თაკო მათეშვილი
29.10.2015

 სოსო ჯაჭვლიანი, გოგი თოფაძე, ლუკა კურტანიძე, გოგი ქავთარაძე, ომარ ნიშნიანიძე, გია ჟორჟოლიანი, ზურაბ ტყემალაძე - ეს იმ დეპუტატთა ჩამონათვალია, რომელთა შეყვანასაც პოლიტოლოგები "ქართულ ოცნებას" 2016 წლის საპარლამენტო სიაში არ ურჩევენ და ამბობენ, რომ თუკი პარტიას არჩევნებში წარმატების მიღწევა უნდა, სიიდან არაპროფესიონალი კადრები უნდა ამოიღონ. ასევე ისეთებიც, რომლებიც სკანდალური განცხადებებით გამოირჩევიან და მათი ნათქვამის გამო ხელისუფლებას ხშირად თავის მართლება უწევს.

თუმცა, აქვე იმასაც დასძენენ, რომ ცნობილი მსახიობების, სპორტსმენებისა თუ რეჟისორების საარჩევნო სიაში შეყვანას თავისი პლუსებიც აქვს. კერძოდ ის, რომ ეს ადამიანები პოპულარობითა და ხალხის სიყვარულით სარგებლობენ, შესაბამისად, მათ პარტიისათვის ხმების გარკვეული რაოდენობა მოაქვთ.

ზოგადად, ისინი "ოცნებას" პროდასავლურ ძალებთან თანამშრომლობის რეკომენდაციას აძლევენ და ამბობენ, რომ პრორუსული შეხედულებების მქონე დეპუტატები კოალიციის რეიტინგს საგრძნობლად დაბლა სწევენ.

საკადრო ცვლილებები, მათი აზრით, კოალიციას ჰაერივით სჭირდება და მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები სწორედ საპარლამენტო სიის ფორმირებით უნდა დაიწყონ.

მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე და ამბობს, რომ პარლამენტში უპირველეს ყოვლისა კანონების შემქმნელი ადამიანები უნდა იყვნენ. ისინი, ვინც კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. შესაბამისად, ფიქრობს, რომ იურისტების, ეკონომისტებისა და პოლიტოლოგების მობილიზებაა საჭირო, რომლებიც კანონებზე აქტიურად იმუშავებენ.

მისი აზრით, "ქართული ოცნების" დღევანდელი საპარლამენტო სიის ნახევარი შესაცვლელია, რადგან იქ არიან ადამიანები, რომლებიც "არავითარ კანონშემოქმედებით საქმიანობას არ ეწევიან" - მსახიობები, სპორტსმენები და ა.შ. ჩიტაძის თქმით, მათი საქმიანობა მხოლოდ "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი კანონპროექტებისათვის ხმის მიცემით შემოიფარგლება.

"სჯობს ამ ადამიანებმა თავიანთი საქმე აკეთონ, რადგან მათი განცხადებები ხშირად არეულობის მიზეზი ხდება და "ქართულ ოცნებასაც" ხშირად უწევს თავის მართლება მათ გამო. მაგალითად ერთ-ერთი პარლამენტარის, ომარ ნიშნიანიძის გუშინდელი განცხადება სამარცხვინო იყო (გულისხმობს დეპუტატის განცხადებას, რომელიც მან "ნაცმოძრაობის" მისამართით გააკეთა - "ამ უკუღმა დაბადებულებს, ყველა ერთი საშოდან რომ არიან გამომძვრალი, თუ უკან არ შევაბრუნებთ, ქვეყანას არაფერი ეშველება" - რედ.). პარლამენტის წევრი ასე პოლიტიკურ ოპონენტებზე არ უნდა საუბრობდეს. ისინი იმ პარტიასაც არცხვენენ, რომელსაც წარმოადგენენ და მთლიანად სახელმწიფოსაც.

"სოსო ჯაჭვლიანს, ლუკა კურტანიძეს, გოგი ქავთარაძეს, ნიშნიანიძეს სიიდან აუცილებლად ამოვიღებდი. ასევე გოგი თოფაძეს და მთლიანად "მრეწველებს". ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, "ოცნების" სიიდან პრორუსულ და სტალინის მოყვარულ პარტიებს გავაქრობდი. დასავლური კურსის მოწინააღმდეგე ადამიანები, ჩემი აზრით, პარლამენტში არ უნდა იყვნენ," - ამბობს ჩიტაძე.

