თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მოლოდინი, რომელიც ნატოსთან მიმართებით აქვს ქართველ ხალხს, მკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია.
მისი თქმით, გარდა ზოგადი გზავნილებისა, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.
"ხალხის იმედი და მოლოდინი იცვლება, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ საქართველო იმაზე მეტს აკეთებს ნატოსთვის, ვიდრე წევრი ქვეყანა. მაგრამ ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვინმემ მადლობა გადაგვიხადოს, ეს არის ჩვენი არჩევანი - გვინდა, რომ მსოფლიო საზოგადოების წევრი ვიყოთ.
"მაგრამ აუცილებლად უნდა გავითავისოთ საქართველოს რეალობა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მწვავედ დგას სხვებთან მიმართებაში. ზოგად განცხადებებთან ერთად, რომელიც გამჟღავნდა, ჩვენ ასევე ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.
"მოლოდონი, რომელიც აქვს ქართველ ხალხს, მკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია. საზოგადოება ჩვენ ოქტომბრამდე, საარჩევნო კამპანიის დროს აუცილებლად გვკითხავს, რა შეგვიძლია რეალურად მივიღოთ ვარშავიდან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
როგორ ფიქრობთ, ბოლო პერიოდში, ნატოსთან მიმართებით, როგორია ქართველი ხალხის მოლოდინი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): "სამწუხაროდ, თინა ხიდაშელის შეფასებას უნდა დავეთანხმო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნატოს მიმართ მოლოდინმა მართლაც იკლო. უფრო დიდი მოლოდინი იყო საზოგადოებაში. თუ გავიხსენებთ თუნდაც 2008 წლის მოვლენებს და შემდგომ პერიოდს, რთულია, ქართველ ხალხს დააჯერო, რომ ნატო არავის ზეგავლენას არ განიცდის და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არ უკავშირდება ნატო-რუსეთის ურთიერთობას.
ნატოში გაწევრიანება საზოგადოებას სწორედ იმიტომ უნდოდა, რომ ის ყოფილიყო დამცავი ფარი რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში. თუ დასავლეთი არ მიიღებს რაღაც ზომებს, რომ აღდგეს ეს დამოკიდებულება ნატოსადმი, მაშინ ძალიან რთული ვითარება იქნება ჩვენს ქვეყანაში".
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "საქართველოს მთელი მოსახლეობა ელოდება ნატოში გაწევრიანებას. თუ ვინმეს უნდა, რომ რამე გაფერმკრთალდეს, ეს სხვა საკითხია. რაც უფრო ადეკვატურად და გონივრულად მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება, რაც უფრო დემოკრატიასთან მიახლოებული იქნება მათი ქმედებები, მით უფრო მალე შევალთ ნატოში.
არაერთხელ გამოხატა ქართველმა ხალხმა სხვადასხვა გამოკითხვაში, რომ სურვილი აქვთ, დასავლეთის ოჯახის წევრი იყვნენ - მეტი რა ქნას ხალხმა? ფერმკრთალდება არა ქართველი ხალხის მოლოდინი ნატოს მიმართ, არამედ ხელისუფლების ყოველდღიური პოლიტიკური საქციელი.
სულ უფერული ხდება მათი მოქმედება. გაუსაძლისად ველოდებით იმ დღეს, როცა შევალთ ნატოში. აბა ევრაზია არ ფერმკრთალდება? თუ წაიყვანენ ქვეყანას იქით, რომ საკვების ფულიც არ ექნებათ ადამიანებს და მარტო იმაზე იფიქრებენ, სახლში 2 კაპიკი შეიტანონ, რომ როგორმე გადასახადები გადაიხადონ, მერე ზოგადად ყველაფერი გაფერმკრთალდება.
თუ ეს უნდათ, თქვან პირდაპირ. გაუსაძლის გაჭირვებას ითმენს ხალხი, რომ როგორმე გახდნენ ძლიერი ეკონომიკური გაერთიანების წევრი და ეს ძლიერი ეკონომიკა რუსეთს ნამდვილად არ აქვს, აქვს მხოლოდ დასავლეთს. ჩვენც გვინდა, რომ ასეთ ძლიერ გაერთიანებაში ვიყოთ. ეს არის ძალიან მარტივი და ჯანმრთელი ლოგიკა".
ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): "თავდაცვის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოსთან ინტეგრაციასთან მიმართებით უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ცხადია, არის სახელმწიფოებრივი პოზიცია, მაგრამ მეორე საკითხია, მთავრობა რას აკეთებს იმისთვის, რომ ხალხში ნატოს მიმართ მოლოდინი არ შიცვალოს.
ჩემი აზრით, ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ ევრაზიული კავშირის მხადამჭერი ჯგუფების წახალისება ხდება და ამაზე რეაგირების ნაცვლად, მთავრობას სრული დუმილი აქვს. ერთი მხრივ, თავდაცვის მინისტრის პოზოცია არის კარგი, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ქვეყნის მოსახლეობას მთავრობის მხრიდან სჭირდება იმის დადასტურება, რომ ქმედითი ნაბიჯები იდგმება.
იმის იმედი გვაქვს, რომ ნატოსთან ინტეგრაცია მოხდება, მაგრამ ისიც ცუდია, რომ გადაჭარბებული მოლოდინი შევუქმნათ მოსახლეობას, რადგან ნატოსთან ინტეგრაციის პროცესების სწრაფად არდასრულების შემთხვევაში, მათ პროტესტის გრძნობა გაუჩნდებათ. საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, რომ მათ დეტალურად ავუხსნათ, რას მოიცავს ინტეგრაციის საფეხურები, რა ეტაპები უნდა გაიაროს ქვეყანამ და სად ვართ".
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "მე ვფიქრობ, ქართველი ხალხის მოლოდინზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს ძალიან პირობითი მცნებაა და ნატოსთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის მოლოდინით არ გადაწყდება. აპატურაიმ ძალიან მკაფიოდ და ამომწურავად განაცხადა, რომ უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით ჩვენ არ გვინდა გამოვგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც პროვოცირებას გაუწევს რუსეთს და ამ თვალსაზრისით, საქართველო დავაყენოთ რისკის ქვეშო.
ყველა, ვინც კი ნატოსთან პასუხისმგებელი პირია, ამ საკითხს განიხილავს ისე, რომ ეს უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად და არ მოხდეს ნატო-რუსეთის დაპირისპირება. ამ კონტექსტში გადაწყდება ეს საკითხი და არა ქართველი ხალხის მოლოდინებით".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე