გაფერმკრთალებული მოლოდინი და უხეში რეალობა - დამაიმედებელი და თამამი პროგნოზების შემდეგ ნატოსთან მიმართებაში თავდაცვის მინისტრისა და ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან საკმაოდ პესიმისტური განცხადებები გაკეთდა.
სპეციალისტები "უკან დახევას" ბუნებრივად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ნატოს ამჟამად გაფართოება სხვა მიმართულებით უფრო აწყობს. ჩვენი მაქსიმუმი და საუკეთესო შედეგი კი მაპ-ის მიღება იქნება, რაც ასევე სათუოა.
მოგეხსენებათ, საქართველოში ნატოს კვირეული გაიხსნა, ამავდროულად სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებებზე ნატოსთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაისვა და ქვეყნის პირველი პირების მხრიდანაც არაერთი განცხადება გაკეთდა, თუმცა, პოლიტოლოგების აზრით, ოპტიმიზმი შემცირებულია.
ფორუმზე სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაიც იმყოფება, რომელმაც ნატო-საქართველოს ურთიერთობბზე ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ადგილი ნატოში ნათელი და მზარდია, ჩვენი ქვეყანა წევრობის "ერთგული და მყარი" კანდიდატია და ბოლო პერიოდში "ნატო უფრო მეტად აისახება საქართველოში".
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა ნატოს წევრ ქვეყნებს შეუერთდეს და ამისათვის იმ მიმართულებით სვლის გაგრძელებაა საჭირო, რომლითაც ქვეყანა ახლა მიდის. აქვე ისიც დასძინა, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველო ყველაფრისთვის მზად არის.აპატურაის არც ის პროგრესი გამორჩენია, რასაც ქვეყანამ, მისი თქმით, ბოლო 15 წელიწადში მიაღწია და დადო პირობა, რომ როგორც ნატოს მინისტერიალი, ისე ვარშავის სამიტი, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აუცილებლად აღიარებს. მისი თქმით, ალიანსის შიგნით ჯერ არ დასახულა გეგმები, თუ რა შედეგებით დასრულდება ვარშავის სამიტი.
ამასთან, აპატურაიმ რეგიონში არსებული უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრა და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ადგილი რუსეთს დაუთმო.
"რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ შეამციროს თავისი მეზობლების სუვერენიტეტი. თუ თქვენ შეხედავთ ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობაში" ჩართულ ქვეყნებს, 5 მათგანს აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ასევე ჩვენ ვხედავთ გაძლიერებულ არასტაბილურობას ბალტიისპირეთში და გაიზარდა საშიშროება შავი ზღვის რეგიონში. არ უნდა დაგვავიწყდეს ყირიმი, სირია, ერაყი და ა.შ.", - განაცხადა აპატურაიმ.
ამ განცხადების მერე ლოგიკურად ჟღერდა მისი ნათქვამი, რომ მათ არ უნდათ გამოგზავნონ ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს.
"2008 წელს ითქვა, რომ საქართველო შეუერთდება ნატოს. ეს არის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მზადყოფნის საკითხი. ნატო აკვირდება თითოეულ ასპირანტ ქვეყანას. უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში კი ჩვენ არ გვინდა გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც პროვოცირებას გაუწევს რუსეთს და ამ თვალსაზრისით საქართველო საფრთხის ქვეშ დავაყენოთ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მოვლენების განვითარებას სხვაგვარად ხედავს თინა ხიდაშელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ ევროპა ახალი "რკინის ფარდის" ჩამოშვებას არ დაუშვებს, ეს კრემლის გამარჯვება იქნება და მას შემდგომი აგრესიისაკენ უბიძგებს.
მისივე თქმით, საქართველო სამიტს ოპტიმიზმით უყურებს, თუმცა, აქვე ისიც დასძინა, რომ მოლოდინი, რომელიც ქართველ ხალხს ნატოსთან მიმართებაში აქვს, ფერმკრთალდება, რადგან "რეალობა უხეშია".
აღნიშნულ კონტექსტში თინა ხიდაშელმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგადი გზავნილების გარდა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭიროა.
"ხალხის იმედი და მოლოდინი იცვლება, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ საქართველო იმაზე მეტს აკეთებს ნატოსთვის, ვიდრე წევრი ქვეყანა. მაგრამ ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვინმემ მადლობა მოიხადოს, ეს არის ჩვენი არჩევანი - გვინდა, რომ მსოფლიო საზოგადოების წევრი ვიყოთ. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითავისოთ საქართველოს რეალობა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მწვავედ დგას სხვებთან მიმართებაში. ზოგად განცხადებებთან ერთად, რომელიც გამჟღავნდა, ჩვენ ასევე ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.
"საზოგადოება ჩვენ ოქტომბრამდე, საარჩევნო კამპანიის დროს აუცილებლად გვკითხავს, რა შეგვიძლია რეალურად მივიღოთ ვარშავიდან", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელის განცხადებას წინა შემთხვევებთან შედარებით უფრო ფრთხილს, მოზომილსა და პესიმისტურს უწოდებენ პოლიტოლოგები და ამბობენ, რომ როგორც ჩანს, მინისტრი დარწმუნდა, რომ სამიტზე სენსაციური გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გქვონდეს.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამ ყველაფრის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ სირიის მოვლენებმაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა, თუ რაზე წამსვლელია რუსეთი და რომ მოწინააღმდეგეებთან ძალის გამოყენება მათთვის პრობლემა არაა.
ამავდროულად, პუტინი პირდაპირ ამბობს, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. გარდა ამისა, მაისაიას თქმით, ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს.
ამბობს, რომ ვაშინგტონის მსგავსად ალიანსის გაფართოების მომხრე ევროპაში ბალტიის ქვეყნები, ვიშეგრადის სახელმწიფოები არიან - რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ა.შ თუმცა, ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა იმისათვის, რომ ალიანსში გაფართოების საკითხი დაისვას.
ამბობს, რომ გადამწყვეტი პოზიცია სწორედ ევროპის დანარჩენ სახელმწიფოებს ეკუთვნის. იმ ქვეყნებს, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების დამამუხრუჭებლები იყვნენ - იტალია, ესპანეთი, ბენილუქსის სახელმწიფოები.
"ისიც აღსანიშნავია, რომ ნატოს დღის წესრიგში ამჟამად სხვაგვარი გაფართოების საკითხი დგას. მისთვის მნიშვნელოვანია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გაფართოების პროცესი დასრულდეს. სხვა ქვეყნების მიერთების პერსპექტივა, ალბათ, მერე განიხილება. საუბარი მონტენეგროზე, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მაკედონიაზეა. მონტენეგროს საკითხი უფრო პრიორიტეტულია. ბოსნია-ჰერცოგოვინას, თუ არ ვცდები, მომდევნო სამიტზე მაპი მიენიჭება.
"ამიტომაც განიხილება ჩვენი ინტეგრაციის საკითხი პესიმისტურ კონტექსტში. ბუნებრივია, საქართველო ალიანსის წევრი მაპ-ის გარეშე ვერ გახდება. მის გარეშე გაწევრიანების მოლოდინი ილუზიაა. იგი ქვეყნის მოსამზადებლად აუცილებელია.
"ვარშავის სამიტზე მაპის მიღება საქართველოსათვის ყველაზე დიდი მიღწვეა იქნება. პესიმისტური განცხადებების მიუხედავად, თუ ეს მაინც მოვახერხეთ, ე.ი. ნატოში ფეხი გვექნება შედგმული", - ამბობს ვახტანგ მაისაია.