მისი აზრით, საქართველოში არის იმის პოტენციალი, რომ მმართველმა პარტიამ კადრები პროფესიონალებით დააკომპლექტოს, თუმცა მიიჩნევს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობას უნდა ერიდოს.

"ნინო ბურჯანაძის პარტიიდან კადრების დაკომპლექტება ნამდვილად არ იქნება ჭკვიანური. "ახალი მემარჯვენეებიდან" კი არ მგონია ამ იდეას ვინმე დათანხმდეს," - აცხადებს ჩიტაძე.

საპარლამენტო სიის გადახალისება "ქართული ოცნების" წარმატების გარანტორად არ მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს და ამბობს, რომ მხოლოდ ეს გამოსავალი ვერ იქნება. ამბობს, რომ ქართული პარლამენტის არსებობის მანძილზე არის მითითებები იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო სიებში არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ფუნქციებს ვერ ასრულებენ. ამიტომ, გადახალისების თემას იგი არახალს უწოდებს.

მისი აზრით, მმართველი პარტიისათვის სასარგებლო იქნება თუკი 2016 წლის არჩევნებისათვის თავს პროფესიონალებს მოუყრიან, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ არაპროფესიონალებისაგან დაცული ვერც ერთი პარლამენტი ვერ იქნება.

"ვისურვებდი, რომ შეცვლილიყოს არა მხოლოდ პერსონები, არამედ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაც, როცა ერთი ადამიანია თავში, ხმას ხალხი იმ ერთს აძლევს და დანარჩენები პარლამენტში მატარებლის ვაგონებივით შედიან. სწორედ მისი წყალობით ხვდება პარლამენტში უცნობი ხალხი, რომლებიც არც საქმის კეთებით გამოირჩევიან.

"კონკრეტულ პერსონებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან საპარლამენტო ცხოვრებას თავისი დაფარული ნაწილიც აქვს, რაც ეკრანებზე არ ჩანს. მხოლოდ ეკრანიდან ნანახით ვერ იმსჯელებ თუ რომელი პარლამენტარი როგორია.

"საპარლამენტო სიას რამდენიმე ფუნქცია აქვს. არა მხოლოდ ის თუ როგორ იმუშავებს მერე ესა თუ ის დეპუტატი. ამ სიას გარკვეული მომხიბვლელობა უნდა ჰქონდეს. მან ამომრჩევლის ხმები უნდა მიიზიდოს," -ამბობს საყვარელიძე.

სწორედ ამიტომ შეჰყავთ, მისი თქმით, საპარლამენტო სიაში ცნობილი ადამიანები. ამბობს, რომ მათი წყალობით ხმების გარკვეულ რაოდენობას ყოველთვის იღებენ. შესაბამისად, უკმაყოფილებას ამასთან დაკავშირებით უსამართლოს უწოდებს.

"იმიტომ შეიყვანეს, რომ ხმები სჭირდებოდათ. აბა, მხოლოდ კარგი იურისტები რომ ჩაესვათ, მათი გვარები არავის ეცოდინებოდა და ხმებსაც ვერ აიღებდნენ. პროფესიონალები, როგორც წესი, საზოგადოებისათვის ცნობილები არ არიან და თუკი 2016 წლის საარჩევნო სია მათით დაკომპლექტდება, მაშინ ხალხისათვის მათ გასაცნობად დიდი სამუშაოს ჩატარებაც მოუწევთ," - დასძენს პოლიტოლოგი.

ხელისუფლებას პრორუსული შეხედულების მქონე დეპუტატების სიის გარეთ დატოვებას ურჩევს პოლიტოლოგი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანიც და ამბობს, რომ როცა დეპუტატი ოკუპანტ ქვეყანას გახსნილად უჭერს მხარს და მის პროპაგანდას ეწევა, ეს მიუღებელია. მისი აზრით, განსხვავებული აზრის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, მაგრამ როცა საუბარი ოკუპანტს ეხება, საქმე სხვაგვარად დგას.

კიკიანის თქმით, არიან დეპუტატები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ.

"მაგალითად ამბობენ, რომ ნატო საქართველოსათვის უსაფრთხოების გარანტი და მიზანი არ არის, რომ პროდასავლური კურსი არასწორია და ა.შ. ასეთ განცხადებებს აკეთებენ გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გია ჟორჟოლიანი და ა.შ. როცა დეპუტატი რუსეთს ღიად უჭერს მხარს, მისი ადგილი პარლამენტში არ არის," - მიიჩნევს იგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×