პროტესტის შედეგი იყო.
თუ არხი ხალვაშს გადაეცა
სიტუაციის გამწვავებას და პრეზიდენტის განცხადების გამართლებას კონსტიტუციური წესრიგის დაცვის საჭიროებაზე პოლიტოლოგები იმ შემთხვევაში უფრო ელიან, თუკი მოსამართლე ურთმელიძემ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა და "რუსთავი 2" მას დაუბრუნა.
ისინი ხმაურიან აქციებს, დემონსტრაციებს, კარვების ქალაქსა და შეხლა-შემოხლას წინასწარმეტყველებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი მართლაც გახდეს იძულებული საგანგებო სიტუაცია შემოიღოს.
ამ ყველაფერს, პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით, ისიც დაემატება, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდება, თუნდაც ეს ყველაფერი კერძო დავად წარმოჩინდეს.
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები არხის ეზოში შეიკრიბებიან და როცა აღმასრულებელს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოუწევს, ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყება. ამაში შეიძლება ექსტრემისტულად განწყობილი ადამიანებიც ჩაერთონ, თუნდაც რეგიონებში. მდგომარეობა გამწვავდება და ბევრად უარეს სცენარს მივიღებთ.
"დაპირისპირება უფრო სერიოზული იქნება იმიტომაც, რომ ეს ბევრად მეტი ადამიანის პროტესტს გამოიწვევს, ქუჩაში მეტი ადამიანი გამოვა, "რუსთავი 2"-ის შენობასთანაც მეტი ადამიანი მივა, ვიდრე ახლაა.
"არ გამოვრიცხავ დემონსტრაციები ქუჩაშიც მოეწყოს. ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფები ქუჩაშიც შეიძლება დაუპირისპირდნენ მათ. კონტრაქციებსაც ველოდები და დარწმუნებული ვარ ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს პრობლემა უფრო მეტად შეექმნება.
"უარესი სცენარიც რომ განვიხილოთ, შესაძლოა საქმე მართლაც კონსტიტუციური წესრიგის დაცვამდე და საგანგებო რეჟიმამდე მივიდეს. ეს ყველაზე უარესი სცენარია, თუმცა რეალური," - ამბობს ჩიტაძე.
ამ მოსაზრებას იზიარებს თორნიკე შარაშენიძეც და ამბობს, რომ პროტესტს კიდევ უფრო გაამწვავებს და გაასერიოზულებს ის, რომ ამაში საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებიც იქნებიან ჩართულები - ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, უფლებადამცველები და ა.შ. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც, მისი თქმით, 2012 წელს "ნაცმოძრაობის" ქმედებებს აპროტესტებდნენ. შესაბამისად, შარაშენიძის აზრით, მათზე ასე მარტივად ვეღარავინ იტყვის, რომ "ნაცმოძრაობის" მომხრეები არიან.
"ასე რომ, თუკი არხი ხალვაშს მიაკუთვნეს, ვფიქრობ პრობლემები გაცილებით სერიოზული იქნება. მთავრობაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული - თუ რამდენად სერიოზული იქნება პროტესტი. ველი, რომ ეპიცენტრი "რუსთავი 2"-ის ეზო იქნება და მასში მოტივირებული ადამიანები იქნებიან ჩართული. აქტიური ხალხი, ვინც საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია. შესაბამისად, მათი იქიდან გამოყრა და შენობის ხელში ჩაგდება მარტივი ნამდვილად არ იქნება. თუ სპეცრაზმს გამოიყენებენ და ძალით მოინდომებენ მათ დაშლას, მაშინ პროტესტი ალბათ ქეჩაში გადავა.
"საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში ახლაც საკმაოდ ძლიერია და თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, მაშინ ეს მუხტი კიდევ უფრო გაძლიერდება. თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, ყველაფერი ბევრად სერიოზული გახდება და არც საგანგებო მდგომარეობაა გამორიცხული," - მიიჩნევს შარაშენიძე.
სამოქალაქო დაპირისპირების დრამატულ სცენარს არ ელის პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია. მისი აზრით, პრემიერ-მინისტრმა ირიბად წაახალისა ადამიანები, რომლებიც "ნაცმოძრაობის" ოფისებს თავს ესხმიან. ამას, ხუხაშვილის აზრით, სამოქალაქო დაპირისპირება მართლაც შეიძლება მოჰყვეს.
მისივე თქმით, დაპირისპირება რომ მოხდება, ეს უკვე ფაქტია. შეიძლება ეს დიდი მასშტაბის არ იყოს, მაგრამ, ექსპერტის აზრით, მთავარი ისაა, რომ ასეთი ტიპის ესკალაციის საფუძველი იქმნება და იმის ნაცვლად, რომ ტემპერატურა დაბლა დაიწიოს, კიდევ უფრო მაღლა ადის.
"დღევანდელი სიტუაცია უკვე მაღალი რისკის შემცველია. დღეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ძალიან ახლოსაა იმ წითელ ხაზთან, რომლის იქითაც ჩვენ ევროპაში შეიძლება აღარც დაგველაპარაკონ," - ამბობს ხუხაშვილი.
წინა რესპონდენტებისაგან განსხვავებით, ქვეყანაში ყოველგვარ არეულობასა და სამოქალაქო დაპირისპირებას გამორიცხავს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა და ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა 25 წლის განმავლობაში უამრავი პოლიტიკური პროცესი და სცენარი გაიარა, არაერთი მღელვარება უნახავს და მრავლის მომსწრე საზოგადოებას ახლა აღარაფერი გააკვირვებს.
მისი აზრით, საზოგადოებისათვის გასაოცარი არც ერთი განაჩენი იქნება და არც - მეორე.
"თუნდაც არხი ხალვაშს მიაკუთვნონ, არ მგონია ამან რაიმე სერიოზული პროცესები გამოიწვიოს, რადგან ხალვაში ამბობს, რომ "რუსთავი 2" არ დაიხურება და ჩვეულებრივად განაგრძობს საქმიანობას. მათ შორის, არც ჟურნალისტები განთავისუფლდებიან სამსახურიდან. რაღაც პატარა "გაფართხალება" შეიძლება იყოს, შეიძლება კარვებიც გაშალონ და ემოციური ტექსტებითაც გამოვიდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი მაქსიმუმ 1-2 კვირაში დასრულდება. კიდევ ვამბობ, რომ ჩვენს ხალხს ამაზე ბევრად მეტი უნახავს და "რუსთავი 2"-ის გამო მასიობრივად ქუჩაში არ გამოვა," - ამბობს კვესელავა